საქმე № ას-962-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ხ–ძე, დ.ვ–ძე, დ.ნ–ძე, ე.კ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ხ–ძის, დ.ვ–ძის, დ.ნ–ძისა და ე.კ–ძის (შემდეგში მოსარჩელეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდეგში მოპასუხე ან მუზეუმი) მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორების პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მუზეუმში დაწყებული იყო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის (შემდგომში ფონდი ან სამეცნიერო ფონდი) ევაკუაცია. საქმის მასალებით არ დასტურდება ევაკუაციის ფაქტობრივი დაწყებისა და განხორციელების ფაქტი. საქმეში წარდგენილია 2021 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყდა ევაკუაციის გეგმის განხორციელების მხარდაჭერა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა 2022 წლის 28 იანვარს, შესაბამისად, გაუგებარია, თუ ფონდის ევაკუაციის დაწყება იყო გადაწყვეტილი, რატომ გამოცხადდა მოსარჩელეთა პროექტი გამარჯვებულად.
3. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა საკუთარი უფლებების დარღვევის გამო ერთობლივი განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს განსხვავებული შეხედულებების გამო მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, ხოლო 2022 წლის 26 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რამ გამოიწვია მოსარჩელეთა პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა, მითუმეტეს, რომ აღნიშნული პროექტი, ისევე როგორც სხვა პროექტები, შეფასებულია ევროპის სამეცნიერო ფონდის ექსპერტების მიერ, რაც დამატებით ადასტურებდა პროექტის მნიშვნელობასა და მისი ავტორების კვალიფიკაციას.
4. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რა რაოდენობის შემოსავალს მიიღებდნენ მოსარჩელეები მაშინ, როდესაც პროექტში დეტალურადაა მითითებული ყველა ხარჯი და პროექტის თითოეული ავტორისთვის მისაღები შემოსავალი.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
9.1. მოსარჩელეები დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა ამჟამად, არც ერთი მათგანი მუზეუმში აღარ მუშაობს;
9.2. 2022 წლის 28 იანვარს მუზეუმის სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა ფუნდამეტური კვლევების კონკურსში გამარჯვებულ პროექტთა ჩამონათვალი. ეროვნული მუზეუმის სახელით გამოვლინდა 13 გამარჯვებული პროექტი, მათ შორის იყო პროექტი - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ (შემდგომში პროექტი ან მოსარჩელეთა პროექტი), რომლის წარმდგენები იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის ძირითადი პერსონალი (მათ შორის: მოსარჩელეები - ნ.ხ–ძე (პროექტის ხელმძღვანელი), დ.ვ–ძე (კოორდინატორი), ე.კ–ძე (მკვლევარი), დ.ნ–ძე (მკვლევარი));
9.3. ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში წარდგენილი კონკურსები შეაფასეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა;
9.4. მოსარჩელეები სოციალურ ქსელში, ტელევიაზიასა თუ სოციალურ მედიაში ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, ხელოვნების მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების და მათი პოლიტიკის მიმართ; მათ ხელი მოაწერეს 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებულ პეტიციებს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით;
9.5. 2022 წლის 1 თებერვალს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ცვლილებები შეიტანა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის No110/ნ ბრძანებაში. ბრძანების მე-5 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.“ ბრძანების მე-3 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის „გ3“ ქვეპუნქტი - დირექტორატი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ;
9.6. 2022 წლის 7 თებერვალს ჩატარდა სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სამეცნიერო ფონდში წარდგენილი და გამარჯვებული 13 პროექტის საკითხის განხილვა. განხილვის შემდგომ, დირექტორატმა ხმათა უმრავლესობით (ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფონდისათვის მიემართათ წერილობით, 13 გამარჯვებული პროექტის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა პროექტის წარდგენისას პროცედურული დარღვევები. დირექტორატის წევრთა გადაწყვეტილებით სამეცნიერო ფონდს ეცნობა იმის შესახებ, რომ მუზეუმისთვის გამოყოფილი 13 გრანტის გამოთხოვა იმ ეტაპზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული;
9.7. მოსარჩელეთა პროექტი წარდგენილი და დამტკიცებული იყო 2021 წლის 12 მარტის სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარე დ.ლ–ძე;
9.8. 2022 წლის 9 თებერვალს მუზეუმის დირექტორატის წევრმა ნ.ა–მა წერილობით მიმართა სამეცნიერო ფონდს, 13 გამარჯვებული პროექტისათვის თანხის გამოთხოვის მიზანშეუწონლობის შესახებ, რითაც შეჩერდა სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელება;
9.9. მუზეუმის დირექტორატის 2022 წლის 22 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ხელშეკრულების გაფორმებისა და გრანტების გამოთხოვის საკითხები; მიღებული გადაწყვეტილებით მოწონებულ იქნა სამეცნიერო საბჭოზე წარდგენილი 12 საგრანტო პროექტი და ამ პროექტების დასაფინანსებლად ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულებები;
9.10. ამავე სხდომაზე, ერთხმად იქნა გაზიარებული მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის ნ.ა–ის არგუმენტაცია ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაციასთან დაკავშირებით და მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ პროექტს უარი ეთქვა ფონდთან ხელშეკრულების გაფორმებასა და გრანტების გამოთხოვაზე;
9.11. სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 24 მარტის ბრანებით ცვლილება შევიდა 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ 2022 წლის 28 იანვრის ბრძანებაში;
9.12. მოსარჩელე ნ.ხ–ძემ წერილობით მიმართა მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და მუზეუმის დირექტორს, რომლითაც, საევაკუაციო და სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, შესთავაზა შემუშავებული პროექტის მოქნილი გეგმა-გრაფიკი, სამუშაო ეტაპების მონაცვლეობის შესაძლებლობა;
9.13. 2022 წლის 23 მარტს, მოსარჩელეებმა ნ.ხ–ძემ და დ.ვ–ძემ წერილით მიმართეს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოსა და მუზეუმის დირექტორატს, მოითხოვეს ოფიციალური გადაწყვეტილება მათი პროექტის შესახებ. მათ, ასევე, წერილობით მიმართეს სამეცნიერო ფონდის დირექტორს და შეატყობინეს, რომ მათთვის უცნობი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება მათი პროექტის შესახებ;
9.14. 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოციალურ ქსელ facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად, დაფინანსდა 12 სამეცნიერო პროექტი და გაფორმდა ხელშეკრულებები დაფინანსების შესახებ. ხოლო, ერთ მათგანს, მოსარჩელეთა პროექტს, უარი ეთქვა განხორციელებაზე;
9.15. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის დადგენის შესახებ;
9.16. 2022 წლის 26 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ;
9.17. 2023 წლის 6 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში მუზეუმში სულ შევიდა 46 განცხადება, რომელთაგან 6 ეხებოდა კონკრეტულად მუზეუმის ფონდში დაშვებას და დირექტორატის გადაწყვეტილებით, წარდგენილი 6 განცხადებიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ 2 – ერთი შეეხებოდა ქანდაკების ფონდში არსებული 1 ქანდაკების ნახვას, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ იმყოფებოდა ევაკუაციის რეჟიმში, მეორე კი, ითხოვდა უკვე ევაკუირებული ნაქარგობის ფონდის ფურატართან გასაუბრებას და ნაქარგობის რამდენიმე ნიმუშის ნახვას.
9.18. 2023 წელს მუზეუმის ფონდებში დაშვებასთან დაკავშირებით შევიდა სულ ოთხი განცხადება და ვინაიდან ფონდების ევაკუაციის პროცესი კვლავ მიმდინარე რეჟიმში იყო, ოთხივე განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
10. წინამდებარე საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი მუზეუმის სამეცნიერო ფონდში წარდგენილი პროექტის განხორციელებისთვის მოსარჩელეთათვის გრანტის გაუცემლობის გამო, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორები ამტკიცებენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნეს, რომ სამეცნიერო ფონდის ევაკუაცია გახდა გრანტის გაცემაზე უარის თქმის წინაპირობა.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ საქმე Nას-251-2018, 08.02.2022წ.).
12. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაა. სარჩელი კი იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რომ მოპასუხე მოსარჩელეებს მოეპყრო განსხვავებულად და ეროვნული მუზეუმის სახელით გამოვლენილი 13 გამარჯვებული პროექტიდან, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მოსარჩელეთა პროექტიც იყო, მოიწონა და დაამტკიცა 12 და გრანტის გაცემაზე მხოლოდ მოსარჩელეთა პროექტს უთხრა უარი.
13. საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 (საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია), ამავე კანონის 10.1-ლი (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1-ელი (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), ამავე კოდექსის 394.1-ელი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ელი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. უშუალოდ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97).
15. უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05).
16. საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) ევროსასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.
17. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები _ ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს – ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.
18. დანარჩენ შემთხვევებში, მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. შეფასების ტესტთან მიმართებაში ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02).
19. დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ: 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს ქმნის. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა.
20. ამრიგად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს _ საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV). მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დისკრიმინაციული მოპყრობის კონკრეტულ გარემოებებზე, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოპასუხეზე აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელთან შედარებითაც ის იმყოფება არასათანადო მოპყრობაში (იხ. სუსგ. №ას-1599-2023, 26.01.2024; №ას-351-2024 26 ივნისი, 2024 წელი).
21. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით, ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლოს გამოაქვს დასკვნები, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით რომლებიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცებულების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომვე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის, ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები), (Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V).
22. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რათა „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით.
23. ამასთან, ყოველგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ - განსხვავებული მოპყრობა მოტივირებული უნდა იყოს აკრძალული ნიშნით. შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი (შველიძე ზ. შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის რეგულირება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი №2, 2012, 249).
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა გამოწვეული იყო მუზეუმის ფონდების ევაკუაციით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ევაკუაციის ფაქტობრივი დაწყებისა და განხორციელების ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ ევაკუაციის პროცესი არ ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელების შეუძლებლობას.
25. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე - ეროვნული მუზეუმის დირექტორატის 2021 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმზე, რომლის თანახმადაც, დირექტორატმა სხვა საკითხებთან ერთად გადაწყვიტა მუზეუმის ფონდების ევაკუაციის გეგმის განხორციელების მხარდაჭერა. ასევე, 2023 წლის 6 ოქტომბრის ცნობაზე, რომლის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში მუზეუმში სულ შევიდა 46 განცხადება, რომელთაგან 6 ეხებოდა კონკრეტულად მუზეუმის ფონდში დაშვებას და დირექტორატის გადაწყვეტილებით, წარდგენილი 6 განცხადებიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ 2 – ერთი შეეხებოდა ქანდაკების ფონდში არსებული 1 ქანდაკების ნახვას, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ იმყოფებოდა ევაკუაციის რეჟიმში, მეორე კი, ითხოვდა უკვე ევაკუირებული ნაქარგობის ფონდის ფურატართან გასაუბრებას და ნაქარგობის რამდენიმე ნიმუშის ნახვას. არც ერთი შემთხვევა არ გულისხმობდა უშუალოდ ფონდში შესვლასა და მუშაობას (აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეებს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ 2023 წელს მუზეუმის ფონდებში დაშვებასთან დაკავშირებით შევიდა სულ ოთხი განცხადება და ვინაიდან ფონდების ევაკუაციის პროცესი კვლავ მიმდინარე რეჟიმში იყო, ოთხივე მათგანს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც ასევე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მიმდინარე ევაკუაციის სამუშაოები საკვლევ მასალასთან წვდომის შეზღუდვას აწესებდა. მოსარჩელეებს არც იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენიათ სასამართლოსთვის, რომ თანხმობაგაცხადებული 12 პროექტიდან ორი მათგანი უნდა განხორციელებულიყო იმავე სივრცეში, სადაც მოიაზრებოდა მათი პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის ერთმნიშვნელოვან დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის განმაპირობებელი ფაქტების მითითების მტკიცების ტვირთი, რაც შედეგობრივად სხვა პროექტებთან შედარებით მათი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხორციელებაზე უარის თქმაში გამოიხატა, ვერ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები იმ მინიმალური სტანდარტით, რაც მათ მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა, ხოლო ვინაიდან არ დადასტურდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეთა მომდევნო მოთხოვნას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების (მოსარჩელეების) მითითება, რომ მათი განცხადების ფარგლებში სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებებიც, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ძის, დ.ვ–ძის, დ.ნ–ძისა და ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ხ–ძეს (პ.ნ. .......), დ.ვ–ძეს (პ.ნ. .........), დ.ნ–ძესა (პ.ნ. .........) და ე.კ–ძეს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N 1744112593; გადახდის თარიღი: 2025.04.08) 2400 ლარის 70% - 1680 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი