Facebook Twitter

26 სექტემბერი 2025 წელი

№ას-687-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს „დ.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ.ც–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „დ.ჯ–ის“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ მოსარჩელე ჯ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 9 405 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

1.2. შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ მოსარჩელე ჯ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2023 წლის 01 ივლისიდან თბილისში ......... მდებარე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებამდე პერიოდში პირგასამტეხლოს - ყოველთვიურად 495 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

1.3. შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ მოსარჩელე ჯ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 6 000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ.ც–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ ჯ.ც–ძის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 8 550 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტის ლარში და 4 900 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. 2018 წლის 07 დეკემბერს შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ (გამყიდველს) და ჯ.ც–ძეს (მყიდველს) შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმად ჯ.ც–ძემ იყიდა თბილისში, .........., მე-5 სართულზე მდებარე ბინა N8-ზე (წილობრივი მონაცემები: საცხოვრებელი ფართი 57,2კვ.მ. და საზაფხულო ფართი 9,9კვ.მ.) და ერთ მიწისქვეშა ავტოსადგომზე N4 – 2,85 ნიშნულზე სამომავლო საკუთრების უფლება. გასაყიდი ქონება არის სამომავლო და გამყიდველმა იკისრა მისი აშენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოყვანა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. გადასაცემი ბინა მიყვანილი იქნება დანართი N1-ში განსაზღვრულ სტადიამდე, რაც გულისხმობს ნივთობრივად უნაკლო ქონების გადაცემას. გასაყიდი ქონების ღირებულებაა 99 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, რასაც მყიდველი გადაიხდის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ მყიდველზე გადადის საკუთრების უფლება. ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისთვის მყიდველს და გამყიდველს შორის გაფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება და ნასყიდობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.

5.2. ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს ნასყიდობის საგნის გადაცემის საკითხი: ნივთობრივად უნაკლო ქონების გადაცემა მოხდება სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა (4.2 პუნქტი). ბინის გასაღების გადაცემა მოხდება არაუადრეს 4.2. პუნქტში აღნიშნულ ვადაზე და გასაღების გადაცემისას შედგება შესაბამისი აქტი. დასრულებული სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარება მოხდება გამყიდველის მიერ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა (4.3. პუნქტი). ქონებაზე მფლობელობის გადაცემა განხორციელდება ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები. აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველზე გადადის ქონების დაზიანების ან დაღუპვის რისკი. მყიდველის მიერ ქონების მიღება ხარისხით და რაოდენობით ხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მასზე მყიდველი ხელს მოაწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინა ბარდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მყიდველის მიერ დაფიქსირდება ქონების ხარისხთან ან რაოდენობასთან დაკავშირებული შენიშვნები, გამყიდველი ვალდებულია, გამოასწოროს ნაკლი ან ხარვეზი არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ მყიდველს აღარ ექნება გამყიდველისთვის ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ხარისხთან ან რაოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზიის წაყენების უფლება.

5.3. წინარე ხელშეკრულების თანახმად, თუ მყიდველი გადააცილებს ან დაარღვევს გადახდის გრაფიკს, გამყიდველს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას შეწყვიტოს ხელშეკრულება, ასევე დააკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით ან შენატანის 10%-ის ოდენობით. თუ გამყიდველი ვერ ჩააბარებს მყიდველს ბინას არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა, ამ ვადიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მყიდველი უფლებამოსილია, მოსთხოვოს გამყიდველს პირგასამტეხლო გადახდილი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

5.4. ჯ.ც–ძეს ნასყიდობის საფასური სრულად აქვს გადახდილი. გადახდა მყიდველმა ვადაგადაცილებებით განახორციელა და ბოლო გადახდა 2020 წლის 01 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 12 თებერვალს ფიქსირდება.

5.5. 2022 წლის 30 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს შემძენისთვის, ჯ.ც–ძისთვის ბინისა და ავტოსადგომის მფლობელობაში გადაცემის ფაქტს. მიღება-ჩაბარების აქტში მხარეებმა დააფიქსირეს ნასყიდობის საგნის გადაცემის დროისთვის მასზე განხორციელებული და განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი.

5.6. 2023 წლის 12 აპრილს შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ (როგორც გამყიდველს) და ჯ.ც–ძეს (როგორც მყიდველს) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა: - ........., მე-5 სართულზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი ბინა N8, ფართით 67,1 კვ.მ. (საკადასტრო კოდი .........) და - .......... მდებარე მშენებარე მიწისქვეშა ავტოსადგომი #29, ფართით 12,5კვ.მ. (ს/კ .........). ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა და მყიდველმა მოიწონა ნასყიდობის საგნის ხარისხი. ამავდროულად ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, რომ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო, თუ ამ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამ ნაკლის შესახებ, გარდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტებთან დაკავშირებული და ამ პუნქტებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა/პრეტენზიებისა. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ.ც–ძე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის მესაკუთრედ 2023 წლის 10 მაისს.

5.7. დავის განხილვის დროისთვის შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებული (არ არის ექსპლუატაციაში მიღებული) და საჯარო რეესტრში ქონება რეგისტრირებულია სტატუსით - მშენებარე.

5.8. მოსარჩელე ჯ.ც–ძესა და ნ.დ–ძეს (მეუღლე მ.ვ–ძე) შორის 2022 წლის 01 მარტს გაფორმდა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება და თვეში 400 ა.შ.შ. დოლარის ქირის თანხის გადახდის სანაცვლოდ ჯ.ც–ძეს დროებით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ......... მდებარე ბინა N20. ქირის სახით 28.04.2022 წლიდან 2023 წლის 30 აპრილამდე ჯ.ც–ძეს გადახდილი აქვს ჯამში 4900 ა.შ.შ. დოლარი.

5.9. რაც შეეხება სადავო გარემოებას, ექსპლუატაციაში შესვლის ხელშეკრულებით შეთანხმებული დროისათვის (2021 წლის 30 ივნისისათვის) საცხოვრებელი ბინის ჯ.ც–ძისათვის გადაცემისას ნივთის მდგომარეობას, ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის, ასევე მხარეთა შორის განხორციელებულ მიმოწერაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ ნივთობრივად უნაკლო საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულება გამყიდველს ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არც ის შედავება, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ჯ.ც–ძემ დაკარგა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით შედავების უფლება, ვინაიდან 2022 წლის 30 ივნისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების უმეტესი ნაწილი შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ აქვს შესრულებული და ნაწილში მითითებულია მონიშვნა - „პროცესში“. გარდა ამისა, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ ბინის კომუნიკაციები ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული და საბოლოოდ 2023 წლის აგვისტოს თვეში ჩართეს.

5.10. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხთან მიმართებით, პალატამ იმსჯელა პირგასამტეხლოს არსზე, მისი გამოყენების წინაპირობებსა და მიზანზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო - 8 550 ა.შ.შ. დოლარი გონივრული და დასაბუთებული იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო.

ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდის გამოთვლასთან დაკავშირებით, პალატამ აპელანტის მსჯელობის საწინააღმდეგოდ პირველი ინსტანციის მსჯელობა გაიზიარა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად უნდა დაწყებულიყო, თუ გამყიდველი ვერ ჩააბარებდა ბინას 4.3. პუნქტში მითითებულ ვადაში, ამ ვადიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადახდილი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. წინარე ხელშეკრულების თანახმად გასაღების მყიდველისთვის გადაცემა უნდა მომხდარიყო არაუადრეს 2021 წლის 30 ივნისისა, რაც სახლის ექსპლუატაციაში შესვლის ვადას ემთხვეოდა. ამდენად, შემძენისთვის პირდაპირ ფაქტობრივ მფლობელობაში ბინა უნდა გადასულიყო არაუადრეს 2021 წლის 30 ივნისისა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის გამოთვლა უკავშირდებოდა 2021 წლის 30 ივნისიდან 6 თვის შემდგომ პერიოდს და იწყებოდა 2022 წლის პირველი იანვრიდან.

5.11. პალატამ იმსჯელა ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურების ზოგად წესზე ამასთან საქართველოს სამოქალაქო ოდექსის 411-ე-412-ე მუხლებით გათვალისწინებულ მიუღებელ შემოსავალზე და მისი მტკიცების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევდა დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ ატარებდა მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ წარმოადგენდა საჯარიმო სანქციას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო ქირავნობის ხელშეკრულება და ქირის სახით გადახდილი თანხები, თვეში 400 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, რაც 2022-2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდზე შეადგენდა ჯამში 4900 ა.შ.შ. დოლარს. აქედან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერი და დასაბუთებული იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის თანაბარზომიერება და გონივრულობა შეუსრულებელი ვალდებულების მიმართ და დაუძლეველი ძალის მოქმედება. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ ეყრდნობა იმას, რომ სამშენებლო სამუშაოები გარკვეული პერიოდით იყო შეჩერებული ფორს-მაჟორის გამო. ამასთან, არ არის გამოკვლეული დაუძლეველი ძალიდან გამომდინარე შემდგომი ვითარება, ბაზარზე მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება და სხვა გარემოებები, რაც პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობებად არის აღიარებული, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უგულებელყოფილი იქნა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეხედულება, რომ მოსარჩელეს ბინა ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში არ გადასცემია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494 მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან ჯ.ც–ძემ ხელი მოაწერა 2023 წლის 12 აპრილს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, შესაბამისად, მან უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების მომენტში იცოდა ქონების ნაკლის თაობაზე, კერძოდ ის რომ შენობა-ნაგებობა არ იყო შესული ექსპლუატაციაში. უფრო მეტიც, მან დაადასტურა, რომ ქონების ხარისხი მისთვის მისაღები იყო და მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა, შესაბამისად, მას აღარ წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ნივთის ნაკლის გამო. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ქონებით სარგებლობა დაიწყო 2023 წლის აგვისტოდან, რა დროიდანაც ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონებაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო მოპასუხის მიერ დასრულებული იყო, ქონება კი საცხოვრებლად გამოსადეგი და ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო.

6.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად უგულვებელყო ფორს-მაჟორული გარემოება, რომელსაც პირდაპირი გავლენა ჰქონდა მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე. მან არ მიიჩნია, რომ კოვიდ-პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მოპასუხეზე და არ გაითვალისწინა, რომ კასატორი დაუძლეველი გარემოების მიმართ უძლური იყო და მისი თავიდან აცილება არ შეეძლო არანაირი საშუალებით. შესაბამისად, სასამართლომ პანდემია არასწორად არ ჩათვალა პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის გადაწევისა და მისი ოდენობის შემცირების წინაპირობად, რასაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401 მუხლი ითვალისწინებს. კასატორის განმარტებით, პანდემიას უშუალო კავშირი ჰქონდა მისი ვალდებულების შესრულებასთან. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით დეტალურად განუმარტა სასამართლოს თუ რა კუთხით იმოქმედა კოვიდ პანდემიამ მის საქმიანობაზე. 2020 წლის 30 მარტიდან ამავე წლის 04 მაისამდე სამშენებლო საქმიანობა პირდაპირ იყო შეზღუდული. შესაბამისად, 45 დღე უპირობოდ უნდა ყოფილიყო გამოკლებული დასარიცხი პირგასამტეხლოს პერიოდს. ამ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობაზეც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ჰქონოდა. ამასთან, ის შეფერხებები, რომლებიც არსებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია, აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ შეტყობინებას, ამ გარემოების შესახებ აპელანტს სათანადო ფორმით ეცნობა. გარდა ამისა, კოვიდ პანდემია იყო საყოველთაოდ ცნობილი. ამდენად, კასატორი ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებამ, კერძოდ პანდემიამ. მტკიცების ტვირთი კი კასატორის მიერ დაძლეული იყო. მისივე განმარტებით, არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სხვა საფუძვლებიც (ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი და სხვა.). ამასთან, აპელანტს არ ადგებოდა ზიანი ქონების ექსპლუატაციაში შეუსვლელობით.

6.4. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების 4.7. პუნქტი, რომლის მიხედვით გამყიდველს უფლება ჰქონდა გადაედო მყიდველისათვის ბინის ჩაბარების თარიღი იმ ვადით, რა ვადითაც მყიდველმა დააგვიანა რომელიმე შენატანის გადახდა. კასატორის განმარტებით, მყიდველი გამუდმებით არღვევდა ნასყიდობის ფასის გადახდის გრაფიკს. ჯამურად მყიდველის ვადაგადაცილება შეადგენდა 600 კალენდარულ დღეს, ხოლო მოსარჩელისათვის დასაკისრებელი ჯამური პირგასამტეხლო ნასყიდობის საფასურის ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა 4 864 ა.შ.შ. დოლარს. სასამართლოს აღნიშნული ვადაგადაცილებები აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში და მათი გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2022 წლის 01 იანვრიდან, არამედ 2023 წლის აგვისტოდან, ხოლო ვინაიდან ვადა ჩაკეტილი იყო და 2023 წლის აგვისტოში წყდებოდა, კასატორს არ ეკისრებოდა რაიმე თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მას მხოლოდ 3 თვის ვადით უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო. ამდენად, სასამართლოს პირგასამტეხლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2023 წლის 24 აგვისტოდან, აპელანტის ვადაგადაცილება იქნებოდა 3 თვე. ასევე მისი ოდენობა უნდა შეემცირებინა და 0.5%-ის ნაცვლად 0,3%-ით უნდა განესაზღვრა. შესაბამისად, აპელანტს უნდა დაჰკისრებოდა 783 ა.შ.შ. დოლარი (216 X 3), რაც სრულად ამართლებს პირგასამტეხლოს არსს და ფუნქციას.

6.5. სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა კასატორისათვის ზიანის თანხის დაკისრების მართლზომიერება. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით და შემდეგ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მოსარჩელე ადასტურებდა ნივთის უნაკლოობას. ხოლო შემდეგ სარჩელში მის მიერ ამ გარემოებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ჯეროვნად შესრულებული სამუშაოების უგულებელყოფა სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია საპირისპიროს ადასტურებდა. ფართის მოსარჩელისათვის გადაცემის შემდეგ მას შეეძლო საცხოვრებლად გადასულიყო ბინაში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაქირავებული ბინის ფასის სიდიდეზე მოპასუხე პასუხს ვერ აგებდა. ამასთან კასატორმა აღნიშნა, ისიც, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში საცხოვრებლად გადავიდა 2023 წლის აგვისტოდან. შესაბამისად, ზიანის სახით თანხის გადახდა სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო: 8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. 10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

12. განსახილველ შემთხვევაში კასატორის პირველი პრეტენზია შეეხება ნივთობრივად უნაკლო საცხოვრებელი ბინის გადაცემას და ის აღნიშნავს, რომ მყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა უნაკლო ნივთის გადაცემის ფაქტი, რითიც დაკარგა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით შედავების უფლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2022 წლის 30 ივნისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების უმეტესი ნაწილი შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ აქვს შესრულებული და ნაწილში მითითებულია მონიშვნა - „პროცესში“. გარდა ამისა, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ შ.პ.ს.. „დ.ჯ–ს“ ბინის კომუნიკაციები ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული და საბოლოოდ 2023 წლის აგვისტოს თვეში ჩართეს. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ჯ.ც–ძემ დაკარგა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით შედავების უფლება.

13. კასატორის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს მართებულობასაც შეეხება. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მათ არასწორად არ გაითვალისწინეს მოპასუხის მითითება დაუძლეველ ძალაზე (ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემია) და უსაფუძვლოდ უთხრეს უარი პირგასამტეხლოს შემცირებაზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

15. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

16. სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

17. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

18. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე Nას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რაც ითვალისწინებდა მყიდველის უფლებას, მოეთხოვა პირგასამტეხლო მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ნასყიდობის საფასურის 0.5%, რომლის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ბინის ექსპლუატაციაში შესვლის ხელშეკრულებით დადგენილი თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ (გამყიდველმა) დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ვერ უზრუნველყო შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, რის გამოც, მყიდველმა მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გამყიდველისთვის გადახდის დაკისრება.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებულმა კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია გამყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მისივე მოსაზრებით, ქმნიდა კიდეც პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას.

22. ზემოხსენებული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის მიერ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. კერძოდ, 2018 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „დ.ჯ–ს“ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღება უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 30 ივნისისა. ამასთან, საყოველთოდ ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობა დაწესებული იყო 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით, ხოლო მოგვიანებით, მსოფლიოში არსებული პანდემიასთან დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით სამუშაო გარემო უკვე იყო ადაპტირებული პანდემიასთან. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის 2022 წლის 30 ივნისს გაფორმდა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება - 2023 წლის 12 აპრილს. ამდენად, მოპასუხეს ვალდებულების შესრულებისთვის იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე პანდემიის გამო იყო დადგენილი შეზღუდვები. უფრო მეტიც, მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აღნიშნა, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების მიუხედავად კომპანია, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს გააგრძელოს სამუშაოები ყველა ობიექტზე, იმგვარად, რომ დაცულ იქნეს კლიენტების ინტერესი და შრომის უსაფრთხოების წესები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაიცო პალატის განმარტებას, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, ის ფაქტი, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალით იყო გამოწვეული.

23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ვადის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მას და მიუთითებს, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებზე. კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი უნდა დაწყებულიყო მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, თუ გამყიდველი ვერ ჩააბარებდა ბინას 4.3. პუნქტში მითითებულ ვადაში, ამ ვადიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადახდილი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. წინარე ხელშეკრულების თანახმად, სახლი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. ამდენად, შემძენისთვის პირდაპირ ფაქტობრივ მფლობელობაში ბინა უნდა გადასულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის გამოთვლა უკავშირდებოდა 2021 წლის 30 ივნისიდან 6 თვის შემდგომ პერიოდს და იწყებოდა 2022 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო მისი დაკისრების შეწყვეტა უკაvშირდებოდა შენობის ექსლუატაციაში შესვლის თარიღს - 2023 წლის აგვისტოს.

24. კასატორის პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ზიანის ანაზღაურებასაც, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ მესამე პირისაგან ბინის დაქირავებით. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დაღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებიდან. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი დაზარალებულის მხარეს არის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ქირავნობის ხელშეკრულება და ქირის სახით გადახდილი თანხები, თვეში 400 ა.შ.შ. დოლარი, რამაც 2022-2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდზე შეადგინა 4900 აშ.შ. დოლარი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, არც ამ ნაწილში არ არსებობდა ქვემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლის საფუძველი.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

26. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1779.07 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1779.07 ლარის 70% - 1245.35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს „დ.ჯ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს „დ.ჯ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1779.07 ლარის (საგადახდო დავალება № 1747213583, გადახდის თარიღი: 14.05.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1245.35 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი