საქმე Nას-551-2025
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ძე (განმცხადებელი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, გ.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელესა და სს „ს.ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან ბანკი) შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5119635-ა ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული იპოთეკის სესხის ხელშეკრულებით (საკრედიტო ხელშეკრულება №5119635-ა-5119635, სესხის №4095116, გაცემის თარიღი 03/01/2017წ) დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა, 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 8 436.59 აშშ დოლარით; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5119635-ა ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული იპოთეკის სესხის ხელშეკრულებით (საკრედიტო ხელშეკრულება №5119635-ა-6717365, სესხის №5011197, გაცემის თარიღი 24/11/2017წ) დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა, 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 855.05 ლარით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბანკის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ, ბანკთან გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5119635-ა ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების (საკრედიტო ხელშეკრულების №5119635-ა-5119635, სესხის №4095116, გაცემის თარიღი 03/01/2017წ) საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 2 536.62 აშშ დოლარისა და საკომისიოს -16 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დადგენილი იქნა, დავალიანების ამოღება მოხდეს, მსესხებლის საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით; მოსარჩელის მიერ, თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 862 ლარი დარჩა ბიუჯეტში; მოსარჩელეს დაეკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1 080.19 ლარის გადახდა; ბანკს დაუბრუნდა, მის მიერ, 22/01/2019წ. №33078 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1 080.19 ლარი; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე გამსესხებელს ეთქვა უარი.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები) ასევე, 03/01/2017წ. №4095116 სესხის ხელშეკრულებაზე და 24/11/2017წ №5011197 სესხის ხელშეკრულებაზე დასარიცხი პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსესხებლის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5119635-ა ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #4095116 სესხის ხელშეკრულებით (საკრედიტო ხელშეკრულება №5119635-ა-5119635, გაცემის თარიღი 03/01/2017წ), 2018 წლის 3 მაისიდან - 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა განისაზღვრა 4 360.71 აშშ დოლარით (რაც აუქციონის შედეგად ამოღებული თანხით დაფარულია); მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5119635-ა ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #5011197 სესხის ხელშეკრულებით (საკრედიტო ხელშეკრულება №5119635-ა-6717365, გაცემის თარიღი 24/11/2017წ), 2018 წლის 27 ივლისიდან - 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა, განისაზღვრა 2 094.85 ლარით (რაც აუქციონის შედეგად ამოღებული თანხით დაფარულია); სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მსესხებელს (აპელანტს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის - 4 356,45 ლარის გადახდა; გამსესხებელ ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. 2024 წლის 13 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსესხებელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შედეგში: სსსკ) 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
6. განმცხადებელს მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, რაც არაერთხელ იქნა გაგრძელებული.
7. განმცხადებლის განმარტებით (რაც, ასევე, დაადასტურა სასამართლო სხდომაზე), იგი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. ახლად აღმოჩენილ გარემოებას კი წარმოადგენდა, ეროვნული ბანკის წერილი, რომლითაც გაირკვა, რომ არსებობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ აქტი, რომლითაც დაჯარიმდა მოპასუხე ბანკი მოსარჩელის ჯარიმების/პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით. ეს მტკიცებულება რომ ჰქონოდა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას.
8. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები და მიიჩნევს, რომ მსესხებლის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. დადგენილია, რომ განმცხადებელი ითხოვს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე ბანკის მიერ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მის მიმართ დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო იყო „უსამართლო“. იგი ვარაუდობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მოპასუხე ბანკის (გამსესხებლის) მიმართ გამოსცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, რომლის მოპოვებაც თავად ვერ შეძლო, და რომ სწორედ ეს დოკუმენტი არის ახალი მტკიცებულება, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძველს.
8.2. განმცხადებლის მითითებით, გადასინჯვის საფუძვლად მითითებული დოკუმენტის - ეროვნული ბანკის მიერ, მოპასუხე ბანკის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემის/არსებობის ფაქტს ადასტურებს განცხადებაზე თანდართული ეროვნული ბანკის წერილები.
8.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
8.4. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
8.5. ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი, კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება, მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: 1) ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე; 2) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
8.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
8.7. განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაზე თანდართული წერილებით ირკვევა, რომ განმცხადებელმა (მოსარჩელემ), ჯერ კიდევ 2018 წლის 26 ივლისს მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მოპასუხე ბანკის მიერ დარიცხული ჯარიმების კორექტირებასთან დაკავშირებით, რაზედაც 2018 წლის 21 აგვისტოს წერილით ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სცილდებოდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილების სფეროს და რომ სესხის მომსახურების ურთიერთმისაღებ პირობებზე გამსესხებელ ბანკთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.
8.8. დადგენილია, რომ 2022 წელს და 2023 წელს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა: 1) „ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს განმარტება“, 2) მოპასუხე ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების დანართის - გადახდის გრაფიკის გათვალისწინებით, 2018 წლის 3 მაისიდან - 2 ნოემბრამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს გრაფიკულად შედგენა; 3) იმ შემთხვევისათვის, თუკი გამსესხებელი ბანკის მიმართ ამოწერილი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (სამართალდარღვევის) აქტი, მიეწოდებინა, ეს დოკუმენტი.
8.9. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 24 ნოემბრისა და 2023 წლის 23 მაისის წერილებით, მსესხებელს, მის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნების სამართლებრივი განხილვა, შეფასება, მასთან მიმართებით რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება სცილდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ბანკი მოკლებული იყო შესაძლელობას გაეწია სხვა სახის დახმარება. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების ან/და სანქციების (ფულადი ჯარიმა) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო.
8.10. სააპელაციო სასამართლომ, წარმოდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მართალია, განმცხადებელი უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველ ნაწილზე, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომელიმე კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო.
8.11. განცხადებაზე თანდართული წერილებით ირკვევა, ჯერ კიდევ, 27.10.2021 წ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსარჩელეს შეეძლო მიეთითებინა საქართველოს ეროვნული ბანკის 21.08.2018 წ. წერილზე, მის მიმართ დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლოს კორექტირებაზე, რაც არ განუხორციელებია, თუმცა, რამდენად გონივრული იყო სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული და დარიცხული პირგასამტეხლო, წარმოადგენდა სარჩელთან დაკავშირებით წარმოებულ დავაზე არსებითად განსახილველ საკითხს, რაზედაც იმსჯელა კიდეც სააპელაციო სასამართლომ და მოახდინა დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება.
8.12. შესაბამისად, რომც არსებობდეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხე ბანკის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი მტკიცებულება ვერ განიხილება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად და სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტად, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს შემცირება/გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლებამოსილებაა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი გავლენას ვერ მოახდენდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე.
8.13. ამდენად, მოსარჩელის განცხადებაში მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
10.1. განმცხადებელმა (აპელანტმა) ითხოვა სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნეს მტკიცებულებები, რაც მითითებულია ეროვნული ბანკის ბოლო წერილში.
10.2. შუამდგომლობაში დაფიქსირებული ეროვნული ბანკის ბოლო წერილი არის, 2023 წლის 23 მაისის წერილი, რაც გაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის - ნ.ბ–ძის მიმართ.
10.3. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან მიმართებით ასევე შეაფასა, ეროვნული ბანკის მიმართ მოსარჩელის განცხადება, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 19 სექტემბრით და მის პასუხად, განმცხადებლის მიმართ 2022 წლის 24 ნოემბერს, ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილ წერილს.
10.4. ეროვნული ბანკის ბოლო წერილში, რომელიც პოლიციის ორგანოშია გაგზავნილი, ეროვნულმა ბანკმა პოლიციის ორგანოს უფლებამოსილ პირს აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიებების ან/და სანქციების, ფულადი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
10.5. ანალოგიური შინაარსის მსჯელობაა თავად განმცხადებლის (კერძო საჩივრის ავტორის) მიმართ, 2022 წლის 24 ნოემბრის წერილში.
10.6. ორივე წერილში დაფიქსირებულია, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემისათვის მიზანშეწონილია წარმოდგენილი იქნეს, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული შესაბიმისი გადაწყვეტილება ან განჩინება. ამასთან, განმცხადებელთან მიმართებით მას განემარტა, რომ სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, ზოგადად უფლებამოსილი იყო, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართა დავის განმხილველი შესაბამისი ორგანოსათვის - საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის.
10.7. როგორც ეროვნული ბანკის მიმართ 2022 წლის 19 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით ირკვევა, მსესხებელმა მოითხოვა, რომ გამსესხებელთან გაფორმებული, 2017 წლის 3 იანვრის სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს განემარტა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ასევე, ამ ხელშეკრულებისა და მისი დანართი გრაფიკის გათვალისწინებით, გრაფიკულად შეედგინა 2018 წლის 3 მაისიდან - 2018 წლის 2 ნოემბრამდე ხელშეკრულებით დასარიცხი ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ასევე არსებობის შემთხვევაში (თუ იყო ამოწერილი) მიეწოდებია მოპასუხე ბანკთან მიმართებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი.
10.8. სწორედ, ამ წერილის პასუხად, ეროვნულმა ბანკმა მსესხებელს კონფიდენციალურობის წესზე მითითებით უარი განუცხადა რაიმე სახის აქტის მიწოდებაზე. ანალოგიურად, პოლიციის ორგანოებსაც მიეთითათ, რომ, თუკი რაიმე ინფორმაცია სჭირდებოდათ, სასამართლოს მეშვეობით შეეძლოთ გამოეთხოვათ ასეთი ინფორმაცია.
10.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა არის 2021 წლის წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად ახალ გარემოებად განმცხადებელს მიაჩნია, ეროვნული ბანკის ის წერილები, რომელიც ამჟამად გამოქვეყნებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
10.10. სწორედ, გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლიანობის დასადასტურებლად დააყენა მხარემ შუამდგომლობა, რომ მოპასუხე ბანკის მიმართ ადმინისტრაციული სანქციების და ჯარიმების თაობაზე ინფორმაცია გამოთხოვილი იქნეს ეროვნული ბანკიდან სასამართლოს მეშვეობით.
10.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 102-ე,103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს მხარეები თავად წარმოუდგენენ მტკიცებულებებს, ხოლო, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
10.12. სსსკ-ის 215.1-ე მუხლიდან გამომდინარე, შუამდგომლობები უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სასამართლომ იმსჯელოს მასზე.
10.13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, განსახილველ შეთხვევაში, განმცხადებლის შუამდგომლობა გამოთხოვილ იქნეს ეროვნული ბანკიდან, გამსესხებელ ბანკთან მიმართებით ადმინისტრაციულ სამართადარღვევის აქტი, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან, როგორც თავად მხარემ მიუთითა და მისი განმარტებითაც ირკვევა, მას არ უცნობებია ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ბანკმა მასთან მიმართებით სესხებთან, პროცენტებთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი წესი და რეგულაციები, ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით მოპასუხე ბანკთან მიმართებით გამოეცა კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, ხოლო განცხადება/წერილი, რაზედაც მოსარჩელე უთითებდა, არ შეიცავს იმგვარ ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოპასუხე ბანკის მიმართ სამართალდარღვევის აქტის არსებობას.
10.14. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე თავად განმცხადებელმაც აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ ვარაუდობს, რომ მოსარჩელეს სესხთან მიმართებით, ეროვნულ ბანკს გამოყენებული აქვს სანქციები, შედგენილი აქვს ადმინისტრაციული ოქმი ჯარიმებთან დაკავშირებით მიღებული.
10.15. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის შუამდგომლობა ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი იქნეს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჯარიმებისა და სანქციების თაობაზე, რომლის არსებობაც ვარაუდის დონეზეა და არ ირკვევა.
11. მოსარჩელემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განჩინება და 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროს, საქმეზე სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებაზე. ბანკის მხრიდან დარიცხული პირგასამტეხლო არის მაღალი, რაც მართლსაწინააღმდეგოა. განმცხადებლის განმარტებით, მას რომ სცოდნოდა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ, ის სასამართლოს დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით მიმართავდა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისთვის გაეგზავნა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი ეროვნული ბანკიდან ითხოვდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვას, რის თაობაზეც შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლის განმარტებით, მას ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღება საქმის წარმოების განახლების მიზნით სჭირდებოდა. მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 134-ე მუხლზე მითითებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებისა და საოქმო განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საოქმო განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნებისთვის განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. Nას-1455-2019, 15.11.2019 წ.).
18. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
19. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განჩინებისა და 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინების დასაბუთებულობა, რაც უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე უარისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხს.
20. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
21. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო, თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ ქმნის საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
23. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი აქვს. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021 წ.; №ას-7-2021, 18.03.2021 წ.).
26. „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა გავლენას გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.). საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
27. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ეროვნული ბანკის მიერ მოპასუხე ბანკისათვის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების საკითხს, თუმცა არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც დასაბუთდებოდა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე აღნიშნული საკითხის დაყენების შეუძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული საკითხი მოსარჩელეს შეეძლო საქმის განხილვისას წარედგინა, თუმცა ვერ დაამტკიცა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი), ამიტომ, კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს (შეადრ. სუსგ #ას-1342-2023, 01.12.2023 წ.).
28. ამ განჩინების 27-ე პუნქტში ასახული დასაბუთების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც უარყოფს, რაც სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას შეეხება. ამასთან, განმცხადებლის შუამდგომლობა ეროვნული ბანკიდან მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე ბუნდოვანია და იმის დასამტკიცებლად, რისთვისაც იგი განმცხადებელს სჭირდება, უვარგისია, რადგან განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, რატომ იყო შეუძლებელი ეროვნული ბანკიდან მისაღები ინფორმაციის, საქმის გადაწყვეტამდე, გამოთხოვა.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომც არსებობდეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხე ბანკის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი, ასეთი მტკიცებულება ვერ განიხილება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად და სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტად, ვინაიდან, პირგასამტეხლოს შემცირება/გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლებამოსილებაა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი გავლენას ვერ მოახდენდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებისა და საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. გ.ჩ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (გადახდის ქვითარი №56916612, გადახდის თარიღი 07/04/2025);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი