საქმე №ას-617-2025
15 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემკვეთი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მენარდე“, „კომპანია“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის თანხის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფატქობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2022 წლის 20 იანვარს ელექტრონული ტენდერის (NAT210023679) ფარგლებში გაფორმდა №2022/36 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საგანსაც, ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) (CPV-50110000). ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.-3.3. პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 140 000.00 ლარს, პრეისკურანტის ღირებულება - 1 469 477.13 ლარს (დანართის „პრეისკურანტის“ შესაბამისად). ამასთან, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც გასაწევი მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) ღირებულებას, ისე მის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს;
6.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ტექნიკური დავალების გათვალისწინებით. მომსახურების გაწევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, გარდა სასაწყობე სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს 1 (ერთი) დღეში, ხოლო თუ მომსახურება საჭიროებს დეფიციტურ სათადარიგო ნაწილ(ებ)ს - 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში, მისამართ(ებ)ზე: ქ. თბილისის (............), ქუთაისისა (.........) და ბათუმის (.........ქუჩის მიმდებარედ) ტერიტორიებზე, მიმწოდებლის სერვის ცენტრებში; ბ) შემსყიდველის მიმართვისთანავე ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, ასევე, დეფიციტური სათადარიგო ნაწილ(ებ)ის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამასთან, თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია მაინც, ასეთი სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად; გ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე; დ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები;
6.3. ამავე მუხლის 4.3. პუნქტის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ადგენენ აქტს გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების და საცხებ-საპოხი მასალების რაოდენობა და/ან მოცულობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ღირებულება. 4.4 პუნქტის თანახმად კი, საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი გადაამოწმოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში;
6.4. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს გააჩნია გარანტია - 6 თვე, ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე) - 1 წელი, ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) - 1 წელი, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (ნათურები (მათ შორის გახურების ნათურები), ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)), ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედების შედეგად; წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ 5000 კმ, ამასთან შეცვლილი (ახალი) წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა გამოსცემდნენ არასასურველ ხმებს;
6.5. ამავე მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად, საგარანტიო პერიოდში დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) დღეში გამოასწოროს დეფექტი ან შეცვალოს დეფექტური ნაწილი, ასევე, შეცვალოს ან შეაკეთოს ის ნაწილიც რომელიც მწყობრიდან გამოვა მიმწოდებლის მიერ უხარისხო ნაწილის მიწოდებიდან გამომდინარე, ხოლო თუ მომსახურება საჭიროებს დეფიციტურ სათადარიგო ნაწილ(ებ)ს - 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 5.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს საგარანტიო პერიოდში გამოუვლინდება დეფექტი/ნაკლი და საჭირო გახდება აღნიშნულის კვლავ შეცვლა ან/და მომსახურების გაწევა, საგარანტიო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლოს გაწეული მომსახურებისა ან/და სათადარიგო ნაწილის შეცვლის თარიღიდან;
6.6. 2022 წლის 18 მაისს კომპანიის სერვისცენტში შეყვანილი იქნა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება - Skoda Octavia, სახელმწიფო ნომრით - .......... (ძრავის მოცულობა - 1.8, გამოშვების წელი - 2013, გარბენი - 213 709, შასის №TMBAD4NE5D00....) (შემდგომში - „შესაკეთებელი ავტომობილი“, „ავტომობილი“), რომლის დათვალიერების შედეგადაც დადგინდა, რომ მას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, ძრავის თავაკის დაზიანება;
6.7. 2022 წლის ივნისის თვეში შედგენილი შესრულებული სამუშაო აქტის (მიღების თარიღი - 02.06.2022 წ; გავლის თარიღი - 06.06.2022 წ.) თანახმად, ავტომობილს შეეცვალა 20 დასახელების ნაწილი და გაეწია 24 სახეობის მომსახურება. შეცვლილი ავტონაწილების ღირებულება განისაზღვრება 4493.28 ლარით, ხოლო გაწეული მომსახურებისა - 1328.80 ლარით, სულ - 5822.08 ლარით. აღნიშნული აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ;
6.8. 2022 წლის 07 ივნისს დატოვა აღნიშნულმა ავტომობილმა სერვისცენტრის ტერიტორია, მას შემდეგ, რაც მიმწოდებელმა უზრუნველყო ძრავის თავაკის აღდგენა თუ ყველა სხვა საჭირო დეტალის შეცვლა, თუმცა იგი მეორე დღესვე უკან დააბრუნეს გაუმართაობის გამო. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მწყობრიდან იყო გამოსული ძრავის ზეთის ტუმბო, რამაც გამოიწვია ახალაწყობილ ძრავზე ძრავის ღერძის დაზიანება. შესაბამისად, კომპანიას უწევდა ძრავის ხელმეორედ დაშლა;
6.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 20.06.2022 წ.-ს №M/22/38 წერილით, მენარდემ მოითხოვა დამატებითი ვადა ავტომობილის მწყობრში მოსაყვანად და სრულყოფილად გასატესტად, ხოლო დაგვიანების მიზეზად მიეთითა ძრავის მექანიზმის სირთულე და სიფაქიზე, თავის მხრივ, შკოდას მარკის ავტომობილის ძრავის პრობლემატურობაც, რაც შეუძლებელს ხდიდა ზეთის ტუმბოს შემოწმებას მის დაყენებამდე. შექმნილი ვითარების სანაცვლოდ კი, კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ძრავის ღერძისა და ტუმბოს ხარჯები;
6.10. 2022 წლის 22 ივლისის ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიდან ირკვევა, რომ შესაკეთებელი ავტომობილის ძრავის შეცვლის სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 26 ივლისს და 12 დღის თავზე ჩაბარებოდა შემკვეთს გამართულ მდგომარეობაში;
6.11. 2022 წლის 1 სექტემბრის №M/22/64 წერილით კომპანიამ შემკვეთის ავტოპარკის მენეჯერს მიაწოდა ინფორმაცია (ცნობის სახით), რომ 2022 წლის 30 აგვისტოს კვლავ შევიდა ავტომობილი, თუმცა სულ სხვა დაზიანებით, კერძოდ - პრობლემა ჰქონდა ავტომანქანის ფეჩის ტუმბოსა და ტურბოს ელექტროობას;
6.12. 2022 წლის 24 ნოემბერს კომპანიამ შეადგინა შესრულებული სამუშაოს აქტი, (მიღების თარიღი - 24.11.2022 წ.; გასვლის თარიღი - 24.11.2022 წ.) რომლის თანახმად, შემკვეთის კუთვნილ ავტომობილს გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: 1. ელექტროსისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა; 2. მთავარი ძაბვის ელ. აღდგენა. შესრულებული სამუშაოების აქტი ხელმოწერილია მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ;
6.13. მენარდის 2023 წლის 10 თებერვლის №1/022023 წერილით შემკვეთს განემარტა, რომ კომპანიის ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ძრავის დაზიანებით მიყვანილ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკოსების მიერ ჩაუტარდა ძრავის სრული დიაგნოსტირება, შეეცვალა გამანაწილებელი ლილვი (ე.წ. „რასპრედვალი“) და აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები. შესაბამისად, ძრავი მუშაობს უპრობლემოდ, რაც ცხადყოფილია დიაგნოსტიკითა და ტესტ დრაივით, ხოლო ავტომობილი ვარგისია ექსპლუატაციისთვის;
6.14. შემკვეთის ინიციატივით, 2023 წლის 15 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ავტომობილის ძრავის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა;
6.15. 2023 წლის 20 მარტის №001395723 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწისქვეშა ავტო-სადგომზე. ავტომობილზე ჩატარებული კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ მწყობრიდან გამოსულია საწვავის წნევის მარეგულირებელი სენსორები, ძრავის ზეთის ტუმბოს რედუქციული სარქველი, მესამე ცილინდრში აღინიშნება აფეთქების ციკლის გამოტოვება, მეორე ცილინდრში მაღალი კომპრესია, შემშვები კორექტორის დროსსელის არასწორი მუშაობა ძაბვის ვარდნის გამო. ძრავის ვიზუალური დათვალიერებით ნათლად ჩანს წარსულში სარემონტო სამუშაოების კვლები. ელექტროსადენების კუსტარულად გადაბმის ადგილები და გამანაწილებელი ლილვებისა და ძრავის სახურავებზე ჭარბი საიზოლაციო პასტის მოხმარება. ასევე მოხდა ძრავის სარევიზიო გაშვება, რა დროსაც ძრავი მუშაობდა არათანაბარ ბრუნზე და გამოსცემდა მეტალის ურთიერთკონტაქტისთვის დამახასიათებელ ხმას, რომელიც მატულობდა ძრავის ბრუნთა რიცხვის მატებასთან ერთად. ამდენად, ძრავი გამოსულია მწყობრიდან და მისი წარმოდგენილი სახით ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის;
6.16. შემკვეთმა 2023 წლის 3 აგვისტოს №8837 წერილით მიმართა მენარდეს და ერთი მხრივ, ამცნო სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის შესახებ (რომელიც მოგვიანებით გაეგზავნა 28.09.2023 წ.-ს №11015 მიმართვით), მეორე მხრივ კი, მათ შორის არსებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის შეუსრულებლობის გამო (რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების - Skoda Octavia-ს (სახელმწიფო ნომრით .....) ძრავის შესაკეთებლად არაერთი უშედეგო მომსახურების გაწევაში, რის შედეგადაც ძრავი კვლავაც გაუმართავი დარჩა) მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯის - 4 756.40 ლარის უკან დაბრუნება;
6.17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მენარდის სასარგებლოდ, ავტომანქანის მიმდინარე რემონტის ხარჯის (მიმდინარე წლის ხარჯის) დასაფარად, 14.11.2022 წ.-ს №08717 საგადახდო მოთხოვნის (მოთხოვნის საფუძველი - ანგარიშფაქტურა - ეა-76 3449423_11/11/2022) საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული იქნა 14 697.03 ლარი.
6.18. მენარდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შესრულებული აქვს ჯეროვნად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავა წარმოშობილია ხელშეკრულებით მიმწოდებლის (მენარდის) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემკვეთის ბალანსზე რიცხულ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ავტომობილთან მიმართებით არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მხარეთა არაერთგვაროვანი მოსაზრებებიდან. მოსარჩელის პრეტენზიის თანახმად, აღნიშნული ავტომობილის ძრავის მრავალჯერ შეკეთების მიუხედავად, იგი კვლავ გაუმართავი და საექსპლუატაციოდ უვარგისია, რაც მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების მე-5 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე მეტყველებს. მოპასუხე კი ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ 2022 წლის 6 ივნისის მომსახურებასა და შემდგომ პერიოდში გაწეულ მომსახურებებს შორის კავშირი არ არსებობს (ანუ შემდგომი პერიოდის დაზიანებები 06.06.2022 წ.-ს გაწეული მომსახურებიდან თუ შეცვლილი ავტონაწილებიდან არ გამომდინარეობს). ამასთანავე, მის მიერ წარდგენილია ფაქტობრივად მომსახურების ვადის ამოწურვის (31.12.2022 წ.-მდე) ბოლო პერიოდში - 24.11.2022 წ.-ს გაწეული მომსახურების შესახებ აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ იმ მომენტისათვის სადავო ავტომობილს არანაირი ძრავის დაზიანება არ აღენიშნებოდა და ამ საკითხზე არც მოსარჩელის მხრიდან არის რაიმე პრეტენზია დაფიქსირებული - აქტი, ყოველგვარი შენიშვნის გარეშე, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
8. შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს აქტიდან და მოპასუხის 2022 წლის 20 ივნისის წერილიდან დგინდება, რომ 2022 წლის 6 ივნისს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა უმეტესწილად ძრავთან დაკავშირებული სამუშაოები, მათ შორის, აღმოიფხვრა ძრავის თავაკის დაზიანებაც. გამართულ მდგომარეობაში მოყვანილი ავტომობილი გადაეცა შესაბამის სუბიექტს 2022 წლის 07 ივნისს, თუმცა იგი უკან დაბრუნდა მეორე დღესვე გაუმართაობის გამო. გაუმართაობის მიზეზი დადგინდა მოპასუხის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად, რა დროსაც გაირკვა, რომ მწყობრიდან იყო გამოსული ძრავის ზეთის ტუმბო, რამაც გამოიწვია ძრავის ღერძის დაზიანება. უნდა აღინიშნოს, რომ ძრავის ზეთის ტუმბო ან/და ძრავის ღერძი არ არის მოხსენიებული 2022 წლის 6 ივნისის შესრულებული სამუშაოს აქტში მოცემულ ჩამონათვალში. სასამართლოსთვის კი სრულიად უცნობია როდის წარმოიშვა ან რას შეიძლება გამოეწვია ფაქტობრივად ხელახლა აწყობილ ძრავაში აღნიშნული დეტალების დაზიანება. ამდენად, მართალია მითითებულ საკითხთა ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წარმოადგენდა უკვე 2022 წლის 8 ივნისს წარმოშობილი პრობლემა მენარდის მიერ ამავე წლის 6 ივნისს მომსახურების არაჯეროვნად გაწევის შედეგს, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დაზიანების ხარჯებზე პასუხისმგებლობა თავად მიმწოდებელმა აიღო, რაც როგორც წერილის შინაარსიდან გამომდინარეობს, განპირობებული იყო არა 2022 წლის 6 ივნისის მომსახურების არაჯეროვანების ფაქტის აღიარებით, არამედ - ძრავის სირთულის და სიფაქიზის გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვის ობიექტურად შეუძლებლობით. აღნიშნულის შემდგომ, როგორც მხარეთა თუ მოწმეთა განმარტებებიდან დგინდება, იმავე ავტომობილის დაზიანების ფაქტს კვლავაც ჰქონდა ადგილი ივლისის თვეში, რომლის აღმოფხვრის სამუშაოებიც 2022 წლის 26 ივლისს უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო 12 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულება - ელექტრონული ფოსტის მიმოწერები, იმდენად ზედაპირულია, რომ რთულია მის საფუძველზე რაიმე დაზიანების თაობაზე დასკვნის გამოტანა. მეორე მხრივ, მხარეთა სავარაუდო წარმომადგენლები კი უთითებენ ძრავის დაზიანებაზე, მაგრამ ნათელია, რომ ძრავა უამრავი დეტალისაგან შედგება და მხოლოდ ამგვარი მითითება უშუალოდ პრობლემის იდენტიფიცირებისთვის გამოუსადეგარია. ასევე ბუნდოვანია ხელშეკრულების პირობების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესისამებრ განხორციელებული დათვალიერების შედეგად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რა დაზიანებები/საჭიროებები აღმოაჩნდა სადავო ავტომობილს და რა სახის სამუშაოები ჩაუტარდა (ან/და ჩაუტარდა თუ არა საერთოდ), რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტომობილის პერიოდულ დაზიანებათა შორის ურთიერთკავშირის დასადგენად.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმავე ავტომობილთან დაკავშირებით მომსახურების მისაღებად შემსყიდველმა კვლავ მიმართა მიმწოდებელს 2022 წლის 30 აგვისტოს, თუმცა, მიმწოდებლის 2022 წლის 1 სექტემბრის №M/22/64 წერილშია აღნიშნული, შეკეთების საჭიროება გამოწვეული იყო სხვა დაზიანებით - კერძოდ, ფეჩის ტუმბოსა და ტურბოს ელექტროობის პრობლემით. რაიმე სახის, თუნდაც განმარტებითი ხასიათის დოკუმენტი, ე.წ. „ფეჩის“ ტუმბოსა თუ ტურბოს ელექტროობის დაზიანებასა და ზემოაღნიშნულ ძრავის დაზიანებებს შორის კავშირის არსებობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლო კი ობიექტური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას კვლავ მოკლებულია, რადგან ეს ტექნიკური საკითხები მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ პირობითად, ავტომობილის ფუნქციონირება სრულებით დამოკიდებულია ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე, მაგრამ ფეჩის ტუმბოსა თუ ტურბოს ელექტროობის დაზიანება რა საფუძვლით უნდა იქნას გაიგივებული ძრავის დაზიანებასთან, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია. შესაძლოა არსებობდეს ამის ალბათობა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება იმისათვის, რომ ამ ალბათობის რეალობასთან შესაბამისობის მიმართ სასამართლოს შეექმნას ურყევი შინაგანი რწმენა. ესეც რომ არა, ისევ და ისევ არ დასტურდება, რომ წინა პერიოდებში ძრავასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები რაიმე კუთხით მაინც უკავშირდებოდა „ფეჩის“ ტუმბოსა და ტურბოს ელექტრულ სისტემას, რომელთა დაზიანებაც სწორედ წინა პერიოდში გაწეული უხარისხო მომსახურების შედეგად იქნა გამოწვეული.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილია მიმწოდებლის 2023 წლის 10 თებერვლის წერილი რომლის თანახმად, იმავე ავტომობილს შეეცვალა გამანაწილებელი ლილვი (ე.წ. რასპრედვალი), თუმცა მისი შინაარსიდან არ დგინდება კონკრეტულად რა პერიოდში გაწეულ მომსახურებას შეეხება. ამ კუთხით, მოვლენათა დროში იდენტიფიცირებისთვის, სასამართლოს ხელთ მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებაა, რომელიც შესაგებელში აღნიშნავს, რომ 2023 წლის 10 თებერვლის წერილი შეეხება 2022 წლის 30 აგვისტოს გაწეულ მომსახურებას. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ გამანაწილებელი ლილვის (ე.წ. რასპრედვალი) შეცვლა მოხდა 2022 წლის 6 ივნისსაც, მაგრამ ეს ყოველივე არ იძლევა ავტომატურად იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მითითებული დეტალის შეცვლის საჭიროება მენარდის მიერ 2022 წლის 6 ივნისს არაჯეროვანი (უხარისხო) მომსახურების გაწევის გამო წარმოიშვა განმეორებით (მით უმეტეს იმ პირობებში, როცა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის მიხედვით, ავტომობილს სავარაუდოდ ერთზე მეტი გამანაწილებელი ლილვი გააჩნია). აღნიშნულის შემდგომ მოპასუხისადმი მიმართვის ფაქტი აღარ ფიქსირდება 2022 წლის 24 ნოემბრამდე, რა დროსაც კომპანიის მიერ გაწეული იქნა მხოლოდ ელექტროსისტემების კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და მთავარი ძაბვის ელ.აღდგენის მომსახურება, რომლის თაობაზე შედგენილი აქტიც ხელმოწერილია ორივე მხარის წარმომადგენლების მიერ და არანაირი პრეტენზია ძრავის გამართულობასთან მიმართებაში დაფიქსირებული არ არის.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ნამდვილად დგინდება 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი, რის გამოც მისი ექსპლუატაცია მიზანშეუწონელია, მაგრამ ექსპერტიზისთვის დასმული კითხვა მოიცავდა ძრავის ტექნიკური მდგომარეობის დადგენას და არა ძრავის დაზიანების მიზეზების გამორკვევას. უფრო კონკრეტულად, ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია ძრავის როგორც ვიზუალური მდგომარეობა, ისე გამოსადეგობა, მაგრამ მისი მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი აპრიორი არ იძლევა შესაძლებლობას მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების თაობაზე დასკვნის გამოსატანად. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სატრანსპორტო საშუალება არც თუ ისე ახალია (გამოშვების წელი - 2013), შესაბამისად, კითხვები ჩნდება ზოგადად მის საექსპლუატაციო რესურსთან და ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებებიდან გამოკვეთილ, ამ რესურსის მეტ-ნაკლებად შესანარჩუნებლად ფაქტობრივად თვითნებური გადაწყვეტილებით ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებითაც. ასევე შეუძლებელია იმის დადგენაც, რომ მაგალითად, ელექტროსადენების კუსტარული გადაბმა თუ გამანაწილებელ ლილვებსა და ძრავის სახურავზე ჭარბი საიზოლაციო პასტის მოხმარება (ისევე როგორც დასკვნაში მითითებული ნებისმიერი სხვა პრობლემა) კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასთან არის რაიმე კავშირში.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2023 წლის თებერვლისათვის კი ავტომობილის მდგომარეობა შესაძლოა სრულიად შეცვლილი იყოს ექსპლუატაციის (ასევე, თვითნებურად ან სხვა სერვისცენტრში შეკეთების დაშვების) გამო, მით უმეტეს, იმ ავტომობილისა, რომელიც, როგორც მოსარჩელე მხარე თუ მოწმეები ადასტურებენ, ჩვეულებრივ აქტიურ ექსპლუატაციას განიცდიდა და მათ შორის, გამოიყენებოდა შორ მანძილზე გადასაადგილებლადაც. ამავეზე მეტყველებს 2022 წლის 6 ივნისის აქტსა და 2022 წლის 24 ნოემბრის აქტში გარბენის შესახებ მითითებულ მონაცემებს შორის დაახლოებით 13 000 კმ.-იანი სხვაობაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზეც კი, ობიექტურად შეუძლებელია, ერთი მხრივ, კომპანიის მიერ 2022 წლის 06 ივნისიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების (ან/და გამოყენებული დეტალების) უხარისხობისა და არაეფექტურობის, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მომსახურებებსა თუ თითოეული მიმართვისას არსებულ პრობლემათა შორის რაიმე კავშირის დადგენა. ამ კავშირის დადგენა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელია თავად სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს თავდაპირველად (ე.ი. 06.06.2022 წ.) გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას როგორც თავდაპირველი, ისე შემდგომ პერიოდში გაწეული მომსახურების არაეფექტურობისა და უშედეგობის გამო - ფაქტობრივად, იგი 06.06.2022 წ.-დან 30.08.2022 წ.-ს ჩათვლით პერიოდში მოპასუხის მიერ განხორციელებულ პრეზუმირებულად დამოუკიდებელ შესრულებებს ერთიანობაში განიხილავს და აფასებს. ამგვარი კავშირის დაუდგენლობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავს მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევას, როგორც ამაზე აპელირებს მოსარჩელე მხარე. აღნიშნულ სახელშეკრულებო ნორმათა შინაარსი, ისევე როგორც ზოგადად გარანტიის არსი, ცხადყოფს, რომ საგარანტიო პირობები ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც იგივე ან ახალი სახის დაზიანება გამოწვეული არის მიმწოდებლის (მენარდის) მიერ ნაკლიანი შესრულების შედეგად - მაგალითად, ან შესრულებული სამუშაო არ არის სრულყოფილი და გამოვლინდა დეფექტი, ან დეფექტური ნაწილი იქნა გამოყენებული, ან შესრულებული სამუშაოს ან/და გამოყენებული დეფექტური დეტალის გამო წარმოიშვა სხვა სათადარიგო ნაწილის შეცვლის/შეკეთების საჭიროება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი კავშირის დადგენის შეუძლებლობის პირობებში კი, მენარდის, როგორც მოვალის (მიმწოდებლის, მენარდის) კეთილსინდისიერებაში და სახელშეკრულებო ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
15.1. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალება არც თუ ისე ახალია და კითხვები გაუჩნდა მის საექსპლუატაციო რესურსთან და ასევე, ამ რესურსის მეტ-ნაკლებად შესანარჩუნებლად ფაქტობრივად თვითნებური გადაწყვეტილებით ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მნიშვნელოვანი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული. მოცემულ შემთხვევაში, ჯეროვან შესრულებად ჩაითვლებოდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების განუხრელი შესრულება და შესაბამის ხარისხის მომსახურების გაწევის შედეგად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემსყიდველისათვის გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში. მოცემულ დავაში, შემკვეთის პრეტენზია მიმწოდებლის მიმართ არის ის, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხარისხიანად, ისე რომ აღმოფხვრილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით არსებული ყველა ხარვეზი, ანუ, ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა მოსულიყო მწყობრში და, ამავდროულად, მას ეს უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
15.2. წინამდებარე საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ცალსახა ხდება, რომ ერთი და იმავე მანქანასთან დაკავშირებით კომპანიამ მომსახურება გაწია რამდენჯერმე, დროის მცირე ინტერვალის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში არ იქნა მიღებული კვალიფიციური და სათანადო მომსახურება. აღნიშნულმა შედეგად გამოიწვია დროის რესურსის ხარჯვა, ავტომანქანა ვერ იქნა გამოყენებული იუსტიციის სამინისტროს მიერ და ის დღესაც გაჩერებულია. იუსტიციის სამინისტროს მიერ მხოლოდ ამ ერთ მანქანასთან დაკავშირებით დაიხარჯა სამჯერ მეტი დრო, ვიდრე უნდა დახარჯულიყო მომსახურების ჯეროვანი შესრულების პირობებში. აღნიშნული, ერთი მხრივ, უკავშირდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცდენას, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულების შეფერხებას, რამდენადაც ყველა შემთხვევაში ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების გადანაწილება მოხდა სხვა დანიშნულების მქონე სხვა ავტოსატრანსპორტო საშულებებზე. ამასთან, ამ პირობებში იუსტიციის სამინისტროს მდგომარეობას აუარესებს ის გარემოებაც, რომ მას როგორც შემსყიდველს, ერთი კონკრეტული მიზნით გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულების მიღმა, როგორც წესი, სხვა პირისგან იმავე ტიპის მომსახურების მიღება არ შეუძლია, ის შებოჭილია საბიუჯეტო თანხების მხოლოდ ამ ერთი შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხარჯვის ვალდებულებით;
15.3. მიმწოდებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა მუდმივ პრობლემებს უქმნიდა სამინისტროს გამართულ, დროულ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და, უფრო მეტიც, სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა მუდმივად ქმნიდა მისთვის ზიანის მიყენების რეალურ საფრთხესაც, რადგან კომპანიაში დასაქმებული სპეციალისტები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების პრობლების ზუსტ დიაგნოსტირებას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას, რაც შეკეთებისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, აფერხებდა სამინისტროს მიერ შესაბამისი მოქმედებების და დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება განკუთვნილი იყო იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა მაგალითად, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა, ან სხვა ფუნქციების შესრულება, რა დროსაც საჭირო ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით დროული გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობა პირდაპირ კავშირშია იუსტიციის სამინისტროს მიერ მასზე დებულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან;
15.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად შეაფასა საქმეში არსებული, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები. საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელბმა მიუთითეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც გამოწვეული იქნა ავტომობილის შეკეთების დროში გაწელილმა პროცესმა, აღწერეს ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გაუმართავი ავტომობილის მოხმარებას. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ შეკეთების შემდეგ ავტომობილი უფრო უარეს მდგომარეობაში იყო ვიდრე შეკეთებამდე, რაც იკვეთებოდა მისი პრაქტიკული მოხმარებისას. სერვის ცენტრიდან გამოყვანილი მცირე ხანში ისევ გამოდიოდა მწყობრიდან, ჩერდებოდა გზაზე მოძრაობისას, გამოსცემდა მკვეთრ ხმას, ღვრიდა მოტორის ზეთს და სამინისტროს თანამშრომლებს უწევდათ დიდი ძალისხმევა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის კვლავ სერვის ცენტრში მიყვანისათვის. აღნიშნულს კი, თან სდევდა ტექნიკური ჯგუფისათვის კვლავ დამატებით ვადის მიცემა პრობლემის გამოსწორებისათვის და დაუსრულებელი მოლოდინი. საბოლოოდ კი პრობლემა მაინც რჩებოდა მოუგვარებელი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ავტომობილის საექსპლუატაციო რესურსთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული და სათანადო ხარისხით შეკეთებული ძრავი მუშაობს ისევ როგორც იმუშავებდა ახალი ძრავი და მიუხედავად გარბენის ოდენობისა შეუფერხებლად გადაადგილებას ექვემდებარება საქმის განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა მოიყვანეს ისეთი შემთხვევების მაგალითები, როდესაც 500 000 გარბენის შემთხვევაშიც კი ავტომობილი ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაშია. ხოლო სადავო ავტომობილს მისი გამოშვების თარიღის მიუხედავად (2013 წელი), არ ჰქონია დიდი გარბენი;
15.5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ავტომობილს 2022 წლის 06 ივლისიდან 2022 წლის 24 ნოემბრამდე დაუფიქსირდა გარბენი 13 000 კმ ოდენობით. მოცემულ პერიოდში, ავტომობილით სარგებლობდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი და ლოგიკურად მას უწევდა გარკვეული მანძილის გავლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა, როგორც საქმის მასალები მოწმობს და პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, სერვის ცენტრიდან გამოყვანის შემდეგაც ავტომობილი არ იყო სრულყოფილად გამართული. შესაბამისად, ის რომ 2023 წლის 6 ივნისის შემდეგ ავტომობილს დაუფიქსირდა გარბენი 13 000 კმ-ის ოდენობით, სულაც არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძრავი შეკეთდა და ამ ოდენობის გარბენის არსებობის პირობებშიც კი, ავტომობილი შეფერხებების გარეშე ფუნქციონირებდა. ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2022 წლის 20 იანვრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს კონკრეტულ დათქმას კილომეტრაჟის რაოდენობის შესახებ, რომლის გავლის შემდეგაც ძრავა ითვლება შეკეთებულად, ხოლო ხელშეკრულება შესრულებულად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლოს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლო და აბსურდულია. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში სათანადო ყურადღება უნდა გაემახვილებინა არა ავტომობილის გარბენზე, არამედ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტზე, რომელშიც მითითებულია, რომ თითოეულ მომსახურებას გააჩნია გარანტია. დასახელებულ მუხლში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე გარანტია ხელშეკრულებამ განსაზღვრა 1 წლის პერიოდით, რაც გულისხმობს 1 წლის განმავლობაში ავტომობილის ძრავის შეუფერხებელ მუშაობას, ხოლო პრობლების შემთხვევაში მის დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევში კი, არა თუ ერთი წლის გარანტიამ იმოქმედა, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში ავტომობილი რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან; ამდენად, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ძრავის ფუნქციონირებისათვის გარანტიის 1 (ერთი) წლიან ვადაზე და არ შეთანხმებულან შეკეთებული ავტომობილის გარბენის კონკრეტულ ოდენობაზე, შესაბამისად ძრავის შეკეთების მოთხოვნის უფლება სამინისტროს გააჩნია მიუხედავად გარბენის ოდენობისა. როგორც საქმის მასალებით ცნობილია „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 20 მარტის დასკვნა ადასტურებს ფაქტს, რომ ის კონკრეტული პრობლემა რითაც შევიდა სერვის ცენტრში ავტომობილი, საბოლოოდ არ აღმოფხვრილა;
15.6. სააპელაციო სასამართლომ მის მიერ მიღებული განჩინებით ფაქტიურად ეჭვქვეშ დააყენა ექსპერტის კომპეტენტური დასკვნა, რომელშიც ცალსახად აღნიშნულია, რომ ძრავი არ არის შეკეთებული და შესაბამისად ავტომობილი არის ექსპლუატაციისათვის უვარგის მდგომარეობაში. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშულია შემდეგი: კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ მწყობრიდან გამოსულია საწვავის წნევის მარეგულირებელი სენსორები, ძრავის ზეთის ტუმბოს რედუქციული სარქველი, მესამე ცილინდრში აღინიშნება აფეთქების ციკლის გამოტოვება, მეორე ცილინდრში მაღალი კომპრესია, შემშვები კორექტორის დროსსელის არასწორი მუშაობა ძაბვის ვარდნის გამო. ძრავის ვიზუალური დათვალიერებით ნათლად ჩანს სარემონტო სამუშაოების კვალი. ელექტროსადენების კუსტარულად გადაბმის ადგილები და გამანაწილებელი ლილვისა და ძრავის სახურავების ჭარბი საიზოლაციო პასტის მოხმარება. ასევე, მოხდა ძრავის სარეზერვო გაშვება, რა დროსაც ძრავი მუშაობდა არათანაბარ ბრუნზე და გამოსცემდა მეტალის ურთიერთკონტაქტისთვის დამახასიათებელ ხმას, რომელიც მატულობდა ძრავის ბრუნთა რიცხვის მატებასთან ერთად. დასასრულს კი ექსპერტი აკეთებს კატეგორიულ დასკვნას, რომ მწყობრიდან გამოსულია ძრავი და მისი ექსპლუატაცია ვერ მოხდებოდა;
15.7. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში, ასევე ვარაუდობს თვითნებური მომსახურეობის ჩატარებაზე სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ძრავის ტექნიკური გაუმართაობა. სასამართლოს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ლოგიკურად და ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, სურათი ასეთია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ტექნიკური მომსახურეობის ხელშეკურლბის მოქმედების პირობებში სხვა ობიექტისგან სამინისტრო მომსახურეობას ვერ განახორციელებდა. თვითნებური მომსახურეობის მიღების თაობაზე, საქმეში არავითარი ინფორმაცია და მტკიცებულება არ მოიპოვება, მისი ბუნებაში არარსებობის გამო. ამასთან, სხვა ობიექტისგან მომსახურეობის მიღება ბუნებრივია ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც სახელმწიფო ბალანსზე მყოფ ავტომობილთან დაკავშირებით ვერ გაიღებს მისი მოსარგებლე პირი, იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც არსებობდა სპეციალური მომსახურეობის ხელშეკრულება და რაზედაც სამინისტრო იხდის სოლიდურ თანხას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოშველიებული ეს არგუმენტი თვითნებური მომსახურეობის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებებაზე უნდა ყოფილიყო დამყარებული და არა ბუნდოვან ვარაუდებზე დაფუძნებული;
15.8. უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი შედეგის დადგომაში ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ მონაწილეობს ელექტროობის პრობლემა. ზოგადად შესაძლოა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ძრავის გარდა სხვა დამატებითი (თუნდაც ელექტროობის) პრობლემაც გამოვლენილიყო, მაგრამ კონკრეტულ შემთვევაში, ექპეტრიზის დასკვნა ცალსახად და კატეგორიულად მიუთითებს, რომ საბოლოოდ ავტომობილი ექსპლუატაციისათვის უვარგისი გახდა არა ელექტროობასთან, არამედ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო. მოსარჩელე იუსტიციის სამინისტრო სარჩელით ითხოვდა არა ელექტროობის პრობლემიდან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, არამედ სადავოდ ხდიდა ძრავის შეუკეთებლობის შედეგებს, რაც არ არის ურთიერთზეგავლენის მქონე. სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნა სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა ძრავის გაუმართაობის გამო;
15.9. როდესაც დადგა ავტომობილის ძრავის შეკეთების საჭიროება, არსებობდა ორი შესაძლებლობა, პირველი ის, რომ არსებული ძრავა შეცვლილიყო აწყობილი და გამართული მეორადი ძრავით და მეორე შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო დაზიანებული ძრავის შეკეთება. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა სამინისტროს წარმომადგენლებს მისცა გარანტია, რომ არსებული ძრავი შეკეთებას ექვემდებარებოდა და არ იდგა ძრავის გამოცვლის საჭიროება. საქმეში არსებული წერილობითი მიმოწერა ადასტურებს სერვის ცენტრის წარმომადგენლების მხრიდან ძრავის შეკეთების თაობაზე გარანტიის მიცემის ფაქტს. ოფიციალური მიმოწერიდან ჩანდა დაპირება, რომ ავტომობილი სამინისტროს გამართულ მდგომარეობაში გადაეცემოდა. გარდა წერილობითისა, ასევე, იყო უამრავი ზეპირი და სატელეფონო კომუნიკაცია. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამინისტრო დიდი მოთმინებით ეკიდებოდა ავტომობილის შეკეთების დროში გაწელილ პროცესს;
15.10. ვინაიდან მიმწოდებლის წარმომადგენლებმა გარანტიის მიცემით განაცხადეს, რომ დაზიანებული ძრავა ექვემდებარებოდა შეკეთებას, შესაბამისად, უნდა მომხდარიყო პრობლემის სწორი დიაგნოსტირება სასურველი შედეგის მისაღწევად. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება, ხომ სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის არსებობის შემთხვევაში, სერვისცენტრის მომსახურება ყოფილიყო დროული, ხარისხიანი და შედეგიანი. ამის საპირისპიროდ კი სახეზე მივიღეთ, მხოლოდ უშედეგოდ გადახდილი სოლიდური თანხა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღების მიღმა დატოვა ზემოაღნიშნული გარემოებები;
15.11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ავტომობილის ცალკეული ნაწილების (ძრავის ზეთის ტუმბო და ძრავის ღერძი) გამოცვლის საკითხზე, დაინტერესდა თუ რატომ არ არის მოხსენიებული დასახელელებული ნაწილები 06.06.2022 წლის აქტში მოცემულ ჩამონათვალში. სასამართლო ასევე, დაინტერესდა ე.წ. „ფეჩის“ ტუმბოსა და ტურბოს ელექტროობის დაზიანებასა და ზემოაღნიშნულ ძრავის დაზიანებებს შორის კავშირის არსებობის საკითხზე. დასასრულს კი აღნიშნა, რომ სამინისტროს მენარდის მხრიდან გაეწია სათანადო მომსახურეობა. რეალურად სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რადგან ასეთი და მსგავსი ტექნიკური საკითხები მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. ხოლო სპეცილისტის (ექსპერტის) ობიექტური და ნათელი დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები წარდგენილია საქმის მასალებში, რომლებსაც სასამართლომ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება;
15.12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ კუთხით 2023 წლის 28 სექტემბრის Nას-553-2023 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ როდესაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი ავტომობილების შეკეთების მომსახურება, აღნიშნული სამსახურის მიმართ არსებული მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში კი, საგულისხმოა, რომ კომპანია სახელმწიფო ტენდერებში იღებდა მონაწილეობას და მისთვის ცნობილი იყო ის მნიშვნელობა რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტომობილებთან დაკავშირებულ საჯარო ინტერესს ეხება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისად, წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ.288).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 6 ივლისი 2018 წელი).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმევი პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია (იხ. სუსგ N ას-164-160-2016, 28 ივლისი 2016 წელი) .
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ. 343). ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნების რეალიზების მიზნით დებენ. ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები. აღნიშნული მოტივირებულია კონტინენტური სამართლის სისტემის კონცეფტუალური მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, მოწოდებულია გადაარჩინოს შეთანხმება და უზრუნველყოს მხარეთა ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის განხორციელება თვით მეორადი მოთხოვნის უფლებების სამართლებრივ რეჟიმში (იხ. დამატებით: ს.ჩაჩავა, მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, თბილისი, 2010, გვ.60).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნას. ამ დროს ადგილი აქვს ე.წ. „მოთხოვნათა გამომრიცხავ“ კონკურენციას. მოთხოვნათა გამომრიცხავი კონკურენცია სახეზეა, როდესაც ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ერთი მოთხოვნის განხორციელება უპირატესია. უპირატესობა ვლინდება ერთი მოთხოვნის განხორციელების ვალდებულებაში სხვა ნებისმიერთან მიმართებით. სანამ არ განხორციელდება ეს მოთხოვნა, უფლებამოსილი პირი ვერ გამოიყენებს სხვა მოთხოვნებს. ნარდობის ხელშეკრულებაში დამატებითი შესრულების მოთხოვნა სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებაში, როგორც წესი, უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა და გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნებს. ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას. ნარდობასთან მიმართებით, შემკვეთის დამატებითი შესრულების მოთხოვნა მენარდის მიმართ ვლინდება ან ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნაკეთობის უნაკლო შეცვლის მოთხოვნით. მათი სამართლებრივი შედეგი იდენტურია - შემკვეთი ღებულობს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს ანუ ნარდობის ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით ხელშეკრულების მიზანი, თუმცა დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნის რეალიზების შემდეგ, მაგრამ მაინც მიღწეულია. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდეგ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება.
27. წინამდებარე დავის ფარგლებში, მოსარჩელე მოითხოვს მენარდეს დაეკისროს 4 756.40 ლარის გადახდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო (საქმის მასალებით დგინდება, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის შესაკეთებელი ავტომობილის რემონტის ხარჯისათვის სულ გადარიცხული აქვს 14 697,03 ლარი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სსკ-ის 645-ე მუხლს ეფუძნება.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს წინამდებარე განჩინების 24-26 პუნქტებში მითითებული წინაპირობები არ დაუცავს, საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ შემკვეთმა მოითხოვა უპირატესად გამოსაყენებელი დამატებითი შესრულების უფლება და 2023 წლის 3 აგვისტოს N8837 წერილით მოითხოვა გაწეული ხარჯის უკან დაბრუნება. ასეც, რომ არ იყოს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მეორადი მოთხოვნების წარმოშობისათვის საჭიროა ნაკლიანი შესრულების დადასტურება.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 645-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
30. დასახელებული ნორმების შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია (იხ. სუსგ. №ას-1975-2018, 26 ივნისი 2020 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ შესაკეთებელი ავტომობილი მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაზიანებით შევიდა. მენარდემ თითოეულ შემთხვევაში შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ავტომობილი შეკეთების შემდგომ გადასცა შემკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს (იხ. წინამდებარე განჩინების 6.6-6.13). შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის შესრულება და ამასთან, არ უსარგებლია სსკ-ის 642-644 მუხლით გათვალისწინებული უფლებით.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
33. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი 2019 წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს (შემკვეთს) ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაადასტუროს მოპასუხის (მენარდის) მხრიდან ნაკლიანი შესრულება.
35. საკასაციო სსამართლო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. სუსგ № ას-344-2019, 12 თებერვალი 2021 წელი).
36. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, ხოლო კასატორს ამ გარემოების გამაქარწყლებელი დასაბუთება სასამართლოში არ წარმოუდგენია. კერძოდ, საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ზოგად განმარტებებს და სავარაუდო მიზეზობრივ კავშირებს კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასა და ავტომობილის შემდგომ დაზიანებებს, ასევე, ამ ავტომობილის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორის 15.11 პუნქტში აღნიშნული პრეტენზიის მხედველობაში მიღებით განმარტავს, რომ სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმის დასაბუთება, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ თავდაპირველად ძრავის არაჯეროვნად შეკეთებამ გამოიწვია შემდგომი დაზიანებები, რაც მოსარჩელემ წინამდებარე დავის განხილვისას ვერ დაძლია. ამ მხრივ საყურადღებოა, 2023 წლის 20 მარტის №001395723 ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არა ზიანის გამომწვევ მიზეზს ან მენარდის მიერ სამუშაოს არაჯეროვან შესრულებას, არამედ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასახავს. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ არ დასტურდება მოპასუხის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. შესაბამისად მოსარჩელის/კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება არ შეიძლება გახდეს საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ შეფასებას და დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც შესრულებული სამუშაოები შემკვეთის მიერ მიღებულია, მენარდის მიერ სადავო შესრულების შემდეგ ავტომობილი იყო ექსპლუატაციაში (დაახლოებით 5 თვე), არ დასტურდება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
38. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი/ საკასაციო საჩივარი შეიცავს ზოგად მითითებებს ზიანის ანაზღაურებაზე. კერძოდ, წინამდებარე საქმის ფარგლებში, მოსარჩელე სადავო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ასევე, ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა იქნეს გამიჯნული ერთის მხრივ, შესრულების ნაცვლად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც, როგორც წესი, ალტერნატიული მოთხოვნაა ხელშეკრულებიდან გასვლასა და ფასის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებით და, მეორეს მხრივ, ე.წ. ჩვეულებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად. ეს უკანასკნელი შესაძლებელია განხორციელდეს მათ შორის დამატებითი შესრულების მოთხოვნის პარალელურად. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისაგან განსხვავებით, ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც წესი, წარმოიშობა მხოლოდ კრედიტორის მიერ მოვალისათვის დამატებით განსზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მისი გამოყენების წინაპირობაა მეორად მოთხოვნათაგან უპირატესად გამოსაყენებელი, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლის მოთხოვნის უშედეგოდ განხორციელება (იხ. დამატებით: ს.ჩაჩავა, მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, თბილისი, 2010, გვ.60). შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ალტერნატიულ კონკურენციაშია დამატებითი შესრულების, ფასის შემცირებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნებთან. მყიდველის მიერ აღნიშნულ მოთხოვნათა შორის არჩევანის განხორციელება იწვევს ალტერნატიულ კონკურენციაში მყოფ სხვა დანარჩენ მოთხოვნათა გაქარწყლებას, ანუ ალტერნატიული კონკურენციის დასრულებას (იქვე. გვ.64).
40. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებად მივიჩნევთ, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
41. სსკ-ის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებელი აწესებს ოთხ კუმულატიურ პირობას: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). საგულისხმოა, რომ ზიანის კომპონენტის ქვეშ მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.
42. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, ისე ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის, აგრეთვე დამდგარ შედეგსა და ჩადენილ უმართლობას შორის მიზეზობრივი კავშირის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
43. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ქონებრივი დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთს არ მიუთითებია კონკრეტული მტკიცებულებების თაობაზე, რომლითაც უტყუარად და სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კასატორმა 4 756.40 ლარის ზიანი განიცადა. (მოსარჩელე აპელირებს მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოიხატა ხანგრძლივი დროის მანძილზე ავტომობილის მოცდენასა და სამინისტროს ფუნქციების შესრულების შეფერხებაში).
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-1899-2018, 16 მაისი, 2019 წელი; საქმე ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლი.
45. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე