საქმე №ას-1198-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (საარბიტრაჟო მოპასუხე) - გ.ქ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (საარბიტრაჟო მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“
საჩივრის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ა.მ–მა და კ.კ–ასა და გ.ქ–ვას წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: 1) საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „თ.ბ–ისა“, ყადაღა დაედოს მოპასუხის, კ.კ–ასა (პ/ნ .......) და გ.ქ–ას (პ/ნ 51001010347) კუთვნილი/არსებული სახსრების 50%, მაგრამ არაუმეტეს 34,981.96 ლარის ოდენობისა. 2) პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თუ ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფს დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, აეკრძალოთ კ.კ–ასა (პ/ნ ........) და გ.ქ–ვას (პ/ნ .......) კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 305.09 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად - 34,981.96 ლარის (სარჩელის ფასის) შევსებამდე.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით, სს ,,თ.ბ–ის“ (წარმომადგენელი- ა.მ–ი) შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; სს ,,თ.ბ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „თ.ბ–ისა“, ყადაღა დაედო კ.კ–ასა (პ/ნ .......) და გ.ქ–ვას (პ/ნ .........) კუთვნილი/არსებული სახსრების 50%- ს, მაგრამ არაუმეტეს 34,981.96 ლარის ოდენობისა. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფდა დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, აეკრძალა კ.კ–ასა (პ/ნ ......) და გ.ქ–ვას (პ/ნ ........) კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან, 305.09 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად - 34,981.96 ლარის (სარჩელის ფასის) შევსებამდე.
3. აღნიშნული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა გ.ქ–ვამ.
4. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ არის თითქმის 90 წელს მიღწეული პენსიონერი, რომლის ძირითად საარსებო წყაროს, წარმოადგენს ასაკობრივი პენსია უზრუნველყოფის ღონისძიებით, კერძოდ, მის საბანკო ანგარიშებზე არსებული სახსრების 50%-ზე ყადაღით, მისი მდგომარეობა გაუარესდა ვინაიდან, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო განჩინებით განსაზღვრული თანხა, რომლის განკარგვაც ეკრძალება, ბევრად აღემატება მის შემოსავალს. ამასთან, ყადაღა გავრცელდა მის საპენსიო თანხაზეც. საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო სს „ლ.ბ–ის“ ამონაწერი ანგარიშიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საქმე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
12. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
13. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ს.კ. რ..“ და „შპს ტ. ს–ო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).
14. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის შედავებაა ის, რომ ყადაღა გავრცელდა მის საპენსიო ანგარიშებზეც, რაც გაუმართლებელია. ამ კუთხით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყადაღა დადებულია არა მთელ, არამედ ნახევარ შემოსავალზე, რაც მომჩივნის შედავების გამაქარწლებელი არგუმენტია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ქ–ვას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი