საქმე №ას-298-2025 07 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.შ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ე–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ს.ლ–ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ე–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
1.1.სარჩელი ს.ლ–იას (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ არ დაკმაყოფილდა;
1.2.სარჩელი ნ.შ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3. მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ......, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 27.76 კვ.მ. ფართი, მათ შორის, ოთახი ფართით 6.42 კვ.მ. და ოთახი ფართით 21.34 კვ.მ.;
1.4.მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 7523 აშშ დოლარის 25%-ის - 1880.75 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
1.5.დადგინდა, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის მიზნით 1880.75 აშშ დოლარის ღირებულების ნაწილში, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთოს ქ.თბილისში, .........., №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 27.76 კვ.მ. ფართი, ამ ფართის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან; გამოყენებული იპოთეკა გაუქმდეს კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისში, .......... (ფაქტიური ფართობი 575კვ.მ) მდებარე საცხოვრებელი სადგომი ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით 116.56კვ.მ., ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) ფართით 57.91კვ.მ., ლიტერი (დამხმარე) ფართით 13.00კვ.მ. თავდაპირველად გ.ა–ის სახელზე იყო აღრიცხული; მოგვიანებით, საცხოვრებელი სადგომი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ი.ლ–ის სახელზე აღირიცხა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ქონება მისმა მემკვიდრემ მეორე მოპასუხემ მიიღო და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა; პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2015წ. 14 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრე პირველი მოპასუხე გახდა;
2.2. სადავო ფართზე მოსარჩელის უფლების მოპოვებასთან მიმართებით დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა - ლ.ე–ი 12.03.1975 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რეგისტრირებული თბილისში, ....... ქ.№21-ში. ლ.ე–ის მეუღლე ჯ.ე–იც ამავე პერიოდიდან იყო რეგისტრირებული იგივე მისამართზე, ასევე, მოსარჩელე და მისი და - ლ.ე–ი შვილებთან ერთად იყვნენ რეგისტრირებულნი იგივე მისამართზე, მანამდე ვიდრე პირველი მოპასუხის განცხადების საფუძველზე სერვისების განვითარების სააგენტომ მათი რეგისტრაცია ........ ქ.N21-დან არ მოხსნა 2019 წლის 22 ოქტომბერს.
2.3. მოსარჩელის დედა - ლ.ე–ი 2014წ. 15 აგვისტოს, ხოლო ჯ.ე–ი - 2013წ. 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
2.4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 02.11.2023წ. გაცემული ინფორმაციებით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან და ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2014წ. 15 აგვისტოს მოსარჩელის დედის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის და არც მისი სახელით დამოწმებული ანდერძის შესახებ ინფორმაცია იძებნება ერთიან ელექტრონულ რეესტრში.
2.5. ელექტროენერგიის ვაუჩერები, რომლებიც გაცემულია მოსარჩელის დედ-მამის სასარგებლოდ თარიღდება 2008 წლით.
3. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სადავო საკითხზე, არსებობს თუ არა საცხოვრებელი სადგომის ფართის ნაწილის გამოსყიდვისა და მასზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის წინაპირობები.
4. მოსარჩელე აპელანტის განმარტებით, იგი დაბადებიდან ცხოვრობდა ....... N21-ში, ხოლო 1989 წლიდან (სრულწლოვანებიდან) ამ მისამართზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში - სპეციალური კანონი) განსაზღვრული მოსარგებლე პირია - სადავო მისამართზე იყო რეგისტრირებული, ფართს ფლობდა და კომუნალურ გადასახადებს იხდიდა.
5. სპეციალური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
6. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დედა - ლ.ე–ი 12.03.1975 წლიდან გარდაცვალებამდე (2014 წლამდე) რეგისტრირებული იყო მისამართზე: თბილისი, ....... ქუჩა №21. ლ.ე–ის მეუღლეც ჯ.ე–ი 1975 წლიდან იყო რეგისტრირებული მითითებულ ფართში. მოსარჩელე, მოსარჩელის და - ლ.ე–ი შვილებთან ერთად ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული, მანამდე, ვიდრე პირველი მოპასუხის განცხადების საფუძველზე სერვისების განვითარების სააგენტომ ....... ქუჩა N21-დან მათი რეგისტრაცია არ მოხსნა 2019 წლის 22 ოქტომბერს.
9. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათის თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელის დაბადების თარიღია 1972 წლის 28 თებერვალი, ხოლო მისი ....... ქუჩა N21-ში რეგისტრაციის თარიღია 1989 წლის 25 მაისი. მოსარჩელის ....... ქუჩა N21-ში რეგისტრაციის თარიღისა (1989 წლის 25 მაისი) და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის (2019 წლის 22 ოქტომბერი) მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის არანაკლებ 30 წლის განმავლობაში ფლობის ფაქტი.
10. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერები, რომლებიც გაცემულია ე–ი ლ. და ე–ი ჯ. სასარგებლოდ, თარიღდება 2008 წლით. მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერები არ არის ქვითარი, იმ გარემოების დამადასტურებელია, რომ მოსარჩელის ოჯახს კომუნალური გადასახადი სუბსიდიის ფარგლებში უნაზღაურდებოდა.
11. ამდენად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადასტურების წინაპირობები, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებულად იქნა მიჩნეული.
12. ზემოაღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატამ მოსარჩელე აპელანტის ის განმარტებაც გაიზიარა, რომ მისმა დედამ თავის სიცოცხლეში 1975 წელს ი.ლ–ისგან შეიძინა სადავო საცხოვრებელი სადგომი. საქმეში წარმოდგენილი იყო ლ.ე–ს და ი.ლ–ისა და გ. ლ–ოს შორის 1975წ. 22 მარტით დათარიღებული შინაურული ხელწერილი, რომლის მიხედვით, ლ.ე–ისაგან ი.ლ–იმ და გ. ლ–ომ მიიღეს 6000 მანეთი და რომ მათ, ლ.ე–თან მცხოვრები ....... ქ.N21-ში ბინის საკითხზე სადავო არაფერი აქვთ და არც ექნებათ.
13. დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სპეციალური კანონით და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის მისაკუთვნებელი კომპენსაციის ოდენობა საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 14 ივნისის N004061823 დასკვნის შესაბამისად უნდა განისაზღვროს, რომლის მიხედვით, სადავო უძრავი ნივთის (27.76 კვ.მ.) ღირებულება შეადგენს 7523 აშშ დოლარს - 19 603 ლარს.
14. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25% 1880.75 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია, რომლის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისში, ....... ქ.№21-ში, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 27.76 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ, მათ შორის, ოთახი ფართით 6.42 კვ.მ. და ოთახი ფართით 21.34 კვ.მ.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა პირველმა მოპასუხემ.
16. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დედამ 1975წ. ი.ლ–ისგან 6000 მანეთად შეიძინა სადგომი და აღნიშნავს, რომ ეს ხელწერილი საქმიდან ამოირიცხა 2023წ. 15 ივნისს სასამართლო სხდომაზე და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მასზე დაყრდნობით დადასტურებულად მიეჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება.
17. კასატორის მოსაზრებით არ ადასტურდება, რომ მოსარჩელე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რადგან ამ გარემოებას ვაუჩერი არ ადასტურებს. ვაუჩერი გაცემულია 2008 წელს როდესაც სადგომში არავინ ცხოვრობდა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის, თაობაზე.
23. ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს - საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, მისი საკუთრებაში გადაცემა სპეციალური კანონის 1.1 (ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს), 2.1„ა“ (მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), 5.1 (მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი), 5.2 (საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა) მუხლებიდან გამომდინარეობს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების ცნობის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, სპეციალური კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონი 5601-IIს (მიღებულია 24/06/2016, ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 18/07/2016) ძალადაკარგულად გამოცხადდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998).
25. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებზე.
26. მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობები ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ - სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობები დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, სპეციალურმა კანონმა მათ იურიდიული მნიშვნელობა მიანიჭა და მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დაუკავშირა. ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები - უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა განკარგული იქნეს ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (სუსგ-ები №ას-340-2024, 16.05.2024წ.; №ას-202-2025, 17.06.2025წ.).
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, კერძოდ, მოსარჩელის დედა - ლ.ე–ი 12.03.1975 წლიდან გარდაცვალებამდე (2014 წლამდე) რეგისტრირებული იყო მისამართზე: თბილისი, ....... ქუჩა №21. ლ.ე–ის მეუღლეც ჯ.ე–ი 1975 წლიდან იყო რეგისტრირებული მითითებულ ფართში.
28. მოსარჩელე, მოსარჩელის და - ლ.ე–ი შვილებთან ერთად ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული, მანამდე, ვიდრე პირველი მოპასუხის განცხადების საფუძველზე სერვისების განვითარების სააგენტომ ....... ქუჩა №21-დან მათი რეგისტრაცია არ მოხსნა 2019 წლის 22 ოქტომბერს.
29. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის დაბადების თარიღია 1972 წლის 28 თებერვალი, ხოლო მისი ....... ქუჩა N21-ში რეგისტრაციის თარიღია 1989 წლის 25 მაისი. მოსარჩელის ....... ქუჩა N21-ში რეგისტრაციის თარიღისა (1989 წლის 25 მაისი) და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის (2019 წლის 22 ოქტომბერი) მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის არანაკლებ 30 წლის განმავლობაში ფლობის ფაქტი.
30. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერები, რომლებიც გაცემულია ე. ლ. და ე. ჯ. სასარგებლოდ, თარიღდება 2008 წლით. მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერები არ არის ქვითარი, იმ გარემოების დამადასტურებელია, რომ მოსარჩელის ოჯახს კომუნალური გადასახადი სუბსიდიის ფარგლებში უნაზღაურდებოდა.
31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემითდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებულია. აღნიშნული კი, იმის მაუწყებელია, რომ მოსარჩელე სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლეა.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ამ განჩინების პ.16-ში მითითებული პრეტენზია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებელე პირად ცნო არა იმ გარემოების საფუძველზე, რომელიც ამ განჩინების პ.13-შია მითითებული, არამედ, პალატის დასკვნა გამომდინარეობს ამ განჩინების პპ:9-11-ში მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომლის თანახმად დასტურდება როგორც მოსარჩელის სადავო სადგომში რეგისტრაცია, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდა.
33. ამასთან, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომელიც კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვაუჩერის არარელევანტურობას მიემართება. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერები გაცემულია ე. ლ. და ე. ჯ–ს სასარგებლოდ, თარიღდება 2008 წლით. იმის მიუხედავად, რომ ვაუჩერები თარიღდება 2008 წლით და არა წინა პერიოდით, არ გამორიცხავს იმ ფაქტს რომ ოჯახი კომუნალური გადასახადების გადამხდელი იყო. ამ მტკიცებულებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ვაუჩერი სწორედ იმ საფუძვლითაა გაცემული ე–ბის ოჯახზე, რომ ისინი წარმოადგენდნენ გადასახადის გადამხდელს და უნაზღაურდებოდათ სახელმწიფო სუბსიდიის ფარგლებში ელექტროენერგიის საფასური.
34. სადგომის საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით კი, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.შ–ს (პ.ნ:.......) დაუბრუნდეს მ. ბ–ძის მიერ 25.02.2025წ.-ს №209 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 766.85 ლარის 70% – 536.79 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე