Facebook Twitter

საქმე №ას-1344-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ის ..-ის“ დამფუძნებელი წევრები - ზ.თ–ი, ე.გ–ძე, ნ.კ–ძე ლ–ძე, თ.ქ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – უ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უ.ს–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ძის ..-ის“ დამფუძნებელი წევრების - გ.მ–ძის, ე.გ–ძის, ზ.თ–ის, დ.გ–ძის, ხ.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძის, თ.ქ–ვას მიმართ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა უ.ს–ძის (სახელის შეცვლამდე რ.) საკუთრების უფლება (საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად) ქ.თბილისში, კ–ის ../……….. (ამაჟამად ……..) მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N…….., საცხოვრებელ ფართი შენობა N1-ში, 6-ე სართულზე, საცხოვრებელი ფართი 90.71კვ.მ, საზაფხულო ფართი 4.1. კვმ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა, ზ.თ–მა, ე.გ–ძემ, ხ.გ–ძემ, ნ.კ–ძე ლ–ძემ, თ.ქ–ვამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

2025 წლის 2 აპრილს აპელანტებმა წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც თავდაპირველ აპელანტებთან ერთად მიუთითეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ი და შპს „ჯ.....“

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ისა და შპს „ჯ....-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა - ზ.თ–მა, ე.გ–ძემ, ნ.კ–ძე ლ–ძემ, თ.ქ–ვამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძისა და თ.ქ–ვას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.

ამავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

საკასაციო პალატა განმკარტავს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის (კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგაა გამოტანილი.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ისა და შპს „ჯ....-ის“ სააპელაციო საჩივარი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორები არიან ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელმა წევრები - ზ.თ–მა, ე.გ–ძე, ნ.კ–ძე ლ–ძემ და თ.ქ–ვამ ამდენად, ცალსახაა, რომ კერძო საჩივრის ავტორთა წინააღმდეგ არ არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორთა წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, ისინი ვერ იქნებიან გასაჩივრებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სუბიექტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძისა და თ.ქ–ვას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად და კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 391-ე, 284 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძისა და თ.ქ–ვას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ზ.თ–ს (პ/ნ ........) ე.გ–ძესა (პ/ნ ........) და ნ.კ–ძე ლ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ზ.ბ–ძის მიერ 2025 წლის 23 მაისს №3746 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. თ.ქ–ვას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ზ.ბ–ძის მიერ 2025 წლის 23 მაისს №27446619370 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი