საქმე №ას-419-2025
30 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ. (მოპასუხე)
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ნ.ჩ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ მოპასუხე ცნობილ იქნას უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისი, .......... (ს/კ: ..........) 1/2 წილის მესაკუთრედ; გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ.თბილისი, ........... (ს/კ: ........) მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეებს შორის კუთვნილი წილების პროპორციულად, კერძოდ: მოსარჩელეს მიეკუთვნოს - 1/2 წილი, მოპასუხეს - 1/2 წილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.ა–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისი, ......... (ს/კ: ........) 1/2 წილის მესაკუთრედ; გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე: მდებარე, ქ.თბილისი, ......... (ს/კ: .........), მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის კუთვნილი წილების პროპორციულად, კერძოდ: ნ.ჩ– - 1/2 წილი, გ.ა–ი - 1/2 წილი;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, კანონიერ ძალაში შესული, 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ.ნ–სა და გ.ა–ის (ნ.ჩ–ის მამის) სარჩელი მოპასუხე გ.ა–ის (ნ.ჩ–ის ძმის) მიმართ: აღიარებულ იქნა ნ.ნ–ს (მ.ა–ის) 1/4 წილზე და გ.ა–ის 1/4 წილზე უფლება, რომ მოპასუხის თანხმობის გარეშე განახორციელონ ქ.თბილისში, ......... მდებარე N5 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება თითოეულის წილი 1/4 ნაწილში და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოპასუხეს დაევალა ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეებს მათ დანარჩენ ნაწილში ბინის პრივატიზაციისა და მთლიანი ბინის აზომვითი ნახაზის მომზადებაში ბინაში შესვლის დროს, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის;
4.2.2. ნ.ჩ–ის (დაბადების მოწმობის მიხედვით - მ.ა–ის) და ნ.ნ–ს იდენტურობა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაბადების მოწმობით, ქორწინების მოწმობებით, სოციალური ბარათით, მართვის მოწმობით, ნატურალიზაციის დოკუმენტით;
4.2.3. საჯარო რეესტრიის 2024 წლის 6 მარტის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან: ნ.ჩ–ი - 1/2 წილი და სხვა თანამესაკუთრეები (1/2 წილი). შესაბამისად, მოსარჩელესთან ერთად, მესაკუთრედ, 1/2 წილზე რჩება მოპასუხე
4.3.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერით მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაშია და არ არის საზიარო უფლების ობიექტი. სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნ.ნ–ს (იგივე ნ.ჩ–ი, იგივე მ.ა–ი) და გ.ა–ის სარჩელი, მოპასუხე გ.ა–ის (ნ.ჩ–ის ძმისა და მოსარჩელე გ.ა–ის შვილის) მიმართ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელეებს მიეცათ უფლება, მოპასუხის თანხმობის გარეშე, დაერეგისტრირებინათ სადავო საპრივატიზებო ბინის 1/4-1/4 წილი თითოეულს. შესაბამისად, ამ ქონების 2/4 წილზე საკუთრების უფლება დარჩა მოპასუხეს. 2023 წლის 18 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გ.ა–მა, ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლება (სადავო ქონების 1/4) წილი აჩუქა თავის შვილს - ნ.ჩ–ს. ამდენად, ეს უკანასკნელი გახდა სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრე, ხოლო 1/2 წილი დარჩა მოპასუხეს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამჟამად მოსარჩელე რეგისტრირებულია სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ, ხოლო დარჩენილი 1/2 წილი რეგისტრირებულია როგორც სხვა თანამესაკუთრის წილი. ეს სხვა თანამესაკუთრე კი, როგორც ზემოთ ითქვა, მოპასუხე გ.ა–ია, რომელიც უარს აცხადებს ქონების რეგისტრაციაზე, რითაც აბრკოლებს მოსარჩელეს, საზიარო საგანთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციაში.
4.4.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 115-ე მუხლზე მითითებით, მართებულად ცნო მოპასუხე სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ. შესაბამისად, სწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სადავო ქონების თანამესაკუთრეები არიან, თითოეული 1/2 წილზე.
4.5.სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა საზიარო უფლების ობიექტის (საცხოვრებელი ბინის) ნატურით გაყოფის საკითხი და აპელანტის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე.
4.6. პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, საზიარო საგანი მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი ბინაა, მოქმედებს მოსარჩელის სასარგებლო პრეზუმფცია, რომ ასეთი ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია და მითითებული პრეზუმფციის დაშვება, მტკიცების ტვირთს უბრუნებს მოპასუხეს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებული პრეზუმფცია, კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო ბინის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რეალურად არსებობს. ამისათვის კი, მოპასუხეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოედგინა, რაც მას არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
5.კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების მესაკუთრეა ნ.ჩ–ი, შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერის არსებობის პირობებში უძრავი ქონება არ შეიძლება ჩაითვალოს საზიარო უფლების ობიექტად.
5.2. კასატორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მიერ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს, რომლის თანახმადაც მას უნდა ემტკიცებინა უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა და წარმოედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, თუ რამდენად არის სადავო უძრავი ქონება საზიარო უფლების ობიექტი და შესაძლებელია თუ არა მისი ნატურით გაყოფა. ასევე, შესაფასებელია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს, სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი ნაწილიდან - თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მონაწილეებს შორის.
14. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის საზიარო უფლების ობიექტი და წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ. 61-69 ტომი 1) სადავო უძრავ ქონებაზე დასტურდებოდა მოსარჩელის, გ.ა–ის (პ/ნ ..........) და გ.ა–ის (პ/ნ ........) საკუთრების უფლება; ნ.ნ–ს და გ.ა–ს(მოსარჩელე) მიეცათ უფლება, მოპასუხის თანხმობის გარეშე, დაერეგისტრირებინათ სადავო საპრივატიზებო ბინის 1/4-1/4 წილი თითოეულს. შესაბამისად, ამ ქონების 2/4 წილზე საკუთრების უფლება დარჩა მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხე გ.ა–ს დაევალა ხელი არ შეეშალა მოსარჩელეებისთვის მათ დანარჩენ ნაწილში ბინის პრივატიზაციისა და მთლიანი ბინის აზომვითი ნახაზის მომზადებაში ბინაში შესვლის დროს, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის. 2023 წლის 18 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გ.ა–მა, ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლება (სადავო ქონების 1/4) წილი აჩუქა თავის შვილს - ნ.ჩ–ს. ნ.ჩ–ის (დაბადების მოწმობის მიხედვით - მ.ა–ის) და ნ.ნ–ს იდენტურობა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაბადების მოწმობით, ქორწინების მოწმობებით, სოციალური ბარათით, მართვის მოწმობით, ნატურალიზაციის დოკუმენტით (იხ. ს.ფ. 25-60 ტომი 1). ამდენად, ეს უკანასკნელი გახდა სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრე, ხოლო 1/2 წილი დარჩა მოპასუხეს.
15. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე გ.ა–ი უარს აცხადებს ქონების რეგისტრაციაზე და აბრკოლებს მოსარჩელეს, საზიარო საგანთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციაში. მართალია, კასატორს მისი ½ წილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ სამოქალაქო უფლებათა განხორციელებისას აუცილებლად უნდა იქნეს დაცული კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ, მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. სუსგ. ას-336-321-2015, 24.06.2016წ.).
16. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრეა. შესაბამისად, სწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სადავო ქონების თანამესაკუთრეები არიან, თითოეული 1/2 წილზე.
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საზიარო უფლების ობიექტის ნატურით გაყოფის შეუძლებლობის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა ევალებოდა მოსარჩელეს.
18. საკასაციო სასამართლო დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიუთითებს მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინის ნატურით გაყოფის შეუძლებლობის შესახებ პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, თუ საზიარო საგანია მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინა, მისი ნატურით გაყოფა კომუნალური ხასიათიდან გამომდინარე, ღირებულების შემცირების გარეშე, როგორც წესი შეუძლებელია. (იხ. სუსგ-ები ას-49-2020, 20.02.2020წ; ას-96-2019, 08.05.2019წ; ას-918-2020, 25.02.2021წ; ას-1009- 2021, 23.02.2022წ; ას-251-2022, 02.06.2022წ; ას-125-2022, 13.10.2022წ.; Nას-224-2022, 10.06.2022წ.)
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სსკ-ის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ-ები: Nას-67-65-2014, 31.07.2017წ; Nას-774-741-2014, 20.07.2015წ; Nას-59-58-2014, 29.06.2015წ.; Nას-39-39-2016, 1.03.2016წ; №ას-1463-2023, 06.03.2024წ.; №ას-1407-2023, 20.05.2024წ.; №ას-1307-2023, 30.10.2024წ.).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
21. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საზიარო საგანი მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი ბინაა, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს მოსარჩელის სასარგებლო პრეზუმფცია, რომ ასეთი ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია. აღნიშნული პრეზუმფციის დაშვება კი მტკიცების ტვირთს უბრუნებს მოპასუხეს, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ბინის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რეალურად არსებობს, რომლის დასადასტურებლად მას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარედგინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, შესაბამისად სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ.ა–ს (პ/ნ ......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.დ–ის (პ/ნ.........) მიერ, სს „ს. ბ–ში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 3 აპრილს №26653401208 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70 % - 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი