საქმე №ას-1174-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – შპს „ა.მ. და გ.კ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ქ.მ–ი“
II კასატორი – შპს „რ.ქ.მ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ა.მ. და გ.კ–ია“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ქ.მ–ის“ მიმართ, თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. შპს „რ.ქ.მ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2017 წლის 7 ნოემბერს შპს „ს.მ.ბ–ოსა“ (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „ა.მ. და გ.კ–ია“) და შპს „ე–ის“ (სახელის შეცვლის შემდგომ - შპს „რ.ქ.მ–ი“) შორის გაფორმდა Nბს-003 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
2.2. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ე–ის“ უნდა განეხორციელებინა თბილისში, .......... ქ. N3-ში, ბიზნეს სახლის მშენებლობის პირველ ეტაპი, რაც გულისხმობდა IV კატეგორიის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი შენობის კარკასის მშენებლობას.
2.3. 2017 წლის 7 ნოემბრის Nბს-003 ხელშეკრულების 2.1 მუხლით სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, რომლის 2.1.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა შეადგენდა 7 თვეს სამუშაოთა დაწყების დღიდან. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის პირველი ივლისისა. ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, სამუშაოთა საბოლოო მიღება უნდა მომხდარიყო ექსპერტიზის დასკვნის, პროექტზე ზედამხედველობის განმახორციელებელი და „ლ–ის“ კონსულტანტის საბოლოო დადებითი დასკვნების საფუძველზე, ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება არ მომხდარა დათქმულ ვადაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლითონის კონსტრუქციის ფერმები დამონტაჟებული იყო არასწორად და იყო არამდგრადი. ამასთან, პროექტზე ზედამხედველობის განმახორციელებელი და „ლ–ის“ კონსულტანტის საბოლოო დადებითი დასკვნა არ არსებობდა, დათქმულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის გამო. სარჩელის თანახმად, სამუშაოს დასრულებისთვის მოპასუხეს (ჯარიმების დარიცხვით) მიეცა დამატებითი ვადა, რა ვადაშიც სამუშაოთა დასრულება არ მომხდარა.
2.4. 2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ (შპს „ს.მ.ბ–ო“) იხდიდა თბილისში, .......... ქ. N3ა-ში არსებულ ობიექტზე კომუნალური მომსახურებების ღირებულებას: ელექტროენერგიის - 25 808.07 ლარი, წყლის - 60 029.63 ლარი და ობიექტის დაცვის ღირებულებას 238 592.25 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 324 429.95 ლარი. აღნიშნული კომუნალური გადასახადები და ობიექტის დაცვის მომსახურების ღირებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციისა და მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გადახდილი უნდა ყოფილიყო ობიექტზე მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის შპს „ე–ის“ მიერ. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს 324 429.95 ლარის ოდენობით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ მიერ აღნიშნული კომუნალური სერვისების და ობიექტის დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდის გამო.
2.5. 2017 წლის 7 ნოემბერს შპს „ს.მ.ბ–ოსა“ და შპს „ე–ის“ შორის გაფორმებული Nბს-003 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს სამშენებლო ზედამხედველობას უწევდა შპს „ბ.ვ.ჯ–ია“, ხოლო მშენებლობის „ლ–ის“ სტანდარტებთან შესაბამისობას ზედამხედველობას უწევდა შპს „ს.ე–ი“. მოპასუხის მიერ სამუშაოს მიწოდების (მშენებლობის) ვადის გადაცილების გამო შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ იძულებული გახდა გაეგრძელებინა სახელშეკრულებო ურთიერთობა საზედამხედველო კომპანია შპს „ბ.ვ.ჯ–ასთან“ და „ლ–ის“ საკონსულტაციო ფირმასთან - შპს „ს.ე–თან“. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების გამო, შპს „ა.მ.განვითარების კ–ია“ იძულებული გახდა გადაეხადა მომსახურების ღირებულება 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით შპს „ბ.ვ.ჯ–იასათვის“ 1 151 077.07 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ს.ე–ისათვის“ 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით - 117 766.81 ლარის ოდენობით, ჯამში 1 268 843.88 ლარის ოდენობით.
2.6. 2017 წლის 7 ნოემბრის Nბს-003 ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. აღნიშნული თარიღისათვის სამუშაოები არ დასრულებულა. მხარეთა 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით 60 კალენდარული დღით გაგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადა. 2018 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში „მიმწოდებელი“ სამუშაოებს აგრძელებდა საჯარიმო სანქციის გარეშე, ხოლო შემდგომ კი საჯარიმო სანქციების დარიცხვით. საბოლოო ჯამში, პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა ფერმების მოწესრიგების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის დღემდე, ჯამში, შეადგენდა 822 965.83 ლარს, შეუსრულებელი სამუშაოს 0,2% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების 13.1.2 პუნქტის თანახმად.
2.7. საზედამხედველო კომპანიის შპს „ბ.ვ.ჯ–იას“ მიერ დადასტურებული შემაჯამებელი ანგარიშების თანახმად შუალედური შესრულების თანხამ შეადგინა 9 666 999.58 ლარი, ხოლო მათ მიერ დამოწმებული ჯარიმების ოდენობამ 2020 წლის 24 მარტის მდგომარეობით შეადგინა 672 266.63 ლარი. საზედამხედველო კომპანიას - შპს „ბ.ვ.ჯ–იას“ 2020 წლის მარტში წარმოდგენილი ანგარიშით მშენებელს გამოსასწორებელი ჰქონდა ლითონის ფერმები კოროზიის მედეგობის თვალსაზრისით, გამოვლინდა მისი ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავების და 5 ლითონის ფერმის არასწორი მონტაჟის პრობლემა. მშენებელმა ფერმები დაამუშავა ანტიკოროზიული ხსნარით და საექსპერტო ბიურომ 2020 წლის 19 ოქტომბერს გასცა დადებითი დასკვნა, ხოლო მონტაჟის პრობლემის გამოსწორება დაადასტურა 2021 წლის 20 იანვარს. შესაბამისად, საფინანსო სამსახურის მიერ დაანგარიშდა 2020 წლის 24 მარტის შემდეგ ფერმების შეუსრულებელი ნაწილის გამო დარიცხული ჯარიმები 150 699.20 ლარის ოდენობით, რაც შედგებოდა ფერმების კოროზიის ნაწილის აღმოფხვრის დამადასტურებელი 19.10.2020წ. საექსპერტო დასკვნის თარიღამდე დარიცხული 122 701.38 ლარისა და 5 ფერმის მონტაჟის დადებითი ექსპერტიზის 20.01.2021წ თარიღამდე დარიცხული 27997.82 ლარისაგან. ზედამხედველის მიერ დარიცხულ 672 266.63 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაემატა მოსარჩელე კომპანიის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო 150 699.20 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 822 965.83 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, შენობის რკინა-ბეტონის კარკასის მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2021 წლის 4 ივნისს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემსრულებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შესრულების განზრახ ვადაგადაცილებას და აღნიშნული გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, კი შემსყიდველის პროექტი შეიცავდა ხარვეზებს, რომლის კორექტირებასაც ახდენდა მიმწოდებელი. ამას გარდა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა განიცდიდა ცვლილებას. ამდენად, შესაგებლის თანახმად, ხელშეკრულების ცვლილების მიზეზი არ ყოფილა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა.
3.2. ლითონის ფერმების ხარვეზთან მიმართებით, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ხარვეზი დაუდგინდა მხოლოდ 5 ფერმას.
3.3. მოპასუხე არ დაეთანხმა ობიექტის დაცვის მომსახურებისა და კომუნალურების ხარჯების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული ხარჯების გადახდა არ წარმოადგენდა მის სახელშეკრულებო ვალდებულებას. მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე კი იგი პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია მანამდე, სანამ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდოდნენ.
3.4. მოპასუხე ასევე, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის შესახებ და განმარტა, რომ უცნობია, თუ რომელი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა საჯარიმო სანქცია.
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
4.1. შპს „რ.ქ.მ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
5. შეგებებული მოპასუხის პოზიცია:
5.1. 2017 წლის 7 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საგანი იყო ქ. თბილისში, .......... ქუჩა N3-ში, ბიზნეს სახლის მშენებლობის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შემსყიდველი ახორციელებდა კონტროლს, რომელიც მოიცავდა სამუშაოების ზედამხედველობასა და პროექტის ზედამხედველობას. სამუშაოების ზედამხედველად შემსყიდველმა განსაზღვრა შპს „ბ.ვ.ჯ–ია“, ხოლო მშენებლობის „ლ სტანდარტებთან“ შესაბამისობას ზედამხედველობდა შპს „ს.ე–ი“. ამ მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული მასალების ხარისხისა მოცულობის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შესრულებული სამუშაოს დადგენას საკუთარი ხარჯებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, უზრუნველყოფდა შემსყიდველი.
5.2. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ობიექტზე ლიფტის შახტების ფუნდამენტების მოწყობისას აღმოჩნდა, რომ გრუნტის წყლის დონე-9.05 ნიშნულზე იყო. ლიფტის შახტის ექსკავაცია კი ხდება-9.20 ნიშნულზე, რაც გრუნტის წყლის არსებულ ნიშნულზე 15 სმ-ით დაბალია. შესაბამისად, აუცილებელი გახდა წყლის დონის დაწევა. შექმნილი ვითარების თაობაზე, დაუყოვნებლივ ეცნობა შემსყიდველსა და ზედამხედველს, ასევე პროექტის მენეჯერს საიდანაც განხორციელდა მითითება, რომ ამოქმედებულიყო წყალსაქაჩი ტუმბოები, საჭირო ნიშნულზე მისი ჩაშვება და წყლის ამოღვრა.
5.3. წყლის ამოტუმბვა ხორციელდებოდა 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით. ამავდროულად, დამკვეთსა და ზედამხედველს ყოველდღიურად ეგზავნებოდა რეპორტები, რომლებშიც მოცემული იყო ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებული სამუშაოს აღწერა, გამოყენებული სამუშაო ტექნიკა და ფოტოსურათები სამუშაო მოედნიდან. ვინაიდან თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული ქვაბულიდან წყალამოღვრის სამუშაოები და ერთეულის ღირებულება, 2017 წლის 18 დეკემბერს შპს „ე–იმ“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ერთეულის ფასის დადგენის მიზნით, რომლის 2017 წლის 20 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ქვაბულიდან წყალამოღვრის სამუშაოების ერთეულის ღირებულება განისაზღვრა 11.4 ლარით ერთ კუბურ მეტრზე.
5.4. შემსყიდველმა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ცვლილებები განახორციელა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და ქვაბულიდან ტუმბოებით წყალამოღვრის ერთი კუბური მეტრი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 11.4 ლარით. 2021 წლის 4 ივნისს შპს „ა.მ. და გ.კ–იასა“ და შპს „ე–ის“ შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს „ე–ის“ მიერ სამუშაოები შესრულდა სრულად და ხარისხიანად. ამასთან, შესრულებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და საერთო ღირებულება, რომლის თაობაზეც მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, გაიწერა მხარეებს შორის გაფორმებულ 2021 წლის 4 ივნისის შეთანხმებაში.
5.5. 2021 წლის 4 ივნისის შეთანხმების თანახმად: „შემსყიდველი მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის მიერ არ განხორციელებულა შესრულებული სამუშაოს აქტებში მითითებული ლიფტის შახტებიდან წყალამოღვრის სამუშაოები 95040 კუბმეტრის მოცულობით, ღირებულებით 1 083 456 ლარი (დანარიცხების გარეშე) აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლის მიერ შესრულებულია მხოლოდ 39.4 კუბური მეტრის მოცულობით, ღირებულებით 440 ლარი (დანარიცხების გარეშე)“. შესაბამისად შემსყიდველმა, საბოლოო ანგარიშსწორების დროს არ აუნაზღაურა შპს „ე–ის“ წყალამოღვრის სამუშაოების ღირებულება.
5.6. შპს „ე–იმ“ მიმართა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვ–ს, რათა მომხდარიყო ამოტუმბული წყლის მოცულობისა და მისი ღირებულების დადგენა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ შპს „ე–ის“ მიერ სამშენებლო ქვაბულიდან ამოტუმბული წყლის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 002 060 ლარი.
5.7. შეგებებულ სარჩელის თანახმად, ხელშეკრულების დადებიდან 10 დღეში, 2017 წლის 17 ნოემბერს, შპს „ე–მა“ შეატყობინა შემსყიდველს, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და შესთავაზა ალტერნატიული გადაწყვეტილება ამ წერილზე. შემსყიდველი 2017 წლის 13 დეკემბრის, წერილით დაეთანხმა მიმწოდებლის შენიშვნებს და სთხოვა საექსპერტო განფასების გაკეთება, რაც მიმწოდებლის მოვალეობა არ იყო. შეგებებული მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხისა და ზედამხედველის მოქმედებების შედეგად პროექტის დასრულება გაგრძელდა დადგენილზე მეტი ვადით, რის გამოც შპს „ე–ი“ იძულებული გახდა დამატებითი ხარჯები გაეწია.
5.8. 2021 წლის 15 ნოემბერს შპს „ე–იმ“ მიმართა აუდიტორულ კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა შპს „ე–ის“ პროექტის ვადის გაჭიანურებისა და წყალამოღვრის სამუშაოების აუნაზღაურებლობის შედეგად. დასკვნის მიხედვით, ზარალის ოდენობამ შეადგინა 3 998 673 ლარი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სარჩელი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „რ.ქ.მ–ის“ შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ მოსარჩელე შპს „რ.ქ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 083 456 ლარის გადახდა. შპს „რ.ქ.მ–ის“ შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მოდავე მხარემ, წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით, არცერთი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7.2. შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 427-ე, 327-ე და მე-400 მუხლები, რომელთა შესაბამისადაც დაასკვნა, რომ შპს „ე–ის“/შპს „რ.ქ.მ–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით. სახელდობრ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს შეუსრულებლობისას შპს „ე–ის“ ბრალეულობის დადგენის მიზნით, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვეებში ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერას (ტ. IV, ს.ფ. 233-241, 268-280) და დაასკვნა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველსა და საზედამხედველო კომპანიას შეატყობინა ლიფტის შახტების საძირკველში წყლის არსებობის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილებით დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თავდაპირველი სარჩელით მოპასუხემ შეასრულა მასზე ხელშეკრულების 12.1.1 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება და წერილობითი ფორმით შეატყობინა შემსყიდველს სამუშაოს შესრულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. მიმწოდებელმა ასევე შეატყობინა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება დაკავშირებული იყო სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან (გამოსაყენებელ მასალასთან, ამინდთან და ა. შ.), რაც თავის მხრივ, გამოიწვევდა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადებისა და ხარჯთაღრიცხვის ცვლილებას. პალატის აზრით, ამავე წერილებით დგინდებოდა, რომ შემსყიდველი დაეთანხმა სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ მიმწოდებლის შენიშვნებს და ნება დართო შპს „ე–ის“ იმოქმედა მისეული რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, ეწარმოებინა საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. აღნიშნული კორესპონდენციის შემდგომ, შემსყიდველმა გარკვეული თვალსაზრისით გაითვალისწინა მიმწოდებლის თხოვნა და ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2018 წლის 29 ივნისის შეთანხმებით სამუშაოს მიწოდების ვადა გაგრძელდა 60 კალენდარული დღით, თუმცა შპს „ე–ი“ კვლავ ატყობინებდა შემსყიდველს, რომ აღნიშნული ვადა საკმარისი არ იყო სამუშაოების დასასრულებლად და შესაბამისი მიზეზების განმარტებით ითხოვდა დამატებითი ვადის დაწესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, სამუშაოების წარმოების პროცესში გამოკვეთილი საპროექტო ნაკლი, სამუშაოთა დაწყებისთანავე გამოვლენილი არაერთი ხარვეზი, მიმწოდებლის მხრიდან შემკვეთისთვის პრობლემების სისტემატური შეტყობინების ფაქტი და შემკვეთის მიერ მიმწოდებლის წინადადებებზე დათანხმების ფაქტი, დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობა გამოწვეული არ ყოფილა შპს „რ.ქ.მ–ის“ ბრალეული მიზეზით.
7.3. სააპელაციო პალატამ ასევე, არ გაითვალისწინა აპელანტის შედავება მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებდა შპს „ბ.ვ. ჯ–ა“, რომელმაც თავის 2020 წლის 27 აპრილის შემაჯამებელ ანგარიშში ლითონის ფერმების სამუშაოები შეაფასა უარყოფითად (ტ. II, ს.ფ. 169-193). საზედამხედველო კომპანია ფერმების ნაწილში მითითებას აკეთებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის ივნისის თვეში გაცემულ საექსპერტო დასკვნაზე და აღნიშნავდა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, ამ მხრივ, გაიცა უარყოფითი დასკვნა. გასაჩივრებულ განჩინებაში, ასევე მითითებულია, რომ შემსყიდველს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ივნისის თვეში დასკვნების მომზადების შემდეგ სამუშაოების მიღებაზე უარი არ უთქვამს. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მიმწოდებლის მიერ საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ნაკლი, გამოსწორდა სამ თვეში, რის შემდეგაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა დადებითი დასკვნა. პალატამ შესრულებული სამუშაოების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, ყურადღება მიაპყრო თავად შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ წერილს, სადაც შემკვეთი ადასტურებდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 19 ოქტომბერს დადებითი დასკვნის გაცემის ფაქტს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ივნისის თვის დასკვნები ეხებოდა არა მთლიან სამუშაოს, არამედ შესრულებული სამუშაოს გარკვეულ კომპონენტებს, ვერ იქნებოდა გაზიარებული აპელანტის შედავება მასზედ, რომ შპს „რ.ქ.მ–ის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, ვინაიდან არ დადგინდა არც ვალდებულების ბრალეული დარღვევა და არც არაჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატამ თანმდევი შედეგის სახით, უარი თქვა პირველი სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზეც, რომელიც შეეხებოდა შემსრულებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
7.4. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და შესაბამისად დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელის მოპასუხისთვის კომუნალური მომსახურებისა და ობიექტის დაცვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მხარეს ხელშეკრულებით არ უკისრია, კერძოდ, სასამართლოს აზრით, 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულ მთლიან ღირებულებაში (10 086 659 ლარი) არ მოიაზრებოდა კომუნალური გადასახადები და ობიექტის დაცვის ღირებულების ხარჯები. სასამართლომ არ გაიზიარა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნული ხარჯები წარმოადგენდა „სამუშაოს სრულფასოვანი მიწოდებისთვის დაკავშირებულ ხარჯს“, რამდენადაც ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის 2.3.2 პუნქტში დეტალურად იყო გაწერილი ყველა ის ხარჯი, რომელიც უკავშირდებოდა შესყიდვის ობიექტის მიწოდებას და რომელიც პირდაპირ არ იყო მითითებული სახარჯთაღრიცხვო ჩამონათვალში. ამასთან, სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ტექნიკური დავალების N2.5 დანართის 3.3.1, 7. და 10.9.2 პუნქტების დისპოზიციის გათვალისწინებით, მიმწოდებელმა აიღო შესაბამისი კომუნიკაციების, მათ შორის, წყლისა და ელექტროენერგიის გაყვანის, აგრეთვე, ობიექტის დაცვის და არა შესაბამისი მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება. „ობიექტის დაცვის ვალდებულება“ არ უნდა ყოფილიყო გაგებული იმგვარად, რომ მიმწოდებელს ეკისრებოდა მესამე პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების დადების ვალდებულება. ამგვარად, პალატამ დაასკვნა, რომ შპს „რ.ქ.მ–ი“ პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა მესამე პირების წინაშე შემსყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
7.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა შპს „რ.ქ.მ–ისთვის“ საზედამხედველო მომსახურების ღირებულების (1 268 843.88 ლარის ოდენობით) დაკისრების თაობაზე, რომელიც ასევე არ იქნა გაზიარებული. ამ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის მოტივად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მენარდის (შპს „რ.ქ.მ–ი“) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოს შეუსრულებლობის ფაქტი იყო უდავო. ასევე, დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალეულ ვადაგადაცილებას. ამასთან, გამოიკვეთა, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესზე კონტროლი წარმოადგენდა შემსყიდველის სახელშეკრულებო ვალდებულებას (ხელშეკრულების მე-8 მუხლი), კერძოდ კი, სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ნიშნავდა პროექტის ზედამხედველს. საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ პროექტის ზედამხედველობას ახორციელებდა შპს „ბ.ვ.ჯ–ია“ (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.2 მუხლი) და შპს „ს.ე–ი“ მათთან შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პალატის აზრით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ შპს „ბ.ვ.ჯ–იასა“ და შპს „ს. ე–თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება გამოიწვია მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ. შესაბამისად, სახეზე არ იყო ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც სარჩელი აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და გამოირიცხა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
7.6. სააპელაციო პალატამ, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე აპელანტის - შპს „რ.ქ.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი,რომელიც შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასა და შპს „ა.მ. და გ.კ–იისთვის“ - 3 998 673 ლარის, ხოლო 2021 წლის 15 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1692 ლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა.
7.7. მეორე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივები და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ მართებულად დაკმაყოფილდა. სახელდობრ, პალატამ მოიხმო ნარდობის მომწესრიგებელი ნორმები და აღნიშნა, რომ პირველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დადასტურდა, რომ მენარდის მიერ შესრულებული იქნა 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემკვეთის მიერ მიღებულია შესრულებული სამუშაო. აგრეთვე, დადასტურდა, რომ სამუშაოს დაწყებიდან ძალიან მცირე დროში, მენარდემ შემკვეთს მიმართა შახტის ადგილას დაგროვებული წყლის თაობაზე, რომლის ამოტუმბვის გარეშეც ძირითადი სამუშაო შესრულება შეუძლებელი იყო. შემკვეთმა გასცა თანხმობა მენარდის მიერ დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად ამიტომ, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „რ.ქ.მ–ის“ მიერ ამოიტუმბა 1 083 456 ლარის ღირებულების 95040მ3 წყალი (ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად), ამოტუმბული წყლის ღირებულება კი შემკვეთს მენარდისთვის არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის (1 083 456 ლარის) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
7.8. რაც შეეხება მეორე აპელანტის მოთხოვნას 2 915 217 ლარის (3998673-1083456), ზიანის სახით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს „I“-ის ანგარიშზე მითითებით, ზიანის სახით ითხოვდა აღნიშნულ თანხას. თუმცა, არც წარმოდგენილი ანგარიშიდან დგინდებოდა და ვერც მოსარჩელე უთითებდა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარებოდა განცდილი ზიანი, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
7.9. სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე აპელანტის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის, ზიანის სახით, 2021 წლის 15 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1692 ლარის დაკისრების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლის მიღების ალბათობას მოსარჩელე ასაბუთებდა მოთხოვნილი თანხის ანაბარზე განთავსების შესაძლებლობით. პალატამ მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ კრედიტორის მტკიცების საგანი იყო, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება მისი სამართლებრივი სტატუსის ან ჩვეულებრივი საქმიანობის საგნის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რაც ამგვარი ქმედების ნეგატიურ შედეგებს სავარაუდოდ აქცევდა მოვალისათვის, რაც მან ვერ განახორციელა.
7.10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ და შპს „რ.ქ.მ–მა“.
8. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. I კასატორი - შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხარეს უნდა ეთქვას უარი.
8.2. I კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთი, რომლის თანახმად: გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით. მისივე მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სამუშაოს შესრულება და მისი ხარისხი უნდა დადასტურებულიყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რის გარეშეც სამუშაოები შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა. სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადასტურდა ქვაბულიდან ამოღვრილი წყლის ოდენობა, რაც შეადგენდა 39,4 მ3 - ღირებულებით 445,17 ლარი, შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველიც მხოლოდ 445,17 ლარის ნაწილში არსებობდა. შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ნარდობის სამართალურთიერთობაში გადახარჯვის ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი აქტებით და არა მხოლოდ ცალმხრივი, მოპასუხის მიერ შედგენილი Excel-ის ფაილებით. ამ მიმართებით კასატორი დასძენს, რომ სასამართლომ ქვაბულიდან ამოტუმბული წყლის რაოდენობა და შესაბამისად ღირებულება დაადგინა არარელევანტური მტკიცებულების საფუძველზე. წყალამოღვრის სამუშაოების ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ შემსრულებელმა მიმართა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საექსპერტო ორგანიზაციას, არამედ შპს „ვ–ს“ რომელსაც წარუდგინა მის მიერ შედგენილი Excel-ის დოკუმენტი და რომელმაც თეორიულად, კონკრეტული ადგილმდებარეობის შესწავლის გარეშე დაასკვნა, რომ მენარდე, იმ ტუმბოების მეშვეობით რომლითაც მუშაობდა მითითებული წყლის ამოტუმბვას მოახერხებდა ერთი თვის განმავლობაში. მითითებულ დასკვნას კასატორი აბსურდულად მიიჩნევს, რადგან ტუმბოების მონაცემებიც კი თეორიულად დადგინდა ე.წ. ბირკების ინტერნეტში მოძიების გზით, რაც მოხმობილ მტკიცებულებას არაგანკუთვნადს ხდიდა. კასატორი აცხადებს, რომ მართალია ეს დასკვნა სასამართლომ არავალიდურად მიიჩნია, თუმცა დაეყრდნო და გაიზიარა ის დოკუმენტაცია, რომელსაც ეს დასკვნა ემყარებოდა, რითიც სამართლებრივად იდენტური შედეგი დადგა. კასატორი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა გაურკვეველი მტკიცებულებების კვლევის შედეგად დაადგინეს და გაიზიარეს, რომ მოპასუხე წყლის ამოტუმბვას ახორციელებდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ასეთი გარემოება არ დასტურდებოდა არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, არც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და არც ზედამხედველის მიერ შედგენილი აქტებით. გარდა შინაარსობრივი უზუსტობებისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მხარისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა მათთვის კონკრეტულად 1404728 ლარის დაკისრება, ერთი მხრივ ეს თანხა არ ყოფილა შეგებებული მოსარჩელის მიერ დასახელებული, მეორე მხრივ კი ამგვარი სოლიდური თანხის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს, რომელიც მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს.
8.3. I კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არაეფექტურად შეაფასა მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და სატენდერო დოკუმენტაცია, არასწორად გამორიცხა მიმწოდებლის ბრალეულობა ვადის დარღვევაში და დაუშვა დაუდასტურებელი ხარჯების დაკისრება, რითაც დაირღვა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. არ იქნა გამოყენებული მოვალეობის დარღვევის სამართლებრივი შედეგების შესახებ მოქმედი ნორმები, არ შეფასდა ზიანი, რომელიც გამოიწვია ვადის დარღვევამ (პირგასამტეხლოს დაკისრება, ზედამხედველთან კონტრაქტის გახანგრძლივება, დამატებითი ხარჯები).
8.4. I კასატორი უთითებს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს იმგვარი დასკვნა, თითქოს შემკვეთს ხელშეკრულების შესრულების მიმართ არ დაუკარგავს ინტერესი, ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, რადგან საბოლოოდ მიიღო შესრულებული ობიექტი, რაც ზიანის მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა. ეს მსჯელობა სამართლებრივად არასწორია, ვინაიდან კანონმდებლობა არ ავალდებულებს დაზარალებულ მხარეს შეწყვიტოს ხელშეკრულება, რათა ზიანის ანაზღაურება მოხდეს. ამ საკითხზე არსებობს დადგენილი პრაქტიკა (ას-1172-2021, ას-556-2021), რომელიც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. ეს პრაქტიკა ადასტურებს, რომ ინტერესი შეიძლება შენარჩუნდეს, თუმცა ზიანი მაინც არსებობდეს, იმ პირობებში როდესაც მენარდემ სამუშაოების შესრულება 4 წლით დააგვიანა, მისი ბრალეულობის გამორიცხვა არსებითად სცდება უზენაესი სასამართლოს სტანდარტს.
8.5. I კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოში მოქმედი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ხარვეზიანი შესრულება, თუნდაც შემდგომში გამოსწორებული, ვერ ჩაითვლება ჯეროვან შესრულებად, თუ ვადა დარღვეულია (ას-1164-2023), გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი შედეგი კი, ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას.
8.6. I კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი კომუნალური მომსახურებისა და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. იგი მოიხმობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1. პუნქტს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დადასტურდა, რომ მოთხოვნილი თანხები გადაიხადა შემკვეთმა, რათა არ შეჩერებულიყო სამუშაოების შესრულების პროცესი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელშეკრულება და სატენდერო პირობები ითვალისწინებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში კომუნალური და დაცვის ხარჯებს, რაც არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო პალატამ.
8.7. I კასატორი ემიჯნება გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, რომლითაც ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობა არ დაუკავშირდა მოპასუხის ბრალეულობას. მხარე უთითებს, რომ 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მენარდის შეტყობინების საფუძველზე, შემკვეთმა გაითვალისწინა მის მიერ მითითებული ზოგიერთი ობიექტური გარემოებები და ხელშეკრულების შესრულების ვადა გაახანგრძლივა 60 დღით, რაც ჩაითვალა საპატიოდ, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდგომ (2018 წლის 28 აგვისტოს) მშენებლობა არ იყო დასრულებული. მხარე ამტკიცებს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების ის მსჯელობა თითქოს ოთხი წლის განმავლობაში მენარდეს მეტეოროლოგიური პრობლემები უშლიდა ხელს სამუშაოს შესრულებაში. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 19 დეკემბრის ელექტრონული მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასაწყისშივე მენარდე სერიოზულად ჩამორჩებოდა გეგმას, რაც უცილობლად იმოქმედებდა საბოლოო შესრულების ვადაზე.
8.8. I კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას შესრულებული სამუშაოების არაჯეროვნებასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ხარვეზები, როგორც რკინის ფერმების ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავების არარსებობა და 38 რკინის ფერმიდან 5 ფერმის არასწორი მონტაჟი, ფუნდამენტურად ამცირებდა შესრულების ხარისხს და წარმოადგენდა უხეშ დარღვევას. სასამართლოს არგუმენტი, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვრა 3 თვეში მოხდა, არ ანაცვლებს არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, რადგან ეს გამოსწორება მოხდა ვადის დარღვევის შემდეგ. შესაბამისად უსაფუძვლოა ის მსჯელობაც, რომ არაჯეროვანი შესრულების არ არსებობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც არ არსებობდა.
8.9. I კასატორი ამტკიცებს, რომ ზედამხედველ კომპანიებთან ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ მენარდემ დაარღვია ვალდებულება და სამუშაოები დათქმულ ვადებში არ შეასრულა, რომ არა დარღვევა საზედამხედველო კომპანიებთან ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულება არ იარსებებდა, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ ამ კომპანიებისთვის დამატებით გადახდილი თანხების ანაზღაურებაზე უარი არამართებულად ეთქვათ.
8.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9.1. შპს „რ.ქ.მ–ი“ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
9.2. II კასატორი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, შეგებებული სარჩელის ავტორმა სასამართლოს მისთვის ათთვიანი პროექტის ოთხ წელზე მეტი ვადით გაგრძელების გამო მიყენებული ზიანის დასამტკიცებლად წარუდგინა შპს „I“-ის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა, რომელიც დაეფუძნა, შპს „რ.ქ.მ–სა“ და აღნიშნულ პროექტზე მის ქვეკონტრაქტორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, სასაქონლო ზედნადებებს, ანგარიშ-ფაქტურებს, სესხის ხელშეკრულებებს, სახელფასო ტაბელებსა და შპს „რ.ქ.მ–ისთვის“ მოცემულ პროექტზე გაწეულ მომსახურებებს. ხსენებული აუდიტორული დასკვნის დანართ N1-ში მოცმულია დეტალური ცხრილი, საიდანაც ნათლად დასტურდება კომპანიის მიერ პროექტის ვადის გახანგრძლივების გამო ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.
9.3. II კასატორისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კომპანიას არ მისდგომოდა ზიანი, როდესაც სასამართლოებმა აღიარეს, რომ ათთვიანი პროექტის მრავალი წლის განმავლობაში დაუსრულებლობა გამოწვეული იყო არა შემსრულებლის ბრალით, არამედ თავდაპირველი პროექტის ნაკლოვანებებით. ამასვე ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ პროექტმა განიცადა არაერთი ცვლილება (საერთო ჯამში მოხდა 3 000 000 ლარამდე სამუშაოების ცვლილება, ისე რომ არ მომხდარა პროექტის ღირებულების ზრდა), რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მოითხოვდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული კი, დაკავშირებული იყო ხანგრძლივ ვადებთან.
9.4. II კასატორის მტკიცებით, საქართველოში მოქმედი ყველა აუდიტორული კომპანია სავალდებულო წესით ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით, შპს „I“-ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნაც სრულად შეესაბამება ამ სტანდარტებს და მისი სამართლებრივი თუ შინაარსობრივი ძალა, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
9.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს „რ.ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2017 წლის 7 ნოემბერს, ერთი მხრივ, შპს „ს.მ.ბ–ოს“, როგორც „შემსყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „ე–ის“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nბს-003, რომლის შესაბამისადაც შპს „ე–ის“ უნდა განეხორციელებინა თბილისში, .......... ქ. N3-ში ბიზნეს სახლის მშენებლობის პირველ ეტაპი, რაც გულისხმობდა IV კატეგორიის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი შენობის კარკასის მშენებლობას;
- მთლიანი ხელშეკრულების ღირებულება სამუშაოს სრულფასოვანი მიწოდებისთვის დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, განისაზღვრა 10 086 659 ლარით;
- სამუშაოს მიწოდების საერთო ვადად დადგინდა 7 კალენდარული თვე, შემსყიდველის მიერ სამუშაოთა დაწყების შესახებ მიმწოდებლისთვის შესაბამისი შეტყობინების გადაცემის თარიღის მომდევნო დღიდან;
- ხელშეკრულების 13.1.2 პუნქტით მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით.
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 3 სექტემბრის N1/1-4028 ბრძანებით განხორციელდა შპს „ა.მ. და გ.კ–იასთან“ შპს „ს.მ.ბ–ოს“ შერწყმა-მიერთება და შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ განისაზღვრა შპს „ს.მ.ბ–ოს“ უფლებამონაცვლედ;
- 2018 წლის 29 ივნისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა შპს „ს.მ.ბ–ოსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nბს-003 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების ვადა გაგრძელდა 60 კალენდარული დღით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;
- 2019 წლის 20 დეკემბრის შეთანხმებით ასევე ცვლილება შევიდა შპს „ს.მ.ბ–ოსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nბს-003 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;
- 2021 წლის 22 აპრილის შეთანხმებით ცვლილება შევიდა შპს „ს.მ.ბ–ოსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nბს-003 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;
- მიმწოდებლის (შპს „ე–ი“) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2021 წლის 4 ივნისს;
- შპს „ე–ის“ მიმართვის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ განსაზღვრა ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში „ბიზნეს სახლის“ სამშენებლო სამუშაოებზე წარმოშობილი, ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი, წარდგენილ დანართში მითითებული დამატებითი სამუშაოს ერთეული მოცულობის, მექანიზმისა და მასალის სახარჯთაღრიცხვო საორიენტაციო ღირებულება, წარდგენილი ინვოისების, შეთავაზებების, საბაზრო ფასის, ლიმიტირებული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 20 დეკემბერს გასცა N007418917 დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქვაბულიდან წყალამოღვრის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 11.4 ლარით ერთ კუბურ მეტრზე;
- შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ დაკვეთის საფუძველზე შპს „ე–ის“ მიერ შესრულებულ ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში ს/კ ..... „ბიზნეს სახლის“ მშენებლობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის დადგენის მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 15 ივნისს გასცა N003244920 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, .......... ქ. #3-ში, ბიზნეს სახლის სამშენებლო სამუშაოებზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილი გაერთიანებული ფორმა 2-ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება, კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ნორმატიული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 1979063,08 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილი გაერთიანებული ფორმა 2-ით მოცემული 3513840.04 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 1534776,96 ლარს. რიგ შემთხვევაში ფარული სამუშაოების აქტები არ არის სრულად წარმოდგენილი. დასკვნის დანართ #1-ში მოცემულია შენიშვნები კონკრეტული სამუშაოების პოზიციების მიხედვით, რომელთა გათვალისწინება წარმოადგენს დამკვეთის პრეროგატივას (იხ. დანართი #1);
- შპს „ს.მ.ბ–ომ“ კვანძის შეკეთების საპროექტო გადაწყვეტის თავდაპირველი პროექტის კვანძთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, რომლის მიერაც 2020 წლის 16 ივნისს გაცემული იქნა N007215019 ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... ქ. N3ა-ში „ბიზნეს სახლის“ მიმდინარე მშენებლობაზე წამწის კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოებისას არასწორად მოწყობილი საყრდენი კვანძის გამოსწორების ტექნიკური გადაწყვეტა არასაიმედოა; წამწის საყრდენი კვანძები და კვანძების გამაგრება განსხვავებული ტიპის დარღვევებით არის შესრულებული, ამიტომ აღნიშნული კვანძების მაქსიმალური საიმედოობის უზრუნველყოფისათვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შესწავლილიყო თითოეული კვანძი, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გამაგრების ინდივიდუალური გადაწყვეტა თითოეულის მიმართ პროექტის სახით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია ადგილზე;
- ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების პირობების კოროზიის მიმართ მათი მედეგობის თვალსაზრისით, შპს „ე–ის“ მიერ ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში ბიზნეს სახლის მშენებლობისას მოწყობილი ლითონის ფერმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „ე–ის“ დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 19 ოქტომბერს გასცა N006350920 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს „ე–ის“ მიერ ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში, ბიზნეს სახლის მშენებლობისას მოწყობილი ლითონის ფერმები შეესაბამება ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების პირობებს კოროზიის მიმართ მათი მედეგობის თვალსაზრისით;
- შპს „ე–იმ“ კითხვით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, 2020 წლის 29 დეკემბერის #5007792820 დასკვნის საფუძველზე განეხორციელებინათ დასკვნით გათვალისწინებულ, შესასრულებელ სამუშაოებზე ზედამხედველობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეხდინათ მისი შესაბამისობის დადგენა დასკვნასთან და პროექტთან მიმართებაში. N000298921 ექსპერტიზის დასკვნით, ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში მდებარე ბიზნეს სახლის +4.80 ნიშნულზე ‘D-H/16-8’ ღერძებს შორის არსებული ლითონის ფერმების საყრდენი კვანძების მოწყობა სრულად შეესაბამება ბიუროს მიერ 2020 წლის 29 დეკემბრის #5007792820 დასკვნაში მითითებულ ნახაზს;
- ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში შპს „ე–ის“ მიერ შესრულებული წყლის ამოტუმბვის სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა შპს „ვ–მა“ 2021 წლის 15 ნოემბერს გასცა N04/11 დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილ იქნა შემდეგი: „შპს “ს.მ.ბ–ოს“ მიერ დაკვეთილი მდებარეობს თბილისში, .......... ქ. N3-ში, მდინარე მტკვრის სანაპიროს მიმდებარედ, მშენებლობისათვის განკუთვნილი ქვაბულის მოწყობის დროს წარმოიშვა პრობლემები განკუთვნილ ტერიტორიაზე (წყლის დაგროვება სავარაუდოდ გამოწვეული იყო მდინარე მტკვრის სიახლოვის გამო), სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად შეიქმნა ლიფტის შახტიდან წყლის ამოტუმბვის საჭიროება, რაც დაუყოვნებლივ განხორციელებული იქნა შპს „ე–ის“ მიერ. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებისათვის გამოყენებული იქნა სამი სატუმბი მოწყობილობა (იხ. ფოტო 1,2,3,4), აქედან ორი სატუმბი მოწყობილობა წარმოადგენდა საკანალიზაციო ნასოსს, რომლის წარმადობა 1წთ-ში წარმოადგენს 100-დან 1100 ლ. მასას მისი სიბლანტის მიხედვით (რაც უფრო ბლანტია ამოსაქაჩი მასა, მით ნაკლებია წარმადობა). განსახილველ შემთხვევაში, ამოსაქაჩი მასა წარმოადგენდა წყალს, ამიტომ წარმადობა უნდა ყოფილიყო მაქსიმალური ანუ 1100 - ლ. 1 წუთში, შესაბამისად 66 კვბ.მ. წყალი 1 საათში. ჩვენს მიერ ინტერნეტ სივრცეში მოძიებული იქნა ამ საქაჩი მოწყობილობის პარამეტრები (იხ. ფოტო 5,6,7,8), ხოლო მესამე საქაჩი ტუმბო შედარებით ნაკლები წარმადობის იყო 1 წთ-ში 505 ლ სითხის ამოტუმბვა, შესაბამისად 30,3 კვბ.მ. წყალი 1საათში (იხ. ფოტო 9,10,11,12). საქაჩი ტუმბოების იდენტიფიკაცია მოხდა შპს „ე–ის“ მიერ მოწოდებული წყლის საქაჩი მოწყობილობების საჭდეების (ბირკა) ფოტოების მიხედვით (იხ ფოტო 2,4). ამ საქაჩი მოწყობილობების ნახვა ვერ მოხერხდა და ვერ ჩატარდა ტესტირება მათი გაუმართაობის გამო. შპს „ე–იმ“ წარმოგვიდგინა ზემოთ აღნიშნული საქაჩი მოწყობილობების მუშაობის გრაფიკი და ხანგრძლივობა. ასევე შპს „ე–იმ“ წარმოგვიდგინა ხარჯთაღრიცხვა, სადაც 1კუბ.მ. წყლის ამოტუმბვის ღირებულება განისაზღვრა 11,40 ლარით“;
- ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში, ბიზნეს სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის ვადის გახანგრძლივების და წყალამოღვრის სამუშაოების აუნაზღაურებლობის შედეგად, შპს „ე–ისთვის“ მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზნით, შპს „ე–ის“ დაკვეთით შპს „I“-ის მიერ 2022 წლის 14 თებერვალს მომზადდა დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში, რომლის შესაბამისადაც 2017 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული #ბს-003 ქ. თბილისში, .......... ქუჩა #3-ში, ბიზნეს სახლის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულებით კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შედეგად დამკვეთის შპს „ს.მ.ბ–ოს” მიერ დადასტურებულ ამ სამუშაოების ღირებულებასა და კომპანიის მიერ ამ სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3,298,545 ლარი დღგ-ს გარეშე, რასაც უნდა დაემატოს დღგ და რის შედეგადაც ზარალის ოდენობა შეადგენს 3892283 ლარს. საიდანაც პროექტის ვადების გახანგრძლივების შედეგად მიღებულმა ზარალმა შეადგინა 2198258 ლარი დღგ-ს გარეშე, რასაც უნდა დაემატოს დღგ და რის შედეგადაც ზარალის ოდენობა შეადგენს 2593945 ლარს, ხოლო დამატებითი წყალამოღვრის სამუშაოების აუნაზღაურებლობის შედეგად 1190447 ლარი დღგ-ს გარეშე, საიდანაც ჯამურმა თვითღირებულებამ შეადგინა 1002060 ლარი, ზედნადებმა ხარჯმა შეადგინა 100,206 ლარი და ფასნამატმა შეადგინა 88,181 ლარი, რასაც უნდა დაემატოს დღგ და რის შედეგადაც ზარალის ოდენობა შეადგენს 1,404,728 ლარს“;
- დავის განხილვის პერიოდში შპს „ე–იმ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მისი მოქმედი სახელია შპს „რ.ქ.მ–ი“ (ს/ნ .........).
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი, ისევე როგორც ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოში, არის შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სარჩელისა და შპს „რ.ქ.მ–ის“ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის დადგენა. საკითხის მოცულობიდან გამომდინარე საკასაციო პალატა უპირველესად შეუდგება I კასატორი შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევას, რომლითაც მოთხოვნილია გასაჩივრებული განჩინების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილება იმდაგვარად, რომ შპს „რ.ქ.მ–ს“ დაეკისროს: 1) კომუნალური მომსახურებისა და ობიექტის დაცვის ხარჯების ანაზღაურება 324 429.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ელექტროენერგიის ხარჯია - 25 808.07 ლარი, წყლის ხარჯი - 60 029.63 ლარი, ხოლო შენობის დაცვის ხარჯი - 238 592.25 ლარი; 2) საზედამხედველო მომსახურების ღირებულების დაკისრება 1 268 843.88 ლარის ოდენობით, საიდანაც 2018 წლის აგვისტოს თვიდან 2020 წლის ივნისის თვის ჩათვლით შპს „ბ.ვ.ჯ–იასთვის“ გადახდილია მშენებლობაზე განხორციელებული საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 1 151 077.07 ლარი, ხოლო, 2018 წლის აგვისტოს თვიდან 2020 წლის აპრილის თვის ჩათვლით შპს „ს.ე–ისათვის“ გადახდილ იქნა 117 766.81 ლარი; 3) პირგასამტეხლოს დაკისრება 822 965.83 ლარის ოდენობით.
13. იმ შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევასაც I კასატორი ისახავს მიზნად, დავის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას), 401-ე (ვადის გადაცილებად არ განიხილავს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული) და 418-ე მუხლები (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოადგენს.
14. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის პირველი პრეტენზია მიემართება სააპელაციო პალატის იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, მოპასუხედ დასახელებული პირის მიერ ვალდებულების მრავალწლიანი დაგვიანებით შესრულებაში გამოირიცხა მისი ბრალეულობა. ამ მიმართებით, კასატორი ამტკიცებს, რომ 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მენარდის შეტყობინების საფუძველზე, შემკვეთმა გაითვალისწინა მის მიერ მითითებული ზოგიერთი ობიექტური გარემოებები და ხელშეკრულების შესრულების ვადა გაახანგრძლივა 60 დღით, რაც ჩაითვალა საპატიოდ, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდგომ (2018 წლის 28 აგვისტოს) მშენებლობა არ იყო დასრულებული. მხარე ამტკიცებს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების ის მსჯელობა თითქოს ოთხი წლის განმავლობაში მენარდეს მეტეოროლოგიური პრობლემები უშლიდა ხელს სამუშაოს შესრულებაში. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 19 დეკემბრის ელექტრონული მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასაწყისშივე მენარდე სერიოზულად ჩამორჩებოდა გეგმას, რაც უცილობლად იმოქმედებდა საბოლოო შესრულების ვადაზე.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288). სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ სამუშაოების ვადის დარღვევით წარმოება წარმოადგენდა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) რისკს და მისთვის ცნობილი იყო ვადის დარღვევის სამართლებრივი შედეგები, რაც პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და აღნიშნულთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არსებობდა სამუშაოების დროს წამოჭრილი მენარდისგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული გარემოებების არსებობის გამო მენარდე ითხოვდა, როგორც სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდას, ასევე სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებას. პირველი კასატორის შედავებასთან მიმართებით საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნობილ გარემოებებს, რომელთა მიმართ, შემკვეთს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია, სახელდობრ: შემსრულებელმა სამუშაოების შესრულება დაიწყო კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2017 წლის ნოემბრის თვეში, რა დროსაც გამოვლინდა გაუთვალისწინებელი გარემოებები. სახელდობრ, შპს „ე–ი“ 2017 წლის 17 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ მიმწოდებელი კომპანიის გენერალური დირექტორი შპს „ს.მ.ბ–ოს“ დირექტორს ატყობინებს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლისას გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომელიც პროექტის მნიშვნელობიდან და ადგილობრივი ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ამავე წერილში მენარდემ საძირკვლის მოსაწყობად შესთავაზა EPDM მემბრანის ნაცვლად უფრო სქელი 2მმ სისქის PVC მემბრანისა და ფუძისთვის შეფრქვევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალის MMA-ის (მეთილ მეტაკრილატის) გამოყენება, რომელიც მის მიერ აუცილებლად იქნა მიჩნეული ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. ამავე წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს, აგრეთვე, შესთავაზა მიწისქვეშა სართულებზე არსებულ კონსტრუქციებში ბეტონის დანამატად გამოყენებულ იქნას ე.წ. კრისტალიზებადი ჰიდროსაიზოლაციო დანამატი; საძირკვლის ფილის მოწყობისას წარმოქმნილ ე.წ. ცივ ნაკერებში დამონტაჟდეს სპეციალური ცივი ნაკერის ლენტი და ბეტონის შემაკავშირებელი გრუნტი. აღნიშნული გადაწყვეტის გამოყენება აგრეთვე საჭიროა საძირკვლის ფილის და კედლის შეერთების ადგილზე და საძირკვლის კედლების გადაბმის ვერტიკალურ ცივ ნაკერებში. საძირკვლის კედლებში არსებული სადეფორმაციო ნაკერებისთვის შეირჩეს ორ კომპონენტიანი პოლისულფიდის ფუძეზე დაფუძნებული გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ნაკერის ჰერმეტულობას (ტ. IV, ს.ფ. 16-18). ნიშანდობლივია, რომ შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2017 წლის 13 დეკემბრის N522 წერილით შემსყიდველი დაეთანხმა მიმწოდებლის 2017 წლის 17 ნოემბრის წერილით შეთავაზებულ წინადადებას და მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადასტურებულ განფასება კონტრაქტის ცვლილების განსახორციელებლად. ამავე წერილს ერთოდა არქიტექტურული კომპანია შპს „დ–ის“ 2017 წლის 7 დეკემბრის წერილი, რომლითაც იგი ადასტურებდა შპს „ე–ის“ მიერ შეთავაზებული მასალის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის ხარისხის ფუნქციურ გაუმჯობესებას (ტ. IV, ს.ფ. 19-21). 2017 წლის 13 დეკემბრის N522 წერილის საპასუხოდ, მიმწოდებელმა შემსყიდველს შეატყობინა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში კვლავ გამოიკვეთა გარკვეული სამუშაოების დამატების აუცილებლობა, რომლის წინასწარ შეთანხმებაც განხორციელდა საზედამხედველო და საპროექტო ორგანიზაციასთან. წერილში ჩამოთვლილია დეტალური სამუშაოები თავისი განფასებით და მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, დამატებული სამუშაოების ღირებულება ნორმატიული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 2 104 249,15 ლარს, ხოლო ცვლილებების შედეგად დაკლებული სამუშაოები ნორმატიული დანარიცხების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1 624 033,21 ლარს. წერილის თანახმად, გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ღირებულების ათვისების ხარჯზე უცვლელი რჩებოდა ახალი საკონტრაქტო ღირებულება და შეადგენდა 10 086 659,00 ლარს. ამავე წერილით შემსყიდველს წარედგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ცვლილებათა აქტი, შედარების უწყისი, კორექტირებული ჰიდროსაიზოლაციო პროექტი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტ. IV, ს.ფ. 22-24). საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ე–ის“ 2017 წლის 27 დეკემბრის წერილი, სადაც მენარდე შემკვეთს კვლავ ატყობინებდა, რომ საძირკვლის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების წარმოება განსაზღვრულია საძირკვლის მოსამზადებელი ფენის მოწყობის შემდგომ, საძირკვლის ფილის ქვეშ. შესაბამისად, აღნიშნულ სამუშაოზეა დამოკიდებული მომდევნო სამუშაოების წარმოება. გამომდინარე იქიდან, რომ საძირკვლის საიზოლაციო მემბრანები სამშენებლო სფეროში არ წარმოადგენდა პირველადი მოხმარების მასალას, მისი პროექტისთვის საჭირო რაოდენობით მოძიება ადგილობრივ ბაზარზე შეუძლებელი იყო და საჭიროებდა შეკვეთას/იმპორტს. მენარდე ასევე ატყობინებდა შემკვეთს, რომ მიმწოდებლის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე განხორციელდა შესაბამისი შეკვეთის მიცემა, თუმცა, მის დამზადებას და ტრანსპორტირებას დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სჭირდებოდა გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე, ჰიდროსაიზოლაციო მასალის მოწოდება განხორციელდებოდა 2018 წლის 5 იანვარს. გარდა მოხმობილი შეფერხებებისა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში აგრეთვე აღმოჩნდა ისეთი გაუთვალისწინებელი პირობები, რომელმაც გავლენა მოახდინა სამუშაოთა მიმდინარეობაზე. კერძოდ, საზედამხედველო ორგანიზაციის რეკომენდაციით დამატებით მოხდა პოლიეთილენის მემბრანის მოწყობის სამუშაოების წარმოება; განხორციელდა არსებული ხრეშოვანი ზედაპირის მოსწორება; ლიფტის შახტებში აღმოჩნდა გრუნტის წყლები, რომლის გადაწყვეტას დასჭირდა ასევე გარკვეული დრო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველს ეთხოვა გაეთვალისწინებინა ის ობიექტური გარემოებები, რომლებმაც შეაფერხეს სამუშაოების წარმოება კალენდარულ გრაფიკთან მიმართებაში და მიეჩნიათ საპატიოდ (ტ. IV, ს.ფ. 144-145). გარდა მოხმობილი წერილობითი დოკუმენტაციისა, მენარდის ბრალეულობის საკითხის დადგენისას სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო 2018 წლის 4 ივნისის წერილს, რომლითაც შპს „ე–ი“ შპს „ს.მ.ბ–ოს“ კვლავ განუმარტავდა სახელშეკრულებო ვადების დარღვევის მიზეზებს და აცხადებდა, რომ დამკვეთის მიერ შეთავაზებული ჰიდროიზოლაცია განკუთვნილი იყო გადახურვებისთვის და არა საძირკვლებისთვის, მიუხედავად თვალსაჩინო უზუსტობისა ამ საკითხის შემკვეთთან შეთანხმებას დიდი დრო დასჭირდა და კონსენსუსი მხოლოდ 2018 წლის 8 იანვარს მიიღწა. გარდა ამისა, მენარდე მიუთითებდა საპროექტო სამუშაოების ჩამორჩენის გამო სამუშაოების ზამთრის პერიოდში დაწყების შესახებ, რომელსაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამავე წერილით მენარდე დამატებით განმარტავდა, რომ შახტების ექსკავაციისას დაფიქსირდა ფილის ნიშნულს ქვეშ არსებული მიწისქვეშა წყლების მძლავრი შემოდინება. აღნიშნული გარემოებიდან გამოსავლის ძიებას და გადაწყვეტას დასჭირდა გარკვეული პერიოდი (10 დღე) და ქმნიდა დამატებით ხელის შემშლელ გარემოებას სამუშაოების ეფექტურად წარმართვისათვის. მენარდე მითითებული მიზეზების გარდა შემკვეთს ატყობინებდა სხვადასხვა მიზეზებს, რომლებმაც სამუშაოების შესრულება დააგვიანეს, რაც ეხებოდა საზედამხედველო კომპანიის მიერ პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების მოთხოვნას, შეთანხმებული მასალის დაწუნების გამო ერთი და იგივე სამუშაოების განმეორებით შესრულებას, გეოდეზიური ანაზომების კომპანიის მიერ სინქრონულად განხორციელების შეფერხებას, ზედამხედველის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტების მოყვანის დავალდებულება, რა პერიოდშიც შემსრულებელს სამუშაოების გაგრძელების უფლება არ ეძლეოდა (ტ. IV, ს.ფ. 152-155). 2018 წლის 13 და 27 ივნისის წერილებით შპს „ე–ი“ დამატებით უმარტავდა შემსყიდველს სამუშაოების წარმოების პერიოდში გამოკვეთილ შემაფერხებელ ფაქტორების შესახებ (ტ. IV, ს.ფ. 146-151), შემდგომ პერიოდშიც მხარეთა შორის განხორციელდა არაერთი მიმოწერა სამუშაოს შესრულების ვადების გადაწევასა და პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით (ტ. IV, ს.ფ. 152-196). მითითებული მიზეზების გარდა შემსყიდველს დაუყოვნებლივ ეცნობა ლიფტის შახტების საძირკველში წყლის არსებობის შესახებ, რაც ასევე საჭიროებდა დაუყოვნებლის წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ჩატარებას (ტ. IV, ს.ფ. 233-241, 268-280).
17. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ამგვარი ვრცელი შემაფერხებელი გარემოებების მითითების გარდა, რომელიც ასევე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნებით, საზედამხედველო კომპანიების დასკვნებით და რაც მთავარია, თავად მენარდის მიერ, სამუშაოს მიმდინარეობისას, სისტემატურად, მოვლენების კვალდაკვალ, შემკვეთისთვის შემაფერხებელი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, შემკვეთს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას აფიქრებინებდა, რომ სამუშაოების შესრულება დათქმულ დროში მენარდის ბრალით ვერ დასრულდა. კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეფასებით და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია 7 თვეში დასამთავრებელი პროექტი დასრულებულიყო 4 წელში და სასამართლოს ამგვარ ვადაგადაცილებაში მენარდის ბრალი არ დაენახა. ამ შედავებას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან მხარეთა მიერ შეთანხმებული Nბს-003 ხელშეკრულების 12.1.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიმწოდებელი წააწყდება ისეთ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, მან დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება შემსყიდველს და ხელშეკრულების ზოგადი პირობების 8.2. და 8.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხელშეკრულების ზოგადი პირობების 8.2. და 8.3. პუნქტებით განსაზღვრული პირები იღებენ არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას, ჩაითვლება თუ არა წარმოდგენილი გარემოებები ობიექტურად და აცნობებს ამის შესახებ შემსყიდველს. ნათელია, რომ მენარდემ სამუშაოები ბრალეული დაყოვნების გარეშე, 2017 წლის ნოემბერშივე დაიწყო, და ამ სამუშაოების დაწყებიდან 10 დღეში შემკვეთს უკვე ატყობინებდა რიგი შეუსაბამობების თაობაზე, რაც საკასაციო პალატას უქმნის მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ შეთანხმებული სამუშაოების პროექტი იყო ნაკლიანი, ამ დაშვების პირობებში კი, ნაკლოვანების ხარისხი, მის გამოსასწორებლად საჭირო ოპტიმალური დროის მონაკვეთისა და ამ დროის ბრალეულად გახანგრძლივების ფაქტი, სწორედ შემკვეთის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენდა, რაც მან ვერ განახორციელა. შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ სამუშაოების დადგენილ ვადაში დაუსრულებლობა განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დაბრკოლებებით, რამაც სამუშაოს შესრულებაში შეუშალა ხელი და არა მენარდის ბრალეული ქმედებით ან უმოქმედობით. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაში მენარდეს ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც ამ უკანასკნელის მხრიდან შესრულების ვადა მიჩნეულ უნდა იქნას დაცულად, რაც ავტომატურად გამორიცხავს თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის საფუძველზე მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
18. პირველი კასატორის მეორე პრეტენზია მიემართება შესრულებული სამუშაოების არაჯეროვნებას. ამ მიმართებით კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ხარვეზები, როგორც რკინის ფერმების ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავების არარსებობა და 38 რკინის ფერმიდან 5 ფერმის არასწორი მონტაჟი, ფუნდამენტურად ამცირებდა შესრულების ხარისხს და წარმოადგენდა უხეშ დარღვევას. სასამართლოს არგუმენტი, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვრა 3 თვეში მოხდა, არ ანაცვლებს არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, რადგან ეს გამოსწორება მოხდა ვადის დარღვევის შემდეგ. შესაბამისად უსაფუძვლოა ის მსჯელობაც, რომ არაჯეროვანი შესრულების არ არსებობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც არ არსებობდა. I კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოში მოქმედი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ხარვეზიანი შესრულება, თუნდაც შემდგომში გამოსწორებული, ვერ ჩაითვლება ჯეროვან შესრულებად, თუ ვადა დარღვეულია (ას-1164-2023), გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი შედეგი კი, ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას.
19. საკასაციო პალატა ვერც ამ შედავებას მიიჩნევს დასაბუთებულად და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას. სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი. ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნის რეალიზაციის მიზნით დებენ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; თბილისი, 2016წ; გვ. 343). ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია. მოცემულ საქმეზე სავსებით სწორად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობისა და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხილეთ: სუსგ-ებები: N ას-1115-2019; N ას-959-2019; Nას-796-2019; N ას-589-2019; N ას-203-203-2018; N ას-1975-2018, 26.06.2020წ; N ას1522-2019, 12.02.2021წ; N ას-1324-2019, 12.03.2021წ;).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებდა შპს „ბ.ვ.ჯ–ია“, რომელმაც თავის 2020 წლის 27 აპრილის შემაჯამებელ ანგარიშში ლითონის ფერმების სამუშაოები შეაფასა უარყოფითად (ტ. II, ს.ფ. 169-193). საზედამხედველო კომპანია ფერმების ნაწილში მითითებას აკეთებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის ივნისის თვეში გაცემულ საექსპერტო დასკვნაზე და აღნიშნავდა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ამ მხრივ გაცემული იყო უარყოფითი დასკვნა. სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული მასალების ხარისხისა და შესრულებული სამუშაოს მოცულობის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა საჭიროებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნას. ამასთან, სადავო საკითხის მიმართ საყურადღებოა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნებიც. კერძოდ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივნისის N003244920 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... ქ. N3-ში, ბიზნეს სახლის სამშენებლო სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილი გაერთიანებული ფორმა 2-ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება, კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ნორმატიული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 1979063,08 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილი გაერთიანებული ფორმა 2-ით მოცემული 3513840.04 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 1534776,96 ლარს. 2020 წლის 16 ივნისის N007215019 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად კი, ქ.თბილისში, .......... ქ. N3ა-ში „ბიზნეს სახლის" მიმდინარე მშენებლობაზე წამწის კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოებისას არასწორად მოწყობილი საყრდენი კვანძის გამოსწორების ტექნიკური გადაწყვეტა არასაიმედოა; წამწის საყრდენი კვანძები და კვანძების გამაგრება განსხვავებული ტიპის დარღვევებით არის შესრულებული. ამდენად, მართალია, 2020 წლის ივნისის თვეში სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ შპს „რ.ქ.მ–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს აფასებდა უარყოფითად, თუმცა, საყურადღებოა, რომ იგივე ექსპერტიზის ბიურომ მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე 2020 წლის 19 ოქტომბერს გასცა დადებით დასკვნა.
21. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ შემსყიდველს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ივნისის თვეში დასკვნების მომზადების შემდეგ თავდაპირველი სარჩელით მოპასუხის შესრულებული სამუშაოების მიღებაზე უარი არ უთქვამს. ასევე, დადგენილია, რომ მითითებული ნაკლი მენარდის მიერ 3 თვეში გამოსწორდა, რამდენადაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებითი დასკვნა გაცემულია 2020 წლის 19 ოქტომბერს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა მეტად რთული, კომპლექსური და განსხვავებულია, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ივნისის თვის დასკვნები ეხება არა მთლიან სამუშაოს, არამედ შესრულებული სამუშაოს ძალიან მიზერულ კომპონენტებს და მათი გამოსწორება მენარდემ უჩვეულოდ მცირე დროში უზრუნველყო, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ მენარდის მხრიდან ადგილი ჰქონდა იმდენად არარსებით არაჯეროვან შესრულებას, რომ სამოქალაქო სამართალში ნაგულვები კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, იგი მენარდისთვის დამატებითი სანქციებისა თუ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ასევე დაუსაბუთებელია პირველი კასატორის მიერ მითითებული სასამართლო პრაქტიკაც, ვინაიდან საქმეზე №ას-1164-2023 მენარდემ პროექტის კორექტირების აუცილებლობის შესახებ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მიმართა, მაშინ როდესაც განსახილველ შემთხვევაში პროექტის ნაკლის შესახებ შემსყიდველს სამუშაოების დაწყებისთანავე ეცნობა და მან დამატებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე თანხმობაც განაცხადა.
22. საკასაციო პალატის აზრით, სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა კომუნალური გადასახადისა და საექსპერტო ორგანიზაციებისთვის გადახდილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივარში ასახულია შესაბამისი შედავება, იგი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას და მეტად ფორმალური ხასიათისაა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს და სასამართლოს არ უტოვებს მტკიცებულებები გამყარებულ შინაგან რწმენას მისი უსწორობის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, მთლიანი ხელშეკრულების ღირებულება სამუშაოს სრულფასოვანი მიწოდებისთვის დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრა 10 086 659 ლარით. ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების დანართების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, დგინდება, რომ 2017 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულ მთლიან ღირებულებაში (10 086 659 ლარი) არ მოიაზრება კომუნალური გადასახადები და ობიექტის დაცვის ღირებულების ხარჯები. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის პოზიციას, რომ აღნიშნული ხარჯები წარმოადგენს „სამუშაოს სრულფასოვანი მიწოდებისთვის დაკავშირებულ ხარჯს“, რამდენადაც ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის 2.3.2 პუნქტში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან და რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული სახარჯთაღრიცხვო ჩამონათვალში. ამასთან, ტექნიკური დავალების N2.5 დანართის 3.3.1, 8.1 და 10.9.2 პუნქტების დისპოზიციის გათვალისწინებით, მიმწოდებელმა აიღო შესაბამისი კომუნიკაციების, მათ შორის, წყლისა და ელექტროენერგიის გაყვანის, აგრეთვე, ობიექტის დაცვის და არა შესაბამისი მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება ამ სახელშეკრულებო დათქმის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, საქმის მასალებში არ არსებობს. ამასთან, „ობიექტის დაცვის ვალდებულება“ არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მიმწოდებელს ეკისრებოდა მესამე პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების დადების ვალდებულება. ამგვარად, შპს „რ.ქ.მ–ი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება მესამე პირების წინაშე შემსყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მით უფრო იმ პირობებში, როდესაც როგორც გასაჩივრებული განჩინებით, ასევე წინამდებარე განჩინებითაც მენარდის ბრალეულობა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევასა და ჯეროვან შესრულებაში არ დადგინდა. შესაბამისად, საკასაციო პალატაც იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ შპს „რ.ქ.მ–ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენდა კომუნალური მომსახურებისა და ობიექტის დაცვის ხარჯების ანაზღაურება, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც, მართებულად არ დაკმაყოფილდა.
23. პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი ასევე, შეიცავს შედავებას გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. ამ მხრივ, პირველი კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთი, რომლის თანახმად: გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით. მისივე მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სამუშაოს შესრულება და მისი ხარისხი უნდა დადასტურებულიყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რის გარეშეც სამუშაოები შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა. სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადასტურდა ქვაბულიდან ამოღვრილი წყლის ოდენობა, რაც შეადგენდა 39,4 მ3 - ღირებულებით 445,17 ლარი, შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველიც მხოლოდ 445,17 ლარის ნაწილში არსებობდა. შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ნარდობის სამართალურთიერთობაში გადახარჯვის ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი აქტებით და არა მხოლოდ ცალმხრივი, მოპასუხის მიერ შედგენილი Excel-ის ფაილებით. ამ მიმართებით კასატორი დასძენს, რომ სასამართლომ ქვაბულიდან ამოტუმბული წყლის რაოდენობა და შესაბამისად ღირებულება დაადგინა არარელევანტური მტკიცებულების საფუძველზე. წყალამოღების სამუშაოების ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ შემსრულებელმა მიმართა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საექსპერტო ორგანიზაციას, არამედ შპს „ვ–ს“ რომელსაც წარუდგინა მის მიერ შედგენილი Excel-ის დოკუმენტი და რომელმაც თეორიულად, კონკრეტული ადგილმდებარეობის შესწავლის გარეშე დაასკვნა, რომ მენარდე, იმ ტუმბოების მეშვეობით რომლითაც მუშაობდა მითითებული წყლის ამოტუმბვას მოახერხებდა ერთი თვის განმავლობაში. მითითებულ დასკვნას კასატორი აბსურდულად მიიჩნევს, რადგან ტუმბოების მონაცემებიც კი თეორიულად დადგინდა ე.წ. ბირკების ინტერნეტში მოძიების გზით, რაც მოხმობილ მტკიცებულებას არაგანკუთვნადს ხდიდა. კასატორი აცხადებს, რომ მართალია ეს დასკვნა სასამართლომ არავალიდურად მიიჩნია, თუმცა დაეყრდნო და გაიზიარა ის დოკუმენტაცია, რომელსაც ეს დასკვნა ემყარებოდა, რითიც სამართლებრივად იდენტური შედეგი დადგა. კასატორი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა გაურკვეველი მტკიცებულებების კვლევის შედეგად დაადგინეს და გაიზიარეს, რომ მოპასუხე წყლის ამოტუმბვას ახორციელებდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ასეთი გარემოება არ დასტურდებოდა არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, არც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და არც ზედამხედველის მიერ შედგენილი აქტებით. გარდა შინაარსობრივი უზუსტობებისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მხარისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა მათთვის კონკრეტულად 1,404,728 ლარის დაკისრება, ერთი მხრივ ეს თანხა არ ყოფილა შეგებებული მოსარჩელის მიერ დასახელებული, მეორე მხრივ კი ამგვარი სოლიდური თანხის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს, რომელიც მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს.
24. ვინაიდან პირველი კასატორის მესამე არგუმენტი ფაქტობრივად შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის მიმართ წაყენებული პრეტენზიაა, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი სრულად ეძღვნება შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არამართლზომიერებას, განჩინების ამ ნაწილში საკასაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა მიეძღვნება, ორივე საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შესწავლას მათი დასაშვებად ცნობის მიზნებისთვის. საკასაციო პალატა დასაბამშივე აღნიშნავს, რომ არ იზიარებს პირველი კასატორის იმ შედავებას, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის სამართლებრივი ძალაა სადავოდ გამხდარი ვინაიდან იგი არ გამხდარა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, მისი სამართლებრივი ძალის მიმართ წარმოდგენილი ვრცელი დასაბუთება უადგილო და არარელევანტურია. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შინაარსობრივ მხარეს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთს: საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას-1027-2020, 27.11.2020წ; Nას-634-2021, 4.11.2021წ; Nას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; Nას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.
25. შეგებებული სარჩელით მხარე ითხოვდა ამოტუმბული წყლის ღირებულების დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურებას. მის მიერ ხელშეკრულებით გაფორმებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, საყურადღებოა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალები, რომლებიც საქმეში წარმოდგენილია CD დისკის სახით (ტ. III, ს.ფ. 1141 ) და ამავე ფორმით წარმოდგენილი რეპორტები (ტ. IV, ს.ფ. 231). აღნიშნული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ მიმწოდებლის მიერ წყლის ამოღვრის სამუშაოები მიმდინარეობდა 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვეებში კერძოდ კი, 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით. როგორც დისკზე ჩაწერილი მასალებიდან დგინდება, ძლიერი წყლის შემოდინების გამო, ქვაბულში შემოდინებული წყლის ამოტუმბვის მიზნით, ობიექტზე მუშაობდა 3 ტუმბო: ორი ტუმბო (წარმადობით 66 მ 3 /სთ) მუშაობდა 24 საათის განმავლობაში, ხოლო მესამე ტუმბო (წარმადობით 30 მ 3 /სთ) ირთვებოდა დამატებით მუშა პროცესის დროს. ტუმბოებმა საერთო ჯამში იმუშავეს 1440 საათი, ხოლო ამ პერიოდში ამოიტუმბა 95040მ3 წყალი. წარმოდგენილი რეპორტებით დასტურდება, რომ მიმწოდებელი შემსყიდველს აწვდიდა ყოველდღიურ ანგარიშს წყალამოღვრის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მოხმობილი დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, კვალიფიციური შეგებებული სარჩელითა და მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ მოწვეული ექსპერტების განმარტებების საფუძველზე, დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიღმა, შეასრულა წყლის ამოღვრის სამუშაოები. იმ შემთხვევაში კი, თუ დამკვეთი შესრულებული სამუშაოების მოცულობას სადავოდ ხდიდა, კანონი სწორედ მას აკისრებდა შეგებებული სარჩელის საფუძვლების კვალიფიციური შედავებით გაქარწყლების ვალდებულებას, რაც მას არ განუხორციელებია. შესრულებული სამუშაოების მოცულობის გასაქარწყლებლად, მხოლოდ შეგებებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების კრიტიკა და ზეპირი ახსნა-განმარტება არასაკმარისია, მათ შორის არავალიდურია წყალსაქაჩი დანადგარების ე.წ. ბირკებით შეფასების კრიტიკაც, ვინაიდან CD დისკების, რეპორტებისა და შემკვეთისთვის მიწოდებული სისტემური ინფორმაციის ერთობლიობა, საშუალებას იძლეოდა ამოღვრილი წყლის მოცულობა იდენტური ტუმბოების მუშაობის მასშტაბით გამოთვლილიყო. რაც შეეხება ამოტუმბული წყლის ღირებულებას, პირველი კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ იგი დადგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს“ 2017 წლის 20 დეკემბრის N007418917 დასკვნის თანახმად, ქვაბულიდან წყალამოღვრის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 11.4 ლარით ერთ კუბურ მეტრზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დადგინდა, რომ ამოტუმბული წყლის ღირებულებამ შეადგინა 1 083 456 ლარი (11.4*95040). ამრიგად, პირველი კასატორის შედავება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მართლზომიერად იქნა მიჩნეული, არაკვალიფიციურია და საკასაციო საჩივარს ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელს ხდის. პალატა ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის იმ შედავებასაც, რომელიც შეეხება გასაჩივრებული განჩნებით სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის უგულებელყოფას. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოხმობილი მუხლი მიემართება ნარდობის სამართართალურთიერთობაში მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს, მაშინ როდესაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიემართებოდა არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების საკითხს, არამედ ნაკლიანი პროექტის გამო, დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულების ანაზღაურებას, რომლის თაობაზეც შემკვეთს სამუშაოების საჭიროების წარმოქმნისთანავე მიეწოდა ინფორმაცია და თანხმობაც განაცხადა ამგვარი სამუშაოების მენარდის მიერ შესრულებაზე.
26. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლებსაც, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა მოთხოვნილი. შეგებებული სარჩელის მოსარჩელე შპს „I“-ის ანგარიშზე მითითებით, ზიანის სახით ითხოვდა 2 915 217 ლარის დაკისრებას. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის (იხ., სუსგ №ას-52-47-2015, 27 მარტი, 2015წ.). შეგებებული სარჩელის საფუძვლები და კომპანია შპს „I“-ის ანგარიში არ ქმნის არათუ დასაბუთებულ ვარაუდს, არამედ არც კი უთითებს იმ გარემოებებზე, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება განცდილი ზიანი. ანგარიშის თანახმად, შემფასებელი ზიანის ოდენობას ითვლის შემსყიდველის მიერ დადასტურებულ, მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოების ღირებულებასა და მენარდის მიერ ამ სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით, რაც მოიცავს პროექტის ვადების გახანგრძლივების შედეგად მიყენებულ ზარალსა და წყალამოღვრის სამუშაოების აუნაზღაურებლობით განცდილ ზიანს. შემფასებლის მიერ დათვლილ ზიანში დაანგარიშდა დამატებითი ღირებულების გადასახადი, ზედნადებებისა და ფასნამატის ხარჯებიც. თუმცა სრულიად გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების ის მოტივაცია, რომ არც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ხსენებული ანგარიშით და არც ამ ანგარიშის შემდგენი შემფასებლის განმარტებით არ დადასტურდა, თუ კონკრეტულად რა ზიანი განიცადა, რა დამატებითი ხარჯი გასწია მოსარჩელემ პროექტის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისა და წყალამოღვრის სამუშაოების აუნაზღაურებლობით. შესაბამისად, მოთხოვნა 2 915 217 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც მეორე საკასაციო საჩივარსაც არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, I კასატორ – შპს „ა.მ. და გ.კ–იას“, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 8000 ლარი, რის გამოც უკან უნდა დაუბრუნდეს 5600 ლარი. II კასატორს - შპს „რ.ქ.მ–ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის (8 000) გადახდის ვალდებულება რის გამოც, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2400 ლარის გადახდის ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „რ.ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 13/08/2025წ. №1755068500 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; შპს „რ.ქ.მ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის („სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 30 % - 2400 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი