საქმე Nას-956-2025
29 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის - ინტელექტუალურ საკუთრების მფლობელთა ასოციაცია
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტს მიღებული იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „თ–ს“ დაეკისრა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, 2015 წლის 9 თებერვლის N2465 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით - 7771,26 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „თ–ს“ დაეკისრა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, 2015 წლის 9 თებერვლის N2465 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისათვის 2022 წლის 01 ივლისის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო (ძირი დავალიანების - 7771.26 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 4187,31 ლარის ოდენობით.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „თ–ის“ წარმომადგენელმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/2191-23, მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა, ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის - ინტელექტუალურ საკუთრების მფლობელთა ასოციაცია.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „თ–ის“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განჩინება დასაბუთებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ," საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონით, რომლის თანახმადაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად მიენიჭება აკრედიტაცია, აკრედიტაციის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) უფლებამონაცვლედ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების და მოსარგებლეების მიმართ. მიუხედავად კანონის ამ ჩანაწერისა, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნებს და უფლებამონაცვლეობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არც სადავო ურთიერთობიდან არ არის გასული, არც მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია და ორგანიზაცია არის მოქმედი, რომელსაც გააჩნია მმართველი ორგანოები, სტრუქტურა და მისი რეგისტრაცია 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით გაუქმებული არ იყო. იურიდიული პირის საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის წინაპირობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აკონკრეტებს, იურიდიული პირების შემთხვევაში - სახეზე უნდა იყოს მოქმედი ორგანიზაციის რეორგანიზაციის ფაქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს. უფრო მეტიც, უფლებამონაცვლედ განსაზღვრული ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია უფლებამონაცვლეობას ინარჩუნებს სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებების მოსარგებლეთა მიმართ, რაიმე სახის საპროცესო უფლებამონაცვლეობაზე კანონში მითითება არ არის. მოცემულ შემთხვევაში შპს „თ–ის" მიმართ მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, მაშინ, როდესაც უფლებამონაცვლედ სასამართლომ განსაზღვრა ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია. ამასთან, შპს „თ–სა" და ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის მოქმედი ხელშეკრულებაც კი არ მოქმედებს, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხის გარდა, სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვაც შეუძლებელია. სასამართლოს ფორმალური სახითაც კი არ მოუკვლევია ის ფაქტი, სამართლებრივი ურთიერთობიდან გასულია თუ არა იურიდიული პირი, რითი დასტურდება ამ ურთიერთობიდან გასვლის ფაქტი და რამდენად შესაძლებელია ჩაითვალოს საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ერთი პირის მიერ აკრედიტაციის გავლა მეორე პირის საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნევის საკითხი, გაუგებარია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის, 17 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერება.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგადი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
11. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ - სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში (იხ. სუსგ. საქმე №ას-839-839-2018, 13.07.2018წ.). ამასთან, მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (სუსგ. საქმე №ას-27-2019,15.11.2019წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და შპს „თ–ი“-ს შორის, 2015 წლის 09 თებერვალს დადებული სალიცენზიო შეთანხმება, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ ჰონორარის დავალიანების გადახდა.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „თ–ს“ დაეკისრა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით - 7771,26 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „თ–ს“, ასევე დაეკისრა, გადასახდელი საავტორო ჰონორარისათვის 2022 წლის 01 ივლისის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 4187,31 ლარის ოდენობით გადახდა. 14. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ, ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის - ინტელექტუალურ საკუთრების მფლობელთა ასოციაციის ცნობა.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია; ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორების, საავტორო უფლებების სხვა მფლობელებისა და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად „საქპატენტი“ ანიჭებს აკრედიტაციას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთმა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის განხილვის დასრულებამდე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სტატუსი მოიპოვა სხვა ორგანიზაციამ - ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციამ. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) თავმჯდომარის 2023 წლის 29 დეკემბრის №438 ბრძანებით ,,ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას მიენიჭა აკრედიტაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად: 1.1 უფლების, უფლებათა კატეგორიის, ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების შემდეგი ჩამონათვალისთვის: ა) საჯარო შესრულების უფლება - მუსიკალურ ნაწარმოებებზე (ტექსტით და მის გარეშე), დრამატული და მუსიკალურ- დრამატურგიულ ნაწარმოებებზე, ლიტერატურული, სასცენო, ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებზე, პანტომიმებზე; გ) საჯარო ჩვენების უფლება - სახვითი ხელოვნების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ლიტერატურული, სასცენო, ქორეოგრაფიულ წაწარმოებებზე, პანტომიმებზე, ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებზე და ნაწარმოებებზე, რომლებიც მიღებულია ფოტოგრაფირების ანალოგიურ მეთოდებზე; გ) საჯარო გადაცემის უფლება მუსიკალურ ნაწარმოებებზე (ტექსტით და მის გარეშე), დრამატულ და მუსიკალურ- დრამატურგიულ ნაწარმოებებზე, სახვითი ხელოვნების და დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების, ლიტერატურული, სასცენო, ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებზე, პანტომიმებზე, ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებზე და ნაწარმოებებზე, რომლებიც მიღებულია ფოტოგრაფირების ანალოგიურ მეთოდებზე; დ) საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე - აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ავტორების (თანაავტორების), მათი მემკვიდრეების საავტორო ჰონორარების მიღებასთან დაკავშირებით, იმ პირებისგან, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ ვალდებულება გადაიხადონ თანხები ჰონორარის გადასახდელად ასეთი ნაწარმოებების გამოყენებისთვის, ნებისმიერი ფორმით, საჯარო შესრულების და საჯარო გადაცემის ჩათვლით (პირველი და განმეორებით გადაცემა, მავთულით და უმავთულოდ); ე) სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლება - ავტორების, მათი მემკვიდრეების უფლებები საავტორო ჰონორარის მიღებაზე სახვითი ხელოვნების და ფოტოგრაფიის ნაწარმოებების ორიგინალების ყოველ მომდევნო გაყიდვაზე, ასეთი ნაწარმოებების ორიგინალების პირველად გასხვისების შემდეგ; ვ) მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენების უფლება - კომერციული მიზნებისთვის გამოშვებული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შესრულების, ჰონორარის მიღებასთან დაკავშირებით, ასეთი ფონოგრამების საჯარო შესრულების და საჯარო გადაცემისთვის, ეთერით ან კაბელით ან რეტრანსლაციის გზით; ზ) რეპროდუცირების უფლება - ნაწარმოებების ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოებისას, მათ შორის, აუდიო და ვიდეოჩანაწერების ჩათვლით, ორგანზომილებიანი ნაწარმოების სამგანზომილებიანი ასლების და სამგანზომილებიანი ნაწარმოებების ორგანზომილებიანი ასლების დამზადებისას. ელექტრონული (მათ შორის, ციფრული), ოპტიკური ან სხვა მექანიკური ფორმით, რომელიც გამოდგება წაკითხვისთვის; თ) სინქრონიზაციის უფლება - მუსიკალური ნაწარმოების თანმიმდევრულად გამოყენება სხვა ნაწარმოებში, რომელიც მიმდინარეობს გამოსახულების სახით. (მუსიკალური ნაწარმოებით რთული ობიექტების გაფორმება); ი) ნაწარმოების გადამუშავების უფლება. 1.2 პუნქტი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის, ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ფარგლებში, რომელზეც ორგანიზაციას წინამდებარე ბრძანების 1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე მიენიჭა აკრედიტაცია.
17. ამდენად, დადგენილია ის გარემოება, რომ საქპატენტის თავმჯდომარის მითითებული ბრძანებით სარჩელის დავის საგანში შემავალი უფლების და უფლებათა კატეგორიის მართვის, ასევე, ამ ნაწილში ჰონორარის შეგროვების და განაწილების უფლება 2023 წლის 29 დეკემბრიდან მიენიჭა სხვა ორგანიზაციას - ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას.
18. პალატის განმარტებით, კანონმდებლის იმგვარ განზრახულობას, რომ 2023 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე აკრედიტაციამინიჭებული პირი ჩაითვალოს მანამდე არსებული ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების ნაწილშიც მოწმობს, 2023 წლის 03 ივლისის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად მიენიჭება აკრედიტაცია, აკრედიტაციის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) უფლებამონაცვლედ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების და მოსარგებლეების მიმართ. ამასთან, საგულისხმოა ამავე პუნქტის ბოლო წინადადებებიც (არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის, ორგანიზაციების მიერ აკუმულირებული თანხები განაწილდება იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე. თანხა, რომლის მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია, გადაეცემა ორგანიზაციას, რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა, ამ კანონით დადგენილი წესით განსაკარგავად აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებების და მოვალეობების სუბიექტის შეცვლა დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს. ამასთან, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა.
20.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო (იხ. სუსგ-ები: №ას-532-508-2016, 16.09.2016 წ., №ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ., ͏№ას-1339-2022 2.12.2022წ.)
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლისათვის სავალდებულოა ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც შესრულებული იყო მის დაშვებამდე იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა მისი წინამორბედისათვის (იხ. სუსგ №ას-720-2019, 28.06.2019 წ.)
22.საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ, სწორად იქნა განსაზღვრული ააიპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიაზაციის - ინტელექტუალურ საკუთრების მფლობელთა ასოციაცია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე