Facebook Twitter

საქმე №ას-34-2025 03 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო რისკის რეალიზების გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაზღვევო კომპანიას სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 1681,69 ლარის გადახდა, ასევე, - პირგასამტეხლოს გადახდა 2024 წლის 21 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე, 1681,69 ლარის 0,2%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,36 ლარს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2022 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N92 (კონსოლიდირებული ტენდერი CON22000552) ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების „KIA CADENZA“, სახელმწიფო ნომრით „.........“, გამოშვების წელი 2014, დაზღვევა;

2.2. სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა მოხდა საბალანსო ღირებულებით - 8 964.53 ლარი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1514 ლარს. მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო თანხის ოდენობა შეადგენს 8964.53 ლარს;

2.3. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეზე გაიცა ქონების დაზღვევის პოლისი №MO 007629/22, სადაც მატერიალური ზიანისათვის ასანაზღაურებელი თანხის ლიმიტი განისაზღვრა 8964.53 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემია - 111.01 ლარით;

2.4. ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.25 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება არის დაზღვევის ხელშეკრულებაში დამზღვევის მიერ მითითებული საბალანსო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდება სადაზღვევო პრემიისა და დაზღვევის პერიოდში ნებისმიერ მომენტში გასაცემი შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გამოანგარიშება. ხოლო, რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, აღნიშნული არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღეს ნებისმიერი ქონების, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ან მისი რომელიმე ნაწილის მსგავსი ან იდენტური მახასიათებლების მქონე ღირებულება საქართველოს ბაზარზე. ხელშეკრულების მიხედვით, უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შესაბამისი მართვის მოწმობის მქონე დამზღვევი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი ან შესაბამისი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დამზღვევის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მართვის მოწმობა;

2.5. დაზღვევის ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო 10.4 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების პროექტის 10.1 მუხლის თანახმად, მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.6. 2023 წლის 21 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „KIA CADENZA“. ავტომობილის დაზიანება გამოწვეულ იქნა მესამე პირის ბრალით;

2.7. სამინისტრომ მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით. მზღვეველმა 2023 წლის 4 სექტემბრის წერილით სამინისტროს აცნობა, რომ 2023 წლის 21 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შპს „ა–ის“ მიერ გაიცა შეფასების აქტი №02381, რომლის თანახმად, დაზიანებული დაზღვევის საგნის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 11015,3 ლარს. დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 ნაწილის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სრულ დაზიანებად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (ტოტალი) ან/და სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომლის აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ს ან მეტს შეადგენს. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა მზღვეველის მიერ აღიარებულია სადაზღვევო შემთხვევად, შესაბამისად, მზღვეველი მზადაა დაარეგულიროს აღნიშნული შემთხვევა ხელშეკრულების თანახმად, ფულადი კომპენსაციით ან ალტერნატიული ავტომობილის ჩანაცვლებით;

2.8. სამინისტრომ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა როგორც დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასება, ასევე მატერიალური ზარალის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნით, ავტომანქანა „KIA CADENZA“-ს საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 34 500 ლარი, ხოლო 2023 წლის 19 ოქტომბრის N007470823 დასკვნის მიხედვით, მატერიალურმა ზარალმა - 6796 ლარი;

2.9. სადაზღვევო კომპანიამ 2023 წლის 8 ნოემბრის წერილით სამინისტროს აცნობა, რომ ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად. ამდენად, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას შემდეგი ფორმულით: სადაზღვევო თანხა - 8 964,53 ლარი შეფარდებული ქონების საბაზრო ღირებულებასთან - 34 500 ლართან და გამრავლებული ზიანის ოდენობაზე - 6472 ლარზე. პასუხის თანახმად, სადაზღვევო კომპანია გასცემს სადაზღვევო ანაზღაურების თანხას პროპორციული წესით - 1681.69 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამოთვლის პრინციპი. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია თანხმობას აცხადებს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე მხოლოდ პროპორციულობის წესის დაცვით, ხოლო სამინისტროს მოთხოვნით უნდა ანაზღაურდეს დაზღვეული ავტომობილის გარემონტებისათვის გათვალისწინებული ხარჯი სრულად, რადგან ზიანის ოდენობა (8200 ლარი) სადაზღვევო თანხის (8 964.53 ლარი) ლიმიტის ოდენობაზე ნაკლებია.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2022 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N92 (კონსოლიდირებული ტენდერი CON22000552) ხელშეკრულება მოიცავს შესავალ ნაწილს, ტერმინთა განმარტებას, ხელშეკრულების საგანსა და ძირითად პრინციპებს, ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, მომსახურების გაწევის ადგილსა და ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, შესრულებისა კონტროლსა და მომსახურების მიღების წესებს, ანგარიშსწორების წესს, შესრულების შეფერხებისა და უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის წესს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ტერმინთა განმარტების ის ნაწილი, სადაც აღწერილია, თუ რომელი სიტყვის უკან რა შინაარსის დებულებას გულისხმობდნენ მხარეები. ხელშეკრულების 1.18. მუხლი განსაზღვრავს „სადაზღვევო თანხის (ლიმიტის)“ მნიშვნელობას - „სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ჯამური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება დაზღვევის თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე“. „სადაზღვევო ანაზღაურება“ განიმარტება შემდეგნაირად - „ანაზღაურება, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცემს მზღვეველი სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (ხელშეკრულების 1.19. მუხლი). „სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება“ არის დაზღვევის ხელშეკრულებაში დამზღვევის მიერ მითითებული საბალანსო ღირებულება. აღნიშნული ღირებულების საფუძველზეც მოხდება სადაზღვევო პრემიისა და დაზღვევის პერიოდში ნებისმიერ მომენტში გასაცემი შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გამოანგარიშება (1.25. მუხლი). „საბაზრო ღირებულება“ კი არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღეს ნებისმიერი ქონების, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ან მისი რომელიმე ნაწილის მსგავსი ან იდენტური მახასიათებლების მქონე ქონების ღირებულება საქართველოს ბაზარზე (1.25. მუხლი).

5. პალატის მითითებით, დაზღვევის საგანი „KIA CADENZA“, სახელმწიფო ნომრით „.......“, გამოშვების წელი 2014, ხელშეკრულების მიხედვით შეფასებულია საბალანსო ღირებულებით, რომელიც შეადგენს 8 964.53 ლარს (იხ. წერილი ს/ფ 90 და პოლისი ს/ფ გვ 65). პალატამ სრულად გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ საბალანსო ღირებულების შინაარსის მხედველობაში მიღებით განისაზღვრება კონკრეტული სადაზღვევო რისკის დასაზღვევად გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც და, შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხის მოცულობაც. ლოგიკურია, რომ, რაც მეტია ნივთის ღირებულება, მით მეტია ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მის პირდაპირპროპორციულად იზრდება სადაზღვევო თანხის მოცულობაც. უსამართლო და შესაძლოა კანონსაწინააღმდეგოც იყოს, დამზღვევმა იხადოს საბალანსო ღირებულებიდან გამოანგარიშებული პრემია და დამდგარი ზიანის შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა გამოითვალოს საბაზრო ღირებულებიდან.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ავტომობილის აღდგენისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეფასდა 11 015.3 ლარის ოდენობით (იხ. ს/ფ 91). უსამართლო შედეგების თავიდან ასაცილებლად მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ანაზღაურების სპეციალურ, ე.წ. პროპორციულ წესზე. პალატამ მიუთითა 26.12.2022წ. N92 ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტზე, რომლის თანახმად, „თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად“ (იხ. ხელშეკრულება ს/ფ გვ. 50). სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ჩანაწერი სრულ თანხვედრაშია ასევე სსკ-ის 827.1 მუხლის დისპოზიციასთან, რომლის თანახმადაც, „თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად“. ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო შეთანხმების გონივრული განსჯის შედეგად შეფასებისა და საკანონმდებლო მოწესრიგების მხედველობაში მიღებით პალატამ მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა საბაზრო ღირებულებიდან, არამედ - საბალანსო ღირებულების მხედველობაში მიღებით.

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ: ა. სადაზღვევო თანხა შეადგენს 8 964.53 ლარს (ს/ფ გვ. 65); ბ. დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 03.10.2023წ. დასკვნით და შეადგენს 34 500 ლარს (იხ. ს/ფ 95-99); გ. დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 19.10.2023წ. დასკვნით და შეადგენს 6 472 ლარს (იხ. ს/ფ 100-106). საბოლოო ჯამში, მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს აუნაზღაუროს 26.12.2022წ. N92 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1681.69 ლარი იმავე ხელშეკრულების მეორე მუხლის მეორე ნაწილის მეთოთხმეტე პუნქტის შესაბამისად (შემდეგი ფორმულით: სადაზღვევო თანხა - 8964.53 ლარი შეფარდებული ქონების საბაზრო ღირებულებასთან - 34 500 ლართან და გამრავლებული ზიანის ოდენობაზე - 6472 ლარზე).

8. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ოდენობის გაზრდის ნაწილში სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, შესაბამისად, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ამ გაზრდილი ოდენობიდან დაანგარიშების შესახებ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა სადაზღვევო თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პროცენტული განაკვეთი სადავო არ გამხდარა) და ამ ნაწილში გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდა გასაჩივრებული, პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ნაწილში მსჯელობის მეტად განვრცობა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამოთვლის პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია (სსსკ-ის 391.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). სასამართლო პრაქტიკის არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი განმარტება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ანაზღაურების გამოთვლა ხდება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაწეული მომსახურების დროს და დამზღვევს წარმოადგენს საჯარო დაწესებულება. მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ განმარტოს, თუ რა წესით უნდა მოხდეს დამდგარი ზიანის ანაზღაურების გამოთვლა იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება დაზღვეულია საბალანსო ღირებულებით, ხოლო ზიანის გამოთვლა ხდება სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების (საბაზრო ღირებულება) შეფარდების შესაბამისად და ასევე, ირღვევა თუ არა დამზღვევის უფლება, როდესაც მზღვეველი უარს აცხადებს აუნაზღაუროს დამზღვევს მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანი სრული მოცულობით. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, დაზღვევის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ძირითადად მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპზეა აგებული, რა პრინციპებით უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ბოჭვის ფარგლებში შესყიდული სადაზღვევო მომსახურების დროს;

10.2. სამინისტრომ ავტომანქანა შეაკეთა საკუთარი სახსრებით 8200 ლარად. სამინისტროს დაზღვეული ავტომანქანა გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატიდან უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობის უფლებით (საწყისი საბალანსო ღირებულებით 60290,92 ლარი, ნარჩენი ღირებულებით - 8964,53 ლარი). აქტივის ბალანსზე აყვანა ხდება საბალანსო ღირებულებით და არ ხდება აქტივის საბაზრო ღირებულებით შეფასება, შესაბამისად, დაზღვევის მომენტში არ მომხდარა ხსენებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენა;

10.3. სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა უმნიშვნელოვანესი სადავო სამართლებრივი საკითხები, კერძოდ: ა) ზიანის ანაზღაურების პროპორციული წესი (22.12.2022 წლის №92 ხელშეკრულების მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის მე-14 ნაწილი, სსკ-ის 827.1 მუხლი) რამდენად შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევაზე, როდესაც დაზღვევის მომენტში არ მომხდარა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, ხოლო ქონების საბალანსო ღირებულებით აღრიცხვა არის სპეციფიკური მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვებისთვის და ქონება დაზღვეულია საბალანსო ღირებულებით; ბ) თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს და მზღვეველზე მოთხოვნის უფლება იმ სადაზღვევო საფასურის ფარგლებში გადადის, რაც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ გააჩნია, რატომ არ უნდა ანაზღაურდეს მზღვეველის მიერ ზიანი სრულად;

10.4. სსკ-ის 827.1 მუხლით ზიანი არ გამოიანგარიშება ქონების საბალანსო ღირებულებიდან. ქონების საბაზრო და საბალანსო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა წესით ხდება. ხშირ შემთხვევაში ისინი შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთს. ცნებები „საბაზრო ღირებულება“ და „საბალანსო ღირებულება“ (რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში) ერთმანეთის შესატყვისი არ არის და საჯარო დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება ბალანსზე აიყვანონ ქონება დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლების შედეგად ანუ საბალანსო ღირებულებით, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას. ქონების რეალური ღირებულება არის ის ღირებულება, რომლითაც ესა თუ ის აქტივი არის გაყიდვადი თავისუფალი საბაზრო ტრანზაქციის ფარგლებში. ქონების რეალური ღირებულებაა ქონების საბაზრო ღირებულება და არა - ქონების საბალანსო ღირებულება. ქონების ღირებულების მკაცრად გადაფასების მეთოდით (საბალანსო ღირებულების ქონების რეალური ფასის მიხედვით განსაზღვრა) აღრიცხვის სავალდებულოობა საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ. შესაბამისად, სსკ-ის 827.1 მუხლი მიემართება კერძო სამართლის სუბიექტებს და გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე კერძო სამართლის სუბიექტია. ასევე გამართლებულია ხსენებული მუხლის მოთხოვნების ე.წ. ფორმალურ ხელშეკრულებაში სტანდარტულ პირობად ჩადება, მაგრამ ცალსახად მისი გამოყენება ან გავრცელება იმ შემთხვევებზე, როდესაც ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, განუჭვრეტელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქონების საბალანსო ღირებულებიდან ზიანის გამოთვლის პრინციპს;

10.5. დამზღვევს, რომლის ქონებრივი ინტერესიც იქნა დაზიანებული მესამე პირის მიერ, მიყენებული ზიანის შესაბამისი ოდენობის თანხის ანაზღაურების მიღების უფლება ერთდროულად წარმოეშობა ორი სხვადასხვა სუბიექტისაგან, მათგან ერთს წარმოადგენს ზიანის მიყენებისას დელიქტურ სამართლებრივ ურთიერთობაში პასუხისმგებელი პირი, ხოლო მეორეს - სადაზღვევო კომპანია, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტი, მაგრამ პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტა იმაშია, რომ მზღვეველმა ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამზღვევს და შემდეგ მოთხოვნა წარუდგინოს ზიანის მიმყენებელს. ამით მხარეთა ინტერესები სრულად იქნება დაცული;

10.6. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მესამე პირის ბრალით და სამინისტროს ზიანის მიმყენებლის მიმართ აქვს ზიანის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

10.7. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადაზღვევო ანაზღაურების მოცულობა 1681,69 ლარია პროპორციული სისტემით ანაზღაურების წესით. ქონების დაზღვევისას მზღვეველმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო ანაზღაურება მიყენებული ზიანის შესაბამისად და აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის საჭირო თანხები, რაც შეადგენს 8200 ლარს, რომელიც შემდგომში ანაზღაურებული იქნება ზიანის მიმყენებელი პირის მიერ სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად;

10.8. პროპორციული სისტემის ამოქმედების საკითხი შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, თუ ავტომანქანა დაზღვევის მომენტისთვის შეფასებული იქნებოდა საბაზრო ღირებულებით, დამდგარი ზიანი გამოწვეული იქნებოდა სამინისტროს უფლებამოსილი მძღოლის ბრალით, მზღვეველს არ ექნებოდა საშუალება ესარგებლა სუბროგაციის უფლებით და სადაზღვევო ურთიერთობაში მხარეთა უფლებრივი თანაფარდობა იქნებოდა თანაბარი;

10.9. სადაზღვევო სამართლის უმთავრესი მიზანი დამზღვევის ქონებრივი ინტერესის დაცვაა. დავა დამზღვევსა და მზღვეველს შორის მოვალისაგან ანაზღაურების მიღების უპირატესი უფლების შესახებ დამზღვევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს;

10.10. სადაზღვევო თანხაა 8964,53 ლარი. ავტომანქანის შეკეთებას დასჭირდა 8200 ლარი იანვარ-თებერვლის თვის მდგომარეობით არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, რაც არ აღემატება სადაზღვევო თანხას. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მესამე პირის ბრალით და სამინისტროს ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ აქვს 8200 ლარის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მზღვეველზე სამინისტროს მოთხოვნის უფლებაც გადადის იმ საფასურის ფარგლებში, რაც სამინისტროს ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ აქვს ანუ 8200 ლარის მოთხოვნის ფარგლებში;

10.11. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ვალდებულება დაირღვა 2023 წლის 22 ნოემბრიდან, როდესაც კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სამოტივაციო ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს 2023 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში პირგასამტეხლოს გადახდას აკისრებს მზღვეველს 2024 წლის 21 მარტიდან, რაც ტექნიკურ შეცდომად მიაჩნია კასატორს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

16. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე [„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლი].

17. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

18. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

19. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 14, გვ. 4, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

20. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში [სსკ-ის 821-ე მუხლი]. სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი [სსკ-ის 823-ე მუხლი].

21. სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის ობიექტის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური ღირებულების მიხედვით (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 24, გვ. 7, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016). შესაბამისად, თუ დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების ეკონომიკური ღირებულება იცვლება, აღნიშნული უნდა აისახოს სადაზღვევო თანხაზეც. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც გადაჭარბებული დაზღვევის (იხ. 822 I), ისე შემცირებული (არასრული) დაზღვევის მოწესრიგების წესებს (იხ. 827 I). სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ქონებას გააჩნია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 821-ე მუხლის კომენტარი, ველი 3, 5, გვ. 1, ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016).

22. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად [სსკ-ის 827.1 მუხლი].

23. სსკ-ის 827.1 მუხლით მოწესრიგებულია შემცირებული (არასრული) დაზღვევისას სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის წესი. სადაზღვევო თანხა შეიძლება განისაზღვროს დაზღვეული ობიექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხით. ასეთ შემთხვევას სამოქალაქო კოდექსი შემცირებული (არასრული) დაზღვევის სახელით იცნობს და მისთვის სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის სპეციალურ წესს ადგენს. კერძოდ, 827 I-ის თანახმად, თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვეული ობიექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე (სადაზღვევო ღირებულებაზე), სადაზღვევო ანაზღაურება განისაზღვრება სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების მიხედვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული მდგომარეობა — მიმართება სადაზღვევო თანხასა და სადაზღვევო ღირებულებას შორის, სახეზე უნდა იყოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 827-ე მუხლის კომენტარი, ველი 3, გვ. 2, ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016).

24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N92 (კონსოლიდირებული ტენდერი CON22000552) ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების „KIA CADENZA“, სახელმწიფო ნომრით „........“, გამოშვების წელი 2014, დაზღვევა. სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა მოხდა საბალანსო ღირებულებით - 8 964.53 ლარი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1514 ლარს. მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო თანხის ოდენობა შეადგენს 8964.53 ლარს. 2023 წლის 21 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „KIA CADENZA“. ავტომობილის დაზიანება გამოწვეულ იქნა მესამე პირის ბრალით. სამინისტრომ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა როგორც დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასება, ასევე მატერიალური ზარალის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნით, ავტომანქანა „KIA CADENZA“-ს საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 34 500 ლარი, ხოლო 2023 წლის 19 ოქტომბრის N007470823 დასკვნის მიხედვით, მატერიალურმა ზარალმა - 6796 ლარი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1, 2.2, 2.6, 2.8 ქვეპუნქტები).

25. სამინისტრო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად გაღებული ხარჯი, რომელიც, მისივე მითითების თანახმად, შეადგენს 8200 ლარს, ნაკლებია სადაზღვევო თანხაზე - 8964.53 ლარზე, ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სრულად.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

27. 26.12.2022წ. N92 ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, „თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად“ (იხ. ხელშეკრულება ს/ფ გვ. 50, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

28. როგორც უკვე აღინიშნა, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა მოხდა საბალანსო ღირებულებით - 8 964.53 ლარი, სადაზღვევო თანხის ოდენობა შეადგენს 8964.53 ლარს, თუმცა ავტომანქანა „KIA CADENZA“-ს საბაზრო ღირებულებამ დაზიანებამდე შეადგინა 34 500 ლარი. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ზე მეტით ნაკლებია დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოაწესრიგა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა 26.12.2022წ. N92 ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტისა და სსკ-ის 827.1 მუხლის საფუძველზე. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1681,69 ლარის ოდენობით (სადაზღვევო თანხა - 8964,53 ლარი შეფარდებული ქონების საბაზრო ღირებულებასთან - 34 500 ლართან და გამრავლებული ზიანის ოდენობაზე - 6472 ლარზე).

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 827.1 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება ემსახურება სადაზღვევო ანაზღაურების სამართლიანად განსაზღვრასა და მხარეთა შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

30. დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კეთილსინდისიერების პრინციპი. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს, გულისხმიერებით მოეკიდონ ერთმანეთის ინტერესებს ხელშეკრულების მიმართ და არ დააბრკოლონ აღნიშნული ინტერესების რეალიზაცია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 54, გვ. 14, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016). კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი). სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ საქმე №ას-896-858-2014, 16 მარტი, 2015 წელი).

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 827.1 მუხლი არ შეიძლება გავრცელდეს ადმინისტრაციულ ორგანოზე იმ დასაბუთებით, რომ ქონების ღირებულების მკაცრად გადაფასების მეთოდით (საბალანსო ღირებულების ქონების რეალური ფასის მიხედვით განსაზღვრა) აღრიცხვის სავალდებულოობა საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ და შესაბამისად, იგი განუჭვრეტელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქონების საბალანსო ღირებულებიდან ზიანის გამოთვლის პრინციპს. აღნიშნულის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.25 პუნქტზე, რომლითაც განმარტებულია ტერმინი „სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება“ ანუ დაზღვევის ხელშეკრულებაში დამზღვევის მიერ მითითებული საბალანსო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდება სადაზღვევო პრემიისა და დაზღვევის პერიოდში ნებისმიერ მომენტში გასაცემი შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გამოანგარიშება. ამდენად, დაზღვევის ხელშეკრულებაში საბალანსო ღირებულებას თავად დამზღვევი უთითებდა და მის საფუძველზე განისაზღვრებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობაც და, შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხის მოცულობაც. ამასთან, ტერმინთა განმარტებების თანახმად, საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 90%-ისა (იხ. ს.ფ. 40). ასევე, თავად მხარეები იყვნენ შეთანხმებული ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის შინაარსზეც, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლები აღმოჩნდება სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის. გამომდინარე აქედან, აღნიშნული წესით ზიანის ანაზღაურების გამოთვლა სწორედ მხარეთა შეთანხმების შედეგია და კასატორის პრეტენზია, რომ განუჭვრეტელია ზიანის გამოთვლის პრინციპი უსაფუძვლოა [სსკ-ის 8.2 მუხლი: სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით].

32. რაც შეეხება კასატორის მითითებას მზღვეველის სუბროგაციის უფლებაზე [სსკ-ის 832.1 მუხლი: თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს], საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი). სუბროგაციის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მზღვეველზე გადადის მის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს პასუხისმგებელი პირისაგან იმაზე მეტი, რაც მან აანაზღაურა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თუმცა, თავის მხრივ, ეს არ ართმევს უფლებას დამზღვევს, ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვოს თანხა, რაც აღემატება გაცემულ სადაზღვევო საზღაურს, თუ რეალური დანაკლისი სადაზღვევო თანხაზე მეტია (შდრ: გ. ამირანაშვილი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან, „მართლმსაჯულება და კანონი“, №1’14, 2014, გვ. 95) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წელი).

33. ამდენად, მზღვეველის მოთხოვნა მესამე პირის მიმართ გამომდინარეობს სწორედ მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან და აღნიშნული მოთხოვნის ფარგლები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზიანის ოდენობით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანი დადგა მესამე პირის ბრალით, მზღვეველის მიერ სუბროგაციის უფლების გამოყენების შესაძლებლობა გავლენას ვერ მოახდენს თავად მზღვეველსა და დამზღვევს შორის ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხზე. ამასთან, დამზღვევს არ ერთმევა უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვოს ის თანხა, რაც აღემატება გაცემულ სადაზღვევო საზღაურს.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 1681,69 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, კანონიერია [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

35. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სადაზღვევო კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (8200 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2023 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორს წარმოდგენილი აქვს ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია.

36. კასატორი უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს დაკისრებული აქვს პირგასამტეხლოს გადახდა 2024 წლის 21 მარტიდან, თუმცა სასამართლო სამოტივაციო ნაწილში პირგამტეხლოს განსაზღვრავს 2023 წლის 22 ნოემბრიდან.

37. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელეს სარჩელით მოთხოვნილი აქვს პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 2023 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ათვლა დაუკავშირა 2024 წლის 21 მარტს (2024 წლის 21 მარტი სარჩელის აღძვრის თარიღია). კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიას სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2024 წლის 21 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე, 1681,69 ლარის 0,2%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,36 ლარს, თუმცა, სამოტივაციო ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის დარიცხული პირგამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს 1681,69 ლარიდან, ყოველდღიურად 2023 წლის 22 ნოემბრიდან (როცა კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე) ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

38. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი]. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

39. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის 2023 წლის 15 ნოემბრის №476/02 წერილზე, რომლითაც სადაზღვევო კომპანიას ეთხოვა პირველ ეტაპზე მის მიერ გაანგარიშებული სადაზღვევო ანაზღაურების მოცულობის - 1681,69 ლარის ანაზღაურება და ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე, რომლის საბანკო რეკვიზიტებს დამატებით აცნობებდა, ხოლო, რაც შეეხებოდა მატერიალური ზარალის სრულ ოდენობას, რომელიც სამინისტროს შეფასებით იყო 6796 ლარი, დარჩებოდა მხარეთა შორის სადავო ფორმატში (წინასწარ ანაზღაურებული 1681,69 ლარის გამოქვითვით) და სამინისტრო დაიწყებდა სასამართლო დავას დარჩენილი თანხის ნაწილში (იხ. ს.ფ. 112). მითითებული წერილის პასუხად, სადაზღვევო კომპანიის 2023 წლის 22 ნოემბრის წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ სადაზღვევო კომპანია მზად იყო მოეხდინა შეფასებული ზარალის ოდენობის - 1681,69 ლარის ანაზღაურება დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ზარალის დარეგულირების აქტისა და ყველა თანმდევი დოკუმენტის ორმხრივად ხელმოწერის შემდგომ, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მომავალში იმავე ზარალზე დამატებითი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. ს.ფ. 110). ამდენად, მზღვეველს, მიუხედავად სადაზღვევო ანაზღაურებაზე მხარეთა შორის არსებული შეუთანხმებლობისა, საკუთარი ვალდებულება უნდა შეესრულებინა და მის მიერ გაანგარიშებული სადაზღვევო საზღაური - 1681,69 ლარი მოსარჩელისთვის უნდა აენაზღაურებინა 2023 წლის 22 ნოემბრიდან, რაც მას არ შეუსრულებია.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2023 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, 1681,69 ლარის 0,2%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,36 ლარს.

41. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

42. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2023 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, 1681,69 ლარის 0,2%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,36 ლარს.

44. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

45. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.

46. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის ვადის ათვლის ნაწილში შეიცვალა და ნაცვლად 2024 წლის 21 მარტისა, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2023 წლის 22 ნოემბრიდან. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის (მოსარჩელის მიერ საკასაციო სასამართლოში მოგებული ნაწილის) – 403,2 ლარის (3,36 ლარი x 30 დღე x 4 თვე) 5%-ის - 20,16 ლარის ანაზღაურება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ხოლო 403,2 ლარის 4%-ის - 16,13 ლარის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით (საერთო ჯამში, 36,29 ლარი) [სსსკ-ის 55.1 მუხლი: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია]. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხს, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში უკვე დაკისრებული აქვს სახელმწიფო ბაჟი - სამი წლის განმავლობაში გადასახდელი პირგასამტეხლოს შესაბამისი 3%-ის ოდენობით ანუ მაქსიმალური ოდენობით [სსსკ-ის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი: დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით], აღარ არსებობს სადაზღვევო კომპანიისთვის დამატებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იასთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2023 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, 1681,69 ლარის 0,2%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,36 ლარს;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

5. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის წარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 36,29 ლარის გადახდა;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა.ძაბუნიძე