საქმე №ას-1439-2024
30 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
დავის საგანი - ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, “კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, პირგასამტეხლოს - 4 004.93 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს N02.01/30/127 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკავებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - 7 503.01 ლარი და 02.01/30/330 ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - 32 496.56 ლარი (ჯამში 40 051.28 ლარი).
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
5.1თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, მოპასუხე - შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „კ.ბ.ს.გ–ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 129.36 ლარის ანაზღაურება. შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ შეგებებული სარჩელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 40 051.28 ლარის გადახდა.
5.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვვლელი.
6.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
6.2.1 შემსყიდველს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მიმწოდებელს - შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ შორის, 2019 წლის 18 მარტს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/127 ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის 6 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/330 ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულების შესყიდვების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით რკინა-ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
6.2.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/127 და N02.01/30/330 ხელშეკრულებებით დეტალურად იქნა გაწერილი: მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისათვის.
6.2.3 ორივე ხელშეკრულების იდენტური 9.3 მუხლის მიხედვით, „წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით“;
6.2.4 ხელშეკრულების 9.6 მუხლის თანახმად, „სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით“.
6.2.5 ხელშეკრულების 9.8 მუხლით, ინსპექტირებისას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის არაჯეროვანი შესრულების დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით.
6.2.6 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 სექტემბრის N14-01192553104 დავალებიდან გამომდინარე (შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 138 065.89 ლარი). შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 8327.31 ლარით;
6.2.7 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ნოემბრის N14-01193123361 დავალებიდან გამომდინარე (შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 38 531.17 ლარი). შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 23 316.47 ლარით და ერთჯერადად 1665.47 ლარით;
6.2.8 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 ივლისის N14-01192061012 დავალებიდან გამომდინარე (შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 180 913.15 ლარი). შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 4043.90 ლარით;
6.2.9 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 სექტემბრის N14- 01192683402 დავალებიდან გამომდინარე (შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 2695.94 ლარი). შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 2695.94 10 ლარით;
6.2.10 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივლისის N14-01191981596 დავალებიდან გამომდინარე (შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 366 753.32 ლარი). შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 673.99 ლარით;
6.2.11 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ნოემბრის N14-01193123357 დავალების საფუძველზე, შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 1347.97 ლარით;
6.2.12 ჯარიმები შემსყიდველის მიერ დაანგარიშებულია ხელშეკრულებების ღირებულებიდან და დაკავებული აქვს შპს "კ.ბ.ს.გ–ს".
6.2.13 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ნოემბრის N14-01193123356 დავალების საფუძველზე, შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა ორჯერ 673.99 ლარით და 673.99 ლარით;
6.2.14 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის N14-0119254337 დავალების საფუძველზე, შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 1665.47 ლარით;
6.2.15 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 ნოემბრის N14-01193123361 დავალების საფუძველზე, შპს "კ.ბ.ს.გ–ი" დაჯარიმდა 1665.47 ლარით;
6.2.16 აღნიშნული თანხები მოპასუხეს არ გადაუხდია და არც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავებია ასანაზღაურებელი თანხიდან.
6.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას შეაფასებს სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიის ჭრილში, რომელიც უკავშირდება საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, რაც განაპირობა პირგასამტეხლოს დაანგარიშებამ შესასრულებელი ვალდებულებიდან და არა ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებიდან.
6.4 სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 477-ე, 420-ე და 629-ე მუხლებით და მიუთითა: მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაანგარიშებულია არა დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების, არამედ ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 129.26 ლარის ანაზღაურება. ასევე, შეგებებული სარჩელის ფარგლებშიც, იმავე პრინციპით შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკავებული თანხიდან შემცირებული პირგასამტეხლო - 40 051.28 ლარის ოდენობით.
6.5 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/127 და N02.01/30/330 ხელშეკრულებების შინაარსზე, რომელიც ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ არაერთჯერადი მომსახურების გაწევას შემსყიდველისათვის, და გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული სასამართლოს მსჯელობა საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით, რომლის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად დაიანგარიშა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (რომელიც 02.01/30/127 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს 1 123 304.77 ლარს; 02.01/30/330 ხელშეკრულების შემთხვევაში კი 2 775 770 ლარს), არამედ ვადაგადაცილებით განხორციელებული შესრულების ღირებულებებიდან.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7.2 კასატორის განმარტებით, სასამართლო გაუმართლებლად ჩაერია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი.
7.3 კასატორის განმარტებით, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, თავიანთი ნების შესაბამისად განსაზღვრონ ხელშეკრულების ყველა პირობა, ასევე, ნების შესაბამისად იკისრონ ვალდებულებები ან გამორიცხონ ისინი. აღნიშნული პრინციპი მოქმედებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებითაც, მათ შორის, მხარეები თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის წესს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულები პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებას. სასამართლოს მხოლოდ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, დასაბუთებულად შეუძლია ჩაერიოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა ეს არ გულისხმობს აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში გაუმართლებელ ჩარევას. გაურკვეველია რა კრიტერიუმებთან მიმართებით დადგინდა შეუსაბამობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამის საპირწონედ დგას აღმატებულად დაცვის ღირსი საჯარო ინტერესი, რომელიც შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ უგულებელყო და აღნიშნული მხარეთა შორის სადაო არ არის.
7.4 კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია, ასევე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომ მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. თითოეულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯარიმო თანხით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებების წინაპირობა იქნებოდა. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირეოდენით მაინც აკომპენსირებს მიყენებულ ზიანს.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშების წესს. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლო ვალდებულის შესრულების ვადაგადაცილების გამო, უნდა გამოანგარიშებულიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. საკასაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
15. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
16. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის ნარდობის ხელშეკრულებაც, სმკ-ის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადები.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
19. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ. საქმე Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ. საქმე Nას-186-2021, 25.03. 2021წ).
21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.№ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-1819-2019, 19.02.2020წ.; №ას-626-2021, 14.07.2021წ.).
22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემსყიდველს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მიმწოდებელს - შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ შორის, 2019 წლის 18 მარტს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/127 ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის 6 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/330 ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულების შესყიდვების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით რკინა-ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, ამ ხელშეკრულებების ფარგლებში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეული დავალებიდან გამომდინარე კონკრეტული სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება.
23. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს, არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ არაჯეროვნად შესრულებული/ ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშების შესახებ. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემსყიდველის დავალებების საფუძველზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარება და ცალსახაა, რომ კრედიტორს არც ჰქონდა მოლოდინი შესყიდვების ხელშეკრულებების საგნის ერთიანი შესრულების მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულიდ იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. საქმე №ას-712-2025, 30.09.2025წ.).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. პროცესის ხარჯები
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი