საქმე №ას-1565-2023 31 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სუბროგაციის წესით თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად წარმოშობილი ზიანის - 16 597,98 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2021 წლის 20 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ გამავალ საავტომობილო გზაზე მოპასუხე მოძრაობდა მისი კუთვნილი ავტომანქანით, სარეგისტრაციო ნომრით UU907TT, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მიმავალ „პორშეს“ მარკის ავტომობილს სარეგისტრაციო ნომრით ........., რომელიც მოსარჩელე კომპანიაში იყო დაზღვეული.
2.2. საპატრულო პოლიციის 2021 წლის 20 ნოემბრის Nბბ00120209 საჯარიმო ქვითრის თანახმად, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მოპასუხე.
2.3. დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანა ზიანის ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრისთვის წარდგენილ იქნა შპს „თ.პ.ვ–ში“, „დეფექტური აქტის“ თანახმად, დაზღვეული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება შეადგენდა 16 597.98 ლარს.
2.4. სადაზღვევო კომპანიამ დაზღვეულ პირს აუნაზღაურა ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის აზრით, სარჩელით არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ავტოსაგზაო შემთხვევასა და დამდგარ ზიანის შორის. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ მისი ბრალეული ქმედების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობდა დასაშვები, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, მის წინ მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, უეცრად დაამუხრუჭა, რის გამოც შეჯახება გარდაუვალი აღმოჩნდა. მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს მის ბრალეულობას.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ზიანის ოდენობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შეჯახების შედეგად ავტომანქანამ მიიღო კონკრეტული დაზიანებები.
3.4. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე აპელირებს მასზედ, რომ დაზღვეული ავტომანქანის ზიანის ოდენობამ შეადგინა 16 597.98 ლარი, რითაც ცდილობს დაამახინჯოს საქმის მოცემულობა. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ყოველი შეჯახება არ ნიშნავს ნივთის დაზიანებას. მოპასუხის განმარტებით, სადავო შემთხვევაში შეჯახება იმდენად მცირე და უმნიშვნელო იყო, რომ ავტომანქანებს არაფერი დაზიანებიათ. მოსარჩელეს ფოტომასალაც კი არ აქვს წარმოდგენილი იმისათვის, რომ ვიზუალური აღქმა მაინც მომხდარიყო ვითომ დაზიანებული ავტომანქანის. ის ფაქტი, რომ დაზღვეულ ავტომანქანას შეუცვალეს დეტალები ცალსახად არ ნიშნავს და არ ადასტურებს მოპასუხის შეჯახების შედეგად მის დაზიანებას. ეს სადაზღვევო კომპანიას და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა და სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, შესაძლებელია, ხელშეკრულების დებულება სადაზღვევო კომპანიას ავალდებულებდეს კიდეც ყოველთვიურად ან კვარტალურად ნაწილების შეცვლას.
3.5. მოპასუხე ასევე, მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილ 24.11.2021წ. დოკუმენტზე - „შეკვეთა მომსახურებაზე“, რომელშიც მითითებულია, რომ დამკვეთი იყო ს.ვ–ი, ანუ პირი და არა სადაზღვევო კომპანია, რომელსაც უნდა გამოევლინა შეჯახების შედეგად დაზიანებული ნივთები და შემდგომ ეზრუნა მის აღდგენაზე. დამკვეთი საკუთარი სურვილით, ივარაუდება, რომ სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში უკვეთავს კონკრეტულ სამუშაოებს და სათადარიგო ნაწილებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ანაზღაურება განხორციელდა სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად და არა შეჯახების შედეგად დაზიანებული და იდენტიფიცირებული ნაწილების შეცვლის გარდაუვალობის გამო. ერთ-ერთი სამუშაოა პროგრამირება, რაც ცალსახად მიუთითებს ზემოაღნიშნულზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე, განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებულად დაძლევა, კერძოდ, მოსარჩელემ სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენით, ვერ დაადასტურა, რომ 2021 წლის 20 ნოემბერს მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ს.ვ–ის კუთვნილ და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ში“ დაზღვეულ ავტომობილს: მარკა, მოდელი - Porsche CAYENNE S COUPE, საიდენტიფიკაციო ნომერი ........, დაუზიანდა შპს „თ.პ.ვ–ის“ მიერ 24.11.2021წ. გაცემულ ინვოისში აღნიშნული ნაწილები. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ დაზიანებების არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო თუ არა გ.მ–ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად.
5.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხების ოდენობა არამართლზომიერად მაღალი იყო და არც დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი შეესაბამებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განცდილ ზიანს.
5.4. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზღვევისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მის მიერ გამოთვლილი ოდენობით თანხის ანაზღაურების ფაქტის არსებობისა, დადგენილია და სადავო არ არის, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის შესწავლის აქტი, მათ შორის ფოტო-სურათები, არ იყო წარმოდგენილი სასამართლოში, ამასთან, მოპასუხე მიუთითებდა შპს „თ.პ.ვ–ის“ მიერ 24.11.2021წ. გაცემულ ინვოისში, დაუზიანებელი ნაწილების შეყვანის თაობაზე.
5.5. ზემოაღნიშნულის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხე პირი მიიჩნია ბრალეულ პირად განმარტა, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგანაც სადავო ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის არ იკვეთებოდა პირდაპირი და უშუალო კავშირი. სახელდობრ, პალატის აზრით, განსახილველ საქმეში მიყენებული დაზიანებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი იყო სადაზღვევო პოლისი, მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის განმარტება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, შპს „თ.პ.ვ–ის“ ინვოისი (შეკვეთა მომსახურებაზე) და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მტკიცებულება. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სპეციალისტი, რომელმაც ვერ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების სახეობა და ხარისხი. დაზიანებების დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულებაა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი. ინვოისში არ არის ასახული რაიმე სახის კვლევა, რომ ჩამოთვლილი დაზიანებები სწორედ სარჩელში აღწერილი ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, შედეგად და მოპასუხის ბრალითაა გამოწვეული. ასევე, პალატამ მიუთითა, რომ ავტოავარიის შედეგად ავტომანქანისთვის მიყენებული კონკრეტული დაზიანებების ზუსტად დასადგენად საქმეში არ იყო წარმოდგენილი ნახაზი, რომელიც ასახავდა ავტომანქანების შეჯახების კუთხეს, რაც შესაძლებელს გახდიდა ალბათობის მაღალი ხარისხით მაინც დადგენილიყო თუ რა ნაწილში მოხდა შეჯახება, როგორი იყო ავარიის ადგილის სქემა ან/და ავარიის შედეგად რა სავარაუდო ნაწილი შეიძლება დაზიანებოდა ავტომობილს. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთის ნაკლის გამო შეუძლებელი იყო.
5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლების დარღვევით, რადგან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი დადგენილია საქმის მასალებში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმით. მხარე უთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ სასამართლო სხდომაზე გამოკითხული სპეციალისტის ჩვენება, რომელმაც ისაუბრა დაზიანებული მანქანის მწარმოებლის მიერ დადგენილ იმ სტანდარტზე, რომლითაც ხდება დაზიანებების ხარისხის განსაზღვრა, შეფასება და აღდგენა - შეკეთების შესაძლებლობა. ასევე, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ შეჯახებისა და ზიანის მიყენების ფაქტი იყო უდავო გარემოება.
6.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის შეუცილებადი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე სანქცირებული იყო სწორედ იმ კანონის ნორმით, რომელიც ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვისი ქონების დაზიანებას.
6.3. კასატორის შეფასებით, მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია და მხოლოდ შესაბამისი შედავება წარადგინა. სასამართლომ არასწორად განმარტა შეჯიბრებითობის პრინციპი და მოსარჩელეს დააკისრა უსამართლოდ დიდი ტვირთი.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- ავტომობილი: მარკა, მოდელი - Porsche CAYENNE S COUPE, საიდენტიფიკაციო ნომერი .........., სარეგისტრაციო ნომერი 00278V0, დაზღვეულია დამზღვევის - ს.ვ–ის მიერ, მოსარგებლედ განისაზღვრა სს „თ.ბ–ი“, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 86 000 ევროთი, ანაზღაურების ლიმიტი 30 000 ევროთი. ავტომობილის ძარის დაზღვევის პირობები: ავტოკლასიკი სრული დაფარვით, ვიპ პაკეტი; ასევე დაზღვეულია მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობა და მძღოლი და მგზავრები უბედური შემთხვევისგან - ერთ პირზე ანაზღაურების ლიმიტით 6 000 ევრო; უფლებამოსილ მძღოლებად განსაზღვრულია: ს.ვ–ი და ნ.მ–ძე, სადაზღვევო პირობები ვრცელდება: საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 2 846.49 ევროთი (ტომი 1; ს.ფ. 20).
- 2021 წლის 20 ნოემბერს 14:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... გამავალ ს/გზაზე მოძრაობისას პირმა ვერ უზრუნველყო ა/მანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ ა/მანქანას. აღნიშნულის გამო, გ.მ–ი, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ნომრით UU907TT, დაჯარიმდა 250 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო (ტომი 1; ს.ფ. 18);
- გ.მ–ის განმარტებით, 2021 წლის 20 ნოემბერს 14:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა ავტობანიდან საგურამოს მიმართულებით, კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, ნომრით ........, დაახლოებით 40 კმ.სთ სიჩქარით. მის წინ მიმავალმა „პორშეს“ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ს.ვ–ი, ნომრით ........., ორ მეტრზე მიახლოებისას დაამუხრუჭა მკვეთრად, რა დროსაც გ.მ–მაც, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მკვეთრად დაამუხრუჭა, მაგრამ მანძილის სიმცირის გამო, ვერ მოახერხა ავტომანქანის გაჩერება და შეეჯახა აღნიშნულ ავტომანქანას წინა მხრით უკანა ნაწილზე. მას, სხეულის რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია (ტომი 1; ს.ფ. 18-19);
- Porsche-ს საფირმო ნიშნით მოქმედი საწარმოს, ს.კ........ - შპს „თ.პ.ვ–ის“ მიერ 24.11.2021წ. გაცემული ინვოისით დგინდება, რომ დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები: უკანა ბამპერის მ/დ დ/ა-ს ფასი განისაზღვრა 380 ლარით, სათუნუქე სამუშაოს – 500 ლარით, სამაგრების შეცვლის სამუშაოს – 210 ლარით, პროგრამირების სამუშაოს – 100 ლარით, უკანა ბამპერის შეღებვის სამუშაოს – 400 ლარით, პოლირების სამუშაოს – 45 ლარით; დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების ფასები: უკანა ბამპერის, განისაზღვრა 3 770 ლარით, ხმის მაყუჩის ხუფის მჯ – 100 ლარით; ბამპერის შუა ნაწილის – 2 345 ლარით; უკანა სპოილერის კანტის – 805 ლარით; უკანა ბამპერის სპოილერის ქვედა – 1 635 ლარით; ხმის მაყუჩის კანტის მჯ – 270 ლარით; სარჭის (6 ც.) – 48 ლარით; ხმის მაყუჩის ელექტრო ძრავის – 810 ლარით; უკანა ბამპერის შუა „სალაზკის“ – 320 ლარით; ბამპერის სამაგრის – 410 ლარით; მაყუჩის სამაგრის – 170 ლარით; მაყუჩის დაბოლოების მჯ – 2 140 ლარით; მაყუჩის დაბოლოების მჯ – 2 140 ლარით; სულ სამუშაოების ღირებულების (1 635 ლარი) და ნაწილების ღირებულების (14 963 ლარი) ჯამი განისაზღვრა 16 598 ლარით (ტომი 1; ს.ფ. 21);
- 2021 წლის 31 დეკემბერს სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ 16 597.98 ლარი აუნაზღაურა შპს „თ.პ.ვ–“, დანიშნულება - ზარალის ნომერი 0017765/21, პოლისის ნომერი MI 248944/21 (ტომი 1; ს.ფ. 22);
- საქმეზე სპეციალისტად გამოკითხულმა პირმა, - შპს „თ.პ.ვ–ის“ სპეციალისტმა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს „პორშეს“ ცენტრში, აქვს მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება. ავტომანქანას, რომელიც ცენტრში მიიყვანეს, დაზიანებული ჰქონდა უკანა ბამპერი და ნაწილები, სხვა დეტალებთან ერთად დაზიანებული იყო მაყუჩიც. შეადგინა აქტი დაზიანებების შესახებ. აქტში აღწერილია, როგორც გარე, ისე შიდა დაზიანებები. მასში შეიტანა საჭირო ნაწილების ჩამონათვალი და „ხელობა“. ნაწილების ახლით შეცვლის საჭიროება იყო იმაში, რომ ბამპერის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლებოდა დარჩენილიყო დაზიანებები. თუმცა „პორშეს“ სტანდარტებიდან გამომდინარე, რომ არ დაეცეს ავტომანქანის ღირებულება, ასევე კლიენტის მოთხოვნით, ნაწილებს ახლით ცვლიან და არ აკეთებენ ხოლმე. დაზიანებული ნაწილები სადაზღვევო კომპანიას მიაქვს. ამ შემთხვევაში, როგორც იხსენებს, სადაზღვევოს ნაწილები არ წაუღია. აქტში მითითებულ ფასზე არ არის გამოკლებული დაზიანებული ნაწილების ღირებულება. მასში ასახულია ახალი ნაწილების და შესაბამისი გაწეული მომსახურების ღირებულება. ერთ-ერთი ნაწილის შეღებვაც გახდა საჭირო, საჭირო გახდა ასევე კომპიუტერული მომსახურება, ამის შესახებ არის მითითებული აქტში, სიტყვა „პროგრამირების“ სახით. პირვანდელ მდგომარეობაში ვერ აღდგებოდა ავტომანქანა, რომ არ შეცვლილიყო ნაწილები. როგორც იყო თავდაპირველად ავტომანქანა, ისეთ მდგომარეობაში ჩააბარეს კლიენტს. სპეციალისტმა განმარტა, რომ დაზიანებები სავარაუდოდ ერთი დარტყმისგან უნდა ყოფილიყო მიყენებული. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა დროის დაზიანებებიც ყოფილიყო. დაზიანებული ავტომობილი მათ მიერ იყო გაყიდული და იმიტომ წარადგინეს შესაკეთებლად მათ ცენტრში, საგარანტიო პირობები დაირღვეოდა, თუ სხვა ცენტრში წარადგენდნენ შესაკეთებლად. ამ ავტომანქანას, რომელიც გაყიდული იყო 2019 წელს, ჰქონდა ორწლიანი გარანტია. მისივე განმარტებით, რა ფასიც მითითებულია ინვოისში, ის ფასი დაიხარჯა შეკეთებაზე, იმის მიუხედავად, რომ ინვოისი ნოემბერშია გამოწერილი, შეკეთება თებერვალში განხორციელდა, ფულის ჩარიცხვის შემდეგ შეაკეთეს. სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობენ. სადაზღვევო კომპანიას გაუგზავნეს ინვოისი, მათ ჩაურიცხეს თანხა, შეიძინეს ნაწილები, შემდეგ შეაკეთეს და შეკეთებული გაატანეს კლიენტს;
- სადაზღვევო კომპანიას შეკეთებული მანქანის დეტალები მოპასუხისთვის არ გადაუცია, არც მათი საფასური იქნა გამოკლებული შპს „თ.პ.ვ–ის“ ინვოისით ანაზღაურებულ თანხაზე.
12. საკასაციო პრეტენზია სუბროგაციული მოთხოვნიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხს შეეხება, რის გამოც ხსენებული საკითხი საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარი საგანია. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს), 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
13. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-809-776-2016, 4.04.2017წ.; №ას-1057-1017-2016, 10.10.2017 წ.; № ას-53-2022 19.10.2022წ.; №ას-1047-2022 9.11.2022წ.; №ას-1129-2023 26.12.2023წ.; №ას-799-2024 26.07.2024 წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამავე კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ-ები: №ას-1523-2019, 24.01,2020 წ.; №ას-554-2019 31.03.2021წ.; №ას-482-2022 10.06.2022წ. ).
16. დასაბამშივე უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევის არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით ცალსახადაა აღნიშნული, რომ შემთხვევის გამომწვევ პირად (ბრალი) მიიჩნევა მოპასუხე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ, სარჩელში აღწერილ დაზიანებებსა და მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედებებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. ამიტომ, პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპასუხე მიყენებული ზიანის ოდენობას სადავოდ ხდიდა.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ ზიანს შორის, რაზეც კასატორი მიუთითებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს/კასატორს მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ჰქონდა: სადაზღვევო პოლისი, მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის განმარტება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, შპს „თ.პ.ვ–ის“ ინვოისი (შეკვეთა მომსახურებაზე) და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მტკიცებულება. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სპეციალისტი, რომელმაც ვერ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების სახეობა და ხარისხი. ამასთანავე, მოპასუხემ უარყო ნივთის ან ნაწილის დაზიანების ფაქტი. დაზიანებების დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება, რაც საქმის მასალებშია წარმოდგენილი ინვოისია, სადაც არ არის ასახული რაიმე სახის კვლევა, რომ ჩამოთვლილი დაზიანებები სწორედ სარჩელში აღწერილი ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, მის შედეგად და სწორედ მოპასუხის ბრალითაა გამოწვეული. შესაბამისად, სასამართლო ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ინვოისში მითითებული საჭირო ავტონაწილების და ხარჯის ოდენობას, ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინვოისი, ასევე ვერ ადასტურებს გაწეული სამუშაოების აუცილებლობას, რადგან კონკრეტული ავტოსერვისის მიდგომა, რომ დაზიანებული ნაწილი მხოლოდ ახლით უნდა ჩანაცვლდეს, არ ნიშნავს მისი აღდგენის შეუძლებლობას, რაც სამოქალაქო სამართალში ზიანის მინიმიზაციის, როგორც მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის, ნაგულვები პრინციპია. გარდა ზემოაღნიშნულისა, ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელეს სადავო ზიანსა და მოპასუხის ბრალეულ ქმედებას შორის ურთიერთკავშირის დასადგენად არ წარმოუდგენია ფოტოსურათები, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის აღწერა, სქემა ან სხვა ისეთი მტკიცებულება, რაც დამდგარი ზიანის შესაძლო (სავარაუდო) ობიექტურ) სურათს მაინც დაანახებდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ დროულად წარადგინა კვალიფიციური შედავება და სადავოდ გახადა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ავტომანქანის შესაკეთებლად გაწეულ ხარჯსა და სადავო ავტოსაგზაო შემთხვევას შორის. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ზიანის მოცულობის, ასევე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადასტურების კუთხით. ამდენად, არ არის გაზიარებული კასატორის მტკიცება, რომ იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი დაეკისრა მოსარჩელეს, ვიდრე მას ეს ობიექტურად მოეთხოვებოდა (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-482-2022 10 ივნისი, 2022 წელი).
18. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელემ საკუთარი ვალდებულების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიმართ უზრუნველყო სწორედ შპს „თ.პ.ვ–ის“ ინვოისის მიხედვით, მაგრამ პალატა აქვე მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები მოქმედებენ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რის გამოც მზღვეველის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურება ვერ იქნება ავტომატურად მბოჭავი მესამე პირებისათვის (შდრ. იხ. სუსგ. განჩინება საქმეზე №ას-847-2024, 2024 წლის 08 ნოემბერი), რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა გამომდინარეობს არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, არამედ - დელიქტური ვალდებულებიდან, საქმეში კი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ინვოისში მითითებული ავტონაწილების შეცვლის და სხვადასხვა მომსახურების გაწევის აუცილებლობა მოპასუხის ბრალით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინვოისში მითითებული ფასები წარმოადგენდა შეცვლილი ნაწილების საბაზრო და არა კომერციულ ფასს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოპასუხის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარი ზიანის მოცულობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადასტურება. სადავო არ არის მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ დაზიანებებს შორის, რომელსაც მოსარჩელე მიუთითებდა. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული დაზიანებები ავტომანქანამ სწორედ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო და არა სხვა ვითარებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ/კასატორმა ვერ დაადასტურა მოთხოვნილი ოდენობით ზიანის არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მართებულად გახდა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობაც გამოირიცხება.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 830 ლარი, შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 9 იანვარს №1704796653 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 830 ლარის, 70% - 581 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 9 იანვარს №1704796653 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 830 ლარის, 70% - 581 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი