Facebook Twitter

ბს-1134-1096(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. და ფ. ს.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 21 თებერვალს დ. ღ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე ტ. ს.-ი გარდაიცვალა 1997 წელს. მას დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი _ 1987 წელს დაბადებული ტ. ს.-ი და 1989 წელს დაბადებული _ ფ. ს.-ი. 1997 წელს მარჩენლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის შვილებს დაენიშნათ პენსია, რომელსაც ისინი მიიღებდნენ სწავლის შემთხვევაშიც 23 წლამდე. აღნიშნულისათვის მოსარჩელემ წარადგინა მისი მეუღლის _ ტ. ს.-ის სრული სტაჟის თაობაზე დოკუმენტები, რაც 45 წელს შეადგენდა.

მოსარჩელის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ს. ს.-ი გახდა 18 წლის, მას შეუწყდა პენსიის გაცემა, რაზეც მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილების გამო, ს. ს.-ს ვეღარ მიეცემოდა პენსია 23 წლამდე.

მოსარჩელის განმარტებით, მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის შვილებს დაენიშნათ “მარჩენლის სოციალური პენსია” არასრული სტაჟით, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მან წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რის გამოც მის შვილებს უნდა დანიშვნოდა მარჩენლის შრომის პენსია სრული სტაჟის მიხედვით, რომელიც გაიცემოდა ბავშვის 23 წლის ასაკის მიღწევამდე, სწავლის მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ფ. და ს. ს.-სთვის მარჩენლის შრომის პენსიის დანიშვნა და ს. ს.-სთვის მიყენებული ზიანის _ 482 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ დ. ღ.-ს 1997 წლის 22 აპრილს დაენიშნა მეუღლის გარდაცვალების გამო მარჩენალდაკარგულის პენსია არასრული სტაჟით (სოციალური პენსია). “სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების თანახმად, მას მეუღლის 18 წლის მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვა. განმცხადებლის მიერ კი წარდგენილ იქნა მხოლოდ 8 წლის შრომის სტაჟი, რის გამოც, ზემოხსენებული დებულების 98-ე პუნქტის თანახმად, მას დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია არასრული სტაჟით, რომელიც გაიცემოდა ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე, სწავლის მიუხედავად.

მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ პენსიის დანიშვნის დროისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ტ. ს.-ის 45 წლის შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების გამო, ინიშნებოდა მხოლოდ ერთი სახის მარჩენალდაკარგულის პენსია, რომელიც არ იყო დამოკიდებული გარდაცვლილის შრომის სტაჟზე და გაიცემოდა მხოლოდ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული მარჩენალდაკარგულთა საპენსიო საქმეებში არ ხდებოდა არანაირი ცვლილების შეტანა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის რაიონში 2007 წლის 29 მარტის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე დ. ღ.-ი ს. ს.-სთვის მიყენებული ზიანისა და მარჩენლის დაკარგვის გამო შრომის პენსიის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში შეიცვალა სათანადო მოსარჩელე _ ს. ს.-ით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მხარეში 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს.-ის სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალს დაეკისრა ს. ს.-ის სასარგებლოდ 241 ლარის გადახდა; ს. ს.-ის სარჩელი ქმედების განხორციელების _ მარჩენლის შრომის პენსიის 23 წლამდე დანიშვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დ. ს.-ის სარჩელი არასრულწლოვან ფ. ს.-სთვის ქმედების განხორციელების _ მარჩენლის შრომის პენსიის 23 წლამდე დანიშვნის ნაწილში ასევე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ს.-მ, დ. ღ.-მ და ფ. ს.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იმ ნაწილში, რომლითაც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მხარეში 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე არასათანადო მოსარჩელე დ. ღ.-ი შეიცვალა სათანადო მოსარჩელე _ ფ. ს.-ით. იმავე სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის საოქმო განჩინებით კი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ფ. და ს. ს.-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის რაიონში 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალს დაეკისრა მის სასარგებლოდ ზიანის _ 241 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ს. ს.-ის სარჩელი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ გადაწყვეტილების იმ ნაწილთან მიმართებაში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფატმან და ს. ს.-ებისათვის მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის დროს, ანუ 1997 წლის აპრილში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თიანეთის ფილიალში არათუ წარდგენილი არ ყოფილა ტ. ს.-ის 18 წლის სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, არამედ არ მომხდარა ამ ფაქტის შესახებ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე სახით ინფორმირება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს გარკვეულწილად ბრალი მიუძღოდა ს. ს.-სთვის მარჩენლის შრომის პენსიის არდანიშვნაში, რამაც ამ უკანასკნელს მიაყენა 482 ლარის ზიანი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის სადავო ურთიერთობებისათვის შეფარდების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ს. და ფ. ს.-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. და ფ. ს.-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ფ. ს.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. და ფ. ს.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.