Facebook Twitter

26 სექტემბერი 2025 წელი №ას-290-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ო.ს–ო

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ს.ს.ი.პ. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, ს.ს.ი.პ. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხაშურის მუნიციპალური განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო.ს–ომ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ს.ს.ი.პ. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს, ს.ს.ი.პ. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხაშურის მუნიციპალური განყოფილების მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2024 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 2024 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და 2024 წლის 1-ელი ნოემბრის განჩინებით, იმავე წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა მოსარჩელე და მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიიღო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ: 2024 წლის 1-ელ ნოემბერს მოსარჩელეს უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქალაქ ხაშურში, ....... ადრესატმა უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა (თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე). სასამართლომ მოსარჩელის სახელზე უწყება დამატებით, 2024 წლის 08 ნოემბერს ხელმეორედ გაგზავნა, თუმცა, მოსარჩელემ ამჯერადაც უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე (იხ. საფოსტო ბარათები - ტომი 1, ს.ფ. 155, 171).

6.3. მოსარჩელე აპელირებდა, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება, რის გამოც, დანიშნული სხდომის შესახებ სასამართლოს უნდა ეცნობებინა მისი წარმომადგენლისთვის. აღნიშნული პოზიციის საპასუხოდ სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილ აქტები (ტომი 1, ს.ფ. 149-150), რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამასთან, წარმომადგენელს გაეგზავნა წერილი, რომლითაც ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღი და განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, თუმცა ვერც ეს წერილი ვერ ჩაბარდა. კურიერის აღნიშვნის თანახმად, "ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა, სახლი დაკეტილი იყო" (იხ. 2024 წლის 08 ნოემბრის წერილი - ტომი 1, ს.ფ. 163).

6.4. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 76-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ჰყავდა საპროცესო წარმომადგენელი, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სასამართლო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს, რომელმაც ორჯერ განაცხადა უარი გზავნილის ჩაბარებაზე, რაც უწყების ჩაბარებად მიიჩნევა და სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე.

6.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ იცოდა სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ, დასტურდებოდა სასამართლო სხდომის ჩატარებამდე მის მიერ წარდგენილი განცხადებებით. კერძოდ, 2024 წლის 05, 12 და 14 ნოემბრის განცხადებებში მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნულია 2024 წლის 14 ნოემბერს, რაც ადასტურებს, რომ მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო, თუმცა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო მართებული, ვინაიდან იგი საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ასეთი მიზეზი მას არც საჩივრის და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ მიუთითებია, შესაბამისად, ვლინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. ამასთან, არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევები, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

6.7. აპელანტმა სადავოდ გახადა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1-ელი და 05 ნოემბრის განჩინებებიც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოსამართლის აცილების შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე აცილებას ითხოვდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსამართლემ დაარღვია საქმის განხილვის ვადა; შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მოსამართლე ვალდებული იყო, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ეჭვს იწვევდა მის დამოუკიდებლობაში; ასევე, მოსამართლეს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით და, არ ჰქონდა უფლება განეხილა მოსარჩელის სამოქალაქო საქმე.

6.8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსამართლის აცილების საფუძველი არ ვლინდებოდა. სარჩელი აღძრულია 2024 წლის 02 ოქტომბერს, ხოლო საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2024 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოში საქმის განხილვა საჭიროებს გარკვეულ დროს, რაც დაკავშირებულია ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებასთან. საქმის განხილვის ვადები გარკვეულწილად დამოკიდებულია მოსარჩელეზე, ვინაიდან 2 თვის ვადაში მან უნდა უზრუნველყოს სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განხილვის ვადის დარღვევა არ დგინდებოდა, ამასთან, მოპასუხე მხარეს შესაგებელიც წარმოდგენილი ჰქონდა. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი უფლება-ვალდებულების განხორციელება, საპროცესო დოკუმენტების მიღება და შუამდგომლობის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაა, რაც მხარეს შეუძლია ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი ფუნქციის შესრულება არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს. პალატამ ასევე განმარტა, რომ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სისხლის ან/და სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით წარმოადგენს მოსამართლის კანდიდატის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის საფუძველს, სადაც იგი გადის სწავლებას სამართლის ყველა მიმართულებით. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, მით უფრო, რომ იგი არ უთითებს აცილების კონკრეტულ საფუძველს და კანონის ნორმას, ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების წინაპირობა. აცილების შუამდგომლობა წარმოდგენილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართაც. აპელანტი უთითებდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ შესაგებლის წარმოდგენის ვალდებულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას კანონი არ ითვალისწინებს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის სხდომაზე, აპელანტმა აცილების შუამდგომლობაზე უარი განაცხადა.

7. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ. მისი მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა მოსარჩელის წარმომადგენლის გარეშე. წარმომადგენელს არ მიუღია შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომ ინსტანციებში საქმე განიხილეს იმ მოსამართლეებმა, რომელთა მიმართაც დაყენებული იყო აცილება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის სპეციალისტია და არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მოცემული სამოქალაქო საქმე. კასატორის განმარტებით, არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველიც, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეებს არ წარმოუდგენიათ სააპელაციო შესაგებლები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების საკითხი.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 2017 წლის 06 მარტის განჩინება).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

16. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

17. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1-ელი ნოემბრის განჩინებით, იმავე წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. დადგენილია, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, 2024 წლის 1-ელ და იმავე წლის 08 ნოემბერს, მოსარჩელეს უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატმა უწყების ჩაბარებაზე ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა (საფოსტო ბარათები - ტომი 1, ს.ფ. 153, 155, 171), რის შედეგადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება ჩაბარებულად მიიჩნევა.

გარდა ამისა, საქმეში არსებული აქტებით დასტურდება, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ ორჯერ სცადა მოსარჩელის წარმომადგენელთან დაკავშირება, თუმცა ამ უკანასკნელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთანავე, წარმომადგენელს გაეგზავნა სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ წერილობითი შეტყობინებაც, თუმცა ვერც ეს კორესპონდენცია ჩაბარდა და დაუბრუნდა სასამართლოს, კურიერის აღნიშვნით: ადრესატი “მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, სახლი დაკეტილია” (ტ.1, ს.ფ. 163).

20. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სასამართლომ სრულად გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა ხელმისაწვდომი საშუალება მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სათანადო ინფორმირების უზრუნველსაყოფად, ხოლო მხარის მხრიდან კომუნიკაციაზე რეაგირების არარსებობა მიუთითებს პროცესისადმი გულგრილ და პასიურ დამოკიდებულებაზე. ამ პირობებში, სასამართლოს მხრიდან პროცედურული დარღვევა არ იკვეთება.

21. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელ ნაწილს, რომლის მიხედვით, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას, უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

22. ამ სამართლებრივი ნორმების მიზანი არის სასამართლო პროცესის სტაბილურობა და მხარეთა თანასწორი პასუხისმგებლობა, რათა არცერთ მხარეს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ფორმალური მიზეზებით შეაფერხოს საქმის განხილვა. ამდენად, როდესაც მხარე არ უზრუნველყოფს სასამართლოსთან კომუნიკაციას და არ იბარებს მისთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, ასეთ დროს პროცესის მიმდინარეობა შეიძლება წარიმართოს მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სრულად შეესაბამებოდა პროცესუალური კანონით დადგენილ წინაპირობებს და მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას.

23. საკასაციო სასამართლო აქვე მიაქცევს ყურადღებას საქმის მასალებში არსებულ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2024 წლის 12 და 14 ნოემბრის განცხადებებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა ინფორმაცია სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ და ცნობიერად ჰქონდა გადაწყვეტილი სხდომაზე გამოუცხადებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მიუთითებია რაიმე საპატიო მიზეზი, რაც შეაფერხებდა სხდომაზე დასწრებას, იგი განაგრძობდა წერილობითი მიმართვებით აქტიურ კომუნიკაციას სასამართლოსთან, რაც გამორიცხავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის არქონის ვერსიას. აღნიშნული გარემოება კიდევ მეტად ამყარებს დასკვნას, რომ მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო განპირობებული ობიექტური მიზეზით და, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო კანონის მოთხოვნათა თანმხვედრი.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ პირველ ინსტანციაში მოცემული საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი, განეხილა სამოქალაქო კატეგორიის საქმე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაცია არ წარმოადგენს მათ მიერ კონკრეტული საქმის განხილვის შეზღუდვის საფუძველს.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რომლებიც მოსამართლის აცილების საფუძველს წარმოშობდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი აცილების საფუძვლები მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც იწვევს გონივრულ ეჭვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება. სასამართლოს მიერ კანონით მინიჭებული ფუნქციის განხორციელება, აგრეთვე, საქმის განხილვის პროცედურისა და დროის მართვა, არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება მოსამართლის მხრიდან განხილვის ვადების დარღვევა - სარჩელი აღძრულია 2024 წლის 02 ოქტომბერს, ხოლო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა იმავე წლის 14 ნოემბერს, რაც ადასტურებს, რომ პროცესი წარიმართა კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით.

26. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სააპელაციო შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ, სააპელაციო შესაგებელი წარმოდგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად აპელანტი 2025 წლის 03 თებერვალს წარდგენილი განცხადებითაც, სადაც იგი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა სააპელაციო შესაგებელი წარმოადგინეს ვადის დარღვევით. ამასთან, ნიშანდობლივია რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით (ს.უ.ს.გ. N ას-121-117-2016), ერთმანეთისაგან გაიმიჯნა კანონმდებლის ნება და მიზანი, კერძოდ, განიმარტა, რომ სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სამართლებრივ შედეგებს ვერ გაუტოლდება სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არათუ საკასაციო სასამართლოში, არამედ - სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა არ არსებობს.

27. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Others v. Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).

28. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. 30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ო.ს–ოს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (გადახდის ქვითარი № 55891793, საგადახდო დავალება № 55891794, გადახდის თარიღი: 19.03.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი