2 ოქტომბერი, 2025 წელი,
საქმე#ას-483-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჟ.ტ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჟ.ტ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ვ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 51 934 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ მიქცეულა.
4. 2025 წლის 30 იანვარს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქალაქო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვალს მიღებული განჩინებით, აპელანტის განცხადება დაკმაყოფილდა; სამოქალაქო საქმეზე #2/6722-21 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A25023987) მოქმედება შეჩერდა.
7.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისად არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის წანამძღვრები.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების გადმოცემის მიზნით განცხადების წარდგენა მოპასუხეს სასამართლოში გამოცხადების და გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მოვალეობისგან არ ათავისუფლებს. ამდენად, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანის შემდეგაც, ვალდებული იყო სასამართლოსთვის მიემართა გადაწყვეტილების გადმოცემის მოთხოვნით ან მის დასაბუთებულ ვერსიას გასცნობოდა საქმის ელექტრონულ ვებგვერდზე. სასამართლოს არ ეკისრება დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება და საქმის მასალებიდან გამომდინარე მხარემ გასაჩივრების ვადა გაუშვა (დეტალურად იხ. კერძო საჩივარი).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მან ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სამოქალაქო საქმეზე #2/6722-21 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A25023987) მოქმედების შეჩერების მართლზომიერება.
12. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; ხოლო ამავე ნორმის „გ“ ქვეპუქტის შესაბამისად - სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
დასახელებულ საკითხთან მიმართებით პალატა განმარტავს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (იხ. Case of Miragall Escolano and Others v. Spain, 38366/97, ECHR; ასევე, დიდი პალატის განჩინება №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ არის დადასტურებული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით.
13. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სსკ-ის მე-10 მუხლით დადგენილი აღსრულების სავალდებულო ხასიათისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის მიხედვით, როდესაც აღძრულია სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შესაძლოა გამოყენებული იქნეს ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს.
14. ამასთან, სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავი, ასევე ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას, კერძოდ, მითითებული კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების შეჩერება და მისი ვადები. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არც სააღსრულებო წარმოებათა კანონით (36-ე მუხლი) გათვალისწინებული შეჩერების რომელიმე საფუძველი არ ირკვევა.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება ან სააღსრულებო საბუთის მოქმედების შეჩერება, ხოლო მხარეს მათ შესახებ არ მიუთითებია, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
16. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
18.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 51 934 ლარის გადახდა დაეკისრა.
18.2. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ მიქცეულა.
18.3. 2025 წლის 30 იანვარს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქალაქო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა.
18.4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
18.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
19. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდგომ - სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, სსსკ-ის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სააღსრულებო ფურცელს გასცემს სასამართლოს ის ინსტანცია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერი ძალაში შევიდა (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა/სსსკ-ის 268-ე მუხლი) და დავის არსებითად გადაწყვეტის საბოლოო დოკუმენტს წარმოადგენს.
ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული და აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მკაფიოდაა განსაზღვრული კრედიტორი და მოვალე, ასევე, ის ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს ეკისრებათ. მხარეთა მიერ ამ ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისასაა საჭირო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების განხორციელება (სუსგ №ას-1099-2025, 6.10.2025წ.).
20. სააღსრულებო ფურცელი არის აღსრულების კანონიერად მიჩნევის უმთავრესი პირობა. იძულებით აღსრულებას ქვემდებარე აქტი და მის საფუძველზე გაცემული კანონშესაბამისი სააღსრულები ფურცელი აღმასრულებელს ანიჭებს სააღსრულებო ფურცელში ასახული მისაღწევი შედეგის თანაზომიერი სააღსრულებო ქმდებების განხორციელების უფლებამოსილებას. ზოგადი წესის მიხედვით, სააღსრულებო მოქმედებების წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო დოკუმენტის გარეშე, ეს უკანასკნელი მოვალის მიმართ იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია.
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული, რის გამოც მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა დაუშვებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. სასამართლოს შეფასებით, ასეთ პირობებში სააღსრულებო წარმოება არ უნდა შეჩერდეს (დროებით), არამედ საერთოდ უნდა შეწყდეს (დასრულდეს), რადგან საკუთრივ სააღსრულებო საფუძველი არ არსებობს. როგორც აღინიშნა, სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს სააღსრულებო დოკუმენტი (მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე მუხლი). თუ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, მაშინ მისი აღსრულება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლომ მიანიჭა გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი აღსრულების იურიდიული ძალმოსილება, ანუ მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცა გადაწყვეტილება აღსასრულებლად (სსსკ-ის 268-ე მუხლი). თუ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასეთი სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან არ არსებობდა მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს ვარგის სამართლებრივ დოკუმენტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელობით - სააღსრულებო წარმოების დასაწყებად და ის უნდა გაუქმდეს.
22. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებით, სააღსრულებო წარმოება კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა შეწყდეს, ანუ დასრულდეს, რადგან არ არსებობს წარმოების სამართლებრივი საფუძველი - მოქმედი აღმასრულებელი დოკუმენტი. აღსრულების შეჩერება წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, როდესაც წარმოება მიმდინარეობს კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და დროებით ჩერდება მიმდინარე წარმოების პროცესი, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს შეჩერების საფუძვლების აღმოხვრის შემდგომ, ანუ კანონიერი საფუძვლით მიმდინარე სამართლებრივი პროცედურის შეჩერებაა შესაძლებელი, ხოლო წარმოებას, რომელსაც არ გააჩნია კანონისმიერი საფუძველი, კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა შეწყდეს, რადგან ის არც უნდა დაწყებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებას, რომლის დაკმაყოფილება ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით დაუშვებელია, რაც არ ართმევს მხარეს უფლებას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
24. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო თავად არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება და აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A25023987) მოქმედების შეჩერების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.ტ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. ვ.კ–ის განცხადება სამოქალაქო საქმეზე N2/6722-21 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება NA25023987) მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა