Facebook Twitter

საქმე № ას-138-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ნ–ნი, ლ.ს–ვა, ნ.მ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს ს.ბ–მა (შემდეგში „მოსარჩელე“, „ბანკი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ნ–ნის (შემდეგში პირველი მოპასუხე, მსესხებელი), ლ.ს–ვასა (შემდეგში მეორე მოპასუხე) და ნ.მ–ის (შემდეგში მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა:

1.1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N683238-ა-6803238 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 75 579.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 18 726.48 ლარი, დარიცხული პროცენტი - 11 041.65 ლარი, საკომისიო - 195.21 ლარი, პირგასამტეხლო - 45 615.79 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 15.39 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 76.96 ლარი;

1.1.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N56936176 ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების - 4 242.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1612.61 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1479.18 ლარი, პირგასამტეხლო - 1151.18 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 2.12 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 1.86 ლარი;

1.1.3. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N683238-ა-6855765 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 36 719.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9077.87 ლარი, დარიცხული პროცენტი - 5253.25 ლარი, საკომისიო - 348.44 ლარი, პირგასამტეხლო - 22 040 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 7.46 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 37.31 ლარი;

1.1.4. ბათილად იქნეს ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთის (ს/კ .......) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება) მესაკუთრედ ცნობილ იქნას პირველი მოპასუხე;

1.1.5. უძრავი ნივთი (ს/კ .......) დაიტვირთოს პირველი რიგის იპოთეკით მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული N6803238-ა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად;

1.1.6. იპოთეკის საგანი (ს/კ ........) მიექცეს სარეალიზაციოდ საკრედიტო დავალიანების დასაფარად. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის სხვა ქონება.

1.2. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის უძრავი ქონება (ს/კ ........). პირველი მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის მიზნით, 2018 წლის 27 დეკემბერს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს. პარალელურად, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე მიმდინარეობდა დავა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნივთი საკუთრებაში გადაეცა მეორე მოპასუხეს. პირველი მოპასუხე ახორციელებდა საპროცესო მოქმედებებს, ხოლო სასამართლო იღებდა აქტებს იმ პირობებშიც, როდესაც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე უკვე ბანკი იყო, თუმცა, ის ჩართული არ ყოფილა სამართალწარმოებაში. დავაში ბანკის ჩართვა მოხდა მხოლოდ დავის დასრულებისას, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, რომელიც ს.ბ–ს ჩაბარდა 2019 წლის 3 სექტემბერს. მოსარჩელემ მოპასუხესთან დადო შეთანხმება სადავო ნივთის საკუთრებაში მიღების შესახებ იმის შეცნობის შესაძლებლობის გარეშე, რომ იმავე ნივთზე საკუთრება სადავო იყო და უძრავი ნივთი არ იყო უფლებრივად უნაკლო. სადავო ნივთი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცა მეორე მოპასუხეს, რომელმაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების მიზნით, მოჩვენებით გარიგების დადების გზით, ეს ნივთი გაასხვისა მესამე მოპასუხეზე. პირველმა მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 27 დეკემბრის შეთანხმების დანართის 2.5 პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემას. უფლებრივი ნაკლის აღმოჩენამ წარმოშვა შეთანხმებაზე მოსარჩელის უარის უფლება, რომელიც, თავის მხრივ, ბანკს აძლევს უფლებას, მოითხოვოს მოსაჩვენებლად დადებული გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა.

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო;

2.3. მესამე მოპასუხემ ასევე არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, სადავო ნივთი ირიცხებოდა მეორე მოპასუხის სახელზე, რომელიც მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ვერ იქნება დაკავშირებული სადავო უძრავ ქონებასთან.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N683238-ა-6803238 ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების - 75 579.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 18 726.48 ლარი, დარიცხული პროცენტი - 11 041.65 ლარი, საკომისიო - 195.21 ლარი, პირგასამტეხლო - 45 615.79 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 15.39 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 76.96 ლარი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N56936176 ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების - 4 242.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1612.61 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1479.18 ლარი, პირგასამტეხლო - 1151.18 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 2.12 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 1.86 ლარი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათის N683238-ა-6855765 ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების - 36 719.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9077.87 ლარი, დარიცხული პროცენტი - 5253.25 ლარი, საკომისიო - 348.44 ლარი, პირგასამტეხლო - 22 040 ლარი. ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 7.46 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 37.31 ლარი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.2.1. 2017 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 300 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი 0%-დან - 48%-მდე;

5.2.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N6803238-ა-6803238, შემდეგი ოდენობით: კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 20 300 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 12.12.2022წ. წლიური საპროცენტო სარგებელი - 30%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 1.5%;

5.2.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N6803238-ა-6855765, შემდეგი ოდენობით: კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 9608 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი - 30%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 1.5%;

5.2.4. 2016 წლის 4 თებერვლიდან პირველი მოპასუხე სარგებლობს ბანკის საბანკო პროდუქტით, რომლის შესაბამისადაც, მასზე გაცემულია საკრედიტო ბარათი. მხარეთა შორის არსებული N6176 ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ბარათით სარგებლობის მნიშვნელოვანი პირობებია: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა და ვალუტა - 1500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 48%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 1.5%;

5.2.5. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული N6803238-ა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 13 დეკემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ .........);

5.2.6. 2018 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში. შეთანხმების მიხედვით, პირველი მოპასუხე ვალდებული იყო გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ქონება. შეთანხმების 2.5. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია ქონებაზე ნივთობრივი ან/და უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, უარი თქვას შეთანხმებაზე, მათ შორის, ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან რეესტრში ქონების გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ. ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში და შეწყდა საკრედიტო ვალდებულებისთვის გამოყენებული იპოთეკა;

5.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მეორე მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 4925 (ოთხი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარის გადახდა. მეორე მოპასუხე ცნობილი იქნა მესაკუთრედ საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე ქ. თბილისი, ....., 43,53 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი ......);

5.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე მეორე მოპასუხის სარჩელის გამო პირველი მოპასუხის მიმართ, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ბანკი;

5.2.9. 2019 წლის 4 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა პირველ მოპასუხეს და აცნობა, რომ ვინაიდან საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება არ იყო უფლებრივად უნაკლო, ბანკი უარს ამბობდა 2018 წლის 27 დეკემბრის შეთანხმებაზე, რის გამოც მოპასუხეს აღუდგა მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, ხოლო მოსარჩელეს აღუდგა იპოთეკის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე;

5.2.10. 2020 წლის 5 თებერვალს მეორე და მესამე მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მესამე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება (ს/კ ........). ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 5000 ლარს;

5.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 867.1-ე, 868-ე, 417-ე-418-ე, 625.8-ე, 301-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოვალემ (პირველმა მოპასუხემ) არ შეასრულა 2018 წლის 27 დეკემბრის შეთანხმება (რომლის მიხედვით, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დასაფარად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოსარჩელეს/კრედიტორს გადაეცა საკუთრებაში. ამ შეთანხმებით, პირველი მოპასუხე/მოვალე ვალდებული იყო კრედიტორისათვის გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ქონება. შეთანხმების 2.5. პუნქტის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, ქონებაზე ნივთობრივი ან/და უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, უარი ეთქვა შეთანხმებაზე. ამავე შეთანხმების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა კრედიტორის საკუთრებაში და შეწყდა საკრედიტო ვალდებულებისათვის გამოყენებული იპოთეკა), და კრედიტორს არ მიუღია უფლებრივად უნაკლო ნივთი (ეს ნივთი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხეს მიეკუთვნა), საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები შეწყვეტილად ვერ მიიჩნეოდა. ეს გარემოება კი, შეთანხმების 2.5 პუნქტის მიხედვით, კრედიტორს ანიჭებდა უფლებას, უარი ეთქვა შეთანხმებაზე და პირველი მოპასუხისგან მოეთხოვა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.

5.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოვალეს ბანკის მიერ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულების მოცულობა, არსებობდა მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის (თანხის დაკისრების ნაწილში) სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

5.5. რაც შეეხება ბანკის შემდეგ მოთხოვნას - სადავო უძრავი ქონება (რომელიც საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული) აღირიცხოს პირველი მოპასუხის საკუთრებაში და მასზე გავრცელდეს ბანკის პირველი რიგის იპოთეკა - სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მეორე მოპასუხე, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის (მდებარე ქ.თბილისი, ........, სართული 1, ბინა №1, ფართით 43,53 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი ........), სადავო ბინის, მესაკუთრედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით კი, ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალის (პირველი მოპასუხის) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოსარჩელე/ბანკი. ეს განჩინებაც შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ზემოხსენებული სასამართლო აქტებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდა ბანკის, როგორც ქონების თავდაპირველი მესაკუთრის უფლებამონაცვლის, მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა სრულად გავრცელდა მოსარჩელეზე და ის ვეღარ შეედავება ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს (სსსკ-ის 266-ე მუხლი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბანკი ვეღარ შეედავება მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებას და ვერც ამ უკანასკნელის მიერ მესამე მოპასუხეზე სადავო ქონების გასხვისებას. აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იპოთეკისგან თავისუფალი ქონების მეორე მოპასუხისათვის გადაცემა, გამორიცხავს ამ ქონებაზე ბანკის იპოთეკის უფლების აღდგენას, მიუხედავად იმისა, თუ რა იცოდა მეორე მოპასუხემ ბანკის მოთხოვნისა და ამ უკანასკნელის პირველ მოპასუხესთან დავის თაობაზე.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოვალესა და ბანკს შორის დადებული შეთანხმების პირობის დარღვევით კრედიტორს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუმცა არასწორად დაადგინა ხელშეკრულების რესტიტუციის პირობები. წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში სასამართლოს ასევე უდავოდ უნდა დაედგინა ის ფაქტი, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში, მეორე მოპასუხისთვის უდავოდ იყო ცნობილი უძრავ ნივთზე ბანკის იპოთეკის უფლების და მინიმუმ, ამ უფლებიდან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის ფაქტის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უძრავ ნივთზე თავდაპირველად იყო რეგისტრირებული ბანკის იპოთეკის უფლება, შემდგომ ბანკის საკუთრების უფლება (რომელიც ბანკს გადაეცა შეთანხმების უხეში დარღვევის გამო). შესაბამისად, როგორც პირველი მოპასუხისთვის, ისე მეორე და მესამე მოპასუხეებისთვის ცნობილია, რომ ბანკს აქვს ნივთზე იპოთეკის უფლების აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულების რესტიტუციის პირობები და არასწორად დაასკვნა, რომ ბანკს არ ჰქოდა სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

12. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მეორე მოპასუხე, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის (მდებარე ქ.თბილისი, ........, ფართით 43,53 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი .......), სადავო ბინის, მესაკუთრედ (იხ. ტ. 1. ს.ფ 106-117). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით კი, ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალის (პირველი მოპასუხის) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოსარჩელე/ბანკი (იხ. ტ. 1. ს.ფ 197-200). ეს განჩინებაც შესულია კანონიერ ძალაში.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 266-ე მუხლზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები. ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული და არ შეუძლია სადავო გახადოს ამავე გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდა ბანკის, როგორც ქონების თავდაპირველი მესაკუთრის უფლებამონაცვლის, მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა სრულად გავრცელდა მოსარჩელეზე და ის ვეღარ შეედავება ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს – ვეღარ შეედავება მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებას და ვერც ამ უკანასკნელის მიერ მესამე მოპასუხეზე სადავო ქონების გასხვისებას, რაც ასევე გამორიცხავს ამ ქონებაზე ბანკის იპოთეკის უფლების აღდგენას.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N 35933; გადახდის თარიღი: 07.05.2025) 798.92 ლარის 70% - 559.2 ლარი; ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N 3328; გადახდის თარიღი: 10.03.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი