¹ბს-1132-1083(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 10 მაისს ა. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო (სადეპუტატო) და ბინის ქირის დავალიანების ანაზღაურება საერთო თანხით 1438 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი იყო საქართველოს პარლამენტის ..... წლების მოწვევის წევრი. მისთვის საქართველოს პარლამენტს დღემდე არ აუნაზღაურებია სახელფასო დავალიანება, კერძოდ, 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ხელფასი, სადეპუტატო დანამატი _ 838.00 ლარი და ბინის ქირა 600.00 ლარი, სულ _ 1438.00 ლარი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით, რომლითაც ითხოვდა აღნიშნული დავალიანების დაფარვას, რომელზეც პარლამენტმა განმარტა, რომ შეუძლებელი იყო დავალიანების ანაზღაურება, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან არ ხდებოდა საქართველოს პარლამენტისათვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფა (ს.ფ. 3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს პარლამენტს დაეკისრა ა. თ-ის სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურება 1438.00 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა. თ-ი იყო საქართველოს პარლამენტის ...... წლების მოწვევის წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ 2007 წლის 3 მაისს გაცემული ¹2541-07 ცნობის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს პარლამენტს ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება, კერძოდ სადეპუტატო _ 838.00 ლარისა და ბინის ქირა _ 600.00 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე”.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურეს ასევე უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო თანამდებობრივი სარგო საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით (ს.ფ. 20-21).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაგროვება, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა, გამოწვეული იყო საბიუჯეტო დეფიციტით და შესაბამისი თანხების მიუღებლობით, ამდენად, როგორც სასარჩელო განცხადებაზე თანდართული პარლამენტის ბუღალტერიის მიერ გაცემულ ცნობაში იყო დაფიქსირებული, მოსარჩელეზე გასაცემი თანხები მათ მიერ აღიარებულია, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვასთან, რაც ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მრავალგზისი მოთხოვნისა. აპელანტმა აღნიშნა რომ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ეკონიმიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები (ს.ფ. 25-26).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა სხვა მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისაგან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, ამიტომ არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები (ს.ფ. 42-43).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით, ახალი დავალიანებების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს”. 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების შესაბამისად, 2007 წლის პირველი დეკემბრისათვის საქართველოს პარლამენტს (კიდევ ერთხელ) მიეწოდებინა ფინანსთა სამინისტროსათვის კრედიტორული დავალიანებების ნუსხა, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან შესრულებულ იქნა. კასატორის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად ცდილობდა, რომ დროულად განხორციელებულიყო ზემოაღნიშნული დავალიანებების გასტუმრება. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებდა 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრ ა. თ-თვის აენაზღაურებინა მის მიმართ არსებული დავალიანება _ 1438.00 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტს მკაცრად ჰქონდა გაწერილი მიმდინარე წლის მისთვის გამოყოფილი თანხები ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით, შესაბამისად, მათი მოსაზრებით, აღნიშნული დავალიანების დაფარვა წარმოშობდა ახალი დავალიანების დაგროვებას (ს.ფ. 47-51).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.