Facebook Twitter

23 ივლისი 2025 წელი

საქმე №ას-918-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ა.ხ–ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარეები - შ.პ.ს. „ი.ფ–“ (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში), კ.ი–ძე, გ.ა–ა (მოპასუხეები ძირითად სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, დივიდენდის გადახდის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), შენატანის გადახდის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა.ხ–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების, დივიდენდის გადახდის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ი.ფ–ის“ შეგებებული სარჩელი შენატანის გადახდის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ.ა.ხ–ს (პ/ნ .......) დაეკისრა მოსარჩელე შ.პ.ს. „ი.ფ–ის“ (ს/ნ ..........) სასარგებლოდ 100 000 (ასი ათასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ა.ხ–ის წარმომადგენელმა ქ.ა–ძემ. სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მ.ა.ხ–ის წარმომადგენელის ქ.ა–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს დაევალა: 1. მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა; 2. სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მტკიცებულებების სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოში წარდგენა; 3. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 07 დღის ვადა, აგრეთვე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობისას, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა.

4. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დავის დასრულებამდე, შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის მაქსიმალური პერიოდით გაგრძელება. ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად ხარვეზის ვადის გაგრძელება არანაკლებ 10 დღით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტის მ.ა.ხ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 07 დღით განჩინების ჩაბარების მომენტიდან.

6. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მოცემულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელება მაქსიმალური პერიოდით და წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება არანაკლებ 10 დღით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით აპელანტის მ.ა.ხ–ის წარმომადგენლის ქ.ა–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტ მ.ა.ხ–ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 დღით ამ განჩინების ჩაბარების მომენტიდან. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 24 აპრილს. (იხ. ტ.4, ს.ფ. 39).

8. განჩინების ჩაბარების შემდგომ, 2025 წლის 13 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტის მ.ა.ხ–ის წარმომადგენელმა ქ.ა–ძემ და, ხარვეზის შევსების მიზნით, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი 300 ლარის ოდენობით, ხოლო ბაჟის სრულად გადახდამდე კი მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე ან მოცემულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელება მაქსიმალური პერიოდით. რაც შეხება დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენას, ამ ნაწილში მან ხარვეზის შესავსები ვადის არანაკლებ 10 დღით გაგრძელება ითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, აპელანტის მ.ა.ხ–ის წარმომადგენლის ქ.ა–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან/და ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ.ა.ხ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად უდევს შემდეგი დასაბუთება: პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე მითითებით განმარტა, სასამართლოს უფლებამოსილება, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარეს გადაუვადოს ან შეუმციროს სახელმწიფო ბაჟი. აღნიშულს კი საფუძვლად უნდა ედოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომ მას მოცემულ ეტაპზე არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად, მართალია „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისსაც უშვებს, რომლის გამოყენება მხარეს მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში კი სასამართლო არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა მარწმუნებელთან კომუნიკაციისა და თანხის გადარიცხვის სირთულის გათვალისწინებით, ვინაიდან მ.ა.ხ–ი იყო ა.შ.შ.-ის მოქალაქე და მისი მუდმივი საცხოვრებელიც იქ იყო, რის გამოც გართულებული იყო კომუნიკაცია და ვერ ხერხდებოდა ფინანსური სახსრების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. სააპელაციო პალატამ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალური საფუძველი, ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შესვლიდან გასული იყო სამ თვეზე მეტი. ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე თავდაპირველი ხარვეზის დადგენიდან 2025 წლის 20 თებერვლიდან დღემდე არ/ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრა, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 09 ივნისს. 2025 წლის 24 ივნისს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას წარედგინა კერძო საჩივარი ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით: აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საპატიო მიზეზი ჰქონდა, კერძოდ სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ აპელანტი არარეზიდენტი პირი იყო და მას დროებითი საცხოვრებელი ადგილსამყოფელიც არ ჰქონდა საქართველოში, ის ა.შ.შ.-ს მოქალაქეა, ამასთან ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება. ყოველივე ეს კი ართულებდა მასთან კომუნიკაციასა სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილად გადახდისთვის საჭირო თანხის მობილიზებას საქართველოში. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის მის ხელთ არსებული თანხის ორჯერ შეტანით ცალსახად დაადასტურა, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს. ამასთან, სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ითხოვდა სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა მოგვიანებით და არა სრულად გაეთავისუფლებინა მისი გადახდისაგან. აპელანტის აზრით, ყოველივე ამით მის მიმართ დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ვინაიდან მხარე იმთავითვე მიუთითებდა აპელანტთან კომუნიკაციის პრობლემის არსებობასა და ფინანსური სახსრების მიღების სირთულეზე, თუმცა მუდმივად ახდენდა სახელმწიფო ბაჟის გარკვეული ნაწილის გადახდას, ცხადია ეს მეტყველებდა იმაზე, რომ აპელანტს დავის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა დაკარგული და საპროცესო დანაწესი სადამსჯელო ღონისძიებად არ უნდა ყოფილიყო ქცეული. ყოველივე ეს კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი იყო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სრულად არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ განსაზღვრულ ვადაში.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

16. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება კი თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. მითითებული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს იმ თვალსაზრისით, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა სახელმწიფო ბაჟი მოგვიანებით გადაეხადა, რამაც განაპირობა საქმის წარმოების დასრულება მისთვის არასასურველი საპროცესო შედეგით.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ სააპელაციო საჩივარში, მტკიცებულებათა გარეშე, შუამდგომლობდა აპელანტის წარმომადგენელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, იმ მოტივით რომ აპელანტს, რომელმაც საქართველოში ინვესტიცია სრულად დაკარგა, არავითარი მოგება არ მიუღია და საკუთარი დარღვეული უფლებების დასაცავად კიდევ უწევს ხარჯების გაღება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად დაევალა 07 დღის ვადაში: 1. მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა; 2. სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მტკიცებულებების სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოში წარდგენა; 3. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

19. ხსენებული განჩინების ჩაბარების შემდგომ, აპელანტის წარმომადგენელმა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დავის დასრულებამდე, შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის მაქსიმალური პერიოდით გაგრძელება. ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად ხარვეზის ვადის გაგრძელება არანაკლებ 10 დღით. შუამდგომლობის მოტივად დაასახელა აპელანტთან კომუნიკაციის სირთულე, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად ის ითხოვდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვის სხდომების გადაცემას.

20. აღსანიშნავია, რომ აპელანტს დამატებით ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა, თუმცა მისი წარმომადგენელი იდენტურ გარემოებებზე მითითებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და მას არცერთ ჯერზე არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აპელანტს ხარვეზი დადგენილი ჰქონდა სხვა საფუძვლითაც, კერძოდ, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, უნდა მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, რაც მან ასევე არ აღმოფხვრა. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

22. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს რა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების სიმძიმით, მხარეს მიეცემა დრო, რომელიც ობიექტურად საკმარისია საამისოდ. თავის მხრივ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლების მხარისათვის მინიჭება არ გულისხმობს უარგუმენტო, დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ თუ მხარე, რომელსაც განესაზღვრა ვადა ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, დათქმულ დროში მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, საამისოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით უნდა ასაბუთოს საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

24. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორს 20.02.2025 წლის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების შემდგომ ზედიზედ ორჯერ (2025 წლის 17 მარტისა და 14 აპრილის განჩნებებით) ისე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, რომ შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ იყო მტკიცებულებით გამყარებული და ამასთან, არც დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იყო წარდგენილი სასამართლოში.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დაუდგენელი ვადების განსაზღვრისას სასამართლოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ერთი მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, მხარეს არ განუსაზღვროს იმდენად მოკლე ვადა, რომელიც არსებითად შეუძლებელს გახდის მოთხოვნილი საპროცესო მოქმედების შესრულებას, ან პირიქით, მხარის ინტერესების გადაჭარბებულად გათვალისწინების გამო, არ დაადგინოს იმდენად გრძელი საპროცესო ვადა, რომ ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება. როგორც ერთი, ისე მეორე ვითარების თავიდან არიდების კრიტერიუმად კანონმდებელი გონივრულობის პრინციპს განიხილავს (იხ. სუსგ. №ას-1415-2022, 15.03.2023წ; №ას-1455-2022, 27.01.2023წ).

26. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არსებული თითქმის სამთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 2-ჯერ გაგრძელდა, საკმარისი იყო როგორც ხარვეზის შესავსებად, ასევე აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ რაიმე მტკიცებულებების წარსადგენად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ზედიზედ რამდენიმე შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, იმ პირობებში, როდესაც დასაბუთებული არ არის საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, შეიცავს საპროცესო ვადების გაჭიანურების მცდელობის ნიშნებს, რაც საჭიროებს აღკვეთას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან არამოტივირებული შუამდგომლობის გაზიარებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქმნება დავაში მონაწილე მეორე მხარის ინტერესის არათანაზომიერად ხელყოფის ვარაუდი, რაც დაგვიანებულ და არაეფექტურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება (შდრ. სუსგ. საქმეზე №ას-577-548-2014, 25.07.2014წ).

27. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებისა და გადავადების თაობაზე, მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა.

28. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უკანონოდ ეთქვა უარი და მის მიმართ დაირღვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი, დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

30. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ 9.10.2018წ. საქმე №ას-1220-2018).

32. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

33. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სააპელაციო საჩივრის ავტორს უდგენს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზების სრულად შევსების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობაც უკავშირდება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

34. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

35. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, მ.ა.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი