Facebook Twitter

№ას-745-2024

29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ბ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს ,,ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი ან ბანკი) წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 314.4 ლარის გადახდა დაეკისროს, საიდანაც, ძირითადი თანხაა 7 500 ლარი, პროცენტი 764.40 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 314.4 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 7 500 ლარი, პროცენტი - 764.40 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხისათვის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 417-ე (პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418.1-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლები.

4.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 7 აგვისტოს, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმდა N0101.1937725.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 7 500 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 20%, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 12.08.2025 წელი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებული თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბანკმა, 2021 წელს, წერილობით მიმართა მსესხებელს, და განუმარტა, რომ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, მოსარჩელე ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2021 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 8 314.40 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 7 500 ლარი, პროცენტი - 764.40 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი.

4.4. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია, რომ მას გამსესხებლისგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტის სახით 7 500 ლარი არ მიუღია, შემდეგ გარემოებათა გამო არ გაიზიარა:

4.4.1. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ #ას-361-343-2015, 14.12.2015 წ.).

4.4.2. მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

4.4.3. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

4.4.4. სსკ-ის 624-ე მუხლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06.06.2017 წ.).

4.4.5. ამდენად, სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. სწორედ ბანკს (მოსარჩელე) უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის საბანკო კრედიტის/სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა.

4.4.6. მოცემულ შემთხვევაში, გამსესხებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ საბანკო კრედიტის სახით მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2021 წლის 7 აგვისტოს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული N0101.1937725.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერის ფაქტს, აპელანტი სადავოდ არ ხდის. ამასთან, საქმეში განთავსებული ამონაწერით მოპასუხის ანგარიშიდან, დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 2021 წლის 7 აგვისტოს ჩაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთს, გადარიცხვის ქვითარს, სალაროს შემოსავლის ორდერს. შესაბამისად, სესხის თანხის გადაცემის დადასტურების რაიმე სავალდებულო ფორმა არც კანონით, და არც სასამართლო პრაქტიკით გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მსესხებლის მითითება ფაქტობრივ უსწორობაზე, რომ მას სესხის თანხა არ მიუღია, უსაფუძვლოა.

4.4.7. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა რეფინანსირება - მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე უკვე არსებული ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მოხმარდა სწორედ აღნიშნულ მიზანს, რაც ცნობილი იყო აპელანტისათვის.

4.4.8. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან საბანკო კრედიტის სახით მიიღო 7 500 ლარი, რომელიც მის მიერ კრედიტორისთვის დაბრუნებული არ არის, შესაბამისად მოპასუხეს ეკისრება ძირითადი თანხის ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია ასევე, რომ კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული სარგებელი გადახდილია, საქალაქო სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილებულიყო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 764.40 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენდა გონივრულ და სამართლიან ოდენობას, შესაბამისად, მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს ეკისრებოდა სესხის მსესხებელზე გადაცემის მტკიცების ტვირთი, რასაც შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს. ხოლო, საქმის მასალებში წარმოდგენილ ე.წ. ,,ანგარიშის ამონაწერით’’, საიდანაც იკვეთება, რომ სესხის თანხა მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა, კასატორი (მოპასუხე) არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი - სალაროს გასავლის ორდერი სესხის მიღების თაობაზე, რისი წარმოდგენის პირდაპირი ვალდებულება გააჩნია მოსარჩელეს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; Nას-226-2019, 24.04.2020 წ.).

10. კასატორი სადავოდ ხდის სესხის თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა ბანკმა მსესხებელს ანგარიშზე ჩაურიცხა 7 500 ლარი (იხ. ს/ფ 32). კასატორის (მოპასუხის) მითითებას, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი - სალაროს გასავლის ორდერი სესხის მიღების თაობაზე, რისი წარმოდგენის პირდაპირი ვალდებულება აქვს მოსარჩელეს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან ამგვარი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის. კასატორის მიერ მითითებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და პასუხისმგებლობის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით. მოხმობილი კანონის მოქმედება არ ვრცელდება საკრედიტო დაწესებულების საქმიანობაზე, რომელიც სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე, გასცემს საბანკო კრედიტს.

11. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს-საბანკო ანგარიშიდან ამონაწერს, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელს სესხის თანხა ანგარიშზე ჩაერიცხა. ამგვარად, კასატორმა ვერ შეძლო, ხსენებული წერილობითი მტკიცებულების გაქარწყლება.

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან არ განსხვავდება (შედარებისთვის იხ. სუსგ #ას-398-371-2017, 06.06.2017 წ., #ას- 399-715-09, 13.10.09 წ.).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

16. პროცესის ხარჯები

16.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ბ.ხ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 08.10.2024 წლის N6380 საგადასახადო დავალებით გადახდილი 416 ლარის 70% 291.2 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი