Facebook Twitter

საქმე №ას-210-2025

30 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ძე (მოპასუხე)

დავის საგანი - აღნაგობის საფასურის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ლ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, აღნაგობის საფასურის დაკისრება

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ს–ძეს დაეკისრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 600 ლარის გადახდა.

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიასა და ფიზიკურ პირს ლ.ს–ძეს შორის 2011 წლის 19 სექტემბერს წერილობით დაიდო N32 აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საგანია უძრავი ქონება - ქ. რუსთავი, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობი 8,00 კვ.მ. (ს.კ ........). აღნაგობის უფლების ვადა განსაზღვრულია 20 წლით და იგი იწყება ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა აღნაგობის უფლებით სარგებლობისათვის მესაკუთრისათვის ყოველწლიურად 400 ლარის გადახდა. საზღაურის გადახდა გათვალისწინებული იყო ყოველი წლის 15 სექტემბრამდე. უძრავ ქონებაზე ლ.ს–ძის აღნაგობის უფლება რეგისტრირებული იყო 2011 წლის 30 აგვისტოდან.

4.2.3 ლ.ს–ძემ აღნაგობის საფასური - 400 ლარი, გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ ერთხელ - 2012 წლის 12 დეკემბრის თვეში. 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ ლ.ს–ძეს აღნაგობის საფასური არ გადაუხდია.

4.2.4 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 24 მაისის, 2018 წლის 11 ივნისის და 2021 წლის 8 დეკემბრის წერილებით, მიმართა ლ.ს–ძეს და მოსთხოვა 5 და 10 კალენდარული დღის ვადაში აღნაგობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

4.2.5 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ლ.ს–ძესთან, 2011 წლის 19 სექტემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულება.

4.2.6 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2022 წლის 12 დეკემბრის წერილით, ლ.ს–ძეს აცნობა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, შეწყდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2022 წლის 29 ივნისის ბრძანების გამოცემამდე გააჩნია დავალიანება 3912,22 ლარი. წერილით მოთხოვნილია დავალიანების გადახდა 30 კალენდარული დღის ვადაში.

4.2.7 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩლის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდისათვის, თუმცა, ვინაიდან აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 29 ივნისს, აღნაგობის ხელშეკრულებს 2022 წელს სრული წლის ვადით არ მოქმედებდა, რის გამოც მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს 2021 წლის აღნაგობის საფასური 400 ლარი და 2022 წლის 29 ივნისამდე აღნაგობის საფასური, რაც შეადგენს 6 თვის აღნაგობის საფასურს - 200 ლარს. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულია.

4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აღნაგობის საფასურის ყოველწლიურად გადახდა, რის გამოც სამართლებრივი არსით მეაღნაგის ეს ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის კრედიტორისათვის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც მან სარჩელით უნდა მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. კანონმდებელი ადგენს სხვადასხვა ვადას კონკრეტული სამართალურთიერთობისათვის, ასევე განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების თავისებურების გამო ეს ვალდებულება ერთჯერადი, ერთდროული ქმედებით კი არ სრულდება, არამედ შესრულება უნდა მოხდეს დადგენილი პერიოდულობით. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნაგობის საფასურის გადახდის ვალდებულება დროში განგრძობადი ხასიათისაა. მოიჯარეს იჯარის საფასური უნდა გადაეხადა პერიოდული გადახდებით, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი ოდენობით ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ. მხარეთა ამგვარი შეთანხმების გამო აღნაგობის საფასური არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ხანდაზმულობის ვადის დაწყების დროის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ როდის უნდა შესრულებულიყო ფულადი ვალდებულება და როდის დაარღვია მოვალემ შესრულების მოვალეობა. თანხის გადაუხდელობა კრედიტორისათვის ცნობილი ხდება თანხის გადაუხდელობისთანავე და ამის გამო ვალდებულების შეუსრულებლობა და ამის შესახებ კრედიტორის ინფორმირებულობა თანმხვედრი მოვლენებია. თუკი ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია, თითოეული პერიოდისათვის მოთხოვნის უფლება ცალკე წარმოიშობა.

4.5 სააპელაციო პალატამ მითითებული მსჯელობისა და საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდისათვის, თუმცა, ვინაიდან აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 29 ივნისს, აღნაგობის ხელშეკრულება 2022 წელს სრული წლის ვადით არ მოქმედებდა, რის გამოც მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს 2021 წლის აღნაგობის საფასური - 400 ლარი და 2022 წლის 29 ივნისამდე აღნაგობის საფასური, რაც შეადგენს 6 თვის აღნაგობის საფასურს - 200 ლარს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად არ შეაფასა მოქალაქე ლ.ს–ძის მიმართ აღნაგობის საფასურის დავალიანების დაკისრების საკითხი და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან ხანდაზმული არ არის 2021-2022 წლების აღნაგობის საფასურის დავალიანება, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ხანდაზმული არ არის 2021-2022 წლების აღნაგობის საფასურის მოთხოვნა.

5.3 კასატორი არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტსა და ლ.ს–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფარგლებში, აღნაგობის დავალიანების 3912.22 ლარის ნაცვლად 600 ლარის დაკისრების ნაწილს.

5.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და, შესაბამისად არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წელს 20 წლის ვადით, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2031 წელი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხარემ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მხარემ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოახდინა მხოლოდ ერთი წლის აღნაგობის საფასურის გადახდა (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის No 04-3823307115 წერილი). აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მოხდა გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების თაობაზე (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2016 წლის No02/11210 წერილი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2018 წლის No02/8287 წერილი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2021 წლის No08-3821342262 წერილი).

5.5 კასატორის განმარტებით, ვინაიდან მოაღნაგე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2031 წლამდე იყო განსაზღვრული, ვადის გასვლამდე - 2022 წლის 29 ივნისს, ცალმხრივად შეწყვიტა.

5.6 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს, არა ბოლო სამი წლის ფარგლებში, არამედ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის ფარგლებში უნდა მოეხდინა მხარისათვის აღნაგობის თანხის დაკისრება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (2011 წლის 29 ივნისი) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღამდე (2022 წლის 29 ივნისი), რაც გულისხმობს 3912.22 ლარის გადახდას.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1 ქალაქ რუსთავის მერიასა და ფიზიკურ პირს ლ.ს–ძეს შორის, 2011 წლის 19 სექტემბერს, წერილობით დაიდო N32 აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარგებლეს, 20 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა, ქ რუსთავი ლეონიძის და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 8,00 კვ.მ (ს.კ .......). უძრავ ქონებაზე მოსარგებლის, ლ.ს–ძის აღნაგობის უფლება რეგისტრირებულია 2011 წლის 30 აგვისტოდან.

10.2 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მოსარგებლე ვალდებულია აღნაგობის უფლებით სარგებლობისათვის მესაკუთრეს გადაუხადოს ყოველწლიურად - 400 ლარი. საზღაური გადაიხდება ყოველი კალენდარული წლის 15 სექტემბრამდე. მოსარგებლემ აღნაგობის საფასური გადაიხადა ერთხელ - 2012 წლის 12 დეკემბერს. 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ მოსარგებლეს, აღნაგობის საფასური არ გადაუხდია.

10.3 ქალაქ რუსთავის მერის, 2022 წლის 29 ივნისის Nბ38.38221805 ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის შეწყდა აღნაგობის ხელშეკრულება. ბრძანების გამოცემამდე მოსარგებლის დავალიანებამ შეადგინა 3912,22 ლარი. დავალიანების გადასახდელად მოსარგებლეს მიეცა 30 კალენდარული დღის ვადა, თუმცა მის მიერ აღნაგობის საფასური გადახდილი არ ყოფილა.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობები მხარეებს შორის შეთანხმებულია მარტივი წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულებით.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის, I ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. მე-3 ნაწილით, აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

13. სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის, I ნაწილის მიხედვით, აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან შეიძლება ცალმხრივად შეწყდეს ამ ვალდებულების 2 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

15. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე.

16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა აღნაგობის საფასურის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატა შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის(ნაწილობრივ) ხანდაზმულად მიჩნევის კანონიერების საკითხს.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე; თბილისი 2007წ.).

18. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ - მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის მიზნებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილია მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი. ამ ტიპის შედავების წარდგენისას მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს); ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს (სსკ-ის 144-ე მუხლი).

21. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომლის ხანდაზმულობასაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა განსაზღვრული. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ. საქმე №ას-1049-2019, 18.10. 2019წ.; №ას-459-2025 07.07.2025წ.).

22. ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.

23. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებულია სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმებულია წლიური აღნაგობის საფასური და ასევე შეთანხმებულია წლის კონკრეტული რიცხვისათვის საზღაურის გადახდა. ამდენად, ხელშეკრულებით შეთანხმებულია აღნაგობის უფლებისათვის ყოველწლიური საზღაურის ოდენობა და მისი გადახდის პერიოდულობა - ყოველი წლის 15 სექტემბრამდე მისი გადახდა.

24. მხარეებს შორის აღნაგობის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 19 სექტემბერს, 20 წლის ვადით. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დასრულების დროა 2031 წლის 19 სექტემბერი. აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო, ვადის გასვლამდე მოიშალა ხელშეკრულება ქონების მესაკუთრის ინიციატივით სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან მოაღნაგეს არ გადაუხდია 2012-2022 წლების აღნაგობის საფასური - 3912.22 ლარი.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აღნაგობის საფასურის ყოველწლიურად გადახდა (კერძოდ, მისი გადახდის პერიოდულობა - ყოველი წლის 15 სექტემბრამდეა განსაზღვრული) რის გამოც, სამართლებრივი არსით მეაღნაგის ეს ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

26. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე(2023 წლის 12 დეკემბრამდე), წინა სამი წლის პერიოდისათვის, თუმცა, ვინაიდან აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 29 ივნისს, აღნაგობის ხელშეკრულება 2022 წელს სრული წლის ვადით არ მოქმედებდა, რის გამოც მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს 2021 წლის აღნაგობის საფასური 400 ლარი და 2022 წლის 29 ივნისამდე აღნაგობის საფასური, რაც შეადგენს 6 თვის აღნაგობის საფასურს - 200 ლარს, ხოლო დანარჩენ ნაწილში (2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით) კი მოთხოვნა ხანდაზმულია.

27. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

29. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი