¹ბს-1131-1082(კ-07) 6 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-სა და მ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 26 იანვარს გ. თ.-მ, ნ. რ.-მ, ბ. შ.-მ, ა. ს.-მ, რ. ჩ.-მ, ზ. თ.-მ, ვ. გ.-მ და მ. ნ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა _ ა. ბ.-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ¹25-3/117 მიწერილობით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ შესთავაზა თავისი კანდიდატურა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა 2005 წლის 16 დეკემბრის ¹09-17/2983 მიმართვით, საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურად იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი _ ა. ბ.-ე. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა კი, 2005 წლის 16 დეკემბერსვე თავისი ¹38 ბრძანებით ა. ბ.-ე, მართალია, დანიშნა ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ აღნიშნული ბრძანება გაიგზავნა ფოსტით, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მივიდა 2005 წლის 21 დეკემბერს. ა. ბ.-მ კი თვითნებურად, ისე, რომ არ დაელოდა საჯარო სამსახურის ბიუროს თანხმობას, 2005 წლის 16 დეკემბერსვე გამოსცა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ ¹1 ბრძანება და 2005 წლის 19 დეკემბერს ...-ის დეპარტამენტში ჩაატარა ატესტაცია.
მოსარჩელეებმა აღნიშნული ატესტაცია უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ ა. ბ.-მ უხეშად დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების მე-3 მუხლი.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ კომისიის თავმჯდომარემ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დანიშნა კომისიის ხუთივე წევრი, ვინაიდან კომისიის წევრები უნდა ყოფილიყვნენ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები, შესაბამის ბრძანებაში ჩამოთვლილი ხუთი პიროვნებიდან, რომელთაგან ორი თვითონ იყო კონკურსანტი, არც ერთი არ იყო ...-ის დეპარტამენტის თანამშრომელი და არც მოწვეული სპეციალისტის ნიშნით იღებდნენ ხსენებული პირები მონაწილეობას კომისიის მუშაობაში.
მოსარჩელეთა განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ უხეშად დაარღვია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, ვინაიდან გასაუბრებას არ დასწრებია სტრუქტურული ქვედანაყოფის არც ერთი ხელმძღვანელი, რაც, მთავარია, გასაუბრებაზე არ ყოფილა რაიმე მოთხოვნა კვალიფიკაციაზე და არც კითხვები ყოფილა დასმული იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო პიროვნების კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. ამასთან, 2005 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული ატესტაციის შედეგები კოლექტივის საერთო კრებაზე გამოცხადდა 2006 წლის 3 იანვარს, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
მოსარჩელეების მოსაზრებით, ზემოხსენებული დარღვევები იმაზე მიუთითებდა, რომ ...-ის დეპარტამენტში ჩატარებული ატესტაცია ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მისი მიზანი არ იყო მოხელეთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა დაკავებულ თანამდებობასთან, არამედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მათთვის არასასურველი კადრების ამ მეთოდით ჩამოცილება. ხსენებულ მოსაზრებას კი ის გარემოებაც ამყარებდა, რომ 2005 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ¹213 დადგენილება, რითაც 2006 წლის 1 იანვრიდან, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულ იქნა საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტი, სადაც მუშაობდა 42 საჯარო მოსამსახურე და მის ნაცვლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში უნდა ჩამოყალიბებულიყო ...-ის სამსახური 12 საშტატო ერთეულით. ამდენად, თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ...-ის დეპარტამენტის რეორგანიზაციის საბაბით 42 საშტატო ერთეული უნდა შემცირებულიყო 30 საშტატო ერთეულით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც იმავე დროს 2005 წლის 31 დეკემბრამდე დანიშნული იყო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, 2006 წლის 11 იანვარს შეკრიბა ხსენებული დაწესებულების თანამშრომლები და გამოაცხადა, რომ მან ძველი რიცხვით, 2005 წლის 30 დეკემბრით გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებებს, ატესტაციის შედეგების მოტივით თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ქმედებით ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა უგულებელყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან თუ იგი ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდა საჯარო მოხელეებს, ერთი თვით ადრე უნდა გაეფრთხილებინა ისინი სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე _ 2006 წლის 11 იანვარს ძველი რიცხვით, _ 2005 წლის 30 დეკემბრით, გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებებს ...-ის დეპარტამენტის 30 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რითაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ იმავე დეპარტამენტში ჩატარებული ატესტაციის შედეგებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული ¹¹ 53-კ, 54-კ, 60-კ, 62-კ, 63-კ, 65-კ, 66-კ და 70-კ ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ა. ბ.-ის კანდიდატურა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹09-17/2983 მიმართვით 2005 წლის 16 დეკემბერს წარედგინა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელმაც მისი კანდიდატურა იმავე დღეს ¹38 ბრძანებით დანიშნა ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ. შესაგებლის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განხორციელდა კანონით დადგენილ ვადებსა და ფარგლებში.
შესაგებლის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ 2005 წლის 19 დეკემბერს ...-ის დეპარტამენტში ჩატარებული ატესტაციისას არ დარღვეულა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების მე-3 მუხლი, ვინაიდან ა. ბ.-ს არ გადაუცილებია ხსენებულ მუხლში მითითებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებისათვის. ამასთან, შესაგებლის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მითითება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევის თაობაზე (მოხელის გამოსაცდელი ვადა), რომელიც არანაირად არ ეხებოდა კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის საკითხს.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრთა დანიშვნა განახორციელა შესაბამისი კანონის სრული დაცვით, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, მას შეეძლო პროფესიული ან სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რაც განხორციელდა კიდეც და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები შეირჩნენ პროფესიული ნიშნისა და სპეციალიზაციის მიხედვით.
შესაგებლის ავტორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა განმარტება საკვალიფიკაციო მოთხოვნების საკითხთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” 21-ე მუხლში მითითებული გარემოებები დაზუსტდა “სამინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ¹479 ბრძანებით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის, ვინაიდან იგი გამოქვეყნებული იყო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
შესაგებლის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილებები, ხოლო კენჭისყრის შედეგები დაფიქსირდა შესაბამის სხდომის ოქმში.
შესაგებლის ავტორმა სარჩელში მითითებულ 2006 წლის 11 იანვრის თანამშრომელთა შეკრებაზე, სადაც გამოცხადდა სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ, აღნიშნა, რომ 2006 წლის 11 იანვრამდე აკაკი ბრეგვაძემ ვერ მოახერხა ყველა თანამშრომლის შეკრება, თუმცა თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო სამსახურიდან მათი გათავისუფლების თაობაზე და ხსენებულ კრებაზე მხოლოდ საჯაროდ გამოცხადდა მათი გათავისუფლების საფუძველი.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ა. ს.-მ უარი განაცხადა განსახილველ სარჩელზე, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ა. ს.-ე ამოირიცხა მოსარჩელეთა რიცხვიდან აღნიშნულ საქმეში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-ს და მ. ნ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის ¹213 დადგენილების საფუძველზე გარდაიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად, კერძოდ, ...-ის სამსახურად. აღნიშნულ სამსახურში მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გამოცხადდა თანამშრომელთა ატესტაცია, რაც ჩატარდა ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტში ატესტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ¹480 ბრძანებისა და იმავე მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა 2005 წლის 19 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ატესტაციაში (ზეპირი მოსმენის წესით) და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად კომისიამ ზეპირი გასაუბრების ფორმით მიიღო გადაწყვეტილება ღია კენჭისყრის საფუძველზე თითოეული მოსარჩელის მიმართ დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით, რომ გ. თ.-ი, ნ. რ.-ი, ბ. შ.-ი, რ. ჩ.-ე, ზ. თ.-ე, ვ. გ.-ა, მ. ნ.-ა არ შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობებს და უნდა გათავისუფლებულიყვნენ აღნიშნული თანამდებობებიდან. კენჭისყრის შედეგები დაფიქსირდა შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ¹1 სხდომის ოქმში, რის საფუძველზეც ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა 2005 წლის 30 დეკემბერს გამოსცა ¹¹ 53-კ, 54-კ, 60-კ, 62-კ, 63-კ, 65-კ, 70-კ ბრძანებები მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ¹1 სხდომის ოქმი, ასევე ზემოხსენებული ბრძანებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ მათ არ ეცნობათ ატესტაციის შედეგები კენჭისყრის დამთავრებიდან ორ დღეში და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ 2005 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული ატესტაციის შედეგები გამოაცხადა 2006 წლის 3 იანვარს საერთო კრებაზე და, რომ გასაჩივრებული აქტები აღნიშნული საფუძვლითაც უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნული მიიჩნია არა არსებით დარღვევად, რომელიც არ შეეძლებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გამხდარიყო, კერძოდ, 2005 წლის 19 დეკემბრის ატესტაციის შედეგებისა და ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹¹ 53-კ, 54-კ, 60-კ, 62-კ, 63-კ, 65-კ, 70-კ ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება გ. თ.-მ, ნ. რ.-მ, ბ. შ.-მ, რ. ჩ.-მ, ზ. თ.-მ, ვ. გ.-მ და მ. ნ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით “სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –G...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ” სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ....-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹1 ბრძანების ბათილად ცნობა, ატესტაციის შედეგების გაუქმება და აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული ¹¹ 53-კ, 54-კ, 60-კ, 62-კ, 63-კ, 65-კ, და 70-კ ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-სა და მ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. მათი გამაბათილებელი არგუმენტები კი, აპელანტებს არ წარმოუდგენიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ...-ის დეპარტამენტში ატესტაცია ჩატარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2005 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ გამოიცა ¹480 ბრძანება, ...-ის დეპარტამენტში ატესტაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანებით ასევე დამტკიცდა ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”. მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მათი ატესტაციის შედეგები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი კი ითვალისწინებდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ისინი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ არ იქნენ გაფრთხილებულნი კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 30 ნოემბრის ¹480 და ¹490 ბრძანებებით დასტურდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადა. სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე დაფიქსირებული იყო აპელანტთა ხელმოწერები და ისინი ამ ხელმოწერებს არ ხდიდნენ სადავოდ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹¹ 53-კ, 54-კ, 60-კ, 62-კ, 63-კ, 65-კ, 70-კ ბრძანებები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავდა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გ. თ.-მ, ნ. რ.-მ, ბ. შ.-მ, რ. ჩ.-მ, ზ. თ.-მ, ვ. გ.-მ და მ. ნ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო საჩივარში ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რის გამოც უკანონო განჩინება მიიღო.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ბ.-ე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ¹38 ბრძანებით დაინიშნა 2005 წლის 16 დეკემბერს, ხსენებული ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიიღო 2005 წლის 26 დეკემბერს, ხოლო ატესტაცია ჩატარდა 2005 წლის 19 დეკემბერს, რის გამოც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები. დარღვეული იყო ასევე იმავე კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები, როდესაც ა. ბ.-მ 2005 წლის 16 დეკემბერს გამოსცა ¹1 ბრძანება ...-ის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ, ისე რომ მის შემადგენლობაში არ შეიყვანა არც ერთი პროფესიონალი, სპეციალობით ...-ი. დარღვეული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი, ვინაიდან გასაუბრებას არ დაასწრეს სტრუქტურული ქვედანაყოფის არც ერთი ხელმძღვანელი. დარღვეული იყო ასევე ხსენებული ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, როდესაც ატესტაციის შედეგები, ნაცვლად 2 დღისა, გამოცხადდა მისი ჩატარებიდან მე-14 დღეს, კერძოდ, 2006 წლის 3 იანვარს თანამშრომელთა საერთო კრებაზე. დარღვეული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაც, თანამშრომლები გათავისუფლების შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებულები ერთი თვით ადრე.
კასატორები მიუთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ ა. ბ.-მ 2006 წლის 11 იანვარს, ძველი რიცხვით, 2005 წლის 30 დეკემბრით გამოსცა ბრძანებები თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, არსად არ იყო დაფიქსირებული, თუ რა კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა თითოთეული თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობას.
კასატორთა განმარტებით, დარღვეული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹474 ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, ატესტაციის დამთავრების შემდეგ არც ერთ გამოსაცდელ პირზე არ შემდგარა საატესტაციო ფურცელი, რომელიც უნდა შეემოწმებინა საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს და მოხელის პირადი საქმისთვის დაერთოთ. დარღვეული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 82-ე მუხლების მე-2 პუნქტების ,,ბ” ქვეპუნქტები, რადგან მოსარჩელეთაგან ნ. რ.-ი და ბ. შ.-ი დანიშნულები იყვნენ განსაზღვრული ვადით, კონკურსის გამოცხადებამდე, მოვალეობის დროებით შემსრულებლებლად და ატესტაციას არ ექვემდებარებოდნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-სა და მ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 6 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-სა და მ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. თ.-ის, ნ. რ.-ის, ბ. შ.-ის, რ. ჩ.-ის, ზ. თ.-ის, ვ. გ.-სა და მ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.