Facebook Twitter

საქმე №ას-682-2025

08 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ს- ს.კ.ა–ი", თ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ჩ–ძემ (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს- ს.კ.ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

3. სასამართლოში სარჩელი ასევე აღძრა თ.ლ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან აპელანტი“) მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და დავალიანების გაქვითვის მოთხოვნით.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (1-ელი პუნქტი); პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. .......) კონკრეტული/გამიჯნული წილის, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2022წ. N005318822 დასკვნის დანართი N3-ად განსაზღვრული მე-6 სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისად, +23.30 ნიშნულზე, 2-3 ღერძებს და ბ-დ ღერძებს შორის მოქცეული 50 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრედ (ექსპერტიზის მითითებული დასკვნის დანართი N9 წითლად დაფერილი) (1.1 პუნქტი); პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ........) კონკრეტული/გამიჯნული წილის, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2022წ. N005318822 დასკვნის დანართი N4-ად განსაზღვრული მე-7 სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისად, +25.50 ნიშნულზე, 6-7 ღერძებსა და ა-ბ ღერძებს შორის მოქცეული 65 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრედ (ექსპერტიზის მითითებული დასკვნის დანართი N10 წითლად დაფერილი) (1.2 პუნქტი); პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. .......) კონკრეტული/გამიჯნული წილის, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2022წ. N005318822 დასკვნის დანართი N5-ად განსაზღვრული მე-8 სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისად, +28.80 ნიშნულზე, 7-6 და 5 ღერძებსა და ე-გ და ბ ღერძებს შორის მოქცეული 78 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრედ (ექსპერტიზის მითითებული დასკვნის დანართი N11 წითლად დაფერილი) (1.3 პუნქტი); მეორე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-3 პუნქტი).

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

- მხარეებმა თანხმობა განაცხადეს, სადავო ფართები მე-8 სართულზე განისაზღვროს მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს მორიგების აქტის შემადგენელ ნაწილს, კერძოდ: ა) მეორე მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 94 კვ.მ მე-8 სართულზე; ბ) პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 78 კვ.მ მე-8 სართულზე;

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ და არც სამომავლოდ ექნებოდათ;

- მხარეთა მორიგების საფუძვლით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, 1.3 და მე-3 პუნქტების ნაწილში და პირველი მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. …….) კონკრეტული/გამიჯნული წილის, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2022წ. N005318822 დასკვნის დანართი N5-ად განსაზღვრული მე-8 სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისად, +28.80 ნიშნულზე, 7-6 და 5 ღერძებსა და ე-გ და ბ ღერძებს შორის მოქცეული 78 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ბინის) (ექსპერტიზის მითითებული დასკვნის დანართი N11 წითლად დაფერილი) მესაკუთრედ ცნობას, ასევე, მეორე მოსარჩელის გაერთიანებულ სარჩელზე შეწყდა წარმოება.

9. ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე 2023 წლის 30 ოქტომბერსა და 2024 წლის 13 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცლები.

10. პირველმა მოსარჩელემ 2025 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

11. განმცხადებლის განმარტებით, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ის სამართლებრივი შედეგი, რა მიზანსაც აღნიშნული მორიგება ისახავდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი განაცხადა 04.07.2023წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების შესაბამისად პირველი მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, ......., მე-8 სართულზე მდებარე 78. კვ.მ-ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ქონების მესაკუთრე - მოპასუხე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რაც გამორიცხავდა მოვალის ქონების შემდგომ განკარგვას მოვალეთა რეესტრიდან მის ამორიცხვამდე;

პირველმა მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა სააგენტოს 26.12.2024წ. N295838 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21.4 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია მორიგების აქტის აღსრულება;

განმცხადებლის განმარტებით, მხარეთათვის ცნობილი რომ ყოფილიყო მოპასუხის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შემზღუდველი გარემოებები, მოსარჩელეთა მხრიდან მორიგების ნება არ იქნებოდა გამოხატული;

განმცხადებლის მითითებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2024წ. N295838 გადაწყვეტილებით, რომლითაც უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით პირველი მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ პირველი მოსარჩელის განცხადების არსებითად შეფასებამდე, უნდა გამორკვეულიყო, რამდენად იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობები, კერძოდ, სასამართლოსათვის შესაბამისი განცხადებით მომართვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დარღვეულია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც 22.01.2025წ. განცხადებაზე დართული მასალებიდან დგინდება, 18.08.2023 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა პირველმა მოსარჩელემ სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სართ. 8, ფართი 78 კვ.მ, ს.კ. ........), რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2023წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდებოდა, რომ განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების მესაკუთრე - მოპასუხე კომპანია რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194.3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21.4 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. ამდენად, განმცხადებელს ეცნობა, რომ სახეზე იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობა (წერილობითი მომართვა), აღნიშნულის წარუდგენლობის შემთხვევაში კი, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნებოდა ამ პირის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე.

15. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2024წ. N295838 გადაწყვეტილების (ამ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პირველი მოსარჩელის 25.11.2024წ. საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზე) მიღებამდე (რომელსაც განმცხადებელი უკავშირებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოსათვის წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლას) განმცხადებლისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2023წ. გადაწყვეტილებიდან უკვე ცნობილი იყო იმ გარემოებათა შესახებ (მოპასუხე მოვალეთა რეესტრში ირიცხებოდა), რომელსაც იგი უთითებდა და რომლის საფუძველზეც წარდგენილი განცხადებით მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობისათვის პირველი მოსარჩელისათვის ყველაზე გვიან ცნობილი უნდა ყოფილიყო 25.11.2024 წელს (რა დროსაც მან საჩივრით გაასაჩივრა წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 05.11.2024წ. გადაწყვეტილება), საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება კი სასამართლოში განმცხადებლის მიერ წარდგენილია 2025 წლის 22 იანვარს, ე.ი. კანონით დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარდგენილი განცხადება დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და განცხადების განხილვა მოითხოვა.

17. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. განმცხადებელს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლით განსაზღვრული განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა;

17.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების რეგისტრაციისათვის მხარეებმა 2023 წლის 18 აგვისტოს მიმართეს საჯარო რეესტრს, თუმცა იმავე წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრმა თავისი გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ მოპასუხე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში და რეგისტრაციისათვის მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობა/წერილობითი მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია შეჩერდებოდა მოპასუხის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე. შესაბამისად, პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მორიგების დამტკიცების შესახებ 04.07.2023წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, რაც აღსრულების ბიუროში წარადგინა. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 08.12.2023წ. წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით - აღესრულებინათ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები და პირველი მოსარჩელის საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ 78 კვ.მ ფართი. მიუხედავად აღნიშნულისა, 14.12.2023წ. N882023882747-09 გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ არ იყო აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი და უარი განაცხადა წარმოების განახლებაზე;

17.3. აღნიშნული პერიოდიდან 2024 წლის 05 ნოემბრამდე საჯარო რეესტრში, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, პირველმა მოსარჩელემ არაერთხელ წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, თუმცა 05.11.2024წ. N882023882747-15 გადაწყვეტილებით ამჯერადაც არ იქნა განახლებული შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოსარჩელემ 2024 წლის 25 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა ამ უკანასკნელმა 26.12.2024 წელს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21.4 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვა რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქონება გასხვისებულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილია სასამართლო/საარბიტრაჟო აქტი, რომელიც არ არის შედგენილი მხარეთა მორიგების შედეგად;

17.4. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2024წ. გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაცია წარმოადგენს მისი ქონების სხვა პირზე გადასვლის დამაბრკოლებელ გარემოებას, ასევე, დამატებით განიმარტა, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და არა მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინებით;

17.5. პირველ მოსარჩელეს მოლოდინი ჰქონდა, რომ საჯარო რეესტრის ზემდგომი ორგანო - ეროვნული სააგენტო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, ვინაიდან მიაჩნდა, რომ სასამართლოს განჩინებას მორიგების დამტკიცების შესახებ ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნდა და მისი აღსრულება სავალდებულო იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2024წ. გადაწყვეტილებით მისთვის საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ მოვალეთა რეესტრიდან მოპასუხის ამორიცხვამდე ზემოხსენებულ სასამართლო განჩინებას მორიგების დამტკიცების შესახებ არ გააჩნია იგივე ძალა, როგორიც სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, პირველი მოსარჩელისათვის სასამართლოს 04.07.2023წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2024 წლის 26 დეკემბრიდან;

17.6. პირველი მოსარჩელისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოს 04.07.2023წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების აღსრულების, კერძოდ, საკუთრებაში გადაცემული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შეუძლებლობის შესახებ, მორიგება არ შედგებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდებოდა მისი კუთვნილი ფართის ბედი. იგივე წესით განხორციელდებოდა რეგისტრაცია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირა მან მე-6 და მე-7 სართულზე განთავსებული ფართები, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ამ შემთხვევაშიც ირიცხებოდა მოვალეთა რეესტრში. დადგინდა, რომ მოვალეთა რეესტრში არსებობა არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და არა განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ. ეს ფაქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ახსნილ იქნა მხოლოდ პირველი მოსარჩელის მიერ 25.11.2024წ. წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული 26.12.2024წ. გადაწყვეტილებით. მანამდე ყველა გადაწყვეტილებაში სააგენტო რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად მიუთითებდა მხოლოდ მოვალეთა რეესტრში მოპასუხის რეგისტრაციაზე.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მორიგების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წინამდებარე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება; ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, იმავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

26. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განჩინებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევამდე სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი დასაშვებობა. განცხადების წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი ვადის დაცვით წარდგენაა.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ არ არის დაცული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ის სამართლებრივი შედეგი, რასაც მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგება ისახავდა მიზნად. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებელს უარი განუცხადა მორიგებით გათვალისწინებული უძრავი ქონების - ქ. თბილისში, ........, მე-8 სართულზე მდებარე 78 კვ.მ ფართის რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ქონების მესაკუთრე - მოპასუხე კომპანია რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში და ეს გარემოება გამორიცხავდა მოვალის ქონების შემდგომ განკარგვას მოვალეთა რეესტრიდან მის ამორიცხვამდე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების განახლების თაობაზე. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებელს აგრეთვე განემარტა, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და არა განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე. ეს გარემოება სააგენტოს მიერ ახსნილ იქნა მხოლოდ მითითებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მის მიერ დაცულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

29. კერძოდ, პირველი მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 22 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პირველმა მოსარჩელემ 2023 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო აქტის საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, .........., სართული 8, ფართი 78 კვ.მ, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 501); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს N882023882747-03 გადაწყვეტილებით აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1.“ა“ მუხლის შესაბამისად. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების მესაკუთრე - მოპასუხე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში და სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარსადგენი იყო: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობა (წერილობითი მიმართვა), ხოლო თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნებოდა აღნიშნული პირის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე. დასახელებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააგენტომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194.3 მუხლზე [სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა] და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21.4 მუხლზე [მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე].

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განმცხადებლისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს N882023882747-03 გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომლის საფუძველზეც იგი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი); კერძო საჩივარში განმცხადებელი თავად მიუთითებს, რომ 2024 წლის 05 ნოემბრამდე მან არაერთი დოკუმენტი წარადგინა საჯარო რეესტრში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია; საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 504), რაზეც ამ უკანასკნელმა 2024 წლის 25 ნოემბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი; თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 505-506). ამდენად, საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად პირველი მოსარჩელის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოების - მოპასუხის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისა და ამ საფუძვლით მორიგებით მიკუთვნებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეუძლებლობის შესახებ მისთვის ყველაზე გვიან ცნობილი უნდა ყოფილიყო სწორედ 2024 წლის 25 ნოემბრისათვის, წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.11.2024წ. გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის დროისათვის.

31. შესაბამისად, პირველ მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან ერთი თვის განმავლობაში შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით, თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადებით პირველმა მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2025 წლის 22 იანვარს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებაში (რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესახებ პირველი მოსარჩელის მიერ 18.08.2024წ. წარდგენილ განცხადებაზე) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194.3 მუხლი, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21.4 მუხლი, რომლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის ან სანივთო უფლებით/ვალდებულებით დატვირთვის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქონება გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სააღსრულებო დაწესებულებების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ან სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილია სასამართლო/საარბიტრაჟო აქტი, რომელიც არ არის შედგენილი მხარეთა მორიგების შედეგად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას მხოლოდ სააგენტოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით განემარტა იმ გარემოების შესახებ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ქონებაზე უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.

33. ამრიგად, ვინაიდან პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადება არ არის წარდგენილი აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ერთთვიან ვადაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა მისი განსახილველად დაშვების წინაპირობები, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე