Facebook Twitter

საქმე №ას-1108-2025

08 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ს–ვა (გ–ვა) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ი–ვი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ი–ვმა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მამა“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ს–ვას (გ–ვა) (შემდგომში - „მოპასუხე“, „დედა“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის - 2021 წლის 08 იანვარს დაბადებული ტ. გ–ვას (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“ ან „შვილი“) ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას - ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით წინამდებარე საქმის მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და დაევალა არასრულწლოვნის სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესწავლა, იმ გარემოების დადგენა - ინტეგრირებული არის თუ არა ბავშვი ახალ გარემოში, ფაქტობრივად ახორციელებდა თუ არა მოსარჩელე მეურვეობას ბავშვის მიმართ ბავშვის საქართველოში ჩამოსვლამდე და ხომ არ შეუქმნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს არასრულწლოვანს ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნება და დასკვნის/პოზიციის სასამართლოში წარდგენა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დადგინდა არასრულწლოვნის დაბრუნება მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას - ისრაელის სახელმწიფოში; საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში არასრულწლოვნის დაბრუნება დაევალა დედას - მოპასუხეს; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთმანეთი გაიცნეს 2020 წელს, ისრაელში. თანაცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ქალიშვილი - 2021 წლის 08 იანვარს დაბადებული ტ. გ–ვა (ს–ვა). არასრულწლოვნის მიმართ მამობა დადგენილი არ არის და რეგისტრირებულია მხოლოდ დედის მონაცემები, თუმცა მამობის ფაქტს ბავშვის დედა სადავოდ არ ხდის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-2, 61-64, 146, 250-254; ტ. 2, ს.ფ. 15-22, 37; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.2. არასრულწლოვანი 2023 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა ისრაელის სახელმწიფოში. ბავშვის ათი თვის ასაკამდე მხარეები ერთად ცხოვრობდნენ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-2, 61-64; ტ. 2, ს.ფ. 15-22, 37; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.3. მოპასუხემ 2022 წლის 05 დეკემბერს დახმარებისათვის მიმართა ისრაელის მშენებლობისა და განსახლების სამინისტროს დასახლების საკითხთა დეპარტამენტს. მან ორგანიზაციას აცნობა შემდეგი: მისი პარტნიორი ემუქრებოდა მოკვლით და შვილის გატაცებით; იგი შვილთან ერთად თავშესაფარში გაგზავნეს; თვე-ნახევარში დაბრუნდა თელ-ავივში და ისევ დატოვა სახლი ძალადობის გამო; რამდენიმე კვირა ქუჩაში იმყოფებოდა; ის სახლში დაბრუნდება მაშინ, როცა სახლს მისი პარტნიორი დატოვებს; გასულ წელს სასტიკი ქმედებები გაძლიერდა; მისი პარტნიორი გამუდმებით ძალადობდა ფიზიკურად და სცემდა; უთხრა, რომ „მუცელს გამოუფატრავდა“; მოპასუხე იძულებული გახდა გაქცეულიყო მეგობართან; პოლიციაში წარდგენილი იყო საჩივარი; დაცვის ორდერი არ იქნა გაცემული, რადგან ეშინია, რომ პარტნიორი დასჯის; პეტიციონერი წავიდა ბინიდან და არ დაბრუნდება, სანამ მისი პარტნიორი არ გადავა ბინიდან; პეტიციონერი მოკლებულია შემოსავალს; მან არ გამოხატა დაინტერესება თავშესაფარში/დროებით საცხოვრებელში განთავსების მიმართ; გაიცა პეტიციონერის დახმარების რეკომენდაცია ბინის დაქირავების, პროფესიული დასაქმების მხარდაჭერის და ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანის მიზნით; მას შემდეგ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 66-68);

7.4. თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით (მოსარჩელე - მოსარჩელე/მამა, მოპასუხე - მოპასუხე/დედა) სასამართლომ დაადგინა, რომ მამამ შვილი უნდა მოინახულოს კვირაში ერთხელ, 2 საათის განმავლობაში, კეშერის ორგანიზაციაში. დედას განესაზღვრა რამდენიმე დღე პასუხის წარსადგენად მამის შეთავაზებაზე, რომ ამ ეტაპზე მამა ქალიშვილს დის თანდასწრებით მოინახულებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 130);

7.5. მოპასუხემ 2023 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის მიმართ 2023 წლის იანვრიდან არასრულწლოვნის ფინანსური დახმარების - 3100 შეკელის, ბავშვის საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული მოვლის უზრუნველყოფისათვის; ასევე, არარეგულარული ხარჯების გადახდისა (ჯანმრთელობის დაზღვევა, ორთოდონტული და სტომატოლოგიური ხარჯები, სათვალეების მოხმარების, ფსიქოლოგის მომსახურების, გამოსასწორებელი განათლების, თერაპია, ქირურგია მედიკამენტები და ა.შ.) და არარეგულარული საგანმანათლებლო ხარჯების (სკოლის შემდგომი აქტივობები, კერძო გაკვეთილები, საზაფხულო ბანაკი, სკოლის ხარჯები, სასკოლო ექსკურსია ჰოლოკოსტის ადგილებში და ა.შ.) დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ სარჩელით ასევე მოითხოვა ბავშვის დახმარებისა და საცხოვრებელი ხარჯების გადახდა არასრულწლოვნის სავალდებულო სამხედრო სამსახურამდე ან/და სანამ არასრულწლოვანი არ გახდება 18 წლის, რომელიც უფრო გვიან დადგება, მოპასუხისათვის ბავშვის დახმარების 1/3-ის გადახდა არასრულწლოვნის სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე ან არასრულწლოვნის 20 წლის ასაკამდე, რომელიც უფრო გვიან დადგება. არასრულწლოვნისთვის გადახდილი ნებისმიერი თანხის გადარიცხვა დედისათვის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 131-136);

7.6. თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს (იაფა) 2023 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს დაევალათ მამობის ტესტის ჩატარება არასრულწლოვნის მიმართ მოსარჩელის მამობის დასადგენად. ამავე დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (სარჩელები ბინის ხარჯების დაფარვისა და მეურვეობის შესახებ) და დაადგინა, რომ მამა გადაუხდის დედას ბავშვის დახმარებას, როგორც დროებით დახმარებას მოთხოვნის შეტანის თარიღიდან 1000 შეკელის ოდენობით, ყოველი თვის მე-15 დღეს. მამა ასევე მონაწილეობას მიიღებს არასრულწლოვნის საცხოვრებელ ხარჯებში თვეში 800 შეკელის ოდენობით. მხარეებს თანაბარი ოდენობით ეკისრებათ საგანგებო სამედიცინო ხარჯები, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ აანაზღაურებს, გარდა ამისა, მხარეებს თანაბრად ეკისრებათ არასრულწლოვნის განათლების ხარჯები, როგორიცაა საბავშვო ბაღი, დღის ცენტრი, საზაფხულო ბანაკი, შუადღის ბავშვთა დაწესებულება და ა.შ. ეროვნული დაზღვევის ინსტიტუტის მიერ გაცემული დახმარება დაერიცხება დედას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 137-139);

7.7. მოპასუხემ 2023 წლის 31 ოქტომბერს, მოსარჩელის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანთან ერთად დატოვა ისრაელის ტერიტორია. ის ჩამოვიდა საქართველოში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-4, 61-64; ტ. 2, ს.ფ. 15-22; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.8. მოპასუხემ 2023 წლის 08 ნოემბერს თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს (იაფა) აცნობა, რომ ისრაელში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო მოუწია ქვეყნის დატოვება ქალიშვილთან ერთად, რადგან მისი შვილი, როგორც არასრულწლოვანი, განიცდის რაკეტის გამაფრთხილებელი სირენების ხმებს. მან 2023 წლის 31 ოქტომბერს დატოვა ქვეყანა ქალიშვილთან ერთად მხოლოდ დროებით. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანა დატოვა მხოლოდ დროებით, მხოლოდ ომის დროს საზღვარგარეთ ყოფნის მიზნით და მიზნად ისახავს უკან დაბრუნებას მის ქალიშვილთან ერთად დაუყოვნებლივ, როგორც კი ისრაელში ვითარება დასტაბილურდება. ის და მისი ქალიშვილი ვიდეო ზარების საშუალებით რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებენ ბავშვის მამასთან - მოსარჩელესთან. მოპასუხემ მოითხოვა მამობის ტესტის ჩატარების თარიღის გადანიშვნა, რომელიც ჩანიშნული იყო 2023 წლის 26 ნოემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 140);

7.9. მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ბავშვის ადგილსამყოფელი. მან მიმართა პოლიციას. ინტერპოლის დახმარებით დადგინდა, რომ მოპასუხე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. არასრულწლოვნის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე განაცხადი საქართველოს ცენტრალურ ორგანოში შევიდა 2024 წლის 18 მარტს, ხოლო არასრულწლოვნის საქართველოს ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის დადგენის პროცედურები მიმდინარეობდა 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში. 2024 წლის 24 ოქტომბერს სასამართლოში წარდგენილ იქნა მიმართვა ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-2, 123-129);

7.10. მოსარჩელემ 2023 წლის 08 ნოემბერს მიმართა ქალაქ თელ-ავივ იაფოს სასამართლოს, რათა დაედგინა, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის თანახმად, ბავშვი იყო გატაცებული.

მოპასუხემ 2023 წლის 26 ნოემბერს დაცვის მოთხოვნის წერილით მიმართა სასამართლოს, მიუთითა ქვეყნის დატოვების მიზეზებზე და განმარტა, რომ არ აპირებს ომის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ დარჩენას და აპირებს დაბრუნებას ისრაელში, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია გაუმჯობესდება.

თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით საქმის გარემოებების, მიმდინარე პროცესის ხასიათისა და მოპასუხის სახელით მისი ისრაელში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით პასუხის არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვნის ისრაელიდან გაყვანა და მისი სხვაგან გაჩერება განხორციელდა ჰააგის კონვენციის (გატაცებული ბავშვების დაბრუნება) დებულებების დარღვევით და არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს ისრაელში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 125-129, 141; ტ. 2, ს.ფ. 86-87);

7.11. ისრაელში სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული 19.09.2023წ. მოკვლევის მიხედვით, არასრულწლოვნის დედა არის დაახლოებით 38 წლის, განქორწინებული, არარელიგიური, ისრაელის მობინადრე და მოქალაქე. ამჟამად ცხოვრობს ქალიშვილთან, არასრულწლოვანთან ერთად საცხოვრებელ ერთეულში - ქფარ შალემში. მოპასუხე წარმოშობით ბელარუსიდანაა და მშობლების ერთადერთი ქალიშვილია. მისი თქმით, ისრაელში რეპატრიაციამდე ისწავლა ბაკალავრიატი აღმზრდელობითი ფსიქოლოგიის დარგში. მოპასუხემ 25 წლის ასაკში იქორწინა კ.გ–ზე, ისინი გაემგზავრნენ ისრაელში 2011 წლის სექტემბერში და დასახლდნენ რამათ განში. ერთი წლის თავზე, როდესაც შრომის ნებართვა მიიღო, დაიწყო მუშაობა მანიკურისა და სილამაზის დარგში. წყვილის ურთიერთობა კრიზისში შევიდა და მათ დაშორება გადაწყვიტეს. საბოლოო განქორწინება ძალაში შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხე უკვე ახალ ურთიერთობაში იყო მოსარჩელესთან და მასთან შეეძინა ქალიშვილი.

ბავშვის მამა - მოსარჩელე არის დაახლოებით 40 წლის, დასაქორწინებელი, არარელიგიური, ისრაელის მობინადრე და მოქალაქე. ამჟამად ცხოვრობს ცენტრალური გაჩერების უბანში (........ ქუჩა) „საბლეტის“ ბინაში მდგმურებთან ერთად. ამჟამად, მისი თქმით, დაკავებულია დისტრიბუციით და აქვს კერძო გაკვეთილები რეგისტრაციებში. ბოლო დროს დაამთავრა ბროკერობის კურსი და სურს ჩაერთოს ამ სფეროში. მოსარჩელე წარმოშობით აღმოსავლეთ რუსეთიდანაა, მისი მშობლები კორეული წარმოშობის არიან, ჰყავს მასზე უფროსი და. მოსარჩელე 1995 წელს გაემგზავრა ისრაელში დასთან, დედასთან და მამინაცვალთან ერთად. თელ-ავივის ცენტრში ტატუს ოსტატთა საქმეს შეუერთდა, იგი ხატავდა და ხატვის კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. იგი მიუთითებს ისრაელში მრავალმხრივ კავშირებზე მეგობრებთან, აქვს აგრეთვე კავშირი უფროს დასთან (გათხოვილია, ჰყავს ორი შვილი, ცხოვრობს რამათ ჰაშარონში), მამინაცვალთან (რომელსაც მამად მიიჩნევს). დედამისი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სატელეფონო კომუნიკაცია აქვს ბიოლოგიურ მამასთანაც, რომელიც ისრაელში არ ცხოვრობს.

მხარეები აღნიშნავენ, რომ ერთმანეთი გაიცნეს კლუბში, 2020 წელს. მოპასუხე მაშინ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა განქორწინების პროცესში იყო. 2020 წლის ბოლოს ამ კავშირმა თანაცხოვრების ხასიათი შეიძინა.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანს ორი თვე შეუსრულდა, ქირით გადავიდნენ ქ.შ–ში. ბინა მამამ გაარემონტა. როგორც მიუთითებენ, სირთულეებმაც მაშინ იჩინა თავი. დედა თავდადებით უვლიდა და ზრუნავდა ბავშვზე და პარალელურად სახლის საქმეებსაც ართმევდა თავს, მაგრამ გახშირდა მოსარჩელის სახლიდან გაუჩინარება და მსუბუქი ნარკოტიკებით გატაცება. მამა აგრეთვე მიუთითებს თავის მაქსიმალურ თავდადებაზე. პატარაზე ზრუნვას რაც შეეხება, იგი ზრუნავდა ასევე სახლზე ყველა ასპექტით, არჩენდა ოჯახს, ზრუნავდა სისუფთავეზე, სადილის მომზადებაზე, დედის სურვილების დაკმაყოფილებაზე, როცა დედა ჩვილით იყო დაკავებული.

მდგომარეობა მალე გაუარესდა და საქმე მივიდა ფიზიკურ და მორალურ ურთიერთძალადობამდე, სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, მუქარამდე, მათ შორის, მოკვლით დამუქრებამდე. მამა აცხადებს, რომ დედა მას ემუქრებოდა, რომ დატოვებდა ისრაელს ბავშვთან ერთად, რომ ბავშვი მას არ ცნობდა, მოითხოვდა მისგან უზრუნველეყო ყველა მატერიალური საჭიროება. დედა მიუთითებდა, რომ მამა მასზე ფიზიკურად და მორალურად ძალადობდა, ეუბნებოდა, რომ იზრუნებდა იმაზე, რომ მისთვის ბავშვი წაერთმია და თავად მას მოკვლით ემუქრებოდა. მშობლებმა ცადეს ზუმით გაევლოთ თანაცხოვრების მკურნალობის კურსი, თუმცა წარუმატებლად. დედა თავშესაფარში გადავიდა 2021 წლის დეკემბერში (არასრულწლოვანი 11 თვის იყო) და მოსარჩელესთან თანაცხოვრებას დაუბრუნდა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ (ქალი ამბობდა, რომ მოსარჩელესთან კავშირი აღადგინა, რადგან მამაკაცი გამოთქვამდა ცვლილებისა და ურთიერთობის გამოსწორების სურვილს). მას შემდეგ მათმა ურთიერთობამ პოზიტიური ხასიათი შეიძინა, თუმცა შემდგომ კვლავ აირია, რაც საბოლოოდ გაყრით დასრულდა. 2022 წლის ნოემბერში (არასრულწლოვანი დაახლოებით ორი წლისაა) ძალადობრივი სცენის შედეგად დედამ არასრულწლოვანთან ერთად სახლი დატოვა და საცხოვრებლად თავის მეგობართან (გოგოსთან) გადავიდა თელ-ავივს გარეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა თელ-ავივში.

დედამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს მიმართა სასამართლოს დაცვის ორდერის გაცემის თხოვნით. მისი თქმით, მოსარჩელეს შეხვდა სოციალური შეხვედრების ფორმატში და, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, იგი მიუახლოვდა და მას დაემუქრა.

დედის თქმით, დამცავი (შემაკავებელი) ორდერი არ გაცემულა, თუმცა მშობლებს მიეცათ მითითება დისტანცირების შესახებ. ბავშვის, თუნდაც ჩვილის, თვალწინ მშობელთა შორის ძალადობის ჩვენება ტრავმულ მოვლენას წარმოადგენს.

მამა ჩივის, რომ დედა ბოროტად იყენებს სოციალურ და სასამართლო მექანიზმებს და, ფაქტობრივად, უზღუდავს მას ბავშვთან კავშირს. დედა შიშობს, რომ ისე, როგორც მისი ცემა ჰქონდა მამას ჩვევად, ბავშვის ცემასაც არ მოერიდებოდა. დედა ამტკიცებს, რომ მამა მოიხმარდა ნარკოტიკებს წლების მანძილზე და გოგონას დაბადების წინ. დედა შიშობს, რომ როდესაც გოგონა გაიზრდება, მამა ემოციურ ზიანს მიაყენებს და დააქვეითებს გოგონას თვითშეფასებას. მამა კი შიშობს, რომ როდესაც გოგონა გაიზრდება, დედა მას ვერ შეეწყობა და უარს იტყვის შვილზე.

ორივე მშობელი შიშობს, რომ მხარეთაგან ერთ-ერთი არ მისცემს მეორე მხარეს ბავშვთან თავისუფლად კავშირში ყოფნის შესაძლებლობას.

არასრულწლოვნის ცხოვრების პირველ თვეებში მასზე ორივე მშობელი ზრუნავდა, როდესაც დედა იყო ცენტრალური მზრუნველი ფიგურა.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის მაისიდან მამა ბავშვს ხვდება კვირაში ერთხელ კავშირის კოორდინაციის ფარგლებში. დღემდე შედგა 14 შეხვედრა, საკონტაქტო ცენტრში. გოგონამ პირველივე წამიდან კომფორტულად იგრძნო თავი მამასთან ერთად. არასრულწლოვანი უზომოდ გახარებული, სიცილით მირბის მამისაკენ, მამა მას აიტაცებს, ეხუტება და იწყება მხიარულება. მამა თბილად, რბილად ემუსაიფება არასრულწლოვანს, დიდი სიყვარულით, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. დიდი ყურადღებით უსმენს გოგონას და ერთიანად ყურადღებადაა ქცეული. იმართება ერთობლივი და საამო საუბარი. გოგონასთვის ძალიან სასიამოვნოა მამის ზონაში ყოფნა. შეხვედრებზე მამას მუდამ მოაქვს ნაირგვარი ხილი, ნამცხვარი, რომელიც ყოველთვის სასიამოვნოდაა მირთმეული. ხშირად, გარკვეული დროის შემდეგ, საათი ან მეტი რომ გაივლის, გოგონა მიდის დედასთან, რომელიც საკონტაქტო ცენტრის ოთახში იცდის, იღებს დედის ფიზიკურ და ემოციურ ყურადღებას და მაშინვე ბრუნდება თავდაჯერებით.

მშობლებს შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, მიეცათ რეკომენდაცია მშობელთა გაყრაზე, მათ მაქსიმალურ დაშორებაზე, მოლოდინის პერიოდში თუ საკონტაქტო ცენტრით სარგებლობის ფარგლებში.

დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მამასთან ყოფნის ხანგრძლივობა თანდათან გაიზარდოს, იმ მგრძნობელობითა და ყურადღებით, რაც ორივე მშობლისთვისაა დამახასიათებელი. აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები, რომ, მამის ცნობით, მისი საცხოვრებელი ადგილი ჯერჯერობით ვერ არის მორგებული ბავშვის საჭიროებებს.

მხარეებს მიეცათ რეკომენდაციები: 1. გაფართოვდეს შეხვედრები დამატებით სამთვიანი პერიოდით, საკონტაქტო ცენტრში, კვირაში ორი დღე. ერთი შეხვედრა კვირაში შედგება საკონტაქტო ცენტრში და გასტანს ერთ საათს. მეორე შეხვედრაზე კვირაში საკონტაქტო ცენტრი გამოყენებული იქნება გარდამავალ საშუალებად. მამა შეძლებს გავიდეს ქალიშვილთან ერთად საათნახევრით. დაბრუნება მოხდება კვლავ საკონტაქტო ცენტრში; 2. მამის ოჯახის წევრები (მისი და და მამა) შეძლებენ პერიოდულად შეუერთდნენ აღნიშნულ შეხვედრას; 3. მამა საქმის კურსში ჩააყენებს სოც. მუშაკს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში და სოც. მუშაკი განახორციელებს ვიზიტს მასთან სახლში; 4. სოც. მუშაკს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები მიენიჭება ერთი წლით. იგი ანგარიშს ჩააბარებს სასამართლოს მამის ბავშვთან ყოფნის პერიოდისა და სამი თვით გახანგრძლივების შესახებ რეკომენდაციის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 154-158);

7.12. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 25.11.2024წ. დასკვნის თანახმად, ბავშვის მშობლის - მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ჩივილები, არ აღენიშნება ქრონიკული ან მწვავე დაავადება. დედის თქმით, ის წინააღმდეგია ბავშვს გაუკეთოს ასაკობრივი აცრები და მას დაბადებიდან არცერთი აცრა არ აქვს ჩატარებული. არასრულწლოვანი ლაღი და აქტიური ბავშვია. მოსაუბრესთან მარტივად დაამყარა კომუნიკაცია. ასაკის შესაბამისად დასმულ მარტივ შეკითხვებს ბავშვი ღიად პასუხობდა. ირკვევა, რომ ბავშვის ემოციური და გონებრივი განვითარება მისი ასაკის შესაბამისია. არასრულწლოვანი საუბრობს ერთსიტყვიანი წინადადებებით, სრულად ესმის საუბრის შინაარსი, ცნობს ფერებს. მას აქვს ასაკის შესაბამისი განმავითარებელი სათამაშოები. არასრულწლოვანი არ ირიცხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

არასრულწლოვნის ამჟამინდელ სოციალურ განვითარებაზე ზრუნავს დედა. მოპასუხემ 2023 წელს გადმოკვეთა ისრაელის საზღვარი და ბავშვთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვის სოციალურ განვითარებაზე ძირითადად თავად ზრუნავდა, რადგან იგი ერთი წლის იყო, როცა დაშორდა მოსარჩელეს და ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის დამოუკიდებლად აგვარებდა.

შეფასების პროცესში გაირკვა, რომ ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დედის მხრიდან დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საჭირო საკვები პროდუქტებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ასაკობრივი განვითარებისათვის საჭირო სათამაშოებით. ოჯახში დაცულია ბავშვის პირადი ჰიგიენა. დედა დღის მანძილზე აქტიურად ასეირნებს ბავშვს სკვერსა და გასართობ ადგილებში. მოპასუხე შვილის მიმართ აქტიურად გამოხატავს სითბოსა და მზრუნველობას. დედა მუდმივად ცდილობს შვილს მოუსმინოს და შესაბამისი ემოციური მხარდაჭერა გაუწიოს. თავის მხრივ, არასრულწლოვანს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს ჩამოყალიბებული დედის მიმართ, მუდმივად ეფერება, კოცნის და სითბოს გამოხატავს.

მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საქართველოში დაცულია ბავშვის უსაფრთხოება, იგი დღის მანძილზე თავს გრძნობს მშვიდად. საქართველოში ჩამოსვლამდე დედა-შვილი ისრაელში ცხოვრობდა. მოპასუხის თქმით, გასულ წელს ისრაელში დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები, მასიურად იბომბებოდა ქვეყანა და დედა-შვილი თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა. დედის თქმით, ბავშვს ჰქონდა მუდმივი შიში და მოლოდინი, თუ როდის დატოვებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას.

რაც შეეხება მამის ინფორმაციას, არასრულწლოვანი ისრაელში იზრდებოდა ორწელიწად-ნახევარი და, მისი თქმით, ისრაელში ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, ინტეგრირებული იყო სამეზობლოსა და სანათესაოში. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ისრაელში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ათასობით ბავშვი იზრდება ისრაელში და ეს არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი, რადგან ბავშვს ომის გამო უსაფრთხოების და შიშის განცდა არასდროს ჰქონია.

არასრულწლოვანი გონიერი და დამჯერი ბავშვია, შეძლებისდაგვარად ასრულებს დედის მითითებებს, შეუძლია მისი სათამაშოების დალაგება-მოწესრიგება. მოპასუხის თქმით, ცდილობს შვილთან ურთიერთობაში გამოიყენოს აღზრდის პოზიტიური მეთოდები და ახსნისა და მსჯელობის გზით დაამყაროს ბავშვთან სწორი კავშირი. არასრულწლოვანს ასაკის შესაბამისად მკვეთრად გამოხატული ინტერესები არ აქვს, თუმცა დედა მის ასაკობრივ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.

მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელის მხრიდან მუდმივად იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მან არაერთხელ მიმართა ისრაელის პოლიციას, თუმცა მოსარჩელის მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები არ განხორციელებულა. ისრაელში ყოფნისას ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ძალადობის თავშესაფარში. მოპასუხის განმარტებით, მისი თანადგომის ქსელია ოჯახი (განსაკუთრებით დედა), რომელიც ცხოვრობს ბელარუსში. მისი თქმით, ისრაელიდან წამოსვლის მიზეზი ბელარუსში საცხოვრებლად გადასვლა იყო. საქართველოდან გეგმავდა შვილთან ერთად ბელარუსში გამგზავრებას. საქართველოშიც ჰყავს შეძენილი სამეგობრო, რომელთაც თანადგომის ქსელად მოიაზრებს.

ამჟამად შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ....... მოპასუხის თქმით, სახლში მასთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი მეგობარი - ი.ფ–ი, რომელიც იხდის ბინის ქირას. ბინა ოროთახიანია, გარემონტებულ მდგომარეობაში, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

მოპასუხის თქმით, ამჟამად უმუშევარია, თუმცა გაქირავებული აქვს ბინა ბელარუსში და ყოველთვიურად იღებს სტაბილურ შემოსავალს. ასევე, ისრაელში ყოფნის პერიოდში ჰქონდა სალონი და წამოსვლის შემდეგ გააქირავა სალონის ინვენტარი, საიდანაც ასევე აქვს სტაბილური შემოსავალი.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ის სრულიად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რაც მოპასუხეს მის მიმართ აქვს. მიუხედავად პოლიციაში ჩივილისა, მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა და, შესაბამისად, მოპასუხის ყველა სარჩელი, რაც სამართალდამცავ უწყებაში ჰქონდა დაფიქსირებული, გაუქმდა. რაც შეეხება თავშესაფარში დედა-შვილის მოთავსებას, ეს იყო მოპასუხის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც წინ არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ უძღოდა. მოსარჩელის თქმით, ისრაელში ჰყავს თანადგომის ქსელი დისა და მამის სახით, რომელთაც ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ, ვიდრე იგი ისრაელში ცხოვრობდა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობს სამხატვრო სფეროში, არის დიზაინერი და რეალიზებას უწევს ნახატებს. თვეში საშუალოდ გამოიმუშავებს 2500-3000 აშშ დოლარს.

მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვნის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მოპასუხის დამოკიდებულება მის მიმართ. გახდა აგრესიული, მუდმივად ყვიროდა და ფიზიკურადაც შეხებია მეუღლეს. განშორების შემდეგ, სოციალური სამსახურის ჩართულობით, მოსარჩელე შვილს ნახულობდა კონკრეტულ დღეებში და ბავშვთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. არასრულწლოვანს მამასთან ჰქონდა ძლიერი ემოციური სიახლოვე და მუდმივად ითხოვდა მამას გაესეირნებინა, ერთად ეთამაშათ, ესაუზმათ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდი, ისრაელის სოციალური სამსახურის ჩართულობით, ბავშვი მამას ეკონტაქტებოდა. არასრულწლოვანი მუდმივად ეკითხებოდა როდის ნახავდა, რადგან ძალიან ენატრებოდა. დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს სოციალური ქსელითაც აღარ აქვს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მოსარჩელის სურვილია დედა-შვილი დაბრუნდეს ისრაელში, ბავშვმა იცხოვროს დედასთან და მას მიეცეს შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის შესაძლებლობა. აქვე აღსანიშნავია, რომ, როგორც მოსარჩელე აცხადებს, ისრაელის სასამართლომ მხარეებს დაავალდებულა დნმ ტესტის ჩატარება, რათა სამართლებრივად დამდგარიყო მამობის საკითხი, რა დროსაც მოპასუხე შვილთან ერთად გაიპარა საქართველოში.

რაც შეეხება ბავშვის ზოგად მდგომარეობას, დედის ინფორმაციით, საქართველოში თავს გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად. საქართველოში დაკმაყოფილებული აქვს ასაკობრივი განვითარებისათვის საჭირო ყველა საშუალება. ბავშვის მცირეწლოვნობის (3 წლის) გათვალისწინებით, სასამართლო საქმესა და მშობლების ურთიერთობაზე საუბარი არ შემდგარა. ვიზიტისას არასრულწლოვანი გამოიყურებოდა სუფთად, დაცული იყო სახლში ჰიგიენური ნორმები, ეცვა სეზონის შესაბამისად, ადვილად და ლაღად ამყარებდა ურთიერთობას გარშემომყოფებთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 250-254);

7.13. მოპასუხესა და არასრულწლოვანს 2024 წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთავთ. მათ 2024 წლის 04 დეკემბერს სსკგ „თბილისის აეროპორტის“ გავლით უარი ეთქვათ საქართველოდან გასვლაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 10);

7.14. მოპასუხეს არის როგორც ისრაელის, ისე ბელარუსის მოქალაქე. არასრულწლოვანი იყო ისრაელის მოქალაქე. დედის მოთხოვნით მას მიენიჭა ბელარუსის მოქალაქეობაც და გაიცა ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მოწმობა. მოწმობა გაცემულია 2024 წლის 03 დეკემბერს 06 თვის ვადით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-64; ტ. 2, ს.ფ. 15-22, 32-34, 48-50; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.15. მოპასუხე 1999 წლის 26 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ........... აღნიშნულ მისამართზე 1999 წლის 26 ივნისიდან დარეგისტრირებულია ასევე მოპასუხის დედა - ს. ს–ვა. საცხოვრებელი ფართი არის ბინა საერთო ფართით - 51,3 კვ.მ, ორი საცხოვრებელი იზოლირებული ოთახით, ცალკე სამზარეულოთი, გამოყოფილი სანიტარული კვანძით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 54-55);

7.16. მოპასუხის დედას - ს. ს–ვას ბელარუსის რესპუბლიკაში საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბინა, მისამართი: ქ. ბრესტი, ........, საერთო ფართი - 35 კვ.მ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 120, 126);

7.17. მოპასუხის დედას ჰქონდა დიაგნოზი - ალიმენტურ-ტოქსიკური ღვიძლის ციროზი, სიმძიმის კლასი - C, 2024 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებოდა ქ. ბრესტის ცენტრალურ საავადმყოფოში, თერაპიულ განყოფილებაში. 2024 წლის 24 დეკემბერს ის გარდაიცვალა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 91-96, 100, 123);

7.18. ისრაელის დატოვების შემდეგ არასრულწლოვანს პერიოდულად ჰქონდა დისტანციური კომუნიკაცია მამასთან.

მოსარჩელეს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა უშუალო ურთიერთობა არასრულწლოვანთან სასამართლოს მიერ დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა საქართველოში ყოფნისას - 10 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდი, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, პირველი 5 დღის განმავლობაში „გალერია თბილისში” (მის: ქ. თბილისი, ........), ხოლო შემდგომ - „სითი მოლში” (მის: ქ. თბილისი, ........). არასრულწლოვნის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო საბავშვო გასართობი ცენტრის შესასვლელში. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს დაევალა შეხვედრაზე დასწრება 2024 წლის 23 დეკემბერს (მთლიანი შეხვედრის მიმდინარეობისას) და 24 დეკემბერს (პირველი ნახევარი საათის განმავლობაში) და შესაბამისი დასკვნის წარდგენა შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანთან სატელეფონო (მათ შორის, სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით) ურთიერთობისთვის განესაზღვრა ნახევარი საათი ყოველდღიურად 19:00 საათიდან.

ამის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა 2025 წლის 22 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრის ჩათვლით - 10 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდი, ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, „გალერია თბილისში” (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 2/4). არასრულწლოვნის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო საბავშვო გასართობი ცენტრის შესასვლელში.

განჩინებები სრულდებოდა დაბრკოლების გარეშე, მოპასუხის თანამონაწილეობით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 80-81, 199);

7.19. არასრულწლოვანს უყვარს მამა, აქვს მასთან პოზიტიური დამოკიდებულება, ამასთან, აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა დედასთან. აღნიშნულს, მხარეთა ახსნა-განმარტების გარდა, ადასტურებს სოციალური მუშაკის დასკვნები, მათ შორის, დროებითი განკარგულების ფარგლებში 2024 წლის 24 დეკემბერს და 25 დეკემბერს მამისა და შვილის შეხვედრების ამსახველი ანგარიშები.

2024 წლის 25 ნოემბრის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საჭირო საკვები პროდუქტებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ასაკობრივი განვითარებისათვის საჭირო სათამაშოებით. ოჯახში დაცულია ბავშვის პირადი ჰიგიენა. დედა დღის მანძილზე აქტიურად ასეირნებს ბავშვს სკვერსა და გასართობ ადგილებში. მოპასუხე შვილის მიმართ აქტიურად გამოხატავს სითბოსა და მზრუნველობას. დედა მუდმივად ცდილობს შვილს მოუსმინოს და შესაბამისი ემოციური მხარდაჭერა გაუწიოს. თავის მხრივ, ბავშვს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს ჩამოყალიბებული დედის მიმართ. მუდმივად ეფერება, კოცნის და სითბოს გამოხატავს. მოპასუხის თქმით, ცდილობს შვილთან ურთიერთობაში გამოიყენოს აღზრდის პოზიტიური მეთოდები და ახსნისა და მსჯელობის გზით დაამყაროს ბავშვთან სწორი კავშირი. არასრულწლოვანს ასაკის შესაბამისად მკვეთრად გამოხატული ინტერესები არ აქვს, თუმცა დედა მის ასაკობრივ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ამჟამად არასრულწლოვანს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება მამასთან. ის არ არის მასთან გაუცხოებული, თავისუფლად გრძნობს თავს და შეუძლია მასთან ერთად დამოუკიდებლად ყოფნა გარკვეული პერიოდი. (ისრაელის დატოვების გამო) ურთიერთობის წყვეტის შემდგომ პირველი კონტაქტისას შვილს არ გამოუვლენია უცხოობა მამასთან.

2024 წლის 23 დეკემბერს მამისა და შვილის შეხვედრა სრულად მიმდინარეობდა „გალერია თბილისის“ ტერიტორიაზე, როგორც კვების ობიექტებში, ისე ბავშვთა გასართობ ცენტრში. მთელი შეხვედრის მანძილზე ბავშვი მამას არ მოშორებია, ეხუტებოდა, კოცნიდა და ეუბნებოდა, რომ ძალიან ენატრებოდა. მცირეწლოვანი დადებით ემოციებს ამჟღავნებდა მშობლების და სოციალური მუშაკის მიმართ (იღიმოდა, იყო მხიარული, ლაღი). დედამ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვს მამა ოთხი თვე არ ჰყავდა ნანახი (ჰქონდათ კომუნიკაცია მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით). მამამ შვილს შეხვედრისას გადასცა საჩუქრები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მხარეები ინარჩუნებდნენ რაციონალური ურთიერთობის ფორმას და მინიმალურ კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან.

მამა-შვილის შეხვედრას სრულად ესწრებოდა დედა. კვების ობიექტებში მამა ზრუნვას იჩენდა როგორც ბავშვზე, ასევე, დედას სთავაზობდა ყავასა და საკვებს. მხარეებმა ბავშვთან ერთად ისადილეს, ორივე მათგანი როგორც ერთმანეთის, ისე ბავშვის მიმართ გამოხატავდა მხოლოდ დადებით ემოციებს. მოსარჩელისა და მოპასუხის ერთობლივი შეთანხმებით, მათ „გალერია თბილისის“ ტერიტორიაზე ბავშვთან ერთად გააგრძელეს ყოფნა 12:30 სთ-ის შემდეგაც. სასამართლოს დროებითი განკარგულების ფარგლებში მითითებულ დროს, 12:30 სთ-ზე სოციალურმა მუშაკმა და რუსული ენის თარჯიმანმა დატოვეს შეხვედრის ადგილი, ბავშვი და მხარეები კი კვლავ ერთად დარჩნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მამა-შვილის დამშვიდობების ეტაპს სოციალური მუშაკი ვერ დაესწრებოდა.

2024 წლის 24 დეკემბრის ანგარიშის თანახმად კი, მხარეებთან შეთანხმებით, 2024 წლის 24 დეკემბერს 10:00 საათზე დაიგეგმა მამა-შვილის მეორე შეხვედრა „გალერია თბილისში“, ბავშვთა გასართობი ცენტრი „რია-რიას” შესასვლელთან, სადაც დათქმულ დროს სოციალურ მუშაკს დახვდა არასრულწლოვნის დედა. შეკითხვას - თუ სად იყვნენ ბავშვი და მამა, მოპასუხემ უპასუხა, რომ როცა შემოვიდა არასრულწლოვანთან ერთად „გალერია თბილისის“ სივრცეში, ბავშვმა დაინახა მამა და დაუკითხავად გაიქცა მამისკენ. შემდეგ მამა-შვილი ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდნენ, იმ პირობით, რომ დაბრუნდებოდნენ ბავშვთა გასართობი ცენტრის შესასვლელთან. მოპასუხის თქმით, ბავშვს ძალიან უყვარს მამა, უხარია მისი დანახვა და უპრობლემოდ მიჰყვება მას. მოპასუხესთან დაახლოებით ათწუთიანი საუბრის შემდეგ, სოციალურმა მუშაკმა სთხოვა მას დაეზუსტებინა, რომელ მაღაზიაში იმყოფებოდნენ მამა-შვილი. გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მამასთან ერთად იმყოფებოდა მაღაზია „ორიჯინალ მარინსში“, სადაც მამა შვილისთვის ქუდს ყიდულობდა. სოციალურმა მუშაკმა მოსარჩელესთან თავის წარდგენის, მისი მოვალეობების გაცნობის შემდეგ, მასთან, მოპასუხესთან და არასრულწლოვანთან ერთად გადაინაცვლა ბავშვთა გასართობი ცენტრის შესასვლელთან. არასრულწლოვანი დადებით ემოციებს ამჟღავნებდა მშობლებისა და სოციალური მუშაკის მიმართ (იღიმოდა, იყო მხიარული, ლაღი). ბავშვი მამას ხელში ჰყავდა აყვანილი (ბავშვის სურვილის შესაბამისად), ისიც ეხუტებოდა მამას და სთხოვდა კიდევ მაღაზიებში გასეირნებას. მოსარჩელემ გადაწყვიტა ბავშვისთვის რაიმე საკვების ყიდვა, ყოფილ მეუღლეს ჰკითხა რისი ყიდვა იყო უკეთესი (საკვების) შვილისთვის. ბავშვმა მშობლებს უთხრა, რომ სალათს მიირთმევდა. მოსარჩელემ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს მასთან და შვილთან ერთად დამსხდარიყვნენ „გალერია თბილისის“ სივრცეში მდებარე ერთ-ერთ პიცერიაში, რაზედაც მოპასუხე დათანხმდა. აღნიშნულით არასრულწლოვანი იყო ბედნიერი. მოპასუხემ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვს მამა ოთხი თვე არ ჰყავდა ნანახი (ჰქონდათ კომუნიკაცია მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით). სოციალური მუშაკის შეფასებით, შეხვედრის დროს მამა-შვილს შორის არანაირი ბარიერი არ ყოფილა. სოციალური მუშაკი დაემშვიდობა არასრულწლოვანს და მის მშობლებს. შეხვედრა დასრულდა 10:30 საათზე. სოციალური მუშაკის შეფასებით, არასრულწლოვანი ასაკის შესაბამის ბუნებრივ ქცევას ავლენს, თუმცა მას ძლიერი მიჯაჭვულობა გააჩნია დედასთან. იგი ერთი წლის იყო, როცა მოპასუხე დაშორდა მოსარჩელეს. მამას პერიოდულად ჰქონდა შვილთან ურთიერთობა, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრიდან არასრულწლოვანს მამა აღარ უნახავს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-64, 250-254; ტ. 2, ს.ფ. 15-22, 137-140; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.20. 2023 წლის 07 ოქტომბერს ისრაელში დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც თან სდევდა ტერორისტული აქტები, მათ შორის, თელ-ავივში. 2025 წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს. 2025 წლის 02 იანვრის მდგომარეობით, ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამოქალაქო დაცვის დანაყოფის ინფორმაციით, შეზღუდვები მოქმედებს კონფრონტაციის ხაზზსა და ღაზას სექტორში. ისრაელის დანარჩენ ნაწილში შეკრება, მომსახურება, სასწავლო აქტივობები და მუშაობა დაშვებულია შეუზღუდავად. საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და თელ-ავივს შორის აღდგენილია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 148-159, 167, 169-173);

7.21. ისრაელის სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ცენტრში (ჩაიმ შება) კლინიკური ტოქსიკოლოგიისა და ფარმაკოლოგიის კვლევის თანახმად, მოსარჩელეს ჩაუტარდა ნარკოლოგიური ტესტირება და კანაბინოიდები არ არის გამოვლენილი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 161);

7.22. მოსარჩელე სადავოდ ხდის და თბილისის საქალაქო სასამართლომაც არ მიიჩნია სარწმუნოდ მოპასუხის დასაქმება კომპანიის - შპს „შ.თ–ში“ დირექტორის პოზიციაზე. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა დამფუძნებლის მიერ დირექტორის დანიშვნის აქტი, რომლის თანახმად, 2025 წლის 10 იანვარს მოპასუხე დაინიშნა შპს „შ.თ–ში“-ს დირექტორად და მისი ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ხელზე ასაღებ 1000 აშშ დოლარს, თუმცა, 2025 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, ის არ ფლობდა ინფორმაციას კომპანიის საქმიანობისა და დასაქმებულების შესახებ (მხოლოდ ზოგადად განმარტა, რომ კომპანია ეწევა სამშენებლო საქმიანობას). იმის გათვალისწინებით, რომ დირექტორი წარმოადგენს კომპანიის მმართველობით და წარმომადგენლობით ორგანოს, დამაჯერებლად არ ჟღერს მოპასუხის განმარტება, რომ ორი კვირის შემდეგაც არ იცნობს კომპანიის საქმიანობას, რადგან ახალი დანიშნულია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს რაიმე გამოცდილება მშენებლობასთან მიმართებით არ აქვს. მისი საქმიანობა სილამაზის სალონის ფუნქციონირებას უკავშირდებოდა, ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ მას აღარ უმუშავია.

17.10.2024წ. გამოკითხვის ოქმში მოპასუხე მიუთითებდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ იგი საცხოვრებლად გაჩერდა ქ. თბილისში, ქირით, .......... ქ. 31-ში, ვინმე ა.რ–თან, სადაც ცხოვრობს დღემდე. თავიდან იხდიდა ბინის ქირას, მაგრამ თითქმის ათი თვეა ქირას აღარ ახდევინებს ბინის მეპატრონე, რადგან მისამართზე, სადაც ოთახებს აქირავებს მეპატრონე, ალაგებს და უვლის. იგი ა.რ–თან მუშაობს ოთახების დამლაგებლად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61-64; ტ. 2, ს.ფ. 15-22, 60-61,174; 27.12.2024წ. და 27.01.2025წ. სხდომის ოქმები);

7.23. მხარეთა შორის არის კონფლიქტური დამოკიდებულება, რაც ბავშვის დაბადებიდან მალევე დაიწყო და გრძელდება. პერიოდულად მხარეებს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა ხშირად იყო კონფლიქტებიც, რის საფუძველზეც ისინი დაშორდნენ და შეწყვიტეს თანაცხოვრება. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად მან სასამართლოს წარუდგინა მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებები, ფოტოსურათები და ვიდეო და აუდიოჩანაწერები. მოპასუხის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებს მოსარჩელეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფოტოსურათებით დაზიანების, მისი ხარისხის, მით უფრო, წარმომავლობისა და მიზეზის დადგენა იმ პირობებში, როდესაც არ არის წარდგენილი სამედიცინო დასკვნა ან კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება დანაშაულის ფაქტის დადასტურების შესახებ, ამ სამართალწარმოების ფარგლებში ვერ მოხდება. რაც შეეხება ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი მეტ-ნაკლებად მოსარჩელის იდენტიფიცირება, ამასთან, შეუძლებელია გარკვევა, თუ კომუნიკაციის რა პერიოდია ასახული ჩანაწერებზე, მისი წინმსწრები თუ შემდგომი მოვლენები, ხოლო მოსარჩელე მათ სადავოდ ხდის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ი.კ–ის წერილობით განმარტებაზე, რომლის მიხედვით, დაახლოებით 10 წელია იცნობს მოპასუხეს. ერთმანეთი გაიცნეს მის სილამაზის სალონში, დამეგობრდნენ და დღემდე მეგობრობენ. მოპასუხეს იცნობს, როგორც პასუხისმგებლიან და პროდუქტიულ ადამიანს, პრაქტიკულად ორი ხელით ააწყო თავისი ბიზნესი და გამოიარა ყველა სირთულე, რაც შესაძლო იყო ამ მხრივ. ეს არ იყო ადვილი, როცა სხვა ენაზე მოსაუბრე ხარ. რამდენიმე წლის წინ შეხვდა მოსარჩელეს და გახდნენ მშობლები. მისი ცხოვრება შეიცვალა, თავდაყირა დადგა, ოღონდ არა დადებითი გაგებით. იმის ნაცვლად, რომ დამტკბარიყო დედობრივი გრძნობის შესანიშნავი მომენტებით, მან გაიარა შიში და ტკივილი. ახსენდება, რომ მოპასუხე შეშინებული თვალებით და პატარა ჩვილით ხელში იძულებული იყო მუდმივად ქუჩაში ევლო ეტლით, ოღონდაც სახლში არ გაჩერებულიყო, რამდენჯერმე მიაკითხა ღამე, რათა წამოეყვანა ის და ბავშვი სახლიდან. ღამე, სიცივეში, რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩადგამდნენ ეტლს მანქანაში, რომ გასულიყვნენ ჯოჯოხეთიდან, სადაც ის იმყოფებოდა. ეს იყო ძალზე საშიში. ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს მოუწიათ მიემართათ საშველად ორგანიზაციისთვის, რომელიც ეხმარება ქალებს, ვინც მსგავს სიტუაციებში იმყოფებიან. ისინი აფარებენ ქალებს სპეციალურ სახლებში, სადაც შეუძლიათ ასეთ ბავშვიან ქალებს გამოვიდნენ მდგომარეობიდან და ყველაფერი თავიდან დაიწყონ. ამჯერად მოუწიათ მათი ასეთ სახლში მიყვანა, ვინაიდან მოსარჩელე მასთან მიაგნებდა. ასეც მოხდა, მომდევნო დღეს, მას შემდეგ, რაც ამ თავშესაფარში წავიდა, მოსარჩელე მის აივანზე გამოჩნდა გაფრთხილების გარეშე. მან უთხრა, რომ არ იცოდა მოპასუხის ადგილსამყოფელი და საერთოდაც რა ხდებოდა. მოისმინა მისი მონოლოგი... მის თვალებში სიბრაზეს და ზიზღს ხედავდა.

ი.კ–ის წერილობით განმარტების მიხედვით, ბავშვის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ პარკში. იქ იყო მოსარჩელე, რაღაც მომენტში ბავშვი დაეცა, დაფრთხა. მოსარჩელის რეაქცია იყო არაადეკვატური. ყველა მეგობარმა დაინახა ვინც იქ იყო. მან მაშინვე ხმას აუწია და მოპასუხეს გამტყუნება დაუწყო, რომ ყურადღებას არ აქცევდა ბავშვს. თავად დაინახა როგორც დაეცა ბავშვი და ეს სავსებით ნორმალური ამბავია, ხოლო მოსარჩელის რეაქცია საერთოდ ასი პროცენტით არაადეკვატური იყო. მისი ქმარი მოპასუხეს ეხმარებოდა პოლიციისთვის საბუთების გაფორმებაში. სოციალურმა სამსახურმა ნება მისცა მოსარჩელეს, ბავშვთან ყოფილიყო მხოლოდ მესამე პირის თანხლებით. მან პირადად უამრავ ორგანიზაციას და სამსახურს დაურეკა და მუდმივად კავშირზე იყო, რათა დახმარებოდა. თავად არის ორი შვილის დედა და შეუძლია დაინახოს, შეიგრძნოს ბავშვის და დედის თვალებით, რომ რაღაც ისე ვერ არის. ორივე იყო დაშინებული და ცბებოდნენ ყოველ ხმაურზე. მოპასუხის ისტორიები, თუ რა სიტუაციაში იყო ის, არის საშინელება. როცა მუშტით ურტყამ კედელზე მისი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაცილებით, ეს არის ძალადობა. როცა უყვიროდა და აშინებდა მისივე სახლში, ესეც ძალადობაა. როცა არ ეხმარებოდა ფინასურად, სულ მცირედით მაინც, დედას, რომელიც სახლში ოჯდა ახალშობილთან ერთად - ესეც ძალადობაა.

მოპასუხე ისრაელიდან წავიდა მას მერე, რაც რაკეტა დაეცა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მათთან ახლოს. იმ პერიოდში ეს საშიში იყო და საფრთხის შემცველი. ბევრი წავიდა მაშინ. ამასთან, შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომ მიემგზავრება ქვეყნიდან ბავშვთან ერთად. ბავშვს თვალყურს ადევნებდა ორი წელი, შესანიშნავი პატარა ბავშვია, მაგრამ ჩანდა, რომ მას არ ჰქონდა უღრუბლო ბავშვობა. ეშინოდა ადამიანების, უარს ამბობდა ხელში აყვანაზე, სულ დედაზე ეჭირა ხელი, ბევრს ტიროდა. მოპასუხემ და ბავშვმა 2 წლის მანძილზე რთული ცხოვრება გამოიარეს, მათი ისტორიის ნაწილი იყო თავად და ეხმარებოდა როგორც შეეძლო, არცერთი დედა-შვილი არ უნდა ცხოვრობდეს მსგავსი შიშით. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს შიში მომდინარეობს მამისგან.

პ.კ–ვას წერილობითი განმარტებით, ის ცხოვრობს ისრაელში. მოპასუხესა და მის ქალიშვილს იცნობს 2022 წლის აგვისტოს თვის დასაწყისიდან. ერთმანეთი გაიცნეს ქალაქ თელ-ავივში, განვითარების საბავშვო ცენტში. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მათი შვილები ერთად თამაშობდნენ. მოპასუხეს იცნობდა, როგორც მოსიყვარულე დედას, მზრუნველს, ყურადღებიანს. თავის ქალიშვილთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს, არასოდეს არ უწევს ხმას, ყოველთვის ცდილობს მოელაპარაკოს, გამოძებნოს კომპრომისი. მოსარჩელე მხოლოდ ერთხელ ნახა მისი ქალიშვილის დაბადების დღეზე. არაადეკვატურად, უხეშად იქცეოდა, ყვიროდა, აშინებდა ბავშვებს. არასრულწლოვანი თამაშობდა და უეცრად დაეცა და ატირდა. მოპასუხემ აიყვანა ხელში, აწყნარებდა, მოსარჩელე კი ამ დროს მიუვარდა მოპასუხეს, დაიწყო ყვირილი, იგინებოდა, ამბობდა, რომ ყველაფერი მოპასუხის ბრალი იყო (თუმცა ბავშვი თავისით დაეცა). ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ კიდევ უფრო შეაშინა თავისი ქალიშვილიც და დაბადების დღეზე მისული ბავშვებიც. როცა დღესასწაულის შემდეგ ბრუნდებოდნენ მანქანებთან, მოსარჩელე ცდილობდა ბავშვი გამოეგლიჯა მოპასუხის ხელიდან, რომ „დაეწყნარებინა“ გოგონა, თუმცა, ბავშვი ამ დროს უკვე მშვიდად იყო. მისი მანიპულაციების გამო ბავშვს შეეშინდა და ისევ ატირდა. მისმა ქმარმა სთხოვა მოსარჩელეს, უფრო პატივისცემით მოპყრობოდა, აღარ ეყვირა და არ შეეშინებინა ბავშვები. ეს იყო მოსარჩელესთან პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. პ.კ–ვას წერილობითი განმარტების მიხედვით, მასთან კიდევ შეხვედრის არც შესაძლებლობა მიეცა და არც სურვილი ჰქონია. მოეჩვენა, რომ იგი იყო უხეში, მყვირალა ადამიანი, გაუწონასწორებელი ფსიქიკით. 1,5 წლის განმავლობაში ის და მოპასუხე დადიოდნენ ერთ საბავშვო ცენტრში, ესწრებოდნენ ერთსა და იმავე განვითარებად მეცადინეობებს. არასოდეს უნახავს ბავშვის გვერდით მოსარჩელე. მოპასუხე იყო დაკავებული მეცადინეობებით. ასევე არასოდეს უნახავს მოსარჩელე მათ გვერდით ოჯახური სეირნობის დროს. 2022 წლის ოქტომბრის თვის ერთ-ერთ დღეს დაურეკა მოპასუხემ, შეშინებული იყო, ხმა უკანკალებდა. მან უთხრა, რომ ძალიან ეშინია მოსარჩელის, რომ არსად წასასვლელი არ აქვს, რომ მოსარჩელე არ აპირებს მათი ბინიდან წასვლას. მან შესთავაზა, რაღაც დროის განმავლობაში ეცხოვრა მათთან, სანამ მოპასუხე მოძებნიდა საცხოვრებელს თავისთვის და თავისი შვილისთვის. ერთი კვირა ერთად იცხოვრეს და მოპასუხეზე უფრო მზრუნველი დედა არასდროს უნახავს. მოპასუხესთან ურთიერთობის დროს არ უნახავს და არც სმენია ბავშვისთვის რაიმე ფინანსური ხელშეწყობის ან საჩუქრების შესახებ, მის დაბადების დღეზეც კი. მოპასუხე ძალიან შეშინებული იყო მოსარჩელის მხრიდან მუქარებით და დასჯის საფრთხით, მისი არაადეკვატური ქცევით.

მოსარჩელემ, თავის მხრივ, წარადგინა მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებები. მოწმე დ.ბ–ის განმარტებით, იგი ადასტურებს, რომ ნანახი ჰყავს მოპასუხე არასრულწლოვანზე ორსულობის პერიოდში. იმ დროს მოსარჩელე მასთან მუშაობდა და ხშირად უზიარებდა მის აღფრთოვანებას მამად გახდომასთან დაკავშირებით. ახსოვს, როგორ საუბრობდა ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ სამზადისზე და როგორ სტუმრობდა ორსულ მოპასუხესთან ერთად შეკრებებსა და ღონისძიებებს.

ბავშვის დაბადების შემდეგაც ხშირად უზიარებდა ქალიშვილთან დაკავშირებულ ამბებს. მოსარჩელე ხშირად აღნიშნავდა ბავშვთან გატარებულ დროს და ის ხედავდა მის მჭიდრო კავშირს შვილთან, ასევე, იმას, თუ როგორ აბალანსებდა სამუშაოსა და საოჯახო ვალდებულებებს. შეუძლია პირადად დაადასტუროს მოსარჩელის ურყევი მხარდაჭერა მისი ქალიშვილის მიმართ. იგი ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებდა ბავშვთან გატარებულ დროს და მუდმივად აქტიურად იყო ჩართული მისი შვილის ცხოვრებაში. მისი, როგორც მამის ერთგულება ნათელია და დარწმუნებულია მისი ქალიშვილის მიმართ მის მხარდაჭერასა და პასუხისმგებლობაში.

მისი მოსარჩელესთან 25-წლიანი პირადი გამოცდილების საფუძველზე, ადასტურებს, რომ მოსარჩელე, მოპასუხე და ბავშვი ცხოვრობდნენ ისრაელში ბავშვის დაბადების შემდეგ. ეჭვი არ ეპარება მისი შვილისადმი ერთგულებაში და ბავშვის აღზრდისა და მოვლის მზაობაში.

ი.გ–ის ჩვენებით, ის მოსარჩელესა და მოპასუხეს იცნობს მათ შორის ურთიერთობის დაწყებიდან. ძალიან ბევრჯერ ჰქონდა შესაძლებლობა ისინი ენახა ერთად, მათ შორის, მოპასუხის არასრულწლოვანზე ორსულობის დროს და მის შემდეგაც, რადგან ისინი ხშირად ატარებდნენ მათთან საოჯახო დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან თარიღებს. ახსოვს სიხარული, როცა ემზადებოდნენ ოჯახში ახალი წევრის დაბადებისთვის. მოსარჩელე და მოპასუხე ხშირად იყვნენ ერთად ოჯახურ შეკრებებზე და ნათელი და ცხადი იყო, რომ ისინი მათ პირველ შვილს ელოდნენ. ბავშვის დაბადების შემდეგ ხშირად ნახულობდა და სტუმრობდა მოსარჩელეს, მოპასუხეს და მათ ქალიშვილს. ისინი ბავშვის დაბადების შემდეგ მთელი პერიოდის განმავლობაში ისრაელში ცხოვრობდნენ და მოსარჩელე მუდმივად ზრუნავდა ბავშვზე. იგი უზიარებდა ბავშვთან დაკავშირებულ სიახლეებს და მისი თვალით აქვს ნანახი, თუ როგორი მჭიდრო კავშირი ჰქონდა მოსარჩელეს ბავშვთან. შეუძლია დაადასტუროს მოსარჩელის მუდმივი ერთგულება და თავდადება მისი ქალიშვილის მიმართ. იგი ყოველთვის აქტიურ როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში და ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე. მათ შორის ურყევი ოჯახური კავშირი იყო. დაკვირვების საფუძველზე, ადასტურებს, რომ მოსარჩელე, მოპასუხე და ბავშვი, ბავშვის დაბადების შემდეგ მუდმივად ცხოვრობდნენ ისრაელში. მოსარჩელე იყო ერთგული და მოსიყვარულე მამა.

ვ.გ–ის ჩვენების მიხედვით, მოსარჩელეს იცნობს 20 წელია, არის მისი ახლო მეგობარი და მისი საშუალებით ასევე დამეგობრდა მოპასუხესთან. ადასტურებს, რომ მოპასუხე ნანახი ჰყავს ბავშვზე ორსულობის დროს. ახსოვს მოსარჩელე და მოპასუხე როგორ უზიარებდნენ მათ ემოციებს ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. ხშირად ატარებდა დროს მათთან ერთად ამ პერიოდის განმავლობაში. ბავშვის დაბადების შემდეგ, ადასტურებს, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ ისრაელში. ისინი ხშირად ატარებდნენ ერთად დროს და სოციალური შეკრებების დროს ხშირად თან ჰყავდათ ბავშვი. ბავშვის დაბადების შემდეგ მოსარჩელესა და მის ქალიშვილს შორის ძლიერ კავშირს ხედავდა. იგი ყოველთვის იყო მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამა, მისთვის პრიორიტეტული იყო ბავშვთან ურთიერთობა და აქტიურად იყო ჩართული შვილის ცხოვრებაში. ნათელია, რომ ოჯახი ცხოვრობდა ისრაელში, სადაც მუშაობდა მოსარჩელე და მხარს უჭერდა ოჯახს. ისევე როგორც მოსარჩელესთან, ასევე, მოპასუხესთან მრავალწლიანი მეგობრობის საფუძველზე, ადასტურებს, რომ ისინი ბავშვის დაბადების შემდეგ, როგორც ოჯახი, ცხოვრობდნენ ისრაელში. პირადად აქვს ნანახი მოსარჩელის ერთგულება შვილის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მიუთითა დროებითი განკარგულების საფუძველზე შეხვედრის დროს მის მიმართ მოსარჩელის მიერ განხორციელებულ მუქარაზე, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილია მხოლოდ მისივე წარმომადგენლის განცხადება შსს-ს მიმართ და მისი გამოკითხვის ოქმი (განცხადებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა, რომ ,,ნახავდა მას რაც მოუვიდოდა“, რაც მოპასუხემ აღიქვა მუქარად, რადგან აღნიშნული ნათქვამი გამეორებულ იქნა რამდენჯერმე მუქარის ტონით). პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები, მართალია, არ არის საკმარისი მოსარჩელის მხრიდან მრავალგზის ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადგენად, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან (მათ შორის, ძალადობის მსხვერპლ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით სოციალური სამსახურის 05.12.2022წ. ანგარიში) ერთად ადასტურებს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობა ხშირად კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 161-162, 167, 173; ტ. 2, ს.ფ. 41-42, 46, 60-61, 117, 115-196, 176-178).

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების მართლზომიერება. ამ მიზნით კი სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად ითვლებოდა ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილებულად.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდიდა ფაქტობრივი თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივარი ძირითადად იმ არგუმენტს ემყარებოდა, რომ აპელანტს ბავშვი არ წამოუყვანია უკანონოდ, ის არის ამჟამად ბავშვის ერთადერთი კანონიერი მეურვე და ფაქტობრივადაც მხოლოდ მოპასუხე ახორციელებდა ბავშვზე მეურვეობას ისრაელში ჰყოფნის დროს. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე და მოპასუხე ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. მათ შორის ხშირი იყო კამათი, მოსარჩელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოპასუხის მიმართ. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ისრაელსა და ირანს შორის არსებულ საომარ მოქმედებებზე და მიუთითა, რომ ყოველდღე უწევდა აფეთქებებისა და სირენების ხმის მოსმენა, რაც ძალიან სტრესული იყო. მოპასუხემ წამოსვლამდე წერილით მიმართა ისრაელში სასამართლოს და სოციალურ სამსახურს იმის თაობაზე, რომ ის აპირებდა ბავშვთან ერთად ისრაელის დატოვებას, ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. აპელანტის განმარტებით, ბავშვი ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დედასთან, მისთვის შექმნილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, ის თავს დაცულად, კარგად გრძნობს დედასთან ერთად, მოპასუხე მთელ დროს ატარებს ბავშვთან ერთად; სოციალური მუშაკის დასკვნითაც დასტურდება, რომ იგი არის მზრუნველი და ყურადღებიანი დედა, ის ორიენტირებულია ბავშვის აზრის მოსმენაზე და განვითარებაზე; მოპასუხე შემოსავალს იღებს ისრაელში არსებული სალონიდან ქირის სახით. მან წამოსვლამდე სალონის ნივთები გააქირავა, ის დისტანციურად, სახლიდან მუშაობს სწორი კვების კონსულტანტად; ბავშვის კეთილდღეობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული არასრულწლოვნის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა; ბავშვს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს დედასთან და არ უნდა მოშორდეს დედას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მცირეწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობის დაზიანება.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, დღეის მდგომარეობით ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრება გარკვეულწილად სახიფათოა, თუმცა ყურადღება გაამახვილა ბავშვის მამის პოზიციაზე, რომელიც ცხოვრობს ისრაელის სახელმწიფოში და რომელსაც მიაჩნია, რომ მის საცხოვრებელ ადგილას ბავშვისთვის საფრთხის შემცველი გარემო არ არის. მოქმედი კანონმდებლობის, ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და იმის გათვალისწინებით, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, სააგენტოს წარმომადგენელი თვლის, რომ ბავშვის დაბრუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 09.06.2025წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 14:15:23-14:16:55 სთ.)

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნება მართლზომიერია.

12. სააპელაციო სასამართლომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ არასრულწლოვნის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერად შესაფასებლად სახეზე უნდა იყოს განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს. ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორციელება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ არასრულწლოვანი არის ისრაელის მოქალაქე. მას მიენიჭა ბელარუსის მოქალაქეობაც. არასრულწლოვანი დაიბადა და საქართველოში ჩამოსვლამდე მუდმივად ცხოვრობდა ისრაელში. საქართველოში ჩამოსვლისას იგი იყო 2 წლის და 10 თვის, დღეს ბავშვი არის 4 წლის. ამდენად, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იგი ისრაელში იმყოფებოდა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მისი მშობლები ბავშვის ან თავის საცხოვრებლად სხვა ქვეყანას განიხილავდნენ. ისრაელის დატოვების შესახებ ინფორმირების დროსაც კი მოპასუხე მიუთითებდა, რომ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზების შემდეგ დაბრუნდებოდა უკან. ცხოვრების მეორე ნაწილი არასრულწლოვანმა გაატარა საქართველოში, თუმცა ეს ქვეყანა არცერთი მშობლის მიერ მის მომავალ საცხოვრებელ ადგილად არ მოიაზრებოდა. თავად მოპასუხის განმარტებით, ის დროებით ჩამოვიდა საქართველოში და გეგმავდა ბელარუსში გამგზავრებას. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მოაზრებული ვერ იქნება ვერც საქართველო და ვერც ბელარუსი, სადაც არასრულწლოვანი არასოდეს ყოფილა. თავად არასრულწლოვანს არ მიუღწევია იმ ასაკისთვის, რომ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ასევე ბელარუსის მოქალაქეა, ასეთ შემთხვევაშიც, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვისთვის ბელარუსში დაბრუნების მოწმობა გაიცა არასრულწლოვნის არამართლზომიერად გადაადგილების შესახებ დავის დაწყების შემდგომ - 03.12.2024 წელს, რაც არ შეესაბამებოდა მეორე მშობლის ნებას. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის დროს, ცხადია, რომ საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს ზემოთ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ისრაელის სახელმწიფო.

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის მიმართ მოსარჩელის მამობა დადგენილი არ არის კანონის შესაბამისად, თუმცა, ამ მიზნით ისრაელის სახელმწიფოში დაწყებულია სამართლებრივი პროცედურა - მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს მამობის დადგენის მოთხოვნით და სასამართლომ დანიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. ამასთან, მამობის ფაქტი სადავოდ არასოდეს გამხდარა მოპასუხის მიერ. პირიქით, მან თავად მიმართა სასამართლოს მოსარჩელისათვის, როგორც არასრულწლოვნის მამისათვის, ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამასთან, ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლოს მიღებული აქვს დადგენილება მამისა და შვილის დროებითი ურთიერთობის წესის შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია ურთიერთობის დრო და ადგილი.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაბადებიდან ცხოვრობდა ისრაელში მშობლებთან ერთად, დაახლოებით ათი თვის განმავლობაში. შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის დედასთან ერთად იმყოფებოდა თავშესაფარში, რის შემდეგაც მისმა მშობლებმა განაგრძეს თანაცხოვრება, რაც საბოლოოდ შეწყდა 2022 წლის ნოემბერში. შვილთან ერთად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელე ფიზიკურად ჩართული იყო მასზე ზრუნვაში, უზრუნველყოფდა მას მატერიალურადაც. მოპასუხესთან დაშორების შემდეგ მან სასამართლოს მიმართა შვილთან ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე პერიოდულად ურთიერთობა ჰქონდა შვილთან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული მოსარჩელის მიერ ბავშვის მიმართ მეურვეობის უფლების რეალიზებაზე მიუთითებს.

17. სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხემ მცირეწლოვანი ისრაელიდან წაიყვანა ისე, რომ მოსარჩელემ არათუ თანხმობა გამოხატა აღნიშნულზე, არამედ მისთვის ამის თაობაზე უცნობი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა მოპასუხის იმ არგუმენტზე, რომ - რადგან არასრულწლოვნის მიმართ მამობა დადგენილი არ არის და მას ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი ჰყავს - დედა, ის თანხმობასაც არ საჭიროებდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მამობის ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი, მიმდინარეობდა სამართალწარმოება მამობის დადგენის თაობაზე და სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო მამასა და შვილს შორის ურთიერთობის წესი ისრაელის სახელმწიფოში, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი სასამართლოს ან/და მოსარჩელის თანხმობის გარეშე გაეყვანა ბავშვი ქვეყნიდან. როგორც უკვე აღინიშნა, თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით საქმის გარემოებების, მიმდინარე პროცესის ხასიათისა და მოპასუხის სახელით მისი ისრაელში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით პასუხის არარსებობის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ არასრულწლოვნის ისრაელიდან გაყვანა და მისი სხვაგან გაჩერება განხორციელდა ჰააგის კონვენციის (გატაცებული ბავშვების დაბრუნება) დებულებების დარღვევით და არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს ისრაელში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 125-129, 141; ტ. 2, ს.ფ. 86-87).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არასრულწლოვანი ისრაელის სახელმწიფოდან გადაადგილებულია არამართლზომიერად.

19. აპელანტის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მას ბავშვი არ წამოუყვანია უკანონოდ და ის არის ამჟამად ბავშვის ერთადერთი კანონიერი მეურვე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არამართლზომიერი გადაადგილების შემთხვევაში ბავშვის გადაადგილება ხდება ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე, ხოლო არამართლზომიერი დაკავებისას - ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად, ორივე მათგანის შედეგი კი ისაა, რომ ბავშვის დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროს ხდება მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან და გარემოსგან მოწყვეტა და იმ პირის/ პირებისგან (ფიზიკური ან იურიდიული) ჩამოშორება, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ მასზე მეურვეობასა და მზრუნველობას. შედეგად, არასრულწლოვანი ხვდება უცხო სახელმწიფოში – მისთვის განსხვავებულ სოციალურ, სამართლებრივ, კულტურულ ან/და ენობრივ გარემოში. საბოლოოდ, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისას/დაკავებისას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, მათ შორის, მის ფსიქოემოციურ სტაბილურობასა და განვითარებას, ისე იმ პირს, რომლის მეურვეობის უფლებაც დაირღვა“ (იხ. ჰააგის კონვენციის „პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, გვ. 9).

21. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, ჰააგის კონვენცია არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მაგრამ არსებობს ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლოა ბავშვის დაბრუნებაზე უარი ითქვას. ეს გარემოებები ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლში. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს უნდა დაესაბუთებინა ბავშვის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. აპელანტი მიუთითებდა ისრაელის სახელმწიფოში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე აღძრული სარჩელის განხილვის მიზნებისათვის არ წარმოდგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.

22. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ მან 2023 წლის 31 ოქტომბერს დატოვა ქვეყანა ქალიშვილთან ერთად მხოლოდ დროებით, ომის დროს საზღვარგარეთ ყოფნის მიზნით და მიზნად ისახავს უკან დაბრუნებას მის ქალიშვილთან ერთად დაუყოვნებლივ, როგორც კი ისრაელში ვითარება დასტაბილურდება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 140), თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა, რომ იგი აღნიშნული პერიოდის შემდეგ ისრაელის სახელმწიფოში აღარ დაბრუნებულა. მეტიც, ბავშვის მამისათვის ცნობილი არ იყო ბავშვის ადგილსამყოფელი. როგორც დადგენილია, მან მიმართა პოლიციას და ინტერპოლის დახმარებით დადგინდა, რომ მოპასუხე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური ორგანოს მიერ მცირეწლოვნის საქართველოს ტერიტორიაზე ადგილსამყოფლის დადგენის პროცედურები 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა (ტ. 1, ს.ფ. 1-2, 123-129).

23. სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს ისრაელში საომარ მოქმედებებზე და ტერორისტულ აქტებზე. ამასთან, ის ხაზს უსვამს მოსარჩელის მოძალადეობრივ ხასიათსა და ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ეროვნული თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოების მიერ არაერთი საქმე იქნა განხილული ისრაელიდან ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების თაობაზე. სასამართლოებმა მრავალგზის იმსჯელეს იქნებოდა თუ არა ბავშვების ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნება მათთვის ზიანის მიყენების სერიოზული რისკის შემცველი, თუმცა სასამართლოთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ასეთი რისკი არ დადგებოდა ბავშვის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში.

24. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მოსარჩელის მხრიდან ძალადობის საფრთხეზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჰააგის კონვენცია ბავშვის დაბრუნებისათვის დამაბრკოლებლად მიიჩნევს უშუალოდ მისთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხის შექმნის რისკის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი ვარაუდისათვის საფუძველი არ არსებობს. საქმის მასალებში არაფერი მიუთითებს მოსარჩელის მიერ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. პირიქით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელეს უყვარს შვილი, თბილად და ალერსიანად ექცევა მას, რასაც ბავშვიც შესაბამისად პასუხობს. რაც შეეხება მოპასუხის მიმართ ძალადობას, უდავოდ არის დადგენილი, რომ 2022 წელს მოპასუხე არასრულწლოვანთან ერთად იმყოფებოდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, შემდგომში მან თანაცხოვრება გააგრძელა მოსარჩელესთან. ამის შემდგომ მოპასუხის ძალადობრივი ქმედებების თაობაზე წარდგენილია მოწმეთა ახსნა-განმარტებები, ფოტოები და ჩანაწერები, ასევე, საქართველოში გამოკითხვის ოქმი.

25. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნებისმიერი ფორმის ძალადობა დაუშვებელია და მოძალადემ პასუხი უნდა აგოს კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოსარჩელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა სცილდება მის კომპეტენციას. განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მხოლოდ ის გარემოება - არის თუ არა საშიშროება, რომ მოპასუხე ისრაელში დაბრუნების შემთხვევაში ჩავარდება იმდენად აუტანელ მდგომარეობაში, რომ ეს არასრულწლოვანზეც აისახება. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული არ დასტურდება.

26. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური, მით უფრო, ფიზიკური ძალადობა დასაგმობი და კანონით დასჯადი ქმედებაა, თუმცა თუ მოსარჩელე განახორციელებს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, მოპასუხეს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. იმის გათვალისწინებით, რომ ის ისრაელის მოქალაქეა, ამ მხრივ მისი უფლებების რეალიზება დამატებითი გამოწვევის წინ არ იქნება. ამასთან, საზოგადოდ ისრაელის სახელმწიფოში ქალთა უფლებების დაცვის, ასევე, ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით, არასახარბიელო მდგომარეობის თაობაზე ცნობილი არ არის და ამაზე არც მოპასუხე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ მოპასუხის მიერ ისრაელის დატოვების მიზეზი ძალადობის ფაქტები არ გამხდარა. მისი განმარტებით, განზრახული ჰქონდა ისრაელში დაბრუნება სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ.

27. რაც შეეხება მატერიალურ უზრუნველყოფას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს (იაფა) 2023 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამა გადაუხდის დედას ბავშვის დახმარებას, როგორც დროებით დახმარებას, მოთხოვნის შეტანის თარიღიდან - 1000 შეკელის ოდენობით, ყოველი თვის მე-15 დღეს. მამა ასევე მონაწილეობას მიიღებს არასრულწლოვნის საცხოვრებელ ხარჯებში თვეში - 800 შეკელის ოდენობით. მხარეებს თანაბარი ოდენობით ეკისრებათ საგანგებო სამედიცინო ხარჯები, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ აანაზღაურებს. გარდა ამისა, მხარეებს თანაბრად ეკისრებათ არასრულწლოვნის განათლების ხარჯები, როგორიცაა საბავშვო ბაღი, დღის ცენტრი, საზაფხულო ბანაკი, შუადღის ბავშვთა დაწესებულება და ა.შ. ეროვნული დაზღვევის ინსტიტუტის მიერ გაცემული დახმარება დაერიცხება დედას. ამასთან, თავად მოპასუხის განმარტებით, მას გაქირავებული აქვს სალონის ინვენტარი, მუშაობდა დისტანციურად სწორი კვების კონსულტანტად, ბელარუსში გაქირავებული აქვს ბინა, რაც მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული დავის განხილვისას სასამართლო ითვალისწინებს ორივე მშობლის უფლებას, თუმცა უპირატესობას არასრულწლოვნის ინტერესებს ანიჭებს. ბავშვის მიმართ როგორც დედას, ისე მამას თანაბარი უფლებები აქვთ გარანტირებული. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დედას აღარ სურს ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრება და სურს თავისი წარმოშობის ქვეყანაში წასვლა და იქ დარჩენა, არ ნიშნავს, რომ ბავშვიც არ უნდა დაბრუნდეს.

ცხადია, მოპასუხეს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს თავისი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ მითითებული ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, თუმცა როდესაც აღნიშნული განაპირობებს არასრულწლოვნის საცხოვრებლის განსაზღვრის შესახებ დავას მშობლებს შორის, საკითხი სხვა სამართლებრივ ჭრილში უნდა იქნეს განხილული. დაუშვებელია, კანონდარღვევით, ფაქტობრივი მდგომარეობის შეცვლით მშობელმა ხელოვნურად შეცვალოს ბავშვის საცხოვრებლის შესახებ დავის განმხილველი სასამართლოს იურისდიქცია, რათა მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება შიშს, რომ მოსარჩელე მას „წაართმევს“ შვილს, ბავშვის მიკუთვნების საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი კომპეტენტური სასამართლოს მიერ და ეს მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, რომელში დაბრუნებაც განიხილება, ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ და, მაგალითად, გენდერული ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ვარაუდი საფუძველს არის მოკლებული.

აქვე მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს მოსარჩელის, როგორც მშობლის უფლებები. ის, მართალია, არა იმავე მოცულობით, მაგრამ ჩართული იყო არასრულწლოვნის მოვლაში, უზრუნველყოფდა მას მატერიალურად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ბავშვი გაიზრდებოდა მასთან ერთად, უყვარს და ენატრება შვილი.

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტება, რომ არასრულწლოვანი დაიბადა და გაიზარდა ისრაელში და იქ მას ჰყავს თანადგომის ქსელი. როგორც არასრულწლოვნის მამა მიუთითებს, ჰყავს მამიდა, მამიდაშვილი, პაპა, ხოლო საქართველოში არ არის ინტეგრირებული, იგი არ დადის საბავშვო ბაღში, საქართველოში არ აქვს ჩამოყალიბებული სოციალური გარემო და არ ჰყავს მეგობრები და სანათესაო.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მშობლებს შორის დავის გადასაწყვეტად მოსარჩელემ უნდა დააბრუნოს მცირეწლოვანი მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას, ისრაელის სახელმწიფოში.

29. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არასრულწლოვანი იყო 4 წლის და დაბადებიდან იზრდება დედასთან, რომელიც უშუალოდ ზრუნავს ბავშვზე, მის კვებაზე, ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე; არასრულწლოვანს არ აქვს დედის გარეშე ცხოვრების გამოცდილება; მისთვის დედა არის მიჯაჭვულობის სუბიექტი, ხოლო მათ შორის განშორება მატრავმირებელი იქნება მცირეწლოვნისთვის, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ბავშვის წაყვანის უფლების მამისათვის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია, რომ ბავშვს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს დედასთან და არ უნდა მოშორდეს დედას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობის დაზიანება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის გარეშე ბავშვის დაბრუნება ისრაელის სახელმწიფოში არ შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს და შესაძლოა ბავშვს შეუქმნას ფსიქოლოგიური საფრთხე, რის გამოც ბავშვის დაბრუნების დავალება მოპასუხისათვის მართებულია.

30. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

31. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

31.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება;

31.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მითითებული გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ბავშვის დაბადების მომენტისათვის მხარეთა შორის უკვე არსებობდა პრობლემები, რის გამოც ბავშვის დაბადების მომენტში ბიოლოგიურ მამად ვერ მიეთითა მოსარჩელე. შესაბამისად, ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლად მოსარჩელე საერთოდ არ არის მითითებული. მითუმეტეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ისრაელში ყოფნის პერიოდში მოპასუხემ მიმართა ისრაელის სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვის რჩენისათვის მოსარჩელისათვის ხარჯების დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მოსარჩელეზე, როგორც ნეგატიურ პიროვნებაზე, რომელიც საკუთარ შვილზე არ ზრუნავდა;

31.3. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა, ასევე, ის გარემოება, რომ მხარეები წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ, ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოპასუხემ ჯერ კიდევ 2022 წლის 05 დეკემბერს მიმართა ისრაელში შესაბამის სამსახურებს თავდაცვის მიზნით, რის გამოც იგი ბავშვთან ერთად გადაიყვანეს თავშესაფარში. მოსარჩელე სისტემატურად ძალადობდა მოპასუხეზე, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად. უდავო ფაქტია, რომ მხარეთა თანაცხოვრება ერთად შეუძლებელია;

31.4. მოპასუხეს ისრაელში არ გააჩნია საცხოვრებელი, ასევე, არ აქვს შემოსავალი, შესაბამისად, ისრაელში მისი და ბავშვის დაბრუნება ნამდვილად არ აისახება ბავშვზე დადებითად, მით უფრო, თუკი ბავშვი მუდმივად იქნება ძალადობის შემსწრე, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე მაინც განაგრძობდა მოპასუხეზე ძალადობას;

31.5. გარდა აღნიშნულისა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ისრაელში საომარი მდგომარეობაა, სადაც ნამდვილად არ იქნება არასრულწლოვანი ბავშვი უსაფრთხოდ, მითუმეტეს ბავშვს აქვს პანიკური შიში გამაფრთხილებელი სირენების ხმაზე, რომელიც შეიძლება ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს. სწორედ აღნიშნული მდგომარეობა გახდა ისრაელის დატოვების ერთ-ერთი საფუძველი;

31.6. ამდენად, მოპასუხისა და ბავშვის საქართველოში წამოსვლის არაერთი მიზეზი არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვის უსაფრთხოება და იმ მდგომარეობიდან გარიდება, რისიც ძალიან ეშინოდა. უდავო ფაქტია, რომ ისრაელში ბავშვისათვის ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მით უფრო, წასასვლელიც არ აქვთ, ხოლო მამა, რომელიც თითქსოდა იბრძვის ბავშვთან ურთიერთობაზე, არ არის საიმედო და სანდო. საქართველოში ყოფნის პერიოდში, როდესაც ბავშვი მამასთან იყო, ბავშვმა დედას შემაძრწუნებელი ფაქტების შესახებ უამბო. არ არის გამორიცხული ადგილი ჰქონდეს არასრულწლოვან ბავშვთან მისი მხრიდან მიუღებელი ქმედების გამოვლენას. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას;

31.7. არასრულწლოვანი ბავშვი საქართველოში თავს გრძნობს მშვიდად და დაცულად. რაც შეეხება მისი ადაპტირების საკითხს, დედა გეგმავდა ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანას, ამ ეტაპზე დადის სხვადასხვა აქტივობებზე, შესაბამისად, თუკი სასამართლო მისცემს შესაძლებლობას დარჩეს საქართველოში, დედა ყველანაირად შეუწყობს ხელს ბავშვს მისთვის ხელსაყრელი და მისაღები გარემო შეუქმნას, რასაც ნამდვილად ვერ შეძლებს ისრაელში;

31.8. რაც შეეხება ბავშვის უკანონოდ წამოყვანის საკითხს, მოპასუხეს ბავშვი უკანონოდ არ წამოუყვანია ისრაელიდან. მან 2023 წლის 08 ნოემბერს თელ-ავივის საოჯახო სასამართლოს აცნობა, რომ ისრაელში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო დატოვა ქვეყანა, ხოლო ვინაიდან ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მოსარჩელე არც კი ყოფილა მითითებული, თანხმობა არავის მოუთხოვია. აქედან გამომდინარე, უდავოა რომ მოპასუხის ქმედება გამომდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ვინაიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციით (შემდგომში - „ჰააგის კონვენცია“ ან „კონვენცია“) არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo“-ს აღდგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).

39. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.

40. ამდენად, იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს: განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონვენციის მიზნებისთვის, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორციელება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.

41. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

42. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების კონცეფციის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონვენციის ე.წ. „ავტონომიური” ბუნებისა და მისი რეგულირების ობიექტის გათვალისწინებით. კონვენციის „ავტონომიური” ბუნება გულისხმობს მასში არსებული ცნებების, მათ შორის „მეურვეობის”, განმარტებას მხოლოდ ამ კონვენციაში არსებული მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლოების მიერ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მეურვეობის უფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება. ამასთან, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის მიერ არის აღნიშნული, სახელმწიფოების დიდი ნაწილის სასამართლო პრაქტიკა მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის უფლებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ვეტოს უფლების ერთობლიობა კონვენციის მიზნებისათვის ქმნის მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 29-32).

43. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება პირობითად მეორე კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოების მიერ მეურვეობის უფლების აღიარება არ მოხდეს მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში იყოს მიღებული, თუ რამდენად ხდებოდა რეალურად ამ უფლებით სარგებლობა. ამასთან, მისი მიზანია დაიცვას ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72).

44. რაც შეეხება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს, ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდნობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).

45. წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ისრაელის სახელმწიფო და დედის მიერ, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, მისი საქართველოში ჩამოყვანით დაირღვა მოსარჩელის, როგორც მეურვის უფლება (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 13-19 პუნქტები). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოდან არამართლზომიერად გადაადგილებულ ბავშვს. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების ფაქტის დადგენა მისი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების წინაპირობაა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში. ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში. ამასთან, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.

48. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).

49. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პრაქტიკაზე ისრაელის სახელმწიფოდან გადაადგილებული/ დაკავებული ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით. სასამართლოებმა მრავალგზის იმსჯელეს, იქნებოდა თუ არა ბავშვების ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნება მათთვის ზიანის მიყენების სერიოზული რისკის შემცველი და მათმა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ასეთი რისკი არ დადგებოდა ბავშვის ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში. მაგალითად, საქმეში – A. v. A. – არგენტინის რესპუბლიკის სასამართლომ განმარტა, რომ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტი ვერ იქნებოდა არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი; დანიის სამეფოს სასამართლომ საქმეში – V.L.K. – განმარტა, რომ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის არსებობა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული და რეალური საფრთხე არსებობს, რის გამოც ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება ითქვას, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი ვითარება დიდი ხანია გრძელდება, დაბომბვის რისკი არის ზოგადი ხასიათის და ის მიზეზები, რომელთა გამოც დედამ ქვეყანა დატოვა, მანამდეც წლების განმავლობაში არსებობდა. ამიტომ სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვი ისრაელის სახელმწიფოში უნდა დაბრუნებულიყო; დიდი ბრიტანეთის სასამართლომ საქმეში Re S. განაცხადა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები უნდა იყოს ნამდვილად სერიოზული, რათა კონვენციის ამ დებულების მოქმედებაში მოექცეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ომის ვითარებაშია, ბავშვისთვის ზიანის მიყენების სერიოზული რისკის ალბათობა იზრდება, თუმცა ისრაელის სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა, გამოხატული ტერორისტულ აქტებში, არ არის საკმარისი, რათა სასამართლომ დაადგინოს კონვენციის მე-13(1)(ბ) მუხლით დადგენილი ტესტის არსებობა; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლომ მსგავს საქმეზე დაადგინა, რომ ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი ვითარება, ზოგადად, არასტაბილური იყო, რაც არ შეიძლება მუდმივად ყოფილიყო ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი; აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებაც საქმეში – Freier v. Freier – ზემოთ ხსენებულ პრაქტიკას ეხმიანება, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ, მიუხედავად ისრაელის სახელმწიფოს „ომის ზონაში” მდებარეობისა, იქ ცხოვრება გრძელდება, სკოლები საქმიანობას აგრძელებენ და კონფლიქტის არსებობა არ არის ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების და მეორე მშობლის უფლების შეზღუდვის გამამართლებელი საფუძველი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 7274).

50. წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარდგენილი დოკუმენტების - ისრაელში სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული 19.09.2023წ. მოკვლევის (იხ. წინამდებარე განჩინების 7.11 პუნქტი; ტ. 1, ს.ფ. 154-158), სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 25.11.2024წ. დასკვნის (იხ. წინამდებარე განჩინების 7.12 პუნქტი; ტ. 1, ს.ფ. 250-254), დროებითი განკარგულების ფარგლებში 24.12.2024წ. და 25.12.2024წ. მამისა და შვილის შეხვედრაზე, ურთიერთობაზე სოციალური მუშაკის დაკვირვების ანგარიში (იხ. წინამდებარე განჩინების 7.19 პუნქტი; ტ. 2, ს.ფ. 137-140) და ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული იმგვარი დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში ასევე მოიაზრება მისი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.

51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ს–ვას (გ–ვა) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე