№ას-991-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ც.მ.ს–ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ც.მ.ს–ომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 19 566 ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ც.მ.ს–ოს სასარჩელო მოთხოვნა სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. 2020 წლის 31 დეკემბერს სსიპ ც.მ.ს–ოსა და სს „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №01-18/2021 (კონსოლიდირებული ტენდერი CON200000306). ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის CON200000306 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 18 1680.40 ლარი. 3.2. პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ღირებულება მოიცავდა, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის ადგილია საქართველოს ტერიტორია. მომსახურების გაწევის ვადა - ხელშეკრულების გაფორმების დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე. დაზღვევის პერიოდი: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე. 5.1. პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით მიმწოდებელი ვალდებული იყო სადაზღვევო ანაზღაურების დარიცხვა შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე განეხორციელებინა მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, განხორციელდებოდა შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები განხორციელდებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სერვის-ცენტრებში. 5.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებინა დაზღვევის მომსახურების გაწევა დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით და „დაზღვევის პირობებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობისას. 5.4. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სადაზღვევოს შემთხვევის დადგომისას მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით და ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით.
6.2. ავტომობილის დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ავტომობილის დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგებოდა უხეში გაუფრთხილებლობით. დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა გულისხმობდა, სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი ან სრული დაზიანებით (განადგურებით), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაკარგვის/დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის 2.1. მუხლით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანების ან/და ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება.
6.3. მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ავტომობილი RENAULT DOKKER, სახელმწიფო ნომრით - WW034IW დაზღვეულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
6.4. 2021 წლის 03 მაისს ბ.წ–იამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2021 წლის 03 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქ. თბილისში მოძრაობდა წალენჯიხის ქუჩაზე ნოე ხომერიკის ქუჩის მიმართულებით. წალენჯიხის ქუჩისა და ხომერიკის ქუჩის კვეთაზე, მარჯვენა მხარეს ამოღებული იყო წყალარინების სისტემის სახურავი, სადაც მოთავსებული იყო ხის ტოტები, პოლიეთილენის პარკები და ხის ფიცრები, რომელიც მას მხედველობის არეალს უზღუდავდა. აღნიშნულის გამო მან ვერ შეძლო ხომერიკის ქუჩაზე მიმავალი ავტომობილის ფოლკსვაგენის დანახვა და მოახდინა შეჯახება.
6.5. სს „ს.კ.უ–ის“ 2021 წლის 15 ივნისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2021 წლის 03 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, რადგან მძღოლის ქმედება წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას.
6.6. შპს „ა–ის“ 2021 წლის 14 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ „შემთხვევის ადგილის, გზის საფარის და ავტომობილების განლაგების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში დამნაშავე ავტომობილი Renault-ის მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისათვის, მაგრამ ავტომობილის მართვისას მან გამოიჩინა უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა, რის შედეგადაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები“.
6.7. შპს ფ.ა–ოს“ 2021 წლის 03 ივნისის დეფექტური აქტით ავტომობილისათვის RENAULT DOKKER, ს/ნ - ..... მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 19 535.00 ლარს. აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ ავტომობილი იმყოფებოდა ცენტრის გარანტიაზე. შპს ფ.ა–ოს“ 2023 წლის 06 თებერვლის დეფექტური აქტით ავტომობილისათვის RENAULT DOKKER, ს/ნ - ........ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 19 566.00 ლარს. დაზღვეული ავტომობილის შეკეთებისათვის 19 566.00 ლარი გადახდილია სსიპ ც.მ.ს–ოს მიერ.
6.8. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილის RENAULT DOKKER, ს/ნ-........ მძღოლი დასაქმებული იყო სსიპ ც.მ.ს–ოში და წარმოადგენს „უფლებამოსილ მძღოლს“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში. რომ „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად.
6.10. პალატამ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.
6.11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეადგინა პატაკი, რომლის თანახმად, ავტოავარია გამოიწვია დამზღვევმა, საგზაო შუქნიშნით - „დაუთმე გზა“ რეგულირებულ გზაზე, შეუჩერებლად გავლით, რამაც გამოიწვია სხვა მანქანასთან შეჯახება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შპს „ა–ის“ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მძღოლს გზაჯვარედინზე მოძრაობისას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება და უნდა შეესრულებინა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მძღოლის უხეში გაუგრთხილებლობით მოქმედებას და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 02 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, რომელიც მიღებულ იქნა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების არასრულყოფილად გამოკვლევის, შედეგად. აღნიშნული კი მისი გაუქმების საფუძველია.
8.2. კასატორი სადავოდ ხდის სადაზღვევო კომპანიის მიერ საქმეში წარმოდგენილ შპს „ა–ის“ დასკვნას და მიიჩნევს, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა უხეშ არამედ მარტივ გაუფრთხილებლობას. ვინაიდან, არსებული წინაღობა ქმნიდა მძღოლის ყურადღების წამიერად გადატანის შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევას. კასატორი მიიჩნევს, რომ რადგან მძღოლი იყო ფხიზელ მდგომარეობაში, ადგილი არ ჰქონია სიჩქარის გადაჭარბებას და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი იყო უმნიშვნელო, მის მიერ ჩადენილი ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა მიჩნეულიყო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა. კასატორი მიიჩნევს, რომ მძღოლის ქმედება წარმოადგენდა მარტივ გაუფრთხილებლობას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნიდა.
17. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ.Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). ვინაიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. ამასთან, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-ას-654-2019, 26.06.2020წ).
18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დადგენილია, 2021 წლის 03 მაისს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მძღოლი - ბ.წ–ია, მოძრაობდა ქ. თბილისში, ხომერიკისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და მთავარ გზაზე მიმავალ ა/მ Volkswagen Touareg-თან მოახდინა შეჯახება. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანის RENAULT DOKKER, ს/ნ - ........ მძღოლი ბ.წ–ია დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2., მე-7 და მე-8 ნაწილების საფუძველზე 250 ლარით. სადაზღვევო შემთხვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, ავტოავარია გამოიწვია დამზღვევმა, საგზაო შუქნიშნით - „დაუთმე გზა“ რეგულირებულ გზაზე, შეუჩერებლად გავლით, რამაც გამოიწვია სხვა მანქანასთან შეჯახება. მოსარჩელის მითითებით, წალენჯიხის ქუჩისა და ხომერიკის ქუჩის კვეთაზე, მარჯვენა მხარეს ამოღებული იყო წყალარინების სისტემის სახურავი, სადაც მოთავსებული იყო ხის ტოტები, პოლიეთილენის პარკები და ხის ფიცრები, რომელიც მას მხედველობის არეალს უზღუდავდა. აღნიშნულის გამო მან ვერ შეძლო ხომერიკის ქუჩაზე მიმავალი ავტომობილის ფოლკსვაგენის დანახვა და მოახდინა შეჯახება.
19. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული მონიშვნა „დაუთმე გზა“, „აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას“. პირს რომელიც დგას საგზაო მონიშვნის უკან მას მართებს გაატაროს გადამკვეთ გზაზე მოძრავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება და როცა აღარ იქნება გადამკვეთი გზის ნაწილში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები, მხოლოდ ამის შემდგომ განაგრძოს მოძრაობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კანონით დადგენილი მოქმედების აღნიშნული წესი მოსარჩელემ არ დაიცვა და საგზაო შუქნიშანზე იმოძრავა გაუჩერებლად, რის საფუძველზეც დაეჯახა მოძრავ ავტომანქანას. თავის მხრივ, მოძრავი ავტომობილის მძღოლისათვის ნათელია საგზაო მონიშვნით დადგენილი წესრიგი და მისი გავლის უპირატესობის შესახებ ის ელოდება გზის სავალი ნაწილის დათმობას. პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი წესის უგულებელყოფა, ავტომობილის შეუჩერებლად გავლა და მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე ავტომობილთან შეჯახება დადგენილი წესრიგის უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასდეს (სუსგ ას-567-2024).
20. მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „ა–ის“ 2021 წლის 14 ივნისის დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ: „ქ. თბილისში წალენჯიხისა და ხომერიკის ქუჩების კვეთაზე არსებულ უთავსახურო ჭის მოსანიშნად ჩადებულ ჯოხების ძირზე მიყუდებულია სხვადასხვა ნივთები დაახლოებით 0.4-0.5 მეტრის სიმაღლეზე, რაც ხილვადობის შემაფერხებელ გარემოებას არ წარმოადგენს, ხოლო ზედა მხარეს ჩამოცმულია პაკეტები გზის ზედაპირიდან დაახლოებით 1-1.30 მეტრ სიმაღლეზე და ფარავს დაახლოებით 0.3 X 0.3მ ფართობს. საგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის ადგილიდან 14-18 მეტრ მანძილზე ხილვადობის შემზღუდველი ფარის პროექციის სიგანე შეიძლება გაიზარდოს 3 მეტრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული მოქალაქის ავტომობილის Volkswagen Touareg, ს/ნ ........ სიგრძე შეადგენს 4.75მ-ს პროექციის ზომებთან მიმართებაში ვერ ჩაითვლება მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებად. შესაბამისად, მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, უნდა შეესრულებინა საგზაო მოძრაობის შესახებს კანონის მოთხოვნები და მისი ქმედებები არ გამოიწვევდა საგზაო შემთხვევას“. ექსპერტს მითითებული აქვს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა დადგა მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის შემდეგი მოთხოვნების დარღვევის შედეგად: მუხლი 36-ის 1, 8, 9 პუნქტების და მე- 4 პუნქტის ა) ბ) გ) დ) ქვეპუნქტების, - მუხლი 33-ის 1 და 2 პუნქტები.“ ამდენად, ექსპერტიზის დასკვნაში კატეგორიულადაა მითითებული, რომ მძღოლს ხილვადობის შეზღუდვა და შესაბამისად მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება არ ჰქონია.
21. კასატორი სადავოდ ხდის აღნიშნული დასკნის რელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევის საკითხს, თუმცა, აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლი თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. შესაბამისად პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ა–ის“ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მძღოლს გზაჯვარედინზე მოძრაობისას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება და უნდა შეესრულებინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. მოსარჩელეს, რომელიც არ ეთანხმება წარმოდგენილ დასკვნას, შეეძლო წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მტკიცებულებით გამყარებულ პოზიციას სადავო საკითხზე, რაც მას არ განუხორციელებია. მხოლოდ მითითება კი ვერ გახდება დასკვნის გათვალისწინებაზე უარის თქმის საფუძველი. მითუმეტეს, რომ სასამართლომ აღნიშნული დასკვნა, განსახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან ერთობლიობაში შეფასებით მიიჩნია მძღოლის მიერ აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევად, რაც გამოიხატა მეტისმეტ დაუდევრობასა და უყურადღებობაში. აღნიშნული კი მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადაზღევო ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 979 ლარის 70% – 685.30 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ც.მ.ს–ოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ც.მ.ს–ოს (205....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 979 ლარის (საგადახდო დავალება N01942, გადახდის თარიღი 15.05.2025) 70% – 685.30 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი