Facebook Twitter

№ას-924-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – ა.ფ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-კ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ა.ფ–იამ სს „კ-კ.ბ.ჯ–იას“ წინააღმდეგ, მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დამსაქმებლისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 10 000 ლარის გადახდა და 2024 წლის 15 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე დამსაქმებლისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრება 1 970 ლარი;

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა კორპორატიული ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევაში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ფ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2023 წლის 1 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება უვადოდ. მოსარჩელე დასაქმდა ბათუმის ოფისის ოპერატორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება - ხელფასი განისაზღვრა 1 970 ლარით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით. შრომითი ხელშეკრულების 3.2.4 მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო (მათ შორის) დაეცვა კორპორატიული ეთიკის ნორმები (იხ. ს.ფ. 20- 34).

5.3. დამსაქმებელი საწარმოს შინაგანაწესის, რომელიც წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, მე-9 მუხლით განისაზღვრა სამსახურეობრივი ქცევის სტანდარტები, კორპორატიული ეთიკის წესები, კერძოდ: კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებული იყო, დაეცვა კორპორატიული ეთიკის ნორმები, ყოფილიყო მომთმენი, თავაზიანი, სამართლიანი და ყურადღებიანი თანამშრომლების, კონტრაქტორების, კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირ(ებ)ისა და კომპანიის სტუმრების მიმართ. პროფესიული მიდგომა იყო ურთიერთპატივისცემა და ნდობა. კომპანია მოითხოვდა თანამშრომლებისგან ნებისმიერ დროს საქმისადმი პროფესიულ მიდგომას. თანამშრომელი ვალდებული იყო ჰქონოდა ჯანსაღი ურთიერთობა სხვა თანამშრომლებთან, რომელიც უნდა დამყარებოდა ურთიერთპატივისცემასა და ნდობას. ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების საფუძველზე, მშვიდად, ფაქტებზე დაყრდნობით. დაუშვებელი იყო დავის აგრესიული ქცევით გადაწყვეტა (9.1 მუხლი). ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც დაარღვევდა შინაგანაწესით განსაზღვრულ ქცევის წესებს, უხეშად დაარღვევდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მის მიმართ გატარებული იქნებოდა შესაბამისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ჩათვლით (9.12.1 მუხლი). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა (25.1.15 მუხლი) (იხ. ტ.1, ს.ფ. 93-108).

5.4. კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გ.კ–მა 2024 წლის 5 თებერვალს მოსარჩელეს წარუდგინა იმავე წლის 22 იანვრის წერილობითი გაფრთხილება, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გამოიხატა ბუღალტრულ ნაშთებში გამოვლენილ ხარვეზებში და უზუსტობებში. ა.ფ–იას ასევე ედავებოდნენ შვებულებაში გასვლამდე უფროსისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას. უდავოა, რომ ა.ფ–იამ უარი განცხადა გაფრთხილების დოკუმენტზე ხელმოწერაზე და დოკუმენტის ჩაბარებაზე, რასაც მოჰყვა მხარეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება (იხ. ს.ფ. 36-38, 78-81).

5.5. დამსაქმებელი საწარმოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 15 თებერვლიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც წინასწარ ეცნობა დასაქმებულს (იხ. ს.ფ. 35, 39, 80).

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მის მიერ კორპორატიული ეთიკის ნორმების დარღვევა. 2024 წლის 5 თებერვალს, ა.ფ–იამ უარი განუცხადა ფილიალის მენეჯერს გ.კ–ს გაფრთხილების ჩაბარებაზე, რომელიც ეხებოდა მის მიერ, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. აღნიშნულს მოჰყვა მისი მხრიდან კომპანიისათვის მიუღებელი საქციელი - უცენზურო სიტყვები, მინის მტვრევა, ყვირილი.

5.7. იმის ნაცვლად, რომ საკითხი მოგვარებულიყო კორპორატიული ეთიკის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდა კომპანიისათვის სრულიად მიუღებელი ფაქტი - მოსარჩელის მეუღლე, რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვდა ა.ფ–იას უშუალო ხელმძღვანელს გ.კ–ს, დაემუქრა, აგინა და ხელით შეეხო მას, ითხოვდა ბოდიშის მოხდას, გ.კ–ის მხრიდან განხორციელებულ ელექტრონულ კომუნიკაციაში საქციელთან დაკავშირებით, სიტყვის „თავხედურად“ გამოყენების გამო (იხ. ს.ფ. 40-41, 83-84, 91-92, 112-126).

5.8. მოსარჩელის მეუღლე ჰ.ვ–ძე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2024 წლის 12 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N199120324001 საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან გ.კ–ის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ს.ფ. 86, 151-157, 172-173, 209-236).

5.9. აღიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გ.კ–ი დაზარალებულად არის ცნობილი. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ - ,,2024 წლის თებერვლის დასაწყისში, სს „კ-კ.ბ.ჯ–ია“-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გ.კ–მა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადა თანამშრომელს - ა.ფ–იას, რომელმაც გაფრთხილების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. 2024 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ.კ–მა სამსახურებრივი მეილით აცნობა კომპანიის ხელმძღვანელებს არსებული ვითარება და ა.ფ–იას საქციელს უწოდა თავხედური. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.ფ–იას მეუღლემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსმა ინსპექტორმა ჰ.ვ–ძემ, 2024 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაურეკა გ.კ–ს და სთხოვა შეხვედრა. შეთანხმების შესაბამისად, იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, .......... ქუჩაზე გაჩერებულ ჰ.ვ–ძის ავტომანქანაში ჩაჯდა გ.კ–ი, რის შემდეგაც გ.კ–მა დაძრა მანქანა და მივიდა ...........ქუჩა N1-ში მდებარე „კ.ბ–ის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანაში ყოფნისას ჰ.ვ–ძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გ.კ–ს და სთხოვდა ა.ფ–იასთვის ბოდიშის მოხდას და წერილობით გაფრთხილებაზე ხელის მოწერის მოთხოვნის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა პრობლემების შექმნით და ეუბნებოდა, რომ ბათუმში ვერ იცხოვრებდა და რას უზამდა არ იცოდა. გ.კ–მა სცადა მანქანიდან გადასვლა და გააღო კარი, თუმცა ჰ.ვ–ძემ ხელი ჩაჭიდა და რამდენჯერმე დაქაჩა ტანსაცმელში, რითაც გ.კ–ს არ მისცა მანქანიდან გადასვლის შესაძლებლობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გ.კ–მა შეძლო მანქანიდან გადასვლა, თუმცა ჰ.ვ–ძემ ხელის მოკიდებით დაახრევინა თავი და იძულებით დააბრუნა მანქანაში“ (იხ. ს.ფ. 86, 151-157, 172-173, 209-236).

5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით - გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მისი დასაბუთება; მხარეთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მიმოწერები; საქმეში წარმოდგენილი თანამშრომლების წერილობითი ახსნა-განმარტებები; თავად ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოსახულება, სადაც ჩანს, რომ - ა.ფ–ია არის სამუშაო ოთახში თანამშრომლებთან ერთად, ის არის აღელვებული, ამტვრევს მაგიდაზე დადებულ ჭიქას და ფეხს ურტყამს სამუშაო მაგიდას. გარდა ამისა, ა.ფ–ია მის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევას არ უარყოფს და სადავოდ არ ხდის მომხდარ ფაქტს.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მისივე მტკიცებით მიუხედავად საქმეში არსებული გარემოებებისა, ხელმძღვანელთან დაძაბული საუბრისას, იყო აღელვებული, რის გამოც კორპორატიული ეთიკის ნორმების დარღევად არ უნდა ჩაითვალოს მისი საქციელი. ამასთან, მისი მეუღლისა და მისი ხელმძღვანელის შეხვედრას ის არ ესწრებოდა შესაბამისად აღნიშნულის გამო მას საერთოდ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

14. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებას ითხოვს.

15. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა შრომითსამართლებრივი ხასიათისაა და, სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპისაგან განსხვავებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები: N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-368-2019, 31.07.2019წ; N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022 წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.;).

19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასება სშკ-ის 47.1 „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) პუნქტის გათვალისწინებით.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გასათვალისწინებელია „უხეში დარღვევის“ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ-ები №ას-106-101-2014, 2.10.2014წ.; №ას-1183-1125-2014, 13.02.2015წ.; Nას-1300-2022, 25.05.2023წ.; Nას-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-650-2023, 7.07.2023წ.; Nს-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-1501-2023, 9.02.2024წ.; №ას-1526-2023 22.03.2024 წ.).

21. საქართველოს სასამართლოების მიერ, შრომით დავებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია შრომის სამართალში მოქმედი პრინციპის „Ultima Ratio“-ს დაცვა, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ზომა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ-ები: №ას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; №ას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; Nას-253-253-2018, 30.04.2020წ.; Nას-1259-2019, 28.02.2020წ.; Nას-124-2020, 30.09.2020წ.; Nას-521-2022, 7.07.2022წ.; Nას-463-2023, 16.06.2023წ.; Nს-1284-2023, 26.12.2023წ.; , Nას-1526-2023, 22.03.2024წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

22. ამდენად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად გამოიყენა დამსაქმებელმა უფლება, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის მართებულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების შემოწმების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლების კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: №ას-1391-1312-2012, 10.01.2014 წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015 წ.; №ას-127-123-2016, 13.06. 2016 წ.; Nას-932-2022, 11.11.2022წ.; Nას-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-1110-2023, 11.20.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.;).

23. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ საქმის მასალებით ირკვევა, რომ კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გ.კ–მა 2024 წლის 5 თებერვალს მოსარჩელეს წარუდგინა იმავე წლის 22 იანვრის წერილობითი გაფრთხილება, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გამოიხატა ბუღალტრულ ნაშთებში გამოვლენილ ხარვეზებში და უზუსტობებში. ა.ფ–იას ასევე ედავებოდნენ შვებულებაში გასვლამდე უფროსისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას. უდავოა, რომ ა.ფ–იამ უარი განცხადა გაფრთხილების დოკუმენტზე ხელმოწერაზე და დოკუმენტის ჩაბარებაზე, რასაც მოჰყვა მხარეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება (იხ. ს.ფ. 36-38, 78-81).

24. დამსაქმებელი საწარმოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 15 თებერვლიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც წინასწარ ეცნობა დასაქმებულს (იხ. ს.ფ. 35, 39, 80).

25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მის მიერ კორპორატიული ეთიკის ნორმების დარღვევა. 2024 წლის 5 თებერვალს, ა.ფ–იამ უარი განუცხადა ფილიალის მენეჯერს გ.კ–ს გაფრთხილების ჩაბარებაზე, რომელიც ეხებოდა მის მიერ, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. აღნიშნულს მოჰყვა მისი მხრიდან კომპანიისათვის მიუღებელი საქციელი - უცენზურო სიტყვები, მინის მტვრევა, ყვირილი.

26. იმის ნაცვლად, რომ საკითხი მოგვარებულიყო კორპორატიული ეთიკის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდა კომპანიისათვის სრულიად მიუღებელი ფაქტი - მოსარჩელის მეუღლე, რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვდა ა.ფ–იას უშუალო ხელმძღვანელს გ.კ–ს, დაემუქრა, აგინა და ხელით შეეხო მას, ითხოვდა ბოდიშის მოხდას, გ.კ–ის მხრიდან განხორციელებულ ელექტრონულ კომუნიკაციაში საქციელთან დაკავშირებით, სიტყვის „თავხედურად“ გამოყენების გამო (იხ. ს.ფ. 40-41, 83-84, 91-92, 112-126).

27. მოსარჩელის მეუღლე ჰ.ვ–ძე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2024 წლის 12 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N199120324001 საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან გ.კ–ის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ს.ფ. 86, 151-157, 172-173, 209-236).

28. აღიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გ.კ–ი დაზარალებულად არის ცნობილი. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ - ,,2024 წლის თებერვლის დასაწყისში, სს „კ-კ.ბ.ჯ–ია“-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გ.კ–მა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადა თანამშრომელს - ა.ფ–იას, რომელმაც გაფრთხილების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. 2024 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ.კ–მა სამსახურებრივი მეილით აცნობა კომპანიის ხელმძღვანელებს არსებული ვითარება და ა.ფ–იას საქციელს უწოდა თავხედური. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.ფ–იას მეუღლემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსმა ინსპექტორმა ჰ.ვ–ძემ, 2024 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაურეკა გ.კ–ს და სთხოვა შეხვედრა. შეთანხმების შესაბამისად, იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, .......... ქუჩაზე გაჩერებულ ჰ.ვ–ძის ავტომანქანაში ჩაჯდა გ.კ–ი, რის შემდეგაც გ.კ–მა დაძრა მანქანა და მივიდა ...........ქუჩა N1-ში მდებარე „კ.ბ–ის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანაში ყოფნისას ჰ.ვ–ძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გ.კ–ს და სთხოვდა ა.ფ–იასთვის ბოდიშის მოხდას და წერილობით გაფრთხილებაზე ხელის მოწერის მოთხოვნის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა პრობლემების შექმნით და ეუბნებოდა, რომ ბათუმში ვერ იცხოვრებდა და რას უზამდა არ იცოდა. გ.კ–მა სცადა მანქანიდან გადასვლა და გააღო კარი, თუმცა ჰ.ვ–ძემ ხელი ჩაჭიდა და რამდენჯერმე დაქაჩა ტანსაცმელში, რითაც გ.კ–ს არ მისცა მანქანიდან გადასვლის შესაძლებლობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გ.კ–მა შეძლო მანქანიდან გადასვლა, თუმცა ჰ.ვ–ძემ ხელის მოკიდებით დაახრევინა თავი და იძულებით დააბრუნა მანქანაში“ (იხ. ს.ფ. 86, 151-157, 172-173, 209-236).

29. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მეუღლისა და თანამშრომლის შეხვედრა და კონფლიქტი, მისი პასუხისმგებლობის საფუძველი არაა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხოლოდ მოსარჩელის სამსახურში განვითარებულ გარემოებებთან დაკავშირებით შეხვდა მოსარჩელის მეუღლე დამსაქმებელი საწარმოს თანამშრომელს. ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მისი დასაბუთება; მხარეთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მიმოწერები; საქმეში წარმოდგენილი თანამშრომლების წერილობითი ახსნა-განმარტებები; თავად ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოსახულება, სადაც ჩანს, რომ - ა.ფ–ია არის სამუშაო ოთახში თანამშრომლებთან ერთად, ის არის აღელვებული, ამტვრევს მაგიდაზე დადებულ ჭიქას და ფეხს ურტყამს სამუშაო მაგიდას. გარდა ამისა, ა.ფ–ია მის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევას არ უარყოფს და სადავოდ არ ხდის მომხდარ ფაქტს, ადასტურებს დასაქმებულის მიერ საწარმოში არსებული ეთიკური ნორმების დარღვევას.

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დავაზე მოსარჩელის მოქმედებასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარის პირობას წარმოადგენდა, შინაგანაწესის მე-9 პუნქტისა და სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის დასადებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება და რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომა, სწორად შეფასდა უხეშ დარღვევად, რაც გამორიცხავს მის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების მართლზომიერად მიჩნევის პირობებში სხვა სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა, და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ისინი.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ფ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა.ფ–იას (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №61096795, გადახდის თარიღი 23/06/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე