საქმე №ას-1008-2025 11 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ.ბ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ძირი დავალიანების 11139.60 ლარისა და პირგასამტეხლოს 4143.57 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მხარეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დ.ბ–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 8 სექტემბერს.
6. 2025 წლის 15 სექტემბერს (კორესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში - 2025 წლის 12 სექტემბერს) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
7. დასახელებული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ირაკლი ნინუას გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2025 წლის 16 ოქტომბერს. ხარვეზის შევსების ვადაში კასატორმა სასამართლოს მომართა და მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის გაჩინებით, კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისთვის განესაზღვრა დამატებით 5 დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ჩაბარდა წარმომადგენელს 2025 წლის 8 ოქტომბერს.
9. აღნიშნული დროის პერიოდში, კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისთვის განესაზღვრა დამატებით 5 დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ჩაბარდა წარმომადგენელს 2025 წლის 8 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2025 წლის 13 ოქტომბერს.
17. აღნიშნული დროის პერიოდში, კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
19. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
2. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე