საქმე №ას-1164-2024 31 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ს.კ.„უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის/შეგეებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნები – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, კასატორი) და ემზარ ბერუაშვილმა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მძღოლი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს ს.კ.„უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) მიმართ გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს - 7793.8 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 8 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, ერედვის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №2021-04 ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი CON200000306), რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ერედვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული „HONDA CR-V-ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „......“.
3. 2021 წლის 8 ნოემბერს, 17:00 საათისთვის კოდა-მარნეულის გზაზე მეორე მოსარჩელე მართავდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებული სატვირთო ავტომობილი დაიძრა, მკვეთრად გადმოვიდა სამოძრაო ზოლზე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი მანქანის წინ. დამუხრუჭების მიუხედავად, მანქანა ბორბალში შეეჯახა სატვირთოს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა, როგორც პირველი მოსარჩელის, ისე რ.კ–ის (შემდგომ - ფიზიკური პირი) კუთვნილი „Toyota Noah-ს“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით „.........“.
4. მეორე მოსარჩელე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციასა და სადაზღვევო კომპანიას. მოპასუხემ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე და მდგომარეობის შესაფასებლად წარმომადგენელი არ გაუგზავნია.
5. 2021 წლის 8 ნოემბერს პირველმა მოსარჩელემ ელექტრონული წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და მოსთხოვა ინფორმაციის მიწოდება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოპასუხეს ასევე გაეგზავნა გამგებლის №01/385 წერილი, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, ფიზიკური პირის მოთხოვნის შედეგად, მეორე მოსარჩელემ მას მიყენებული ზიანი - 2 800 აშშ დოლარი აუნაზღაურა.
7. 2021 წლის 26 ნოემბრის №003/26.11.2021 წერილით მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს აცნობა, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ჩატარდებოდა ექსპერტიზა და, ექსპერტიზის დასკვნის პასუხის შესაბამისად, გადაწყდებოდა ანაზღაურების საკითხი.
8. 2021 წლის 29 ნოემბრის №01/400 წერილით პირველმა მოსარჩელემ მოითხოვა, ექსპერტიზა ჩატარებულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიტზის ეროვნული ბიუროში“ და დადგენილიყო ორივე ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი.
9. მოპასუხის ინიციატივით ექსპერტიზა ჩატარდა შპს „ა–ის“ დირექტორის მიერ. ექსპერტიზის დასკვნა ცხადჰყოფს, რომ ექსპერტს ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემა არ გამოუკვლევია, შეაფასა სამართალდარღვევის ოქმი და სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარები, რაც მის პრეროგატივას არ წარმოადგენდა. მას არც დასმულ შეკითხვაზე უპასუხია.
10. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 4 თებერვლის №001/04.02.2022 წერილით მოპასუხემ როგორც დამზღვევისთვის, ასევე, ფიზიკური პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
11. პირველი მოსარჩელის მოთხოვნით სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარდა „Honda-CRV-ის“ მარკის ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის ექსპერტიზა და შეფასდა პირველი მოსარჩელისა და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. დადგინდა, რომ ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემა მწყობრშია, „Honda-CRV-სათვის“ მიყენებული ზიანი შეადგენს 11 300 ლარს, „Toyota Noah-სთვის“ მიყენებული ზიანი კი - 8000 ლარს. თავად ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1258 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეორე მოსარჩელემ სამართალდარღვევა ჩაიდინა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
13. მოპასუხემ სადავოდ გახადა ფიზიკური პირისათვის თანხის ანაზღაურების ფაქტი. აღნიშნულის დასტურად საქმეში წარდგენილია მეორე მოსარჩელის განცხადება (ადრესატი არ იკითხება), რომ ფიზიკურ პირს უხდის 2800 აშშ დოლარს. თავად თანხის გადახდის ფაქტი რაიმე მტკიცებულებით არ დგინდება, ხოლო რაც შეეხება ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, ნოტარიუსმა დაამოწმა მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა, ხოლო განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობაზე იგი პასუხს არ აგებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკსრა 7793.8 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 8000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 189.17 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 6 257.44 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 29 დეკემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №2021-04 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი №CON200000306), რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ იქნა პირველი მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა (მარკა/მოდელი - „HONDA CR-V“, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - „........“). ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2021 წლის პირველი იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე.
17. ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა გულისხმობდა, სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი ან სრული დაზიანებით (განადგურებით), აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას. ამასთან, ნაწილობრივ დაზიანებად ჩაითვლებოდა სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც ექვემდებარება შეკეთება/აღდგენას და რომლის შეკეთება/აღდგენის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 70%-ზე ნაკლებია, ხოლო სრულ დაზიანებად (განადგურებად) ჩაითვლებოდა: ა) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (სრული განადგურება/ტოტალი); ბ) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომლის აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს (სრული განადგურება/ტოტალი); გ) ზარალი, რომელიც გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების დაკარგვით.
18. ხელშეკრულების თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად (ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი).
19. დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობების თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით (სატენდერო პირობების I ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი).
20. 2021 წლის 8 ნოემბერს კოდა-მარნეულის გზაზე 17:00 საათისთვის მეორე მოსარჩელე მართავდა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მიმავალ „კამაზის“ მარკის ავტომობილს, ამობრუნდა და შემდეგ შეეჯახა საპირისპირო მხარეს მოძრავ „TOYOTA NOAH-ის“ მარკის ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა, როგორც პირველი მოსარჩელის, ისე ფიზიკური პირის კუთვნილი „TOYOTA NOAH-ს“ მარკის, „.......“ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა.
21. მეორე მოსარჩელე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას, ასევე, სადაზღვევო კომპანიას და აცნობა მომხდარის შესახებ.
22. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, ვერ დაიცვა ავტომანქანებს შორის დისტანცია, რის შედეგადაც მოახდინა შეჯახება. მეორე მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2 და მე-7-8 პუნქტები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და დაჯარიმდა 250 ლარით.
23. 2022 წლის 4 თებერვლის წერილით მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს 2021 წლის 8 ნოემბერს მომხდარი საგზაო შემთხვევისას დაზღვეულ ავტომობილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით მოძრაობდა (ავტომობილის სამუხრუჭე სისტემას ჰქონდა ხარვეზი), საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით კი მძღოლს არ აქვს უფლება, დაძრას ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებასა და საკუთრებას. ასეთი ქმედებით მძღოლი გაუმართლებელ რისკს იღებს თავის თავზე, რაც ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციას. შესაბამისად, ასეთ დროს დამდგარი ზიანი სადაზღვევო შემთხვევად ვერ ჩაითვლება და ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
24. მოწმედ დაკითხულმა ფიზიკურმა პირმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მეორე მოსარჩელემ მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი - 2800 აშშ დოლარი აუნაზღაურა, მან კი გადასცა დაზიანებული ავტომანქანა.
25. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე შედგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 21 მარტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (ექსპერტის წინაშე დასმულია კითხვა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) გამომწვევი მიზეზების დადგენა, სამუხრუჭე სისტემის ექსპერტიზა), ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა ავტომობილი „HONDA CR-V“, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - „........“, რომლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილის ძარის თითქმის მთელ პერიმეტრზე განვითარებულია ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, დეფორმირებულია მთლიანად ძარა. სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მათი მთლიანობა არ არის დარღვეული, სამუხრუჭე სითხის ავზი შევსებულია მაქსიმუმ ნიშნულამდე.
26. ძრავის სარევიზიო გაშვების შედეგად დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული სამუხრუჭე სისტემის ელექტრონული მართვის სისტემა, რომლის გამაფრთხილებელი ნათურა „ABS“ მუდმივად გააქტიურებულია. ვინაიდან ავტომობლი გამოსაკვლევად წარდეგნილ იქნა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, არახელსაყრელი პირობების გამო, მუხრუჭების ელექტრონული მართვის სისტემის ელკომპიუტერული დიაგნოსტიკა ვერ განხორციელდა.
27. გამოსკვლევად წარმოდგენილი დაზიანებული ავტომობილის, სამუხრუჭე სისტემის შემოწმების დროს სამუხრუჭე სატერფულის დაახლოებით 15-იდან 20-მდე დატვირთვის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა წინა მარჯვენა თვლის (რომელიც ამოგლეჯილია ჩამაგრების ადგილებიდან) სამუხრუჭე სითხის მილი (შლანგი), იგი ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში განვითარებული დაზიანებების შემდგომ იმყოფებოდა დაჭიმულ (დაძაბულ) მდგომარეობაში და მუხრუჭის სატერფულის მოქმედებაში მოყვანის შედეგად, სისტემაში წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებით დაზიანდა, დასუსტებულ (გაწელილ) უბანზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მის შემდგომაც, სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების მთლიანობა არ დარღვეულა, ტექნიკური თვალსაზრისით იგი იმყოფებოდა დაკომპლექტებული, ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით.
28. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე შედგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 23 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2005 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ „HONDA CR-V-ზე“, სახელმწიფო ნომრით - ........, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 11 300 ლარს (მის საბაზრო ღირებულებას დაზიანებამდე გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება: 14500-3200=11300 ლარი). ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2003 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „TOYOTA NOAH“, სახელმიწოფო ნომრით: „.......“, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 8 000 ლარს (მის საბაზრო ღირებულებას დაზიანებამდე გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება: 10 800-2800=8000 ლარი).
29. 2021 წლის 29 დეკემბერის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №2021-4 (კონსოლიდირებული ტენდერი CON200000306) პირველი ნაწილის 1.25. პუნქტში განმარტებულია: სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება - დაზღვევის ხელშეკრულებაში დამზღვევის მიერ მითითებული საბალანსო ღირებულება - სადაზღვევო თანხა (საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან). აღნიშნული ღირებულების საფუძველზე მოხდება სადაზღვევო პრემიისა და დაზღვევის პერიოდში ნებისმიერ მომენტში გასაცემი შესაბამისი ანაზღაურების გამოანგარიშება. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისის „MHL 105965“ №1 დანართის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების (მარკა/მოდელი - HONDA CR-V, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - .........) სადაზღვევო თანხად განისაზღვრა - 7793.8 ლარი.
30. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1258 ლარი.
31. მოპასუხის დაკვეთით ჩატარებული შპს „ა–ის“ ექსპერტ გ.ბ–ძის დასკვნის თანახმად (მიმართვის თარიღი: 2021 წლის 30 ნოემბერი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვა: 1. ავტომანქანა „Honda CRV“, სახ. №.......“, შემთხვევის დროს იმყოფებოდა თუ არა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში; 2. შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი), ექსპერტმა დაათვალიერა ავტომობილები: „Toyota“ სახ. №„.......“ და „Honda CRV“ სახ. №„........“. „Honda CRV-ს“ მარკის ავტომობილის, სახ. №„........“ წინა სამუხრუჭე ხუნდები, შეიძლება ითქვას, რომ ახალი შეცვლილია; ავტომობილის ელექტრონული სისტემების შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგანაც შემთხვევის შემდგომ ავტომობილი არ იყო მიერთებული აკუმულატორთან და სრული ინფორმაცია ხარვეზებისა და გაუმართაობის შესახებ არ არის შენახული, განულებულია; ავტომობილს „Honda CRV“ სახ. №„......“, შემთხვევის დროს გავლილი ჰქონდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 14.07.2021 - 14.07.2022წ. პერიოდით; ავტომობილის „Honda CRV“, სახ. №„......“, საბურავები შეესაბამება ავტომობილების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული რეგლამენტის მოთხოვნებს; დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელია ავტომობილის სავალი ნაწილის, სამუხრუჭე სისტემის მექანიკური ნაწილების და საჭის მექანიზმის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე შემოწმება.
32. ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ: დიდი ალბათობით, ავტომობილის „Honda CRV“, სახ. №„......“, სამუხრუჭე სისტემის ანტიბლოკირების სისტემა და, შესაბამისად, მუხრუჭები არ იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
33. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის დროს ავტომობილის სამუხრუჭე და სხვა სისტემები ბორტკომპიუტერის მეშვეობით იძლეოდა ინფორმაციას გაუმართაობის შესახებ, არ იყო ცნობილი დაზუსტებული ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, ავტომობილი ითვლებოდა ტექნიკურად გაუმართავად და არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო საგზაო მოძრაობის მონაწილე.
34. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია ასევე შპს „მ–ის“ ექსპერტ გ.ბ–ძის მიერ: 1. დაზიანებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 18 ნოემბერის მდგომარეობით, შეადგენს 3,300 აშშ დოლარს (8,999.76 ლარი), ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება 1,500 აშშ დოლარს (4,090.80 ლარი); 2. საბაზრო ღირებულება 2022 წლის მარტის კურსით შეადგენს 10,734.24 ლარს, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება - 4,879.20 ლარს; 3. საბაზრო ღირებულება 2021 წლის ნოემბრის კურსით შეადგენს 10,362.99 ლარს, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება - 4,710.45 ლარს.
35. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და 820-ე მუხლი.
36. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შესაფასებელია, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება თუ არა სადაზღვევო კომპანიას დამზღვევის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო თუ არა განპირობებული ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით (მუხრუჭების მდგომარეობის შეუსაბამობით) და შეფასდეს მეორე მოსარჩელის ქმედების ბრალეულობის ხარისხი (უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა), აღნიშნულის მიხედვით კი დადგინდეს, არსებობს თუ არა მოპასუხის ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი.
37. სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი - განხორციელებულად, სადაზღვევო შემთხვევა კი დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, ეს შემთხვევა ხომ არ წარმოადგენს ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლისს, რა დროსაც მისი სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირება და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი გამოირიცხება.
38. საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.
39. განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით (მძღოლი მოძრაობდა მანქანის მუხრუჭების ტექნიკური გაუმართაობის პირობებში), რაც ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობებისა და ამავე კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
40. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მანქანის მუხრუჭების ტექნიკური გაუმართაობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირების საფუძველს.
41. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა თავად მეორე მოსარჩელის მიერ უშუალოდ შემთხვევის შემდეგ საპატრულო პოლიციის წინაშე გაკეთებულ იმ განმარტებაზე, რომ მანქანას მუხრუჭებმა „არ დაუჭირა“, ასევე, ამ უკანასკნელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ იგი თეთრიწყაროს რაიონის სოფელი .....–დან მარნეულში ავტომანქანის შესამოწმებლად მიდიოდა, რადგან მანქანას სამუხრუჭე სისტემა არ ჰქონდა მწყობრში, კერძოდ, „ABS-ის“ ნიშანი ანათებდა ყვითლად. აპელანტის მტკიცებით, მაშინ, როდესაც მანქანის გამაფრთხილებელი ნიშანი ანთებულია, რომელიც მიუთითებს ავტომანქანის გაუმართაობაზე (არ აქვს მნიშვნელობა ეს მუხრუჭი იქნება თუ სხვა), ხოლო მძღოლი მაინც აგრძელებს მანქანის ექსპლუატაციას, არსებობს სწორედ უხეში გაუფრთხილებლობა.
42. მოპასუხის აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, მეორე მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ უშუალოდ ავარიის შემდეგ მის მიერ საპატრულო პოლიციისათვის მიცემული განმარტება განპირობებული იყო მისი პირადი, სუბიექტური აღქმებით, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ იქვე იქნა უარყოფილი, რადგან გზის სავალ ნაწილზე შეიმჩნეოდა დამუხრუჭების კვალი, რის გამოც მუხრუჭების გაუმართაობაზე მითითება საფუძველს მოკლებული იყო. შესაბამისად, იგი დაჯარიმდა ავტომანქანებს შორის სავალდებულო დისტანციის დარღვევის საფუძვლით.
43. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მის შემდგომაც, ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების მთლიანობა არ დარღვეულა, ტექნიკური თვალსაზრისით იგი იმყოფებოდა დაკომპლექტებული, ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით.
44. მოპასუხემ მისი მტკიცების ფარგლებში სასამართლოს წარუდგინა შპს „ა–ის“ დასკვნა, რომლის თანახმად, „დიდი ალბათობით, ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის ანტიბლოკირების სისტემა და, შესაბამისად, მუხრუჭები არ იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის დროს ავტომობილის სამუხრუჭე და სხვა სისტემები ბორტკომპიუტერის მეშვეობით იძლეოდა ინფორმაციას გაუმართაობის შესახებ, არ იყო ცნობილი დაზუსტებული ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, ავტომობილი ითვლებოდა ტექნიკურად გაუმართავად და არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო საგზაო მოძრაობის მონაწილე“.
45. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ორი შედეგობრივად განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა მტკიცებულებითი ღირებულება სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტით უნდა შეაფასოს. ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
46. სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მეორე მოსარჩელის კუთვნილი მანქანის სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. სააპელაციო პალატას აღნიშნული დასკვნის საფუძველი შეუქმნა, მათ შორის, ზემოაღნიშნული დასკვნების გამცემი ექსპერტების - გ.ბ–ძისა და დ.ს–ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულმა განმარტებებმა, კერძოდ, ექსპერტ დ.ს–ძის განმარტებით, დაზღვეულ ავტომანქანას ყვითლად უნთებდა „ABS-ის“ ნიშანი, რომელიც არის გამაფრთხილებელი და არა ამკრძალავი მძღოლებისათვის. ტექდათვალიერება არ ახარვეზებს მანქანებს და არ კრძალავს მათ გადაადგილებას „ABS-ის“ ყვითლად განათების დროს. ავტომობილის მაჩვენებლის დაფაზე ყვითელი შუქი ნიშნავს, რომ გაუმართაობა არსებობს და მექანიკურ მუხრუჭზე არის ავტომობილი გადასული. პრობლემა იყო ელექტრონული მართვის ბლოკში. სამუხრუჭე სისტემას მექანიკური დაზიანება არ ჰქონია. მძღოლს ეკრძალება გადაადგილება მხოლოდ მაშინ, როდესაც „ABS“ წითელ ნათურასაც (ამკრძალავი ნიშანი) ანთებს. რაც შეეხება კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, იგი მოგვცემდა საშუალებას დაგვედგინა, რატომ იყო მწყობრიდან გამოსული „ABS“ და არა თავად სამუხრუჭე სისტემა იყო თუ არა მწყობრიდან გამოსული.
47. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტ დ.ს–ძის განმარტებაზე, რომ მანქანის სამუხრუჭე სისტემა იყო მწყობრში, მუხრუჭის სითხე არ იყო დაქცეული. შესაბამისად, აპელანტის მითითება, რომ მძღოლმა შემთხვევის მოხდენის შემდეგ განაცხადა, რომ „ტორმუზმა გამისხაო“, რეალურად, ფაქტობრივი მოცემულობით, არ დასტურდება.
48. ექსპერტ გ.ბ–ძის განმარტებით, მნიშვნელოვანი ხარვეზია, როდესაც ავტომობილი ყვითლად ანთებს „ABS-ს“ (დამუხრუჭების ბლოკირების სისტემა). სამუხრუჭე სისტემას აქვს წითელი ფერის გამაფრთხილებელი ნიშანი, ხოლო „ABS-ს“ წითელი ფერის ნიშანი არა აქვს. წითელი გამაფრთხილებელი ნიშანი არის კრიტიკული. ტექდათვალიერება არ ზღუდავს „ABS-ის“ ანთებული ნიშნით ავტომანქანების გადაადგილებას. ყვითელი ფერის „ABS“ გეუბნება, რომ კონტროლი გაქვს დაკარგული სამუხრუჭე სისტემაზე და უკვე მძღოლზეა დამოკიდებული, როგორ დაამუხრუჭებს.
49. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ტექნიკური დათვალიერების დროს, როდესაც ანტიბლოკირების სისტემა გაუმართავია, ავტომანქანის გადაადგილება არ იკრძალება და მისი მწყობრიდან გამოსვლა არ ნიშნავს ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლას. ანტიბლოკირების სისტემა უზრუნველყოფს მუხრუჭის გამოყენებას თანაბარი შენელებით, მოცურების გარეშე. მეორე მოსარჩელის თქმით, ავტომობილი მიჰყავდა სერვისცენტრში გასაკეთებლად (ერთი კვირის ანთებული იყო „ABS“ გამაფრთხილებელი ნიშანი). სასამართლო ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების მთლიანობა არ იყო დარღვეული, ტექნიკური თვალსაზრისით იგი იმყოფებოდა დაკომპლექტებული ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით.
50. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტების განმარტებებით, არ დგინდება დაზღვეული ავტომანქანის „ABS-ს“ სისტემასა და შემთხვევას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, ანუ არ დგინდება ის გარემოება, რომ სწორედ ამ სისტემის დაზიანებამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის მოპასუხის მტკიცებას, რომ მძღოლმა იმოქმედა უხეში გაუფრთხილებლობით და სადაზღვევო კომპანიას შეეძლო, ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობებსა და სსკ-ის 829-ე მუხლზე მითითებით, უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.
51. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 189.17 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 6 257.44 ლარის ანაზღაურება.
52. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 827-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, სადაზღვევო პირობების მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
53. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ ავტომანქანა დაზღვეული იყო მის საბაზრო ღირებულებაზე 10%-ით ნაკლები თანხით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, ე.წ. „პროპორციულობის პრინციპით“, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 23 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემები. სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნა, რომელიც შედგენილია შპს „მ–ის“ ექსპერტ გ.ბ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ იგი ჩატარებულია არასპეციალისტის - ინჟინერ-მექანიკოსის მიერ, რაც დასკვნას არასარწუნოდ აქცევს.
54. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა აპელანტის მიერ შემოთავაზებული ზიანის დაანგარიშების შემდეგი ფორმულა: 1. ავტომანქანა დაზღვეული იყო 53,75%-ში, აღნიშნული განისაზღვრა შემდეგნაირად: ავტომანქანის საბალანსო ღირებულებას (სადაზღვევო თანხას) შეფარდებული საბაზრო ღირებულება გამრავლებული 100%-ზე ანუ 7 793,80 : 14 500 X 100% = 53,75%; 2. რადგან მანქანა დაზღვეული იყო საბაზრო ღირებულების 53,75%-ში, შესაბამისად, ზიანის ოდენობაც უნდა განისაზღვროს ამ პროპორციით, რაც მოცემულ შემთხვევაში 4 189,17 ლარს შეადგენს (7 793,80 ლარის 53,75%).
55. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 23 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „TOYOTA NOAH-ს“ მარკის ავტომობილის (ფიზიკური პირის კუთვნილი ავტომანქანა) ნარჩენი ღირებულება არის 2800 ლარი. დადგენილია, რომ მეორე მოსარჩელემ ფიზიკურ პირს (ავტომობილ TOYOTA NOAH-ის სახელმწიფო ნომრით: „.........“ მძღოლს) ზიანის ანაზღაურების ანგარიშში გადასცა 2800 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას გადაეცა ამ უკანასკნელის კუთვნილი, დაზიანებული ავტომანქანა. 2022 წლის 23 მარტის მდგომარეობით (ანუ ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მომენტისათვის) 1 აშშ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებით შეადგენდა 3.2348 ლარს. 2800 აშშ დოლარი X 3.2348 = 9057.44 ლარს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ავტომანქანა „TOYOTA NOA-ის“ ნარჩენი ღირებულება - 2800 ლარი და მიღებული თანხა - 6257.44 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ.
კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა და საფუძვლები:
56. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
57. კასატორმა მიიჩნია, რომ სადაზღვევო სამართალში მოქმედი პროპორციულობის პრინციპის საფუძველზე მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემცირება სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
58. მხარის მითითებით, საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. ამ კუთხით პირველმა მოსარჩელემ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე და მე-20 სეკუნდა მუხლზე. სადაზღვევო პერიოდი შეადგენდა ერთ წელს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ავტომანქანა არ გაუმჯობესებულა იმგვარად, რომ მისი ღირებულება გაზრდილიყო. ხელშეკრულების დადებისას, არსებითი პირობის სახით, მხარეები დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე შეთანხმდნენ. არ გამოვლენილა არც ნივთის ხელახლა შეფასების საჭიროება. აღნიშნული არც მოპასუხეს მოუთხოვია.
კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნა და საფუძვლები:
59. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
60. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 809-ე, 829-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
61. მხარემ ყურადღება გაამახვილა მძღოლის განმარტებაზე, რომ სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული. „ABS-ს“ ნიშანი მანქანის პანელზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ენთო. თუ სამუხრუჭე სისტემის დეფექტის შესახებ მძღოლისათვის ცნობილი იყო, მას მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში მძღოლს მოეთხოვება. მართალია, ტექდათვალიერების მოთხოვნები არ უკრძალავს მძღოლს აღნიშნული ხარვეზით გადაადგილებას, თუმცა მან უნდა მიიღოს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და მაქსიმალური წინდახედულება გამოიჩინოს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას ავტომობილი უნდა გადაადგილდეს ევაკუატორის ან ხისტი საბუქსირე მოწყობილობის საშუალებით. მით უფრო, როდესაც მეორე მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ ავტოსახელოსნოში მიდიოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე (სუსგ №ას-237-223-2010, 14.06.2010წ.) სააპელაციო პალატამ სადავო შემთხვევა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად არასწორად არ შეაფასა.
62. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მეორე მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის განაცხადშიც და პირადი კომუნკაციისასაც განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მუხრუჭების გაუმართაობის გამო შეემთხვა. საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შეჯახება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას არ გამოუწვევია. შესაბამისად, მეორე მოსარჩელემ იცრუა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების შესახებ. ასეთ ვითარებაში მოპასუხე თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისაგან სსკ-ის 809-ე და 318-ე მუხლების საფუძველზე.
63. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. სწორედ მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა, რომ არსებობდა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც იგი ავტოსაგზაო შემთხვევას თავს ვერ აარიდებდა. ამ უკანასკნელმა კი, მზღვეველსა და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გადაწყვეტილებაში ასახული ნორმები არასწორად განმარტა.
64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით - პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, 15 ოქტომბრის განჩინებით კი, შეგებებული საკასაციო საჩივარი პირველი მოსარჩელის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი (პირველი მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შეგებებული საკასაციო საჩივარი მეორე მოსარჩელის მიმართ დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
66. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
67. მხარეთა შორის დავას იწვევს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამზღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფირება. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის (მეორე მოსარჩელის) ქმედება შეიცავდა თუ არა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
68. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
69. 2020 წლის 29 დეკემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №2021-04 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და დაზღვეულ იქნა პირველი მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა.
70. ხელშეკრულების თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად (ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი).
71. დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობების თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით (სატენდერო პირობების I ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი).
72. 2021 წლის 8 ნოემბერს კოდა-მარნეულის გზაზე 17:00 საათისთვის მეორე მოსარჩელე მართავდა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მიმავალ „კამაზის“ მარკის ავტომობილს, ამობრუნდა და შემდეგ შეეჯახა საპირისპირო მხარეს მოძრავ „TOYOTA NOAH-ის“ მარკის ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა, როგორც პირველი მოსარჩელის, ისე ფიზიკური პირის კუთვნილი „TOYOTA NOAH-ს“ მარკის, „.......“ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა.
73. მეორე მოსარჩელე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას, ასევე, სადაზღვევო კომპანიას და აცნობა მომხდარის შესახებ.
74. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებულია, რომ მძღოლმა - მეორე მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, ვერ დაიცვა ავტომანქანებს შორის დისტანცია, რის შედეგადაც მოახდინა შეჯახება. მეორე მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2 და მე-7-8 პუნქტები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და დაჯარიმდა 250 ლარით.
75. მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს 2021 წლის 8 ნოემბერს მომხდარი საგზაო შემთხვევისას დაზღვეულ ავტომობილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მეორე მოსარჩელის მიერ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით მოძრაობამ. აღნიშნული კი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებს.
76. მეორე მოსარჩელემ ფიზიკურს პირს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი - 2800 აშშ დოლარი აუნაზღაურა, მან კი გადასცა დაზიანებული ავტომანქანა.
77. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რომელიც არ დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, მოპასუხის შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მან მიუთითა საკუთარ პოზიციაზე მზღვეველის სადავო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
78. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
80. საკასაციო პალატამ, სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია (სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.), სადაც სადაღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცველ გარემოებაზე. დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.
81. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ.
82. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5 მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ №ას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ №ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).
83. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.
85. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
86. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით.
87. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების „შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით“ (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).
88. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუაური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.
89. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
90. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. ,,გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას”, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
91. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც ჩვეულებრივ მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, 150).
93. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ., ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).
94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.
95. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
96. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება (იხ. სუსგ №ას-984-2024, 29.11.2024).
97. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
98. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
99. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მხარეთა განმარტებები, ექსპერტების შეფასება, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მძღოლის მოქმედება სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება. აღნიშნულ მსჯელობას მზღვეველმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება ვერ დაუპირისპირა.
100. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ მეორე მოსარჩელის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შერაცხა იმ მოტივით, რომ იგი შეგნებულად მართავდა გაუმართავ ავტომანქანას. საკასაციო საჩივარში კი მხარემ ყურადღება გაამახვილა მძღოლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც იგი თავდაპირველად ავტოსაგზაო შემთხვევას მუხრუჭების დაზიანებას უკავშირებდა, ხოლო მოგვიანებით შეცვალა პოზიცია. შესაბამისად, მეორე მოსარჩელემ მომხდარი ავტოავარიის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სადაზღვევო კომპანიასა და სასამართლოს.
101. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტი წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს, რადგან მძღოლის მხრიდან პოზიციის შეცვლა სადაზღვევო კომპანიისა თუ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას მიზნად არ ისახავდა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ავტომანქანის მუხრუჭების დაზიანების დასახელება წარმოადგენდა მომხდარზე მძღოლის სუბიექტურ მოსაზრებას, რაც არც საპატრულო პოლიციის და არც ექსპერტიზის შეფასებით არ დადასტურდა.
102. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო მოპასუხეს დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მეორე მოსარჩელე სადავო ავტოავარიის შედეგად დაჯარიმდა ავტომანქანებს შორის სავალდებულო დისტანციის დარღვევის საფუძვლით.
103. რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემის დაზიანებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა გაზიარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ მეორე მოსარჩელის კუთვნილი მანქანის სამუხრუჭე სისტემის მაკომპლექტებელი დეტალების მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაკითხულ ექსპერტთა განმარტებებიც და მტკიცებულებათა ერთობლობაში შეფასების შედეგად მართლზომიერად დაასკვნა, რომ ანტიბლოკირების სისტემის გაუმართაობა ტექნიკური დათვალიერების დროს ავტომანქანის გადაადგილების აკრძალვას არ იწვევს, რადგან მისი მწყობრიდან გამოსვლა არ ნიშნავს ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლას.
104. სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველმა სადაზღვევო თანხის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა, რის გამოც სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
105. სადავო თანხის გამოთვლისას სააპელაციო სასამართლოს მიერ პროპორციულობის პრინციპის გამოყენების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ვერც პირველმა მოსარჩელემ.
106. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო მხედველობაში მხარეთა შორის შეთანხმებული სადაზღვევო პირობების მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი და უდავოდ დადგიენლად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ ავტომანქანა დაზღვეული იყო მის საბაზრო ღირებულებაზე 10%-ით და მეტით ნაკლები თანხით, შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო ხსენებული პირობისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 23 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.
107. კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კანონშესაბამისია პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 4 189,17 ლარის გადახდის დაკისრება (7 793,80 ლარის 53,75%).
108. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს/შეგებებულ საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
109. კასატორმა/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
110. ამასთან, საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
111. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
112. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი/შეგებებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
113. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს ს.კ.უ–ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 01/10/2024წ. №6418136 საგადახდო დავალებით გადახდილი 557 ლარის 70% – 389,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი და სს ს.კ.უ–ის“ შეგებებული საკასაციო საჩვარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს ს.კ.უ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 01/10/2024წ. №6418136 საგადახდო დავალებით გადახდილი 557 ლარის 70% – 389,9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი