საქმე №ას-1154-2024 31 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ და მოპასუხისათვის 9 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეებს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი.კ–მა დააზღვია კუთვნილი ავტომანქანა HONDA FIT სახელმწიფო ნომრით ....... ი.კ–ი ხელშეკრულებით დადგენილი წესით და პირობით იხდიდა სადაზღვევო შენატანს.
2.2. 2019 წლის 18 მაისს ქ. ყვარელში დადგა სადაზღვევო შემთხვევა და ი.კ–ის კუთვნილი ავტომობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და აღნიშნული დაასაბუთა სადაზღვევო ხელშეკრულების 9.2. პუნქტით, სადაც განმარტებულია, რომ „მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ იქნა შესრულებული მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულება“.
2.3. მოსარჩელის ავტომანქანას მიადგა 9500 ლარის ზიანი, რომელიც მოპასუხის აზრით, დაუსაბუთებლად არ ანაზღაურდა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებელში აღინიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
3.3. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ მოსარჩელე დაზღვეული ავტომობილით HONDA FIT ყვარელში, .......... ქუჩაზე მოძრაობისას, გზაჯვარედინზე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „სდექ“ და შეეჯახა მესამე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებას (MERCEDES). აღნიშნული აღიარა მოსარჩელემ, რასაც მოწმობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც იგი დაეთანხმა, არ გაუსაჩივრებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესულია კანონიერ ძალაში.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ ი.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 9500 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 285 ლარის გადახდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5.3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირების მიზნებისთვის, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე ას-745-2014; Nას-1217-1146-2012; Nას-943-901-2013, Nას-1510-1425-2012, Nას-865-2023) და განმარტა, უხეში გაუფრთხილებლობის არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, მაგალითად: მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს და იმოძრავებს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მკვეთრად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არ ემორჩილება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას უხეშად არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.
5.4. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა განსახილველი დავის კონკრეტულ გარემოებებზე, რის შედეგადაც აღნიშნა, რომ 2019 წლის 18 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე გზაჯვარედინზე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „სდექ ხაზი“, იმოძრავა შეუჩერებლად და შეეჯახა მესამე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებას (MERCEDES). მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმს პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ იგი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა მანევრირების წესების დარღვევით იმოქმედა (საგზაო ნიშანზე „სდექ ხაზი“ იმოძრავა შეუჩერებლად) და ასკ-ის 125.10-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული მონიშვნა „სდექ ხაზი“ (7.16) მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე. იმავე დანართის 2.4 პუნქტის მიხედვით, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო 1.12 პუნქტის მიხედვით „სდექ ხაზი“ აღნიშნავს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს. ზემოაღნიშნულის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი წესის სრულად უგულებელყოფა, ავტომობილის ექსპლუატაციის შეუჩერებლად გაგრძელება და მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე შემხვედრი ავტომობილთან შეჯახება დადგენილი წესრიგის უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ არ იყო რთული მეტეოროლოგიური პირობები, მძღოლი გადაადგილდებოდა დღის საათებში, იყო მოწმენდილი ამინდი და შესაბამისად, იყო მაღალი ხილვადობა, ამასთან, მანევრი არ იყო გამოწვეული სხვა ავტომობილზე შეჯახების თავიდან არიდების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში, მძღოლმა სრულად უგულებელყო საგზაო ნიშანი „სდექ ხაზი“ და იმოძრავა შეუჩერებლად, რის შედეგადაც დაეჯახა შემხვედრ მოძრავ ავტომანქანას, შესაბამისად, აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. აღნიშნული გარემოება, სასამართლოს შეფასებით, საფუძველს ქმნიდა დასკვნისათვის, რომ ი.კ–ი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და აქედან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევა არ უნდა დაქვემდებარებულიყო ანაზღაურებას.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა ი.კ–მა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცების სტანდარტის სრული უგულებელყოფით და იგი ლახავს კასატორის ფუნდამენტურ უფლებებს. მხარე ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, რომ მძღოლის მიერ ჩადენილი გადაცდომა, არ წარმოადგენს განსაკუთრებული სიმძიმის დარღვევას, რის გამოც აღნიშნული ნიშნის დაუმორჩილებლობისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ყველაზე მსუბუქი სანქცია - ჯარიმა 20 ლარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დარღვევა ნაკლები საფრთხის შემცველია.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სადავო შემთხვევა მოხდა ღამის საათებში, რა დროსაც მოძრაობა იყო დაბალი ინტენსივობის და ისეთი მარტივი საგზაო წესების დარღვევა, რომელიც მძღოლს ავალდებულებს გზის დათმობას არ უნდა ჩაითვალოს უხეს გაუფრთხილებლობად.
6.3. კასატორი ყურადღებას მიაპყრობს დაზღვევის ხელშეკრულების სპეციფიკაზე და სვამს რიტორიკულ შეკითხვას, რომ თუ ამგვარი უწყინარი დარღვევა, როგორიც გზის დათმობის გარეშე გავლაა, ჩაითვლება უხეშ გაუფრთხილებლობად, მაშინ რა მნიშვნელობა ექნება მესამე პირის წინაშე ვალდებულების დაზღვევას?! დარღვევის გარეშე, შეუძლებელია მოსარჩელეს წარმოშობოდა მესამე პირთა წინაშე ვალდებულება.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ი.კ–ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) და 829-ე (მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მუხლებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი.გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, 2017, გვ.119).
10. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ.ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
11. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემული დავის ძირითადი საკვლევი საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. დასმულ საკითხზე სწორი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებებზე:
13. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი შემდეგნაირია - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ).
14. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).
15. განსახილველი საქმის ფარგლებში, ასევე საყურადღებოა რომ 2019 წლის 18 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე გზაჯვარედინზე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „სდექ ხაზი“, იმოძრავა შეუჩერებლად და შეეჯახა მესამე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებას (MERCEDES). განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გარდა საგზაო ნიშნის უგულებელყოფისა, მძღოლის მიერ სხვა დაუდევარ ქმედებას, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, ტელეფონზე საუბარი დ.აშ. ადგილი არ ჰქონია (შდრ. იხ. №ას-1131-2024, 14 მარტი, 2025 წელი).
16. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა (რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლით საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოყვანილი პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები არ იკვეთება. ავტომობილის მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში და მთლიანობაში მისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები უჩვეულოდ მაღალი ხარისხით არ დარღვეულა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა დაკვალიფიცირდეს (შდრ. იხ. საქმე №ას-1346-2024 , 23 იანვარი, 2025 წელი). ხსენებული დასკვნის მართებულობის დასადგენად, საკასაციო პალატა დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევა ნებისმიერი საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობის გამო უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირდება, მივიღებთ ისეთ სურათს, რომ სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობა ექნება მძღოლის ბრალით დამდგარი ნებისმიერი ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი, მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა და სადაზღვევო ანაზღაურებისგან საგამონაკლისო შემთხვევების ხელშეკრულების დეტალური გაწერის სავალდებულოობასთან დაკავშირებითაც არსებობს ვრცელი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, საქმე №ას-399-2025, 8 სექტემბერი, 2025 წელი, საქმე №ას-1113-2023, 24 ივლისი, 2025 წელი, საქმე №ას-1241-2024, 7 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი).
17. საკასაციო პალატა მძღოლის ქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობის ნიშნების არარსებობის კვალდაკვალ ყურადღებას მიაპყრობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობებს. საქმის მასალებში წარმოდგენილი დაზღვევის პოლისით დგინდება, რომ მხარეთა შორის განისაზღვრა დაფარული რისკები, რომელიც შეადგენდა ავტოსაგზაო შემთხვევას; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; ხანძარი, აფეთქება; ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; საგნების ვარდნა; გაურკვეველ ვითარებაში დაზიანება; სტიქიური უბედურებები მიწისძვრის და სეტყვის ჩათვლით პროდუქტის ფრანშიზების მიხედვით. დაზღვევის პოლისით გათვალისწინებულ იქნა პრემიის დაფარვის გრაფიკიც. უდავოა, რომ ი.კ–ი ხელშეკრულებით დადგენილი წესით და პირობით იხდიდა სადაზღვევო შენატანს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მხარეთა განმარტებების თანახმად, დგინდება, რომ მოსარჩელე, 2019 წლის 18 მაისს, დაზღვეული ავტომობილით, HONDA FIT, ყვარელში, .......... ქუჩაზე მოძრაობისას, გზაჯვარედინზე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „სდექ“ და შეეჯახა მესამე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებას (MERCEDES), შესაბამისად, სახეზეა სადაზღვევო ხელშეკრულებით შეთანხმებული ხდომილება - ავტოსაგზაო შემთხვევა. უდავოა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 18 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევისას იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 15 აგვისტოს N005753319 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2012 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „HONDA FIT“-ზე, სახელმწიფო ნომრით ......., შასის ნომრით GP11130193, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 9500 ლარს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობებს ქმნიდა.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობაზეც, რომლის თანახმადაც, მართალია ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმს პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ იგი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა მანევრირების წესების დარღვევით იმოქმედა (საგზაო ნიშანზე „სდექ ხაზი“ იმოძრავა შეუჩერებლად) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მძღოლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის დარღვევა დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავოდ, მეტიც, თავად მოსარჩელე უთითებდა სარჩელში აღნიშნულის თაობაზე თუმცა, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარი არანაირ კავშირში არ არის მძღოლის ქმედების დარღვევის ხარისხის (ადგილი ჰქონდა მარტივ თუ უხეშ გაუფრთხილებლობას) შეფასებასთან, რაც განსახილველი დავის ცენტრალური საკითხია. მეტიც, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოხდა ნებისმიერი სახის ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო რისკად აღიარება, ბრალეული პირის მითითების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის სამართალდამრღვევად ცნობა თუ მის მიერ ოქმის გასაჩივრებაზე უარი, განსახილველი დავის მიმართ ირელევანტურია (იხ. ს.ფ. 52-67).
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხე სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე ი.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 9500 ლარის გადახდის ვალდებულება.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 285 ლარისა და (I ინსტანციის სარჩელზე გადასახდელი ბაჟი), III ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე გადახდილი 475 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს ი.კ–ის სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე ი.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 9500 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე ი.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 760 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი