Facebook Twitter

საქმე № ა-5411-შ-119-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ა–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ვ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – კვიპროსის ლიმასოლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის N412/2003 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კვიპროსის ლიმასოლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის N412/2003 გადაწყვეტილებით მ.ვ–ძე და ი.ა–ვი განქორწინდნენ.

ი.ა–ვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს მხარე, შესულია კანონიერ ძალაში.

3. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ა–ვის შუამდგომლობა კვიპროსის ლიმასოლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის N412/2003 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კვიპროსის ლიმასოლის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის N412/2003 გადაწყვეტილება, რომლითაც: მ.ა. ასულ ვ–სა (განმცხადებელი) და ი.ვ. ძე ა–ს (მეორე მხარე) შორის ქორწინება გამოცხადდა გაუქმებულად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი