საქმე №ას-833-2024 31 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.მ–ნი (მოსარჩელე, მხარდამჭერი ს.ჯ–ძე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ჯ.ე.ც–ი“, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.მ–ნის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ფ.ჯ.ე.ც–ისა“ და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ქმედების დავალებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ი.მ–ნს 2015 წლის 29 ოქტომბერს ჩაუტარდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, გადამოწმების გარეშე (უვადოდ).
2.2. 2022 წლის 4 თებერვალს, თბილისის მთავარი სამმართველოს მე-5 სამმართველოში დაიწყო გამოძიება სს „თ.ბ–ის“ ბანკომატიდან თანხის უკანონოდ მისაკუთრების გამო, რასაც საფუძვლად დაედო მოქალაქის განცხადება. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულად იქნა ცნობილი ი.მ–ნი. მოსარჩელეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა, რის საფუძველზეც ი.მ–ნი მოთავსდა შპს „აკად. ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში“ (ამჟამად შპს „ფ.ჯ.ე.ც–ი“). ი.მ–ნის სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს არ გაუსაჩივრებია 2022 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ი.მ–ნი იძულებითი მკურნალობის მიზნით 2 წლის ვადით მივლენილი იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
2.3. 2022 წლის 30 მარტს, ადვოკატებმა მიმართეს შპს „ფ.ჯ.ე.ც–ს“ ი.მ–ნის ვადამდელი შეფასებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ მხოლოდ მკურნალი ექიმი იყო უფლებამოსილი მიემართა სპეციალურ კომისიისათვის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად. მოსარჩელის მტკიცებით ცენტრის უარმა ხელყო ი.მ–ნის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე უფლება.
2.4. 2022 წლის 31 მარტს, ი.მ–ნის ადვოკატებმა მიმართეს შპს „ფ.ჯ.ე.ც–ს“ ი.მ–ნის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვათ იმ საფუძვლით რომ „ი.მ–ნის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი დადასტურებული იქნას მის მიერ გამოხატული ნება“.
2.5. 2022 წლის 18 მაისს, ი.მ–ნის მკურნალ ექიმს, ქ.თ–ძეს ადვოკატებმა მიმართეს ი.მ–ნის ვადამდელი შეფასებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა ექიმს წერილზე არ უპასუხია, ასევე არ გამოუყენებია ექსკლუზიური უფლებამოსილება კომისიისთვის ვადამდელი შეფასების მოთხოვნით მიმართვის თაობაზე. 2022 წლის 30 მაისს, შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მიერ ჩატარდა ი.მ–ნის მიმართ ამბულატორიულ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად, ი.მ–ნი არ წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას ირგვლივ მყოფებისა ან/და საკუთარი თავის მიმართ. დასკვნის საფუძველზე, ი.მ–ნის ადვოკატებმა 2022 წლის 3 ივნისს მიმართეს შპს „ფ.ჯ.ე.ც–ს“ და ი.მ–ნის პირად ექიმს, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ი.მ–ნის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მხრიდან მოხდა მოსარჩელის პირდაპირი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით.
2.6. მოსარჩელე მიუთითებს დისკრიმინაციაზე და კომპარატორად მიიჩნევს იმ პირებს ვისაც არ გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობები. მისი აზრით, ყველა ის პირი, ვისაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, თავისუფლად აცხადებს ნებას ადვოკატების მომსახურების მიღებაზე და მისი ნება არასოდეს დგება ეჭვქვეშ. უფრო მეტიც, ადვოკატის მომსახურების შეზღუდვა, არა შშმ პირებთან, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი, წარმოადგენს მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ი.მ–ნს მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - შეზღუდული შესაძლებლობის გამო ეთქვა უარი ადვოკატებისთვის მინდობილობის გაცემაზე. მოსარჩელის მტკიცებით, ნებისმიერი არა შშმ პირი, თავისუფლად მოითხოვს ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ფსიქიატრიულ შეფასებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იგი თავისუფლება შეზღუდულია. ი.მ–ნს კი მხოლოდ იმის გამო არ მიეცა ვადამდელი ფსიქიატრიული დახმარების მოთხოვნის უფლება, რომ იგი შშმ პირი იყო. ნებისმიერი პირი, რომელსაც არ ექნებოდა შეზღუდული შესაძლებლობა, არ დაექვემდებარებოდა იძულებით მკურნალობას და პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემოდა სამედიცინო დოკუმენტები.
2.7. მეორე მოპასუხესთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, მდგომარეობს დისკრიმინაციულ მიდგომებსა და პროცედურაში. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან ი.მ–ნის შეფასება მოხდა რამდენიმე საათის განმავლობაში, შშმ პირებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით და დისკრიმინაციული მიდგომებით. დისკრიმინაციული მოპყრობა სამხარაულის ბიუროს მიერ გამოიხატა შემდეგი ქმედებებით: - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ი.მ–ნის შეფასება ჩაატარა ისეთი სპეციალისტების ჩართულობით, რომელთაც არ გაუვლიათ შესაბამისი სპეციალიზაცია ან/და სწავლება შშმ პირებთან კომუნიკაციის ან და მათი უფლებების შესახებ; - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ი.მ–ნის შეფასება ჩაატარა შშმ პირთათვის ადეკვატური მეთოდოლოგიის არქონის პირობებში.
2.8. სარჩელის თანახმად, დისკრიმინაციული მოპყრობა განახორციელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სერვის პროვაიდერებმა. შესაბამისად, მათი მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა გაცილებით მკაცრად უნდა შეფასდეს სასამართლოს მხრიდან ვიდრე ეს იქნებოდა კერძო პირის შემთხვევაში, რათა ფაქტს რეალური პრევენციის ფუნქცია მიენიჭოს და სახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები კეთილსინდისიერად და თანასწორობის პრინციპის უპირატესი დაცვით მიუდგნენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა. დარღვევის სერიოზულობისა და ხანგრძლივობის, ასევე, მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თითოეულ მოპასუხეს უნდა დააკისროს 30 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე შპს „ფ.ჯ.ე.ც–მა“ სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის მითითებით, ი.მ–ნის მსგავსად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კურსს გადის ასეულობით პაციენტი, რომლებიც ასევე არიან შშმ პირები, შესაბამისად ი.მ–ნზე რაიმე განსხვავებული მოპყრობა არ განხორციელებულა, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს აქვთ იმგვარი ფსიქიკური დარღვევები, რაც საჭიროებს შესაფერის, სპეციფიკურ და პაციენტისათვის აუცილებელ მკურნალობას, რომლის დაყოვნებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და შეუქცევადი ზიანი.
3.3. მოსარჩელის მართლმსაჯულების უფლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ შპს „ფ.ჯ.ე.ც–ს“ არ გააჩნდა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება, კერძოდ, ხელი არ მიუწვდებოდა ელექტრონულ სანოტარო რეესტრზე. ამასთან, სადავო მომენტში, ი.მ–ნს არ გააჩნდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც გახდა მინდობილობის დადასტურებაზე უარის თქმის მიზეზი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გამო დისკრიმინაცია არ მომხდარა, ვინაიდან ნებისმიერი სხვა პირის შუამდგომლობაც ვერ გახდებოდა პაციენტის ვადამდელი შეფასების საფუძველი.
3.4. მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სარჩელი არ ცნო.
3.5. მოპასუხის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი.მ–ნს ჩაუტარდა სისხლის სამართლის N006040122002 საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მომზადდა 2022 წლის 15 მარტის N001547022 ექსპერტის დასკვნა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა მანუკიანის მიმართ. საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილე პირებს არ აქვთ გავლილი შესაბამისი ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის და მათი უფლებების შესახებ სწავლებაზე, თუმცა თავისთავად, აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლებოდა იმის დასტურად, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომზადებული ექსპერტის დასკვნა ხარვეზიანი იყო და არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს, მით უფრო, იგი ვერ გახდებოდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელებულად მიჩნევის საფუძველი.
3.6. მოპასუხე დასძენს, რომ მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამდა არა ექსპერტის დასკვნის დასაბუთებულობას მიმართებით, არამედ აცხადებდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ი.მ–ნის შეფასება ჩაატარა შშმ პირთათვის ადეკვატური მეთოდოლოგიის არქონის პირობებში, თუმცა სარჩელში არ იყო მითითებული თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა დისკრიმინაციული მიდგომა.
3.7. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის პრეტენზიას დასკვნაში დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენების თაობაზე და განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს არ გამოუყენებიათ სადავო ტერმინი - „ჩვენი ავადმყოფი“, აღნიშნული ტერმინი მითითებული იყო სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში, დასკვნა კი შეიცავდა მხოლოდ ციტირებას სამედიცინო ბარათიდან.
3.8. მოპასუხემ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ბაზაზე და განმარტა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ იყო დადგენილი, როგორც იმპერატიული ნორმა, რომ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, საექსპერტო გამოკვლევაში უნდა მონაწილეობდეს ერთ-ერთი ექსპერტის სახით მაინც პირი, რომელსაც გავლილი ექნება სწავლება (ტრენინგი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სწავლების სახით. ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე ვერ მიუთითებდა, რომ სადავო ექსპერტის დასკვნამ თავისი შინაარსით, შელახა ი.მ–ნის პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან მისი სხვა უფლება, მიაყენა ი.მ–ნს ფსიქიკური, მორალური, არაქონებრივი ზიანი (ტანჯვა).
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გაასაჩივრა ი.მ–ნის წარმომადგენელმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით, ი.მ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, შეისწავლა მოპასუხე შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მიმართ მოსარჩელის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, მოიხმო ვრცელი საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის ქონის გამო დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავდა მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას.
5.3. სასამართლომ უპირველესად აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ მიუთითა კომპარატორზე, ვინაიდან შესადარებელი ობიექტი, რომელიც სარჩელში იყო მითითებული - შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირები, არ წარმოადგენდნენ მოსარჩელესთან არსებითად თანასწორ პირებს, შესაბამისად სადავო ქმედებების შეფასება არასწორ კომპარატორთან, დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
5.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ი.მ–ნს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დადგენილი ჰქონდა ფსიქიკური დარღვევის ნიშნით. იგი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით, გადამოწმების გარეშე (უვადოდ). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეზღუდული გონებრივი (ფსიქიკური) შესაძლებლობის მქონე პირი და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც არ აქვს შშმ პირის სტატუსი, ერთსა და იმავე შესადარებელ ჯგუფს არ შეიძლება წარმოადგენდეს. მათ შორის არსებობს განსხვავება გადაწყვეტილების მიღების უნარის თვალსაზრისით. ისინი, სამართალსუბიექტურობის ნიშნით, ცხადია, თანასწორ პირებს წარმოადგენენ, თუმცა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სარგებლობისათვის, მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საჭიროებენ მხარდაჭერას, ისინი ასევე სარგებლობენ სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებითად თანასწორ პირად უნდა მივიჩნიოთ ის პირები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული უუნარობა და ამ ნიშნით წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
5.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის მტკიცება, რომ მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობით შეელახა ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. კერძოდ, ჯანმრთელობის უფლება დაირღვა ი.მ–ნის იძულებითი მკურნალობით, რაც გამოიხატა მედიკამენტების მისი ნების წინააღმდეგ მიცემითა და სამედიცინო დოკუმენტების გადაცემაზე უარის თქმით. ამ მიმართებით პალატამ შეაფასა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იძულებითი მკურნალობის დანიშვნის წესი და თავისებურებანი და განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებითი მკურნალობის გამოყენებისას პაციენტის უფლება უარი განაცხადოს მკურნალობის ჩატარებაზე ერთმნიშვნელოვნად იზღუდება. იგი ვალდებულია დაემორჩილოს მკურნალობის პროცესში ექიმ-ფსიქიატრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არა მხოლოდ ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებაზე უარის თქმის უფლება, არამედ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს პაციენტების მიმართ შეზღუდვის გამოყენების შესაძლებლობასაც. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით მოიაზრებს პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ გარკვეული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის ექიმის დანიშნულებით მედიკამენტების მიღებასაც.
5.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და მიუთითა, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს პირის უნარზე, განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობის საწყის ეტაპზე პირს შესაძლებელია არ გააჩნდეს ინფორმირებული თანხმობის გაცემის უნარი, თუმცა მკურნალობის შედეგად მას ეს უნარი შესაძლოა დაუბრუნდეს. ამიტომ, როდესაც სრულწლოვანს შესწევს უნარი, განაცხადოს თავისუფალი და გაცნობიერებული თანხმობა მის ჯანმრთელობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასეთი ჩარევა მხოლოდ მისი თანხმობით უნდა განხორციელდეს. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, როდესაც სრულწლოვანს არ შესწევს უნარი განაცხადოს თავისუფალი და შეგნებული თანხმობა, ჩარევა შესაძლებელია ამის მიუხედავად მაინც განხორციელდეს თუ ის ემსახურება თავად ამ პირის უშუალო კეთილდღეობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში მედიკამენტების მიღებისას პაციენტის ნების გაუთვალისწინებლობა არ არღვევდა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციურ უფლებას.
5.7. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ი.მ–ნისათვის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მართლმსაჯულებაზე წვდომისა თუ ჯანმრთელობის უფლების დარღვევის თაობაზე და განმარტა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილია იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს გაეცნოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესენი არიან: პაციენტი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში პაციენტის ნათესავი. ი.მ–ნს დროებითი მხარდაჭერა დაენიშნა 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით. სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე კი, ამჟამად მოსარჩელის წარმომადგენლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმართეს 2022 წლის აპრილის თვეში, მაშინ როდესაც ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირთა წრეში არ შედიოდნენ. ამასთან, პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებასაც, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი იყო ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ 2022 წლის 19 აპრილს (ს.ფ. 88) და 2022 წლის 5 აპრილს (ს.ფ. 127) შედგენილი წერილები შპს „აკად, ბ, ნ.ს.ფ.ჯ.ც–ის“ დირექტორისადმი, მაგრამ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კორესპონდენციის მოპასუხე მხარისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის ადვოკატების მოთხოვნა, სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებას კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა.
5.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის მოტივად არც ის არგუმენტი მიიჩნია საკმარისად, რომ დისკრიმინაციული მიდგომის გამო, მოსარჩელეს შეელახა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გამოიხატა, შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მიერ მისი ადვოკატებისათვის მინდობილობის გაცემაზე უარის თქმით და ასევე მოსარჩელის მიერ ვადამდელი ფსიქიატრიული შეფასების მოთხოვნის შეუძლებლობით. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე და განმარტა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი სხვებთან თანასწორ პირობებში თავისი ნებით ახორციელებს საკუთარ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ პირს თავისი ნებისა და მოქმედების განსახორციელებლად ესაჭიროება მხარდაჭერა.
5.9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც პირს, მისი ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევების გამო, არ შესწევს უნარი საკუთარი ნების შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი შედეგების წარმომშობი უფლებები და ვალდებულებები, სხვებთან თანაბარ პირობებში მისი უფლებების განხორციელება ხდება მხარდამჭერის დანიშვნით, რომელიც გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად ახდენს მხარდაჭერის მიმღების ინფორმირებას, შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით, მისთვის გასაგები ფორმით. თუმცა, შესაძლებლობის ისეთი შეზღუდვისას, როდესაც ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირი სრულადაა მოკლებული ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარს, შესაბამის უფლებათა სფეროებში მისი უფლებების განხორციელებისა და მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, - ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, - შეიძლება გამოყენებული იქნეს მხარდაჭერის ისეთი ტიპი, როდესაც ამ სფეროებში გადაწყვეტილებების მიღება ხდება მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობის გარეშე, უშუალოდ მხარდამჭერის მიერ. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი.მ–ნის დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. რაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, გამორიცხავს პირის მიერ საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობას. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიმართ გამოიყენა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. პალატამ დასძინა, რომ მართალია, მოსარჩელეს ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ მინდობილობის გაცემაზე უარის თქმით შეეზღუდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, თუმცა უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2022 წლის 17 ივნისამდე დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე სასამართლოსათვის არ მიუმართავს და ასევე არ უსარგებლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსის გზით სასამართლოსათვის მიმართვისათვის. შესაბამისად, მოსარჩელემ თავად არ გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, რაც მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მისთვის იყო გათვალისწინებული. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ პოზიცია, რომ აღნიშნული დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირების ნების ნამდვილობის დამოწმება ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილი დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
5.10. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ის დაბრკოლება, რაც ი.მ–ნს შეექმნა რწმუნებულების გაცემის პროცესში განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით, კერძოდ მისი ფსიქიკური მდგომარეობით, რის გამოც ფსიქიატრიული დაწესებულება მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა შესაბამისი რწმუნებულება. ამასთან იმ პირობებში, როდესაც არსებობდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფდა ი.მ–ნის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებას და მოსარჩელემ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენა, ამ პირობებში ფსიქიატრიული დაწესებულების უარი მინდობილობის გაცემაზე, ვერ იქნებოდა შეფასებული ი.მ–ნის უფლებების არაპროპორციულ და არალეგიტიმურ შეზღუდვად დისკრიმინაციული მოტივით.
5.11. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს ვადამდელ შეფასებაზე უარის თქმის გამო პაციენტის დისკრიმინაციისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ დისკრიმინაციულ ქმედებად შეფასებისათვის, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია არა ის, უნდა მიემართა თუ არა ექიმს ვადამდელი შეფასების მოთხოვნით კომისიისათვის, არამედ აღნიშნული ქმედებით დაირღვა თუ არა მოსარჩელის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. ამ მიმართებით პალატამ განმეორებით მოიხმო საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დადგენილი მთელი რიგი საპროცესო გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ მიერ სხვებთან თანაბარ პირობებში სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებას. ამ მხრივ, კანონმდებლობით დადგენილია, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსი, ასევე მხარდამჭერის ინსტიტუტი. მათი საშუალებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს უფლება იდავოს ყველა იმ საკითხზე რაც მის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს რაიმე სახის შეზღუდვა მხარდაჭერის მიღებაზე ფსიქიატრიული დაწესებულების მხრიდან არ შექმნია. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ჩანაწერის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც მხოლოდ პაციენტის მკურნალ ექიმს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის. თუმცა პალატამ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მკურნალობის შედეგად ი.მ–ნის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო, აღარ არსებობდა მისი იძულებითი მკურნალობის საფუძვლები და მკურნალი ექიმი კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას არაკეთილსინდისიერად ახორციელებდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მინდობილობის გაცემასა და ვადამდელ შეფასებაზე უარის თქმა გამომდინარეობდა კანონიერი საფუძვლიდან და გააჩნდა ობიექტური და გონივრული გამართლება, რაც გამორიცხავდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მოსარჩელის დისკრიმინაციას.
5.12. სააპელაციო პალატამ ასევე, არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ის პრეტენზიები, რომლებიც მიემართებოდა მეორე მოპასუხის - სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატა ი.მ–ნის შეფასების პროცესის დისკრიმინაციულობაში და დისკრიმინაციულ მიდგომებში. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის პროცესში მონაწილე სპეციალისტებს არ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი სპეციალიზაცია ან/და სწავლება შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მათი უფლებების შესახებ. თუმცა, აღნიშნა, რომ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები არ შეიცავდა რაიმე წესებს ექსპერტების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასებისას სპეციალიზაციის გავლის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პოზიცია, რომ შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მათი უფლებების შესახებ შესაბამისი სპეციალიზაციის არ არსებობა გავლენას ვერ მოახდენდა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე და დასკვნის ხარვეზიანობას არ განაპირობებდა.
5.13. სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან ადგილი ჰქონდა ი.მ–ნის მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგან მოსარჩელეს ექსპერტები მოიხსენიებენ ტერმინით „ჩვენი ავადმყოფი“. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინი მითითებული იყო მ. ა.ს.ფ. ინსტიტუტის მიერ 2003 წელს გაცემულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში N808, ექსპერტიზის დასკვნა კი, შეიცავდა მხოლოდ ციტირებას სამედიცინო ბარათიდან. ამდენად, სადავო ტერმინის გამოყენება უშუალოდ ექსპერტების მხრიდან არ მომხდარა, რაც ვერ გახდებოდა ექსპერტების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელების დადგენის ფაქტობრივი საფუძველი.
5.14. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო აპელანტის იმ არგუმენტსაც, რომელიც მიემართებოდა ექსპერტიზის ჩატარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მეთოდოლოგიის არქონების პირობებში, და აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავადვე უთითებდა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის N142/ნ ბრძანება „სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“, არ შეიცავდა მითითებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ექსპერტიზის ჩატარების სპეციალურ წესზე. ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზია რომლის თანახმად, ბრძანება არ შეიცავდა მითითებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ექსპერტიზის ჩატარების სპეციალურ წესზე მიემართებოდა აღნიშნული ნორმატიული აქტის შინაარსს, რაც სამოქალაქო წესით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის დავის საგანი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციული ქმედებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მორალური ზიანის არსებობა. მორალური ზიანი გულისხმობს სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფას, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არცერთი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რაც თავისთავად გამორიცხავდა მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არსებობას.
5.16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ–ნის წარმომადგენელმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, ასევე ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორი ამტკიცებს, რომ ი.მ–ს სადავო ქმედებებით შეეზღუდა სამართლის სუბიექტად აღიარების უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის გაეროს შშმ პირთა კომიტეტის 2014 წლის #1 ზოგად კომენტართან. კასატორი ამტკიცებს, რომ პირის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე მკურნალობა ფსიქიატრების ან სხვა სამედიცინო სპეციალისტების მხრიდან არღვევს ისეთ უფლებებს, როგორიცაა: სამართლის სუბიექტად პირის აღიარება და პიროვნების ხელშეუხებლობა; წამების, ძალადობის, ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფისგან დაცვა. კასატორი ასევე მიუთითებს რომ საერთაშორისო აქტებით, ყველა შშმ პირის სრული ქმედუნარიანობაა აღიარებული, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ან შესაძლებლობის სხვადასხვა სახის შეზღუდვა არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ პირს უარი ეთქვას სამართალსუბიექტობასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლით გარანტირებულ რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. კასატორი დასძენს, რომ ქმედუნარიანობა და გონებრივი შესაძლებლობა განსხვავებული ცნებებია, სამართალსუბიექტობა ნიშნავს უფლებებისა და მოვალეობების ქონის ან/და განხორციელების შესაძლებლობას, ამიტომ, კონვენცია ადგენს, რომ „გონებაჩლუნგობა“, გონებრივი შესაძლებლობის სავარაუდო შეზღუდვა და სხვა დისკრიმინაციული იარლიყები არ არის სამართალსუბიექტობისა და ქმედუნარიანობის შეზღუდვის კანონიერი საფუძველი. კასატორის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში უმთავრესია სასამართლომ შეაფასოს თუ რა მიზნით ითხოვდნენ ადვოკატები ი.მ–ნის მინდობილობის გაცემასა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემას. ადვოკატების მიზანი იყო მოსარჩელის უფლების დაცვა, რაც გამომდინარეობს მისი საუკეთესო ინტერესიდან. მინდობილობისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ იქნებოდა დამაზიანებელი ი.მ–ნისთვის, რადგან მას ჰქონდა უფლება ჰყოლოდა მის მიერ არჩეული ადვოკატი სახელმწიფოს მიერ დანიშნულის ადვოკატის ნაცვლად.
6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე სხვათა თანასწორი წვდომა, რაც ასევე მოიცავს პირების ადვოკატის ყოლის უფლების გარანტიის შექმნა. შშმ პირებს უნდა შეეძლოთ მათ ქმედუნარიანობაში ჩარევის გასაჩივრება და სასამართლოში უფლებების დაცვა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ იმ სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება არ დარღვეულა. ამ მიმართებით კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტზე ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად სპეციალური მოსარჩელის სტატუსი აქვთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, ი.მ–ნი კი, ფიზიკური პირია, რომელიც სპეციალური მოსარჩელის სტატუსით ვერ ისარგებლებდა.
6.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას დროებითი მხარდამჭერის ინსტიტუტის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნა არის ნებაყოფლობითი და გამომდინარეობს საჭიროებიდან. აღსანიშნავია, რომ ი.მ–ნს არ ჰყოლია მხარდამჭერი იმ დრომდე, ვიდრე სასამართლომ არ შეუზღუდა წვდომა მართლმსაჯულებაზე და იძულებული გახდა მოეთხოვა მხარდამჭერი. კერძოდ, 2022 წლის 21 ივნისს მოსარჩელემ თავად მიმართა სასამართლოს სარჩელით, თუმცა სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო ცნობილი მხარდაჭერის მიმღებ პირად. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით სასამართლომ დაარღვია მხარის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება, ვინაიდან არ გამოიყენა გონივრული მისადაგება და აიძულა მხარე ჰყოლოდა მხარდამჭერი, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მიემართა სასამართლოსთვის. კასატორი დასძენს, რომ შეკითხვების დასმის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს დაესვა შეკითხვა მოხდა თუ არა ი.მ–ნის ინფორმირება და მისგან თანხმობის მიღება მინდობილობის გაცემის თაობაზე, რაზეც დაწესებულების წარმომადგენელმა უარყოფითად უპასუხა. კასატორი აცხადებს, რომ ხსენებული ქმედებები დისკრიმინაციულია და მოწმობს, რომ ორივე მოპასუხე მოსარჩელეს რიყავდა და უზღუდავდა უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, მოსარჩელის შეფასებისას იხელმძღვანელა მოძველებული სტანდარტით, რის შედეგადაც გასცა დისკრიმინაციული დასკვნა. კერძოდ, მათ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის N142/ნ ბრძანების საფუძველზე. ამ დასკვნაში მითითებულია, რომ ი.მ–ნს არ შეუძლია ჩვენების მიცემა, რაც ეწინააღმდეგება სამართლის სუბიექტად ყოფნისა და ქმედუნარიანობის კონცეფციას.
6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ პაციენტისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემაზე უარით დაირღვა ი.მ–ნის ჯანმრთელობის უფლება, რასაც არ გააჩნდა გამართლება ან/და ლეგიტიმური მიზანი. ასევე, დაწესებულების უარი ხსენებული დოკუმენტაციის გადაცემაზე მოტივირებული იყო დისკრიმინაციული მოტივებით, რადგან მართალია კლინიკა უთითებდა თითქოს წარმომადგენლის მოთხოვნას არ ერთვოდა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა კასატორი უთითებს, რომ ადვოკატების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო. ასევე ფსიქიატრიული დაწესებულების უარი დოკუმენტაციის გადაცემაზე არ იყო დასაბუთებული იმაზე მითითებით, რომ ადვოკატებს არ გააჩნდათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის გაუცემლობა გამოწვეული იყო ლეგიტიმური მიზეზით, მაშინ როდესაც მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომელმაც უარი განაცხადა მინდობილობის გაცემაზე, ამ პირობებში კი ადვოკატები წარმოადგენდნენ ი.მ–ნის უფლებების დაცვის ერთადერთ საშუალებას.
6.6. კასატორი ასევე დასძენს, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, დისკრიმინაციის დასადგენად ვერ იქნებოდა გამოყენებული შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე პირი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელესთან ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირს, თუმცა სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია, რომ მოსარჩელეს ექსპერტიზა ჩაუტარდა მისი სტატუსისა და წარსული სტაციონირების გამო. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს დასკვნა, თითქოს დიაგნოზის მქონე პირს ვერ ექნება გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაც გამომდინარეობს სამედიცინო მოდელიდან, არღვევს თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელის მიხედვით, შშმ ადამიანები არ არიან აღიარებულნი უფლების მქონე პირებად ისინი მხოლოდ თავიანთი დარღვევის ფარგლებში აღიქმებიან.
6.7. კასატორი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების მკურნალობა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ იყო წარდგენილი მკურნალობის ამსახველი დოკუმენტაცია. ამასთან, მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ი.მ–ნი არ საჭიროებდა მკურნალობას, იგი არ წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თუ სხვების წინაშე, უმეტესწილად იყო მშვიდად და არ გამოხატავდა გაღიზიანებას. შესაბამისად კასატორი ასკვნის, რომ მოსარჩელის მკურნალობა მიმდინარეობდა უკანონოდ, შეზღუდული შესაძლებლობის ქონის დისკრიმინაციის მოტივით.
6.8. გარდა სამართლებრივი შეფასებისა, კასატორი ასევე დავობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნობილ გარემოებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტი, რაც არ იყო საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი და არის სტერეოტიპული. სახელდობრ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ–ნი 2003 და 2009 წლებში გადიოდა მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ამ გარემოების დადგენილად ცნობა ასევე ეწინააღმდეგება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის თანახმადაც წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის ფაქტი არ ჩაითვლება გადამწყვეტ ფაქტორად პირის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას.
6.9. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებითაც, რომლის თანახმადაც ი.მ–ნს არ ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, იმ პირობებში როდესაც კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაციენტისთვის არ უკითხავთ აზრი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაცემასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციას.
6.10. კასატორი შუამდგომლობს საქმეს დაერთოს ი.მ–ნის სამედიცინო დოკუმენტაცია, რისი წარმოდგენის საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ (მტკიცებულება მოპოვებული 2024 წლის 13 თებერვლის განჩინების საფუძველზე).
6.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით, ი.მ–ნის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- ი.მ–ნი 15.08.2003 წლიდან 27.08.2003 წლამდე და 04.06.2009 წლიდან 15.06.2009 წლამდე გადიოდა მკურნალობის კურსს შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში, დიაგნოზით - პარანოიდური შიზოფრენია (F20.0). მოსარჩელე აღრიცხვიდან მოიხსნა 2019 წლის 6 მაისს, ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე - გადავიდა სხვა დაწესებულებაში. ი.მ–ნი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. სტატუსი დადგენილია 2015 წლის 29 ოქტომბერს, გადამოწმების გარეშე (უვადოდ). მისი დიაგნოზია - პარანოიდული შიზოფრენია F20.0., შაქრიანი დიაბეტი 2E11 ინსულინდამოუკიდებელი;
- 2022 წლის 4 იანვარს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-5 სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N006040122002 საქმეზე, ნ.კ–ის სს „თ.ბ–ის“ ანგარიშიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით 2000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის მისაკუთრების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ი.მ–ნი, რომელმაც დაადასტურა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს საღამოს საათებში ქ. თბილისში ....... მდებარე სს „თ.ბ–ის“ წინ მდებარე ბანკომატიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თანხას - 2000 ლარის ოდენობით. 2022 წლის 21 იანვრის დადგენილებებით, ი.მ–ნი ცნობილ იქნა ბრალდებულად;
- გამოძიებით დადგინდა, რომ ი.მ–ნს აქვს ფსიქიკური პრობლემები. გამოძიებას ი.მ–ნის დამ, ი.მ–მა და მეზობელმა, გ.ხ–მა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ი.მ–ნს ახასიათებდა არაადეკვატური ქცევები და ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ასევე, ი.მ–ნის ნასამართლეობის ცნობით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე N010415, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.03.2016 წლის განჩინებით მას დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში;
- იმისათვის, რომ დადგენილიყო სისხლის სამართლის საქმეზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ი.მ–ნი იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში, საქმეზე დაინიშნა ამბულატორული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: 1). აღენიშნება თუ არა ი.მ–ნს ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან ფსიქიკის სხვა ავადმყოფური მდგომარეობა?; 2) შეუძლია თუ არა ი.მ–ნს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა; საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა?; 3) აქვს თუ არა ამჟამად ი.მ–ნს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას? დადებით შემთხვევაში რაში გამოიხატება იგი?; 4) იყო თუ არა ი.მ–ნი - ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ეპიზოდის ჩადენის დროს, დაავადებული ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ჭკუასუსტობით ან ფსიქიკის სხვა დაავადებით? დადებით შემთხვევაში, რომლით და შეეძლო თუ არა მას დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა ეხელმძღვანელა მისთვის?; 5) არის თუ არა ი.მ–ნი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული, რის გამოც მსჯავრდება ან დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას? გვაცნობეთ მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ; 6) არის თუ არა აუცილებელი ი.მ–ნის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და დადებით შემთხვევაში, კერძოდ რომელი სახის;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 მარტის დასკვნით N001547002 დადგინდა შემდეგი: ი.მ–ნი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისთვის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით იგი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას, რომელიც რეკომენდებულია ჩატარდეს აკად, ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში (ხონი- ქუტირი);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით საქმეზე N91/1255 დაკმაყოფილდა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ ი.მ–ნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ. ი.მ–ნს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში - შპს „აკად. ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში“ (ხ-ქ) 2 წლის ვადით. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილიყო დადგენილ ვადაზე ადრე „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდებოდა ამავე კანონით დადგენილი წესით. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით, ი.მ–ნის სტაციონარში მოთავსების ვადის ათვლა დაიწყო სტაციონარში მოთავსების მომენტიდან. ი.მ–ნის სტაციონარში გადაყვანა დაევალა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეხუთე სამმართველოს თანამშრომლებს;
- 2022 წლის 30 მარტს, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა განცხადებით მიმართა შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ დირექტორს და ი.მ–ნის მკურნალ ექიმს, რათა ამ უკანასკნელს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიისათვის პაციენტის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის მისაღებად. აღნიშნული წერილის საპასუხოდ შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ დირექტორმა 2022 წლის 31 მარტს განმცხადებელს აცნობა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ პაციენტის მკურნალი ექიმი იყო უფლებამოსილი მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიისათვის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად, თუ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საფუძველს იძლეოდა;
- 2022 წლის 31 მარტს, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა განცხადებით მიმართა შპს “ფ.ჯ.ე.ც–ის” დირექტორს, რათა აღნიშნული ორგანიზაციის ადვოკატებზე შეედგინათ სასამართლო რწმუნებულება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ დირექტორმა განმცხადებელს აცნობა, რომ ი.მ–ნი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა შპს „აკად. ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში“, მისი იმჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შესაბამისად არ იყო მიზანშეწონილი დადასტურებულიყო მის მიერ გამოხატული ნება. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
- შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ 2022 წლის 30 მაისის ამბულატორული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ი.მ–ნს აღენიშნება ქრ. ფსიქიკური აშლილობა- პარანოიდული შიზოფრენია (F20.0, პროცესუალური დეფექტით - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ამჟამინდელი კვლევის შედეგები: არაერთგზის ჩატარებული სტაციონარული მკურნალობა სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით; აღრიცხვიანობა ამბულატორიაში და მუდმივად მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსი ამავე დიაგნოზით; წლების მანძილზე ქუჩაში ცხოვრების წესი. ასევე, ამჟამად გამოვლენილი: რუდიმენტული სახის პროდუქტიული სიმპტომატიკა ერთეული სმენითი ჰალუცინაციებისა და ფრაგმენტული ბოდვითი აზრების სახით; მედიკამენტური მკურნალობის ფონზე აგრესიულობის შემცირება, ნეგატიური სიმპტომები აუტიზაციით. ინტელექტუალური ფუნქციების გამოხატული გაღარიბება-დაქვეითებით, პიროვნული რეგრესით; არათანმიმდევრული, უმეტესად დაუკავშირებელი, არაადეკვატური და პრიმიტიული ასოციაციები; დეზორგანიზებული წყვეტილი აზროვნება, აბსურდული, ცალმხრივი, გაუგებარი მსჯელობა; გაზერელებულ-გასადავებული ემოციების ფონი; უკრიტიკობა. მედიკამენტური მკურნალობის ფონზე, ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით, ი.მ–ნი არ წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას ირგვლივმყოფების ან/და საკუთარი თავის მიმართ. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით, ი.მ–ნი საჭიროებს მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელებას სტაციონარის პირობებში;
- 2022 წლის 17 ივნისს შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ დირექტორმა განმცხადებლებს აცნობა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ პაციენტის მკურნალი ექიმი იყო უფლებამოსილი მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიისათვის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საფუძველს იძლეოდა. სხვა ნებისმიერი პირის (პირების), ორგანიზაციის შუამდგომლობა, თუ რეკომენდაცია ვერ გახდებოდა ვადამდელი კომისიის მოწვევის საფუძველი;
- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით ი.მ–ნს დაენიშნა დროებითი მხარდაჭერა შემდეგ სფეროებში: 1. ი.მ–ნის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან; 2. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ყველა ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის წარმომადგენლობის სფეროში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების სფეროში სრულად; 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსთან სასამართლო რწმუნებულების გაფორმების სფეროში. დროებით მხარდამჭერად დაინიშნა ს.ჯ–ძე;
- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, დასახელებულ სფეროებში ი.მ–ნი სრულად იქნა ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად. მის მხარდამჭერად დაინიშნა ს.ჯ–ძე, რომელიც უშუალოდ თვითონ ახორციელებს ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებებს ი.მ–ნის მონაწილეობის გარეშე. მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით;
- 2022 წლის 1 აპრილს, ი.მ–ნის წარმომადგენლებმა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ სპეციალურ კომისიას დავალებოდა ი.მ–ნისათვის ვადამდელი შეფასების ჩატარება ადვოკატების დასწრებით და დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართულობით. ზემოაღნიშნული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;
- ი.მ–ნმა შპს „ფ.ჯ.ე.ც–ი“ დატოვა 2023 წლის ივნისში, ამავე დაწესებულების სპეციალური კომისიის ვადამდელი შეფასების საფუძველზე.
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელე პირველ მოპასუხესთან მიმართებით მიუთითებდა, რომ დისკრიმინაციული მიდგომის გამო შეელახა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გამოიხატა, შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მიერ მისი ადვოკატებისათვის მინდობილობის გაცემაზე უარის თქმითა და მოსარჩელის მიერ ვადამდელი ფსიქიატრიული შეფასების მოთხოვნის შეუძლებლობით. ხოლო, მეორე მოპასუხესთან მიმართებით, მოსარჩელის აზრით, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი გამოიხატა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საექსპერტო დასკვნის სპეციალიზირებული ექსპერტის გარეშე შედგენაში.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. იმავე კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დისკრიმინაცია განმარტებულია იმავე სახით, თუმცა დამატებით აღნიშნულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება სწორედ პირის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ირიბი დისკრიმინაცია იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას (იხ. სუსგ. საქმე №ას-656-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი).
14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, „ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი“ (2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე.
15. საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ყურადღებას გაამახვილებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა“ კონვენციაზე, რომლითაც დადგენილია, რომ „დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე“ - გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე. ამავე კონვენციის მე-12 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ამავე მუხლით კონვენცია განამტკიცებს, რომ მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის.
16. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე პირველ მოპასუხესთან მიმართებით მიუთითებდა, რომ დისკრიმინაციული მიდგომის გამო შეელახა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გამოიხატა, შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მიერ მისი ადვოკატებისათვის მინდობილობის გაცემაზე უარის თქმითა და მოსარჩელის მიერ ვადამდელი ფსიქიატრიული შეფასების მოთხოვნის შეუძლებლობით (დაირღვა ასევე ჯანმრთელობის უფლება). საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელეს სადავო ქმედებებით შეეზღუდა სამართლის სუბიექტად ყოფნის შესაძლებლობა. ხსენებულ არგუმენტებს საკასაციო პალატა არ იზიარებს და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციულ ქმედებაში მოიაზრება სუბიექტის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც არ იარსებებდა, რომ არა დისკრიმინირებული პირის სპეციფიკური ნიშანი - მახასიათებელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom); უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia). შესადარებელი ობიექტის ანუ ე.წ. კომპარატორის მითითების ტვირთს საქართველოს კანონმდებლობა სწორედ მოსარჩელეს აკისრებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „ამოსაცნობ ნიშანს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-864-831-2016, 03 ივლისი, 2017 წელი; Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).
17. მოსარჩელემ კომპარატორად მიუთითა ის პირები, ვისაც არ გააჩნდათ შეზღუდული შესაძლებლობები, რაც რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული, დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებულად დაძლევად ვინაიდან, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ი.მ–ნი 15.08.2003 წლიდან 27.08.2003 წლამდე და 04.06.2009 წლიდან 15.06.2009 წლამდე გადიოდა მკურნალობის კურსს შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის” ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში, დიაგნოზით - პარანოიდური შიზოფრენია (F20.0). მოსარჩელე აღრიცხვიდან მოიხსნა 2019 წლის 6 მაისს, ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე - გადავიდა სხვა დაწესებულებაში. ი.მ–ნი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. სტატუსი დადგენილია 2015 წლის 29 ოქტომბერს, გადამოწმების გარეშე (უვადოდ). მისი დიაგნოზია - პარანოიდული შიზოფრენია. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ შეზღუდული გონებრივი (ფსიქიკური) შესაძლებლობის მქონე პირი და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც არ აქვს შშმ პირის სტატუსი, ერთსა და იმავე შესადარებელ ჯგუფს არ შეიძლება წარმოადგენდეს. მათ შორის არსებობს განსხვავება გადაწყვეტილების მიღების უნარის თვალსაზრისით. ისინი, სამართალსუბიექტურობის ნიშნით, ცხადია, თანასწორ პირებს წარმოადგენენ, თუმცა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სარგებლობისათვის, მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საჭიროებენ მხარდაჭერას, ისინი ასევე სარგებლობენ სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტით (რომელზეც საკასაციო პალატა ქვემოთ ვრცლად იმსჯელებს).
18. კასატორი ამტკიცებს, რომ პირის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე, მკურნალობა ფსიქიატრების ან სხვა სამედიცინო სპეციალისტების მხრიდან არღვევს ისეთ უფლებებს, როგორიცაა: სამართლის სუბიექტად პირის აღიარება და პიროვნების ხელშეუხებლობა; წამების, ძალადობის, ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფისგან დაცვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ჩატარებული იძულებითი მკურნალობის მართლზომიერების დადგენა შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პაციენტის იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კანონიერება, თუმცა, განსახილველი საქმის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით განმარტავს, რომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას ექვემდებარებიან პირები, რომელთა მიმართაც დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, თუმცა მათი ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გააცნობიერონ ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელონ მას. ამავდროულად, მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და წარმოადგენენ საფრთხეს როგორც საკუთარი თავის ასევე სხვა პირებისათვის. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით საქმეზე N91/1255 დაკმაყოფილდა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ ი.მ–ნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ. ი.მ–ნს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში - შპს „აკად. ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში“ (ხონი-ქუტირი) 2 წლის ვადით. აღნიშნულ განჩინებას საფუძვლად დაედო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 მარტის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ი.მ–ნი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისთვის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით იგი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას, რომელიც რეკომენდებულია ჩატარდეს აკად, ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში (ხ-ქ). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მოხმობილი ვრცელი საერთაშორისო პრაქტიკა მოცემულ საქმესთან არარელევანტურია.
19. რაც შეეხება კასატორის შემდგომ არგუმენტს, რომელიც მიემართება მოპასუხე დაწესებულების მიერ მინდობილობის გაცემაზე უარის თქმასა და ვადამდელი სამედიცინო შემოწმების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მიმართებითაც, კასატორმა ვერ შეძლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გაკეთებული სამართლებრივი შეფასების გაქარწყლება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და დასძენს, რომ სამართლებრივი დახმარების ძიებისა და სასამართლოსადმი დაუბრკოლებელი წვდომის უფლება არის ცენტრალური მნიშვნელობის ისეთი სახელმწიფოებისთვის, სადაც კანონის უზენაესობა აღიარებულია. ამასთან, მართალია სამართლებრივი დაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი (როგორც ფინანსური ასევე უფლებრივი თვალსაზრისით), მაგრამ იგი ვერ იქნება სავალდებულო. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენტალური პრობლემების მქონე პირებისთვის, რადგან ევროპაშიც კი, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სამართლებრივი რეჟიმები, რომლებითაც სავალდებულო სამართლებრივი დაცვაა უზრუნველყოფილი. ხსენებულის მაგივრად, საჭიროა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები განხილულ იქნენ ძირითადი უფლებების მპყრობელებად და თავად უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება სამართლებრივი დაცვის არჩევის დროს (Acceess to Justice for Persons with Psychosocial Disabilities and Meanal Health Problems, Meantal Health Europe, March 2021). ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აღიარებულია, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს უნდა შეეძლოთ მართლმსაჯულებაზე წვდომა, რისთვისაც არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები, სახელდობრ გაეროს „შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მონაწილე სახელმწიფოები, გადავიდნენ „შემცვლელი/ჩამანაცვლებელი გადაწყვეტილების მიღების რეჟიმებიდან“, როგორიცაა მეურვეობა, ისეთი ღონისძიებებისკენ, რომლებიც უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და ისარგებლონ მათთვის გარანტირებული უფლებებით („მხარდაჭერით“ გადაწყვეტილების მიღება“, ქმედუნარიანობის უფლების უზრუნველყოფა) (Acceess to Justice for Persons with Psychosocial Disabilities and Meanal Health Problems, Meantal Health Europe, March 2021). უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს სწორედ ასეთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის უფლებების დაცვის გარანტიებს სთავაზობს. სახელდობრ, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 20 მარტის კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები და მას დაემატა ახალი ქვეთავი: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად: კანონპროექტის ძირითადი არსია გამოირიცხოს მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევა. გონებრივი ჩამორჩენილობისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე სრულწლოვანი პირების სამართლებრივი დაცვა უნდა ემყარებოდეს: 1. სამართლებრივი რეგულირების მოქნილობის პრინციპს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ პირის უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, კონკრეტულ სამართლებრივ ვითარებაში მისი ქმედუნარიანობის ხარისხის მაქსიმალურად სრულ გათვალისწინებას, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხებისა და განსხვავებული გარემოების გათვალისწინებას, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხებისა და განსხვავებული ვითარების შესაბამისი რეგულირების არსებობას; 2. ქმედუნარიანობის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპს, რაც გულისხმობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხების არსებობისა და პირის ქმედუნარიანობის ხარისხის ცვლილების შესაძლებლობას დროთა განმავლობაში 3. დაცვითი ღონისძიებების პირის ქმედუნარიანობის ხარისხთან თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმად, ქმედუნარიანობის შეზღუდვისას გათვალისწინებული უნდა იქნას ქმედუნარიანობის კონკრეტული ვითარება და შესაბამისი პირის კონკრეტული საჭიროებები. პირის უფლება თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათი https://info.p.ge/file/1/BillReviewContent/155598). შესაბამისად ცალსახაა, რომ ყველა ის ძირითადი უფლებები და გარანტიები, რომელთა დარღვევაზეც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, უბრალოდ მოსარჩელის წარმომადგენლებს სადავო პერიოდში ამ საკანონმდებლო გარანტიებით არ უსარგებლიათ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, ს.ჯ–ძე ცნობილი იქნა ი.მ–ნის დროებით მხარდამჭერ პირად სხვადასხვა კონკრეტულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ი.მ–ნის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ ი.მ–ნს ჰქონდა და აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაქსიმალური ვადით - 5 წლით, ი.მ–ნს მისი მონაწილეობის გარეშე დაუწესდა მხარდაჭერა, მათ შორის, მინდობილობის გაცემის სფეროში, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მას არ შეეძლო დასახელებული უფლებების რეალიზაციისას გადაწყვეტილებების მიღება - საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება განცხადებით მოთხოვნილ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კი მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ 2022 წლის 31 მარტს, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელს სრულიად მართებულად ეცნობა, რომ ი.მ–ნი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა შპს „აკად. ბ. ნ.ს.ფ.ჯ.ე.ც–ში“, მისი იმჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შესაბამისად არ იყო მიზანშეწონილი დადასტურებულიყო მის მიერ გამოხატული ნება. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
20. რაც შეეხება კასატორის არგუმენტებს ვადამდელი ფსიქიატრიული შეფასების მოთხოვნის შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ მიმართებითაც დაუსაბუთებელია. მოსარჩელის წარმომადგენლებს არაერთგზის განემარტათ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ პაციენტის მკურნალი ექიმი იყო უფლებამოსილი მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიისათვის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად, თუ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საფუძველს იძლეოდა. დადგენილია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, ი.მ–ნი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდა 2022 წლის 16 მარტს. პაციენტის ვადამდელი შეფასების მოთხოვნით, ადვოკატებმა მკურნალ ექიმს მიმართეს 2022 წლის 30 მარტს - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. შესაბამისად, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ ი.მ–ნის ფსიქიკური მდგომარეობის, მისი დიაგნოზის სიმძიმისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობის მცირე პერიოდის (2 კვირა) გათვალისწინებით, პაციენტის ვადამდელი შეფასების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ი.მ–ნმა შპს „ფ.ჯ.ე.ც–ი“ დატოვა 2023 წლის ივნისში, ამავე დაწესებულების სპეციალური კომისიის ვადამდელი შეფასების საფუძველზე. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, მოსარჩელის უფლებების სრულად უზრუნველყოფას.
21. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შპს „ფ.ჯ.ე.ც–ის“ მხრიდან, ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე დისკრიმინაციას, რადგან სადავო ქმედებები გამომდინარეობდა არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონიდან, არამედ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან; უარი არ ატარებდა თვითნებურ ხასიათს, ეფუძნებოდა ნორმატიული აქტის მოთხოვნას, რომელიც მოპასუხისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის პრეტენზია, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიისათვის ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად, მოსარჩელის ინიციატივით მიმართვის თაობაზე, წინააღმდეგობაშია ნორმატიულ აქტთან. საკასაციო პალატა კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის პირობებში ამოწმებს მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედების მართლზომიერებას და ვერ შეაფასებს ნორმის კონსტიტუციურობას, ასევე, ნორმატიული აქტის მიმღები იმ ორგანოს ქმედების კანონიერებას, რომელიც განსახილველ საქმეში მოპასუხედ არ არის მოწვეული.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია მოპასუხედ დასახელებული მეორე პირის მიმართაც, კერძოდ, კასატორი აცხადებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან მოსარჩელის დისკრიმინაცია მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მოტივით, რაც გამოიხატა საექსპერტო დასკვნის არასპეციალიზირებული ექსპერტების მიერ შედგენასა და შეფასებების შშმ პირთათვის ადეკვატური მეთოდოლოგიის არქონის პირობებში ჩატარებაში. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 მარტის დასკვნა შედგენილია ორი ექსპერტის - ვ.ჭ–ძე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 11 თვის სტაჟი და დ.მ–ძე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, სპეციალობით მუშაობის 40 წლის სტაჟი - მიერ. აღსანიშნავია, რომ საკუთარი პრეტენზიის წარმოდგენის პროცესში, რომელიც ექსპერტთა კვალიფიკაციას შეეხებოდა, მოსარჩელე მხარეს არც ერთხელ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რა ტრენინგი უნდა ჰქონოდათ გავლილი ექსპერტებს, რათა მათი დასკვნა ვალიდური ყოფილიყო მოსარჩელისთვის. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები წარმოადგენენ კონკრეტულად ფსიქიატრიული მიმართულებით მოღვაწე პირებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება ფსიქიატრიული დარღვევების მქონე პირებთან მუშაობის სფეროში. მათ შორის აღსანიშნავია ასევე ერთ-ერთი ექსპერტის, კერძოდ დ.მ–ძის მუშაობის სტაჟი, რომელიც მის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ რა დამატებითი ღონისძიება უნდა განხორციელებულიყო, რათა 40 წლის სტაჟის მქონე ექსპერტის კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო მოსარჩელისთვის.
23. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 მარტის დასკვნა მოიცავს ვრცელ კვლევითი ნაწილის აღწერას, სადაც დეტალურადაა განხილული, თუ რა ღონისძიებები გატარდა ი.მ–ნის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად და რა ინფორმაცია მიიღეს მხედველობაში ექსპერტებმა დასკვნის შედგენისას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დასკვნის ამ ვრცელი დასაბუთებისა, მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მიუთითებია კონკრეტულად, თუ რაში გამოიხატა ი.მ–ნის მიმართ კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევა, მისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა, დამატებით რა წესი და კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული შეფასების პროცესში და ა.შ. მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც შემოიფარგლა მხოლოდ აბსტრაქტული პრეტენზიების დაფიქსირებით, რაც დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად ვერ იქნება საკმარისი.
24. გარდა ამისა ხაზგასასმელია, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი.მ–ნს ჩაუტარდა სისხლის სამართლის N006040122002 საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მომზადდა 2022 წლის 15 მარტის N001547022 ექსპერტის დასკვნა. ამასთან, მოსარჩელე თავადვე უთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის N142/ნ ბრძანება „სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“, არ შეიცავს მითითებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ექსპერტიზის ჩატარების სპეციალურ წესზე. აღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი აყალიბებს ზოგად პრინციპებს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებებისათვის განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიზანია გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტები განსაზღვრავენ ჩატარებული სამუშაოს მოცულობას. დაავადების დიაგნოზის ფორმულირება ხდება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. შესაბამისად, ამ პრეტენზიასთან მიმართებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დავობს ნორმატიული აქტის შინაარსთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის პირობებში ამოწმებს მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედების მართლზომიერებას და ვერ შეაფასებს ნორმის კონსტიტუციურობას, ასევე, ნორმატიული აქტის მიმღები იმ ორგანოს ქმედების კანონიერებას, რომელიც განსახილველ საქმეში მოპასუხედ არ არის მოწვეული.
25. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც საკასაციო საჩივარზეა თანდართული, კერძო: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი საქმე #3/70-22 (10 ფურცლად); შპს ,,აკ. ბ.ნ. ს–ის ფ.ჯ.ე.ც–ის 23.02.2024 წლის წერილი; სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #601/22 (115 ფურცლად); სპეციალური კომისიის 17.03.2023 წლის 56/3 დასკვნა (5 ფურცლად); სპეციალური კომისიის 16.06.2023 წლის 155/3 დასკვნა (4 ფურცლად).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, საქმე #3/70-22 (10 ფურცლად); შპს ,,ა.ბ.ნ.ს–ის ფ.ჯ.ე.ც–ის 23.02.2024 წლის წერილი; სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #601/22 (115 ფურცლად); სპეციალური კომისიის 17.03.2023 წლის 56/3 დასკვნა (5 ფურცლად); სპეციალური კომისიის 16.06.2023 წლის 155/3 დასკვნა (4 ფურცლად); საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. მარსაგიშვილი
მოსამართლეები: ა.ძაბუნიძე
ლ. ქოჩიაშვილი