№ას-403-2025
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ა.ბ.ს–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ღ–ძე, ბ.გ–ძე, ნ.ბ–ძე (ჯ.თ–ის უფლებამონაცვლე), ე.თ–ი (ჯ.თ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელეები)
დავის საგანი - მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, შეწყვეტილი სარჩოს ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ.ღ–ძემ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე), ბ.გ–ძემ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) და ჯ.თ–მა (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) (უფლებამონაცვლე - ნ.ბ–ძე და ე.თ–ი) ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს „ა.ბ.ს–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) წინააღმდეგ და მოითხოვეს:
1.1.1. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 14 280 ლარის გადახდა;
1.1.2. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 28 706 ლარის გადახდა;
1.1.3. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 19 200 ლარის გადახდა;
1.1.4. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 595 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები);
1.1.5. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1 196 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები);
1.1.6. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 800 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები).
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე კომპანიამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
3.1.1. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 14 280 ლარის გადახდა;
3.1.2. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 28 706 ლარის გადახდა;
3.1.3. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 19 200 ლარის გადახდა;
3.1.4. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 744.10 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათვალისწინებით;
3.1.5. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1 496 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათვალისწინებით;
3.1.6. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1 000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათვალისწინებით.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმეზე უფლებამონაცვლეების დადგენის გამო ნაწილობრივ გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 და 2.6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოპასუხეს ნ.ბ–ძის და ე.თ–ის (მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ დაეკისრა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს 19 200 ლარის გადახდა; მოპასუხეს ნ.ბ–ძის და ე.თ–ის (მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ დაეკისრა, 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1 000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათვალისწინებით; სხვა ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.2. 1976 წლის 2 ივნისის საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის შრომითი ექსპერტიზის პირველადი შემოწმების N45 აქტის თანახმად, მესამე მოსარჩელემ, რომელიც მუშაობდა წყლის ჩამომსხმელ საწარმოთა გაერთიანება „ბ–ში“ N1 ჩამომსხმელ ქარხანაში, 1974 წლის 18 იანვარს წარმოებაში მიიღო ტრავმა, რის შემდეგად იგი გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი.
4.3. სსრ ხაშურის მშრომელთა დეპუტატების ეროვნული საბჭოს აღმასკომის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 1976 წლის 1 ივლისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მესამე მოსარჩელე იღებდა პენსიას შრომის დასახიჩრების მეორე ჯგუფის ინვალიდობით საშუალო გამომუშავების თვეში 85 მანეთი და 51 კაპიკი.
4.4. საწარმოთა გაერთიანება „ბ–ის“ 1988 წლის 2 აგვისტოს N10 აქტის თანახმად, მეორე მოსარჩელემ უბედური შემთხვევის გამო მიიღო საწარმოო ტრავმა 1988 წლის 2 აგვისტოს.
4.5. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 04.11.2021 წლის NOR -019/21.11 ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის ოქტომბრის თვეში, მათ შორისაა პირველი მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 70%, ერიცხება პენსია 744.10 ლარი, ხელზე ასაღებ თანხად მითითებულია 595.28 ლარი.
4.6. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 3.12.2021 წლის NOR -020/21.12 ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის ნოემბრის თვეში, მათ შორისაა პირველი მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 70%, ერიცხება პენსია 744.10 ლარი, ხელზე ასაღებ თანხად მითითებულია 595.28 ლარი.
4.7. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 4.01.2022 წლის NCR50-001/2201 ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის დეკემბრის თვეში, მათ შორისაა პირველი მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 70%, ერიცხება პენსია 744.10 ლარი, ხელზე ასაღებ თანხად მითითებულია 595.28 ლარი.
4.8. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 30.12.2021 წლის ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის დეკემბრის თვეში, მათ შორისაა მეორე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 496.00 ლარი და მესამე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 000.00 ლარი.
4.9. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 01.08.2021 წლის ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის სექტემბრის თვეში, მათ შორისაა მეორე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 496.00 ლარი, ხელზე ასაღები 1 196.80 ლარი და მესამე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 000.00 ლარი, ხელზე ასაღები 800 ლარი.
4.10. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 01.08.2021 წლის ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანების საფუძველზე პენსიონერებს, რომლებმაც წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო დაკარგეს შრომის უნარი ერგებათ პენსია 2021 წლის აგვისტოს თვეში, მათ შორისაა მეორე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 496.00 ლარი, ხელზე ასაღები 1 196.80 ლარი და მესამე მოსარჩელე, რომელსაც დაკარგული აქვს შრომისუნარი 80%, ერიცხება პენსია 1 000.00 ლარი, ხელზე ასაღები 800 ლარი.
4.11. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 30.12.2021 წლის წერილით პირველ მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია წლების განმავლობაში უხდიდა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებულ ზიანს. 2006 წელს საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით ეკუთვნის სახელმწიფო პენსია. მიუხედავად აღნიშნულისა კომპანია უკანასკნელ პერიოდამდე უხდიდა სარჩოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სარჩოს გადახდის ვალდებულება კომპანიას აქვს მანამდე, ვიდრე დაზარალებულს არ შეუსრულდება საპენსიო ასაკი. შესაბამისად, კომპანიას აღარ აქვს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და 2022 წლის 1 იანვრიდან წყვეტს სარჩოს გადახდას.
4.12. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 30.12.2021 წლის წერილით მეორე მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია წლების განმავლობაში უხდიდა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებულ ზიანს. 2021 წლის მარტის თვეში საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით ეკუთვნის სახელმწიფო პენსია. მიუხედავად აღნიშნულისა კომპანია უკანასკნელ პერიოდამდე უხდიდა სარჩოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სარჩოს გადახდის ვალდებულება კომპანიას აქვს მანამდე, ვიდრე დაზარალებულს არ შეუსრულდება საპენსიო ასაკი. შესაბამისად, კომპანიას აღარ აქვს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და 2022 წლის 1 იანვრიდან წყვეტს სარჩოს გადახდას.
4.13. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 30.12.2021 წლის წერილით მესამე მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია წლების განმავლობაში უხდიდა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებულ ზიანს. 2005 წელს საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით ეკუთვნის სახელმწიფო პენსია. მიუხედავად აღნიშნულისა კომპანია უკანასკნელ პერიოდამდე უხდიდა სარჩოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სარჩოს გადახდის ვალდებულება კომპანიას აქვს მანამდე, ვიდრე დაზარალებულს არ შეუსრულდება საპენსიო ასაკი. შესაბამისად, კომპანიას აღარ აქვს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და 2022 წლის 1 იანვრიდან წყვეტს სარჩოს გადახდას.
4.14. 2024 წლის 14 თებერვალს მესამე მოსარჩელე გარდაიცვალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ნ.ბ–ძე და ე.თ–ი.
4.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია - საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) ნორმებით. ზიანის ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს სსკ-ი, ერთი მხრივ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, დელიქტური ვალდებულებით.
4.16. სსკ-ი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ. №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.; №ას- 349-349-2018, 18.06.2020 წ.).
4.17. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
4.18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს შესაბამის პასუხისმგებელ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე. წინამდებარე შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის – დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (დისპოზიცია: თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით). სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადაანგარიშების წინაპირობები, საკასაციო პალატამ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუსგ. №ას-1220-1145-2015, 3.06.2016 წ.; №ას-1742-2018, 27.12.2018 წ.).
4.19. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
4.20. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მარჩენალი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (იხ. სუსგ №ას-169-497-09, 24.07.2009 წ.).
4.21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ №1216-1141-2015, 03.06.2016 წ.; №1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.).
4.22. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ №ას-349-349-2018, 18.06.2020; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ., №ას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ.; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ.).
4.23. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე კომპანიის 30.12.2021 წლის წერილებით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ კომპანია მათ წლების განმავლობაში უხდიდა სარჩოს, რისი ვალდებულებაც შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა მიაღწიეს საპენსიო ასაკს. აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დადგენილ ზემოაღნიშნულ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ საწარმო დაზარალებულს სარჩოს უხდის სიცოცხლის ბოლომდე.
4.24. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ იგი არ წარმოადგენს სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირს, ვინაიდან იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელეებმა საწარმოო ტრავმა მიიღეს, მოპასუხე კომპანია არ არსებობდა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. კომპანია 2022 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელეებს უხდიდა სარჩოს, რაც ვალდებულების არსებობის აღიარებას გულისხმობს. შესაბამისად, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს მოსარჩელეებისთვის საწარმოო ტრავმის შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
4.25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე მოსარჩელე გარდაიცვალა 2024 წლის 14 თებერვალს. მის უფლებამონაცვლეები არიან ნ.ბ–ძე და ე.თ–ი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის 1 თებერვლიდან უვადოდ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მესამე მოსარჩელის გარდაცვალებისა და საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის გამო გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 და 2.6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს ნ.ბ–ძისა და ე.თ–ის (მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს 19 200 ლარის გადახდა; მოპასუხეს ნ.ბ–ძისა და ე.თ–ის (მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1 000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათვალისწინებით; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით სრულად გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხე კომპანია არ არის მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის გამო სარჩოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირი. მოპასუხე კომპანია 2015 წლის 8 იანვარს დაფუძნებული კომპანიაა, მას 2015 წლის 6 აპრილს შეერწყა სს ბ–ის #1 ჩამომსხმელი ქარხანა და შპს ბ–ის #3 ჩამომსხმელი ქარხანა, ხოლო 2020 წლის 30 მაისს - სს საქართველოს მინერალური წყლები - ბ–ის #2 ჩამომსხმელი ქარხანა. სს ბ–ის #1 ჩამომსხმელი ქარხანა დაფუძნდა 1996 წლის 20 ნოემბერს; სს საქართველოს მინერალური წყლები - ბ–ის #2 ჩამომსხმელი ქარხანა დაფუძნდა 1999 წლის 30 ივლისს; შპს ბ–ის #3 ჩამომსხმელი ქარხანა დაფუძნდა 2000 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ მიიღებდნენ დაზიანებას მოპასუხის საწარმოში 1974, 1975 და 1988 წლებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დროს მოპასუხე (და ის კომპანიები, რომელთა სამართალმემკვიდრეც არის მოპასუხე) საერთოდ არ არსებობდა.
5.3. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან ის ფაქტი, რომ მოპასუხე რაიმე ქმედებას ასრულებდა წარსულში არ ნიშნავს, რომ მას შეიძლება დასაბუთების გარეშე დაევალოს იმავე ქმედების მომავალში შესრულებაც.
6. საკასაციო სამართლწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზარალებულთათვის სარჩოს სიცოცხლის განმავლობაში გადახდის მართლზომიერება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინებით, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე №1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი). 32. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი, ას-1305-2020. 21.06.2022).
17. კასატორის მტკიცებით, კომპანია არ არის სარჩოს გადახდაზე ვალდებული პირი, რადგან მაშინ, როდესაც მოსარჩელეებმა საწარმოო ტრამვები მიიღეს, არც მოპასუხე კომპანია და არც მისი წინამორბედი საწარმოები არ არსებობდა. ის გარემოება, რომ მოპასუხე საწარმო 2022 წლის 1 იანვრამდე იხდიდა სარჩოს, არ ნიშნავს იმას, რომ მას სარჩოს გადახდა მოსარჩელეთა სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაეკისროს.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს, წარმოებაში მიღებული ტრავმისა და შრომის უნარიანობის დაკარგვის გამო, იღებდნენ პენსიას. საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს მოპასუხე კომპანიის 30.12.2021 წლის წერილებზე, რომლითაც მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ კომპანია მათ წლების განმავლობაში უხდიდა სარჩოს, რისი ვალდებულებაც შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა მიაღწიეს საპენსიო ასაკს.
19. პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოპასუხე კომპანია, 2022 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელეებს უხდიდა სარჩოს, ქმნის პრეზუმფციას, რომ სარჩოს გაცემაზე ვალდებული პირია მოპასუხე, ხოლო ამ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი გარემოებები და მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან არ არის მითითებული. მოპასუხეს არ მიუთითებია და შესაბამისად, არც დაუდასტურებია მისი გადახდის სხვა სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, თანხის გადახდის ვალდებულება 2022 წლამდე სადავო არ გამხდარა (შეადრ. სუსგ #ას-1305-2020, 21.06.2022 წ.).
20. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
24. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
25. პროცესის ხარჯები
21.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „ა.ბ.ს–ოს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 14.04.2025 წლის N1744620618 საგადასახადო დავალებით გადახდილი 7191.48 ლარის 70% 5034.04 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი