საქმე№ას-472-2025
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა, მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ზ.შ–ძემ (მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელით მოითხოვა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან საწარმო) ყოველთვიური სარჩოს 1815 ლარის დაკისრება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. ასევე მოსარჩელემ მოპასუხისთვის მიუღებელი სარჩოს დანაკლისის 6534 ლარის დაკისრება მოითხოვა, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელფასების მატება მოპასუხე კომპანიაში ბოლოს განხორციელდა 2023 წლის პირველი იანვრიდან და მოსარჩელის მისაღები სარჩო ყოველთვიურად განისაზღვრა 1452 ლარით, რაც შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ყოველთვიურად დაწესებული სარჩო გაიზარდა და მოპასუხეს დაეკისრა 2024 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1815 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის იანვრის თვიდან - 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს დანაკლისის სახით 6534 ლარის ოდენობით გადახდა, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით;
4. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითა:
5.2.1. მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის პოზიციაზე.
5.2.2. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომის უნარის 80% უვადოდ.
5.2.3. სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დანიშნული ჰქონდა და ღებულობდა ყოველთვიურ სარჩოს, შრომის უნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო ხელფასის 80%-ის ოდენობით.
5.2.4. 2023 წლის 01 იანვრიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და 2023 წლის 01 იანვრიდან შეადგენს 1815 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებები.
5.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული სარჩოს ოდენობის გაზრდის და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების თაობაზე, გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 992-ე, 408-ე, 411-ე მუხლებიდან. ზემოხსენებული მუხლებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კი ამ ნორმათა მიზანია უფლებადარღვეული პირის მდგომარეობის იმგვარი აღდგენა, რაც მოახდენს ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის მიღწევას. “სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.
5.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის პოზიციაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მან მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარის 80% უვადოდ. სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დანიშნული ჰქონდა და ღებულობდა ყოველთვიურ სარჩოს, შრომის უნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო ხელფასის 80%-ის ოდენობით. 2023 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და 2023 წლის 1 იანვრიდან შეადგენს 1815 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5.6. თბილისის საქაალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგისს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის/დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოსთვის დაკისრებული, ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელი 1252 ლარი გაიზარდა 200 ლარით და 01.01.2023 წლიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისრა 1452 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5.7. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის 2024 წლის 01 ივლისიდან ყოველთვიურად სარჩოს გადახდის დაკისრება 1815 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ასევე მიუღებელი სარჩოს დანაკლისის 6534 ლარის დაკისრება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო, აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს.
5.9. სააპელაციო სასამართლომ, ასევე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ ყოველთვიურად გადასახდელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრა შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის პროპორციულად, არამართებულია. ამასთან, სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.
5.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს.
5.11. განსახილველ შემთხვევაში დადგნილია, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად მოსარჩელეს აქვს სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
5.12. საქმის მასალებიდან გამომდინარე, 2023 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე საწარმოს მემანქანის ხელფასი გახდა 1815 ლარი. მოსარჩელე კი აღნიშნული თანხის ნაცვლად სარჩოს სახით იღებს 1454 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და განმარტა, რომ არსებობდა მოპასუხისთვის 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს დანაკლისის 6534 ლარის, ასევე 2024 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 1815 ლარის დაკსირების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, უსაფუძვლოა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი, შეეხება არა უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას, არამედ აღნიშნული ნორმა ვრცელდება დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენლებაზე, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილება, რომლის საფუძველზეც, ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად, „მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“, მეხუთე პუნქტის მეხუთე ქვეპუნქტის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება.
6.3. კასატორმა მიუთითა, რომ სსკ-ში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილ ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მეორე ნაწილი და არა პირველი ნაწილი, რომელიც არის სპეციალური დანაწესი და უშუალოდ შეეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს კომპენსაციის პირველადი მდგომარეობიის აღდგენის საშალებას სარჩოს დანიშვნის გზით. კასატორის მოსაზრებით, ხსენებული ნორმა არეგულირებს თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ზიანი და აღდგენს პირვანდელი მდგომარეობ. მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება დაუშვებელია. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შემთხვევებზე.
6.4. ასევე, მოპასუხე საწარმოს 2015 წლის 13 აგვისტოს N18/35 დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებზე და თანამდებობებზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან, რა თანამდებობაზეც მუშაობდა, მოპასუხე ორგანიზაციაში, მოსარჩელე. კასატორის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის N9/43 დადგენილებით, დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული - სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ დასაქმებული პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას გადის 3 წელიწადში ერთხელ. 60 წლის ზევით წელიწადში ერთხელ. ამავე პუნქტის „ა” და „ბ" ქვეპუნქტებში გამონაკლისის სახით გაწერილია სპეციალური პროფესიები, კერძოდ, მემანქანეები და მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები, რომლებიც ასეთ შემოწმებას გადიან ასაკის მიუხედავად, წელიწადში ერთხელ. 45-დან 50 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, შემდეგ წელიწადში ერთხელ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა (მემანქანედ) მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას, რაც რეგულირდება ზემოხსენებული ინსტრუქციებით და როგორც წესი, საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი აღნიშნულ პოზიციაზე აღარ მუშაობს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ემუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 408.2 „თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით“ და 411-ე „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“ მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასასებელია, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, 2024 წლის 1 ივლისიდან სარჩოს, ყოველთვიურად - 1815 ლარის და მიუღებელი სარჩოს სხვაობის 6534 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ.; №ას-1248-2023 16.11.2023წ.).
16. საკასაციო სასამართლო კვლავ მოიხმობს სსკ-ის 408-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადააგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ.; №ას-1248-2023 16.11.2023წ.).
17. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.(იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ).
19. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: იხ. სუსგ საქმე №ას-169-497-09, საქმე№ას-939-889-2015; საქმე№ას-84-80-2016)
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სარჩოს გადაანგარიშების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება მანამდე, სანამ დაზარალებული საპენსიო ასაკს არ მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018 18.06.2020წ; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; №ას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; №ას-269-2022, 31.05.2022 წ ).
21. ასეევე აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნის ფარგლები ვრცელდება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისზე, არამედ მიუღებელ შემოსავალზეც (იხ. სსკ-ის 411-ე მუხლი). მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზუმირებულია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, და სწორედ ამ დრომდე უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა სარჩოს იმ ოდენობით შენარჩუნება/ გადაანგარიშება, რასაც ხელფასის სახით მიიღებდა დაზარალებული.
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებული გარემოების საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
23. დადგენილია, რომ სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დანიშნული ჰქონდა და იღებდა ყოველთვიურ სარჩოს, შრომის უნარის უვადოდ 80%-ით დაკარგვის გამო ხელფასის 80%-ის ოდენობით. 2023 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და 2023 წლის 1 იანვრიდან შეადგენს 1815 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
24. თბილისის საქაალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის/დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოსთვის დაკისრებული, ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელი 1252 ლარი გაიზარდა 200 ლარით და 01.01.2023 წლიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისრა 1452 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
25. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე საწარმოში მემანქანის ხელფასი გახდა 1815 ლარი. მოსარჩელე, 1815 ლარის ნაცვლად, ღებულობს 1454 ლარს სარჩოს სახით. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობს მოპასუხისთვის 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს დანაკლისის 6534 ლარის და 2024 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს 1815 ლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, სრულიად დასაბუთებულია.
26. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორი ნორმების გამოყენების თაობაზე, განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება, ვინაიდან მოსარჩელე დასახელებული წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ დახმარების მიმღებ პირს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
31. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს „ს.რ–ას (ს/ნ .....), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 21 მარტს №010 საგადასახადო დავალებით გადახდილი 544,50 ლარის 70 % - 381,15 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი