Facebook Twitter

ბს-113-113(კ-08) 8 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშეE

კასატორი (მესამე პირი) _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. კ-ე

მოპასუხე სარჩელში _ დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 5 ივნისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. კ-ემ მოპასუხე დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ დაბა ჩაქვში, ....... ქუჩის ¹83-ში მდებარე 428 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული რესტორანი ,,ვ-ი” _ 1987 წლიდან იმყოფებოდა მის კანონიერ მფლობელობასა და სარგებლობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 1 აპრილის ¹87 განკარგულებით (საზოგადოებრივი კვების კოოპერატივი ,,ვ-ის” წესდების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ) საზოგადოებრივი კვების კოოპერატივის ბაზაზე ჩამოყალიბდა (დამფუძნებელი თ. კ-ე) მცირე საწარმო ,,ვ-ი”.

მოსარჩელემ განმარტა, რომ იმჟამად რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და კეთილსინდისიერად ახორციელებდა ...... ქუჩის ¹83-ში მდებარე 428 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული რესტორან ,,ვ-ის” კანონიერ ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ი/მ “თ. კ-ის” მიმართ ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა.

მოსარჩელემ მიუთითა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ მათ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე _ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ იყო გამოცხადებული, უსასყიდლოდ გადადიოდა მათ საკუთრებაში, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც გამოყოფილი ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს საბინაო მშენებლობისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობოდა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო იმავე კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერად ითვლებოდა მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობდა ან, რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების დადგენა დაბა ჩაქვში, ....... ქ. ¹ 83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინებით ქობულეთის რაიონის გამგეობა მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად მოპასუხის მხარეზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ........ ქუჩის ¹83-ში მდებარე 428 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა აღიარებულ იქნა თ. კ-ის საკუთრებად, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჩაქვის მ-თა კოოპერატივს 1987 წლის 14 სექტემბრის აქტით და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 15 აპრილის ¹138 დადგენილებით გამოეყო კოოპერატიული სასადილოს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი; აჭარის ა/რ ქობულეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 1 აპრილის ¹87 განკარგულებით, საზოგადოებრივი კვების კოოპერატივის ბაზაზე ჩამოყალიბდა მცირე საწარმო ,,ვ-ი”, რომლის დამფუძნებელიც იყო მოსარჩელე თ. კ-ე, რომელიც იმჟამად აწარმოებდა ინდივიდუალურ მეწარმეობას და კეთილსინდისიერად ფლობდა და სარგებლობდა 428 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (რესტორანი).

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 428 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (რესტორანი) ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ უკანასკნელის საკუთრებად გამოცხადდა, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა, უსასყიდლოდ გადადიოდა მათ საკუთრებაში, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც გამოყოფილი ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს საბინაო მშენებლობისათვის.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩაქვის მუშათა კოოპერატივს 1987 წლის 14 სექტემბრის აქტით და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 15 აპრილის ¹138 დადგენილებით გამოეყო კოოპერატიული სასადილოს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი. ქობულეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 1 აპრილის ¹87 განკარგულებით საზოგადოებრივი კვების კოოპერატივის ბაზაზე ჩამოყალიბდა მცირე საწარმო ,,ვ-ი”, რომლის დამფუძნებელი იყო თ. კ-ე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ამ ფაქტობრივ გარემოებას ვერ უარყოფდა. ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ მათ სარგებლობაში არსებულ, დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 15 აპრილის ¹138 დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 21 ოქტომბრის ¹381 გადაწყვეტილება დამტკიცდა და ჩაქვის მ-თა კოოპერატივს კოოპერატიული სასადილოს მშენებლობისათვის ჩაქვის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს მიწებიდან გამოეყო 0,04 ჰა გამოუყენებელი მიწის ფართი სოფლის მეურნეობაში (ს.ფ. 5).

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო წარმოადგენდა ხელისუფლების ორგანოს, რომელსაც გააჩნდა კომპეტენცია, კოოპერატივის სარგებლობისათვის (მშენებლობისათვის) გადაეცა გარკვეული რაოდენობის მიწის ფართი მათ მიერ მითითებულ ტერიტორიის ფარგლებში. ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა, უსასყიდლოდ გადადიოდა მათ საკუთრებაში, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც გამოყოფილი ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს საბინაო მშენებლობისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა საკუთრების უფლებით სადავო ქონების ფლობის უფლებას. საქმეში წარმოდგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის უარი სადავო ქონების რეესტრში რეგისტრაციაზე საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. მოსარჩელე, მართალია, ეყრდნობოდა ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვის საკრებულოს პასუხს, რომ მოცემული ქონება იმყოფებოდა მოსარჩელის მფლობელობაში, მაგრამ დასახელებული პასუხით არ ირკვეოდა, მას ეს ქონება საკუთრებაში ან სარგებლობაში გამოეყო თუ არა. პრეტენზიის არქონა მფლობელისათვის არ ნიშნავს საკუთრების უფლების აღიარებას.

კასატორის მითითებით, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, სადაც საუბარია ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გადაცემაზე. მოცემული მიწის ნაკვეთი არ ყოფილა გამოყოფილი ზემოაღნიშნული მიზნისათვის და შესაბამისად, მოცემული ნორმა სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ გავრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება აღნიშნული ნორმის შინაარსზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო წარმოადგენდა ხელისუფლების ორგანოს, რომელსაც გააჩნდა კომპეტენცია, კოოპერატივის სარგებლობისათვის გადაეცა გარკვეული რაოდენობის მიწის ფართი მათ მიერ მითითებულ ტერიტორიის ფარგლებში.

კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო წარმოადგენდა ხელისუფლების ორგანოს, თუმცა ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი არ იყო გამოყოფილი საკუთრების უფლებით და შესაბამისი აქტი არ წარმოადგენს მიწის საკუთრების უფლებით გადაცემის დოკუმენტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 8 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. კ-ის სარჩელზე დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობის მიმართ, დაბა ჩაქვში, ...... ქ. ¹ 83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე, დაუშვებლობის მოტივით, უნდა შეწყდეს წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლზე (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე), რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის (აღიარებითი სარჩელი) მიხედვით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე. ხსენებული კოდექსის 262-ე მუხლის (განმწესრიგებელი სხდომა) მე-6 ნაწილის თანახმად კი, საქმის საკასაციო წესით განხილვისას, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ 2006 წლის 5 ივნისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. კ-ემ მოპასუხე დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობის მიმართ, ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე (აღიარებითი სარჩელი) და ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვა საკუთრების უფლების დადგენა დაბა ჩაქვში, ....... ქ. ¹83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე. ამდენად, თ. კ-ემ აღძრა აღიარებითი სარჩელი საკუთრების უფლების დასადგენად, ანუ საკუთრების უფლების მისთვის მისანიჭებლად და არ გამოიყენა სარჩელის ის სახე, რომელიც ამ მიზნით უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არც ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელის წარმოებაში მიღებისას და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია თ. კ-ის სარჩელის დასაშვებობაზე, ანუ იმ საკითხზე, თუ რამდენად იყო დასაშვები კონკრეტულ შემთხვევაში თ. კ-ის აღიარებითი სარჩელი, რომლითაც იგი მოითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას განსაზღვრულ ქონებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. კ-ეს დაბა ჩაქვში, ..... ქ. ¹83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის (დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობა) _ ამ საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და მან პირდაპირ აღიარებითი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ამდენად, თ. კ-თვის მოცემული სარჩელის აღძვრამდე უცნობი იყო ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მის მოთხოვნასთან მიმართებაში და მან არ დაიცვა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი სარჩელის სახის არჩევის წესი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა, შესაბამისად, თ. კ-ის სარჩელი უშუალოდ არის დაკავშირებული საკუთრების მატერიალურ, სანივთო უფლებასთან. ამდენად, თ. კ-ის სარჩელი არ პასუხობს ამ სახის სარჩელთა დასაშვებობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი წესით, ანუ იგი ვერ მოექცევა ამ მუხლის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ შესაძლებელი იყო აღძრულიყო შეცილების ან მავალდებულებელი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლით, ანუ შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელის აღძვრის ფაქტობრივი შესაძლებლობა ობიექტურად გამორიცხავს განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნით აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიულ შესაძლებლობას, ხოლო ასეთ შემთხვევაში, უკვე აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის (განმწესრიგებელი სხდომა) მე-6 ნაწილით _ უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად (აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2008 წლის 18 იანვრიდან), შესაძლებელია ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საკასაციო სასამართლოც არის უკვე უფლებამოსილი, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას პირდაპირ შეწყიტოს სარჩელზე წარმოება და ამ მხრივ იგი აღარ არის პროცესუალურად შეზღუდული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირმა საკუთრების უფლების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენოს მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი, ანუ ისეთი სახის სარჩელი, რომელიც მას იურიდიულად მისცემს შესაძლებლობას, მოიპოვოს საკუთრების უფლება ამა თუ იმ ქონებაზე. აღიარებითი სარჩელის აღძვრა უნდა გამომდინარეობდეს მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესებიდან აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ და ამავე დროს აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. მოსარჩელე ვერანაირად ვერ იქნება აღიარებითი სარჩელის აღძვრით სამართლებრივად დაინტერესებული, თუ მას შესაძლებლობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით მიაღწიოს მიზანს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი არ მოიცავს მოპასუხის მიმართ შესრულების მოთხოვნას ან ამ შესრულების იძულების წესით განხორციელებას, რის გამოც საკუთრების უფლების მინიჭება ვერ მოხდება აღიარებითი სარჩელით და საკუთრების მატერიალური უფლების რეალიზებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მავალდებულებელი სახის სარჩელი _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. კ-ის სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც ხსენებულ სარჩელზე, დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობის მიმართ, დაბა ჩაქვში, ....... ქ. ¹ 83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე, დაუშვებლობის მოტივით, უნდა შეწყდეს წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ის სარჩელზე, დაბა ჩაქვის საკრებულოს გამგეობის მიმართ, დაბა ჩაქვში, ........ ქ. ¹ 83-ში მდებარე 425 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ (რესტორანი) შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე, დაუშვებლობის მოტივით შეწყდეს წარმოება;

2. გაუქმდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.