საქმე №ას-52-2025 28 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.წ–ძე, გ.ლ–ძე, რ.ი–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც ი.წ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), გ.ლ–ძისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) და რ.ი–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ხანდაზმულობის მოტივით და მიუთითებს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2023 წლის 17 მაისიდან, როდესაც შემოსავლების სამსახურმა შეიტყო მოპასუხეთა მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის დადგომასაც მოსარჩელე მოითხოვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998.1 (თუ ზიანის წარმოშობაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
8. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ კომპონენტს, რომლის თანახმად, თუ არ იკვეთება ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშობა. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე – განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა/მისი მოცულობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (იხ.: სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ.; №ას-352-2022, 20.04.2022წ.; №ას-934-2023, 03.10.2023წ.; №ას-108-2023, 30.01.2025წ.).
9. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა სადავო არ არის, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას უპირისპირდება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეთა შედავება.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11.06.2012წ.).
11. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
13. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „......ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
14. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170).
15. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 1008-ე მუხლით, რომელიც, დელიქტიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
16. კასატორის პრეტენზია უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს, კერძოდ, მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა განაჩენის მისთვის ჩაბარებიდან - 2023 წლის 11 მაისიდან უნდა აეთვალა.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ 2010 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარვევის საქმეზე გამოცემულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო (და არა გამარტივებული სამართალწარმოების წესით) წესით, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (იხ. სუსგ №ას-1322-2018; 4.04.2019წ.; №ას-1456-2020, 15.05.2021წ.; №ას-47-2021, 17.05.2021წ; №ას-112-2021, 07.07.2021წ.).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა (იხ.: სუსგ №ას-862-2019, 26.07.2019წ.; №ას-199-2020, 28.04.2020წ.).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელით საქმის განხილვის გამარტივებული წესი მოითხოვა, კერძოდ, არ ვლინდება გამარტივებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობა (თუმცა წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მოპასუხეთა მიმართ). აქედან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 14 სექტემბრიდან, როდესაც არსებობდა დაზარალებულად ცნობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება და კასატორი ინფორმირებული იყო ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების ვინაობის შესახებ. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის გამარტივებული სამართალწარმოების წესით განხილვის შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, ამ შემთხვევაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან უნდა აითვალოს, შესაბამისად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში 2017 წლის 24 აპრილს მიღებული განაჩენი არ გასაჩივრებულა, 2023 წლის 28 ნოემბერს აღძრული სარჩელი სსკ-ის 1008-ე მუხლის გათვალისწინებით ხანდაზმულია და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა