Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1041-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.ს. „ს.ო.ლ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.შ–ია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.შ–იამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ს.ს. „ს.ო.ლ.კ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ს.ს. „ლ.კ“-ს ფინანსური დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ს.ს. „ლ.კ"-ს ფინანსური დირექტორის 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანების ბათილად ცნობის, ზ.შ–იას ს.ს. „ლ.კ"-ს ხობის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე აღდგენისა და 2021 წლის 06 ივლისიდან სამსახურში ფაქტობრივად აღდგენის დღემდე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - თვეში 1400 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე 2018 წლის 16 იანვრიდან მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. „ლ.კ"-ს ხობის ფილიალში, სადაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირნათლად, ისე, რომ არავითარი შენიშვნა არ მიუღია. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. მოსარჩელესა და ს.ს. „ლ.კ"-ს შორის შრომითი ხელშეკრულებები იდებოდა ხან 3 თვით, ხან - 6 თვით ან მეტით. სამსახურიდან გათავისუფლების დღისთვის მოსარჩელე ზ.შ–ია მოპასუხე ორგანიზაციაში უწყვეტად იყო დასაქმებული 42 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, ამდენად, მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

2.2. 2020 წლის იანვარში ფილიალის მენეჯერად დაინიშნა თ.ჯ–ნი, რომელთანაც მოსარჩელეს წარმოექმნა კონფლიქტი, ვინაიდან მისი მხრიდან ვლინდებოდა საქმისადმი არაკომპეტენტური დამოკიდებულება, რის შესახებაც სამსახურეობრივი ურთიერთობისა და ეთიკის ნორმების დაცვით მოსარჩელემ აცნობა კიდეც ფილიალის მენეჯერს. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელის განმარტებით, მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა დისკრიმინაციული მოპყრობა და დევნა. მენეჯერი ყველანაირად ცდილობდა მოენახა მოსარჩელის საქმიანობაში რაიმე ნაკლი, მაგრამ ვინაიდან ზ.შ–ია მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად, ხელმძღვანელმა ასეთი ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანებით, ს.ს. „ლ.კ"-ს ფინანსურმა დირექტორმა მოსარჩელეს გამოუცხადა სასტიკი საყვედური, თუმცა ბრძანებაში არ მითითებულა, რა დარღვევის გამო მოხდა საყვედურის გამოცხადება. უფრო მეტიც, ბრძანებას არ ერთვოდა არანაირი მოკვლევის დოკუმენტი, რაც იმას მოწმობს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამის შემდეგაც გრძელდებოდა მისი დევნა და, საბოლოოდ, 2021 წლის 06 ივლისს ს.ს. „ლ.კ"-ს ფინანსურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება №366 ზ.შ–იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „თ" პუნქტის შესაბამისად.

2.3. სამსახურიდან გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობამ შეამოწმა ზ.შ–იას კლიენტებზე გაცემული სესხების მიზნობრიობა, თუმცა, გაურკვეველია, რა მოტივით, ან რა დარღვევა აღმოუჩინეს მას, ან რატომ გადამოწმდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაცემული კრედიტები. ზ.შ–იას მოსაზრებით, აღნიშნული გადამოწმება ემსახურებოდა მის დისკრედიტაციას. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობისა (პანდემია), ზ.შ–იას გაცემულ სესხებზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდებოდა, ხელმძღვანელობამ ვერ მოიძია რაიმე გადაცდომა, რაც საფუძვლად დაედებოდა ხელშეკრულების შეწყვეტას.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ.შ–იასა და ს.ს. „ლ.კ"-ს შორის 2021 წლის 01 ივნისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სამთვიანი ვადით - 2021 წლის 01 სექტემბრამდე. ს.ს. „ლ.კ" არის მიკროსაფინანსო კომპანია და მისი საქმიანობის სფერო არის სესხების გაცემა. საკრედიტო ექსპერტს ევალება სესხების გაცემა ყოველთვიურად დადგენილი გეგმების შესაბამისად და მის მიერ გაცემული სესხების მართვა, რომ საკრედიტო რისკი (ვადაგადაცილება) იყოს მინიმალური, რათა დამსაქმებელმა, როგორც მოგებაზე ორიენტირებულმა სამეწარმეო სუბიექტმა, შეძლოს მოგების მიღება და კაპიტალის ზრდა. იმ შემთხვევაში, როცა პორტფელი რისკის ქვეშ აჭარბებს 1.75%-იან მაჩვენებელს, იგულისხმება, რომ გაზრდილია ორგანიზაციის საკრედიტო დაბანდების რისკიანობა და საკრედიტო განყოფილების თანამშრომლებს ევალებათ საგანგებო რეჟიმში მუშაობა, ამ რისკების ორგანიზაციისთვის მისაღებ, ზღვრულ მაჩვენებლამდე დასარეგულირებლად.

3.2. 2021 წლის ივნისამდე მოსარჩელეს ჰქონდა მიღებული მრავალი გაფრთხილება მუშაობის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით შიდა ელ. კომუნიკაციის საშუალებით, რადგან მისი სამართავი პორტფელის რისკიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებდა დასაშვებ ზღვრულ მაჩვენებელს; 2021 წლის მარტში რისკიანობის მოცულობამ შეადგინა 2.47%; აპრილში - 4.37%; მაისში - 4.39%. საკრედიტო რისკის შეუსაბამოდ მაღალი და ზრდადი ტენდენციის საფუძველზე, 2021 წლის 07 ივნისს მოსარჩელის მიმართ გამოიცა ბრძანება №306 და მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, №307 ბრძანებით კი, საყვედური გამოეცხადა ფილიალის მენეჯერს.

3.3. 2021 წლის ივნისის თვის საკრედიტო რისკიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 6.34%. პარარელურად, მოსარჩელე ნაცვლად არსებული პრობლემების აღმოფხვრისათვის საგანგებო რეჟიმში მუშაობისა, გამოხატავდა პრეტენზიას და არ იჩენდა მონდომებას, გამოესწორებინა უარყოფითი მაჩვენებლები. მოსარჩელემ დავა და პრობლემების გადაბრალება დაიწყო მენეჯერზე. ის აცხადებდა, რომ ფილიალში იყო კონფლიქტური სიტუაცია; მენეჯერის მიერ არ იყო შექმნილი სამუშაო გარემო და მრავალი სხვა ფაქტის გამო ვერ თანამშრომლობდა სხვა დასაქმებულებთან, უფრო მეტად კი, მენეჯერთან. კომპანიამ მოსთხოვა მოსარჩელეს წერილობით იმ ფაქტების (დარღვევების) დაფიქსირება, რაზეც აპელირებდა, თუმცა საკუთარი პრეტენზიებისათვის მოსარჩელეს წერილობითი ფორმა არ მიუცია. თუ აღნიშნულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი და თანამშრომელი არ ახმაურებს დეტალებს, არ აყენებს საქმის კურსში ხელმძღვანელობას, ეს შესაძლოა შეფასდეს არაკეთილსინდისიერ მოქმედებად დამსაქმებლის მიმართ, რაც, თავის მხრივ, არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. საკრედიტო რისკების შეუსაბამოდ მაღალი მაჩვენებლისა და მოსარჩელის პასიურობის საფუძველზე კომპანია იძულებული გახდა, გამოეცა ბრძანება №366 დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

3.3. 2021 წლის 08 ივლისს მოსარჩელემ ს.ს. „ლ.კ–ს" მიმართა განცხადებით და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების განმარტება. 2021 წლის 13 ივლისს მოსარჩელეს გაეგზავნა პასუხი (განმარტება) განცხადებაზე, რომელიც ჩაბარდა 2021 წლის 14 ივლისს.

3.4. 2021 წლის 06 სექტემბერს მოსარჩელე ზ.შ–იამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს. „ლ.კ"-ს მიმართ. 19.10.2021 წლის განჩინებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განუხილველი დატოვა.

3.5. პოზიცია, რომელიც დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს, არ არის ვაკანტური, ვინაიდან 2022 წლის 26 აგვისტოს №687 ბრძანებით აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა ედიკა არჯევანიძე, რომელიც დღემდე ამავე თანამდებობაზე საქმიანობს. ამავდროულად, წარმოდგენილი სარჩელი მოპასუხეს ხანდაზმულადაც მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ზ.შ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „ლ.კ“-ს 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ და ს.ს. „ლ.კ“-ს 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანება ზ.შ–იას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

4.2. ზ.შ–ია აღდგენილი იქნა ს.ს. „ლ.კ“-ს ხობის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე;

4.3. მოპასუხე ს.ს. „ლ.კ–ს“ მოსარჩელე ზ.შ–იას სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 1200 ლარის (საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა) ოდენობით 2021 წლის 06 ივლისიდან ყოველთვიურად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ზ.შ–იასა და ს.ს. „ლ.კ–ს" შორის, 2018 წლის 15 იანვრიდან, ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები 3, 6 ან მეტი თვით. მხარეებს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 01 ივნისს 03 თვის ვადით. ზ.შ–იასა და ს.ს. "ლ.კ–ს" შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს. ამდენად, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

7.2. ზ.შ–იასა და ს.ს. „ლ.კ–ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ შეადგენდა 1200 ლარს.

7.3. ზ.შ–იასა და ს.ს. „ლ.კ–ს“ შორის 2021 წლის 01 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი „დ“ ადგენს შრომით საქმიანობაში დასაქმებულის სამუშაოს აღწერილობას, კერძოდ:

1) მსესხებლის მოძიება და სასესხო განცხადებების ანალიზი;

2) მიმდინარე სესხებისა და პროექტების მონიტორინგი;

3) ადმინისტრაციულ საკითხებში მსესხებლისთვის ხელის შეწყობა და დახმარება;

4) საჭირო ინფორმაციის მოპოვება და სასესხო მენეჯერისთვის წარდგენა;

5) ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი;

6) ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა;

7) სასესხო გადახდების დროულად განხორციელებაზე კონტროლი;

8) სასესხო განცხადებისა და სასესხო გაცემების დაგეგმვა;

9) შრომითი ხელშეკრულების 10.1 პუნქტით, მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების დანართ „ბ“ და „გ“-თი გათვალისწინებული მოვალეობები.

7.4. 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანებით მოსარჩელე ზ.შ–იას გამოეცხადა სასტიკი საყვედური. ბრძანება შეიცავს შემდეგი სახის ჩანაწერს: ,, ს.ს. „ლ.კ“-ს ხობის ფილიალის საკრედიტო ექსპერტს ბ-ნ ზ.შ–ას შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისთვის გამოეცხადოს სასტიკი საყვედური“.

7.5. 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანებით მოსარჩელე ზ.შ–ია გათავისუფლდა ს.ს. „ლ.კ–ში" დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ" ქვეპუნქტი.

7.6. შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 08 ივლისს, ზ.შ–იამ დამსაქმებელს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ს.ს. „ლ.კ–მა“ წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ ზ.შ–იას გაუგზავნა 2021 წლის 12 ივლისს, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2021 წლის 14 ივლისს.

7.7. სასტიკი საყვედურის თაობაზე 07.06.2021წ. №306 ბრძანებასთან დაკავშირებით, დასაქმებულის მოთხოვნის პასუხად გაგზავნილ წერილობით დასაბუთებაში დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები:

1) მსესხებელ ლ.გ–ას ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ზ. შ–ას (იყო მსესხებლის შვილის მეჯვარე, შვილიშვილის ნათლია);

2) მსესხებელი ფ.შ–ა იყო მისი ბიძაშვილი და რომ ამგვარად სესხების გაცემა არის ინტერესთა კონფლიქტი;

3) გაცემული სესხებით ისარგებლეს მესამე პირებმა;

4) ფილიალში გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ძირითადად მის სამართავ პორტფელში დაფიქსირდა. კერძოდ, მაისის თვეში მას გააჩნდა 4.39%, ხოლო სხვა საკრედიტო ექსპერტებს - 1.55%, 1.4%, 2.19%-იანი რისკიანობის მაჩვენებელი, რაც 3-4-ჯერ აჭარბებდა საკრედიტო პოლიტიკით დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს.

7.8. 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შეტყობინების მიზნით, ს.ს. „ლ.კ"-ს მთავარი მენეჯერის - ა.ბ–ას მიერ, ზ.შ–იას ეცნობა, რომ 2021 წლის 7 ივნისს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, რასაც საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა არასწორად, მ.შ. ახლო ნათესავებზე, წინასწარი განზრახვით სესხების გაცემაში, ასევე, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის და ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე; დასაქმებული აცხადებდა, რომ ფილიალში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მუშაობა, მუდმივად აცხადებდა ფილიალის მენეჯერის მიმართ პრეტენზიას და იმყოფებოდა მასთან კონფლიქტურ სიტუაციაში, არ იცავდა სუბორდინაციას და ვერ ავლენდა გუნდური მუშაობის შესაძლებლობას; მიუხედავად კომპანიის მხრიდან მოთხოვნისა, წერილობით, დეტალურად წარმოედგინა ხობის ფილიალში არსებული „დარღვევების“ შესახებ ინფორმაცია, ზ. შ–ას მხრიდან ეს არ მოხდა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძვლს, რომ პრეტენზიები იყო დაუსაბუთებელი, ტენდენციური და თანამშრომელთა მიმართ დისკრიმინაციული. გარდა ამისა, კომპანიის მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად, ვადაგადაცილებულ სესხების მაჩვენებლები არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა, როგორც პროცენტულად, ისე თანხობრივად და რაოდენობრივად, რაც კატეგორიულად მიუღებელია და წარმოადგენდა შრომის კოდექსის 47.1 „თ“ მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს.

7.9. 2021 წლის 02 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ანალოგიური სარჩელით მიმართა ზ.შ–იამ, რომელსაც, ამავე სასამართლოს 2021 წლის 04 აგვისტოს განჩინებით მიღებაზე ეთქვა უარი.

2021 წლის 06 სექტემბერს მოსარჩელემ განმეორებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელიც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველი.

მოცემული სარჩელით ზ.შ–ამ სასამართლოს მიმართა 2021 წლის 05 ნოემბერს.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. ზ.შ–იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 47.1 „თ“ მუხლი, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, თუ რა სახის დარღვევისათვის იქნა გამოცემული 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანება, ადგილი ჰქონდა თუ არა დასაქმებულის მხრიდან მისი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასევე, ზ. შ–ას მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იყო თუ არა დარღვევა განმეორებითი და საკმარისი მის მიმართ ისეთი სახის სანქციის გამოყენებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება.

8.2. პალატამ მიუთითა შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებზე, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს, და, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ამ მსჯელობის შესაბამისად, დამსაქმებლის ვალდებულებად ჩაითვალა საქართველოს შრომის კოდექის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების - დარღვევის არსებობის, მისი განმეორებითობისა და არსებითობის - მტკიცება, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმავე და არსებითი დარღვევების განმეორება.

8.3. პალატის განსჯით, ვინაიდან ზ.შ–იას მოთხოვნის პასუხად მოპასუხის მიერ გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული გარემოებები სადავო გახადა მოსარჩელემ, ისინი ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, ვინაიდან ამ ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, აპელანტს არ წარმოუდგენია. თუნდაც დადასტურდეს 2021 წლის მაისის თვეში ფილიალში ზ.შ–იას სამართავ პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული მაჩვენებელის გაზრდა, ამ საკითხზე პალატამ გონივრულად მიიჩნია მოსარჩელის შედავება, რომ იგი გამოწვეული იყო პანდემიიდან გამომდინარე ობიექტურად არსებული ვითარებით და რომ მოსარჩელეს ამ შედეგთან მიმართებაში ბრალი არ მიუძღვოდა. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევების ადეკვატურ ღონისძიებად არ იქნა მიჩნეული.

8.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 2021 წლის მაისი-ივლისში პანდემია დასრულებული იყო და რომ ამ პერიოდში აღარ არსებობდა სესხების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები. სასამართლომ შენიშნა, რომ 2020 წლის მაისში დასრულდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ხოლო პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები კვლავ გაგრძელდა 2022 წლის გაზაფხულამდე ამასთან, უარყოფითი ეკონომიკური შედეგები საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად არ აღმოფხვრილა და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი განვითარება ჰქონდა, მათ შორის, ფინანსურ სექტორთან მიმართებაში. ამდენად, საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული აპელანტის მსჯელობა, რომ 2021 წლის მაისი-ივნისი თვეში მოსარჩელის სამართავ პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული მაჩვენებელის გაზრდა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის უმოქმედობით, მით უფრო, როდესაც ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

8.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება ფილიალის მენეჯერის მიმართ პრეტენზიის გაცხადების თაობაზე, ვინაიდან არც ამ ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა და მხოლოდ მოპასუხის წერილობით დასაბუთებაში დაფიქსირებული ჩანაწერი არ ჩაითვალა საკმარისად მის დასადასტურებლად. გარდა ამისა, პალატამ განმარტა, რომ საყოველთაოდ აღიარებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის გამოთქმა არ შეიძლება გახდეს სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

8.6. პალატის განსჯით, აპელანტის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში უფლებამოსილი პირი შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თავდაპირველი და შემდგომი სარჩელის აღძვრის ქრონოლოგია და დროის შუალედი სარჩელთა წარდგენას შორის, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ, სსკ-ის 140-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2021 წლის 02 აგვისტოს (თავდაპირველი სარჩელის აღძვრისას) და ვინაიდან, თავდაპირველი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საბოლოო განჩინების გამოტანიდან 6 თვის ვადაში (2021 წლის 5 ნოემბერი) მოსარჩელემ აღმოფხვრა არსებული ნაკლოვანებები და სასამართლოს ხელახლა მიმართა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სარჩელით (რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული), რის გამოც არ არსებობს მისი ხანდაზმულად მიჩნევისა და ამ მოტივით სარჩელის უარყოფის საფუძველი.

8.7. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ როგორც სასტიკი საყვედურის გამოცხადება, ისე ერთი თვის შემდეგ მიღებული ახალი და უმკაცრესი სანქცია - ზ.შ–იას სამუშაოდან გათავისუფლება - მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, რის გამოც, სადავო ბრძანებები სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია.

8.8. პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მერვე პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

8.9. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვებგვერდის ამონაწერით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ს. „ლ.კ–ს“ ხობის ფილიალში 2022 წლის დეკემბრის თვისათვის გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსია საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე, რაც მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, ამრიგად, მოპასუხის აპელირება თანამდებობის არავაკანტურობაზე უსაფუძვლოდ ჩაითვალა, ხოლო მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების რესტიტუციის საშუალებად განისაზღვრა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა.

8.10. შრომის კოდექსის 48.9 და 58-ე მუხლების, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1200 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის პერიოდში.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კასატორის განსჯით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა წარმოადგენს არა ხანდაზმულობის, არამედ შეცილების ვადას, რის გამოც სასამართლოს, ერთი მხრივ, საკუთარი ინიციატივით უნდა ეკვლია მოსარჩელის მიერ შეცილების ნების გამოვლენის თარიღი, ხოლო, მეორე მხრივ, არ უნდა გამოეყენებინა სსკ 130-ე და 140-ე მუხლები, რაც განაპირობებდა სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი შეცილების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, ხსენებული ვადა ხანდაზმულობა რომც იყოს, სშკ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თარიღად სასამართლოსადმი მიმართვის პირველ თარიღს მიიჩნევს მხოლოდ მიმართვის განმეორებითობისას, მოცემულ შემთხვევაში, კი, სარჩელით მესამედ მიმართვისას სასამართლომ 1-ლი სარჩელის წარდგენის თარიღი მიიჩნია სადავო ნების გამოვლენის გასაჩივრების თარიღად, რაც, კასატორის განსჯით, ეწინააღმდეგება სშკ 48.6 მუხლის მიზანს, შეზღუდოს დასაქმებულის მიერ გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

9.2. კასატორის მოსაზრებით, განაცდური ხელფასის სახით ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრება, იმ ფონზე, როდესაც შრომითი დავის განხილვის 1 თვიანი ვადა მნიშნელოვნად, დაახლოებით, 15 თვით დაირღვა, არაგონივრულად მძიმე პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს დამსაქმებლისათვის. იძულებითი განაცდურის სახით დასაკისრებელი გასაცემელი არ უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს იქნებოდა საქმის ვადების დაცვით განხილვისას დასაკისრებელი თანხის ოდენობა.

9.3. სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მთავარ სხდომაზე მიღებული ახალი გარემოება პანდემიის გამო მსესხებელთა მდგომარეობის დამძიმების შესახებ, მიიღო საყოველთაოდ ცნობილ და, შესაბამისად, პრეიუდიციულ ფაქტად, რომლის მტკიცებაც მხარეს არ ევალებოდა სსსკ 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ისე, რომ პანდემიის შედეგები ზ.შ–იას პორტფელში მყოფ მსესხებელთა მიმართ არ გამოკვლეულა. თუმცა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდაზე დამსაქმებელმა მიუთითა 2021 წლის მარტის თვიდან, პანდემიით განპირობებულ ეკონომიკურ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას კი, ადგილი 2020 წელს ჰქონდა. თუკი ზ.შ–იას სამართავი საკრედიტო პორტფელის რისკიანობის მაჩვენებლის ზრდა პანდემიით გამოწვეულმა გადახდისუუნარობამ გამოიწვია, მაშინ სხვა საკრედიტო ექსპერტების სამართავი პორტფელების რისკიანობის მაჩვენებელიც იმ მაჩვენებლთ უნდა გარდილიყო, როგორც მოსარჩელის პორტფელი, თუმცა ასე არ მომხდარა - ზ.შ–იას მიერ შეფასებული სესხები რისკიანობის მაჩვენებლით სამჯერ აღემატებოდა სხვა საკრედიტო ექსპერტთა მიერ შეფასებულ სესხებს. პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე აპელირებით სასამართლომ, პრაქტიკულად, დამსაქმებელს დააკისრა მსესხებელთა გადახდისუნარიანობის მტკიცება, რაც მოპასუხის მტკიცების შესაძლებლობის ობიექტურ ფარგლებს სცდება. მოსარჩელის სასარგებლოდ პრეიუდიციის დაშვებამ გამორიცხა დასაქმებულის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ნებისმიერი დაშვება, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა არასწორ დასკვნამდე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების შესახებ.

9.4. მოსარჩელეს, მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე არ უარყვია ის გარემოება, რომ სესხები გაცემული ჰქონდა ნათესაურ კავშირში მყოფ პირებზე, არამედ, აღნიშნულს შეეწინააღმდეგა მხოლოდ მთავარ სხდომაზე, რაც პროცესუალური მნიშვნელობით, სასამართლოს დაგვიანებულად უნდა მიეჩნია და მხედველობაში არ მიეღო. სასამართლოებს არ შეუფასებიათ ზ.შ–იას აღიარება (2022 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე) ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის სადავო პერიოდში ზრდის შესახებ. სასამართლოს არც დამსაქმებლის წერილში ხსენებული ის გარემოება გაუთვალისწინებია, რომ სასტიკი საყვედურის გამოყენებას წინ არაერთი ზეპირი გაფრთხილება უძღვოდა, რომელთა მიღებაც მოსარჩელეს არ უარყვია, ესე იგი, დარღვევის განმეორებითობა და ერთგვაროვნება დადგენილ ფაქტად უნდა მიჩნეულიყო.

9.5. სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საკითხი, დაუსაბუთებლად მიიჩნიეს გამოყენებული დისციპლინური ზომა არათანაზომიერად დარღვევის შინაარსთან კავშირში და მნიშვნელობა არ მიანიჭეს ქმედების ერთგვაროვან, განმეორებით ხასიათს, მოპასუხე ორგანიზაციის დანიშნულებასა და საქმიანობის სპეციფიკას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსს. ზ.შ–იას მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა გამოიხატა სესხების არასწორად შეფასებაში, რაც რისკიანობის დასაშვები 1.75%-იანი მაჩვენებლის ზღვრის გადაჭარბებით გამოიხატა (დანართი „გ“); მოსარჩელეს, როგორც საკრედიტო ექსპერტს, რისკების ზღვრულ მაჩვენებლამდე დასარეგულირებლად ევალებოდა საგანგებო რეჟიმში მუშაობა, რაც გულისხმობდა, რომ საკრედიტო ექსპერტს ან თვითონ უნდა ემოქმედა ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან კომუნიკაციისა და მუშაობის გზით, ან მიემართა კომპანიის იურისტებისთვის დახმარების მიზნით ან კრედიტის გაპრობლემების მიზეზი შეესწავლა და წარედგინა ხელმძღვანელობისთვის განსახილველად. რისკიანობის პროცენტული გადაჭარბება 2021 წლის მარტიდან ამავე წლის ივლისამდე იყო მუდმივად მზარდი, შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე აპელირება ნიშნავს დამსაქმებლის ვალდებულებას, ითმინოს ზიანის მიყენება, რაც არ გამომდინარეობს თანაზომიერების მოთხოვნიდან. ამასთან, მოსარჩელემ უგულებელყო ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის ვალდებულებაც.

9.6. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის როგორც თავდაპირველ, ისე დაზუსტებულ სარჩელში, მოთხოვნის დასაფუძნებლად მითითებული ფაქტები იმდენად არასაკმარისი იყო, დაკმაყოფილების შესაძლებლობას შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაშიც კი გამორიცხავდა. სახელდობრ, მოსარჩელეს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი 23.06.2021 წლით დათარიღებულ, დამსაქმებლის წარმომადგენლის მიერ მოსარჩელის მიმართ გაგზავნილ წერილში მითითებულ ფაქტებთან მიმართებით, რომლის შინაარსიც ეხებოდა ზ.შ–იას პორტფელში არსებულ სესხებზე კონკრეტულ მსესხებლებთან მიმართებით იდენტიფიცირებულ ინტერესთა კონფლიქტსა და სესხების არასწორად დამუშავებას, რათა მოსარჩელის მხრიდან დაძლეულად მიჩნეულიყო ფაქტების მითითების ტვირთი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასებულიყო, წარმოეშვა თუ არა მოპასუხეს ამავე გარემოებათა მტკიცების ტვირთი. ამასთან, მოსარჩელეს სასტიკი საყვედურის არამართლზომიერებაზე არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ სარჩელში მითითება არ განუხორციელებია, შესაბამისად კანონის ნორმის შემადგენლობასთან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი უნდა ყოფილიყო.

9.7. საკასაციო საჩივრის ავტორი ბუნდოვნად მიიჩნევს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩანაწერს მასზედ, რომ დამსაქმებელმა იძულებითი განაცდური უნდა გადაიხადოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მისთვის გაურკვეველია, გადაწყვეტილების აღსრულებაში იგულისხმება გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა თუ თანამდებობაზე აღდგენა, ბუნდოვანი ფორმულირება კი, მხარეს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორად მიაჩნია.

10. საკასაციო საჩივრით სადავოდ არის ქცეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2023 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მტკიცებულების დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15.1. უწინარესად, პალატა გამოიკვლევს იმ პრეტენზიათა საფუძვლიანობას, რომლებიც კასატორს სარჩელის წარდგენის ვადების რღვევის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიაჩნია.

15.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ინტერპრეტაციას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, როგორც გარიგების, საცილოობის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით (2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებამდე, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი) გათვალისწინებული ვადის არსი და სამართლებრივი მნიშვნელობა მრავალჯერ ყოფილა საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი და იგი, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მიჩნეულია არა შეცილების, არამედ ხანდაზმულობის ვადად (მრავალთა შორის იხ. №ას-669-2020 18.11.2020წ.; №ას-1101-2022 17.11.2022წ.; №ას-211-2023 27.06.2023წ.).

15.3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა რომ ხანდაზმულობის ვადაა და არა შეცილების, მეტყველებს სამოქალაქო კოდექსის 59.2 მუხლისა და შრომის კოდექსის 47.6 მუხლის შინაარსის მარტივი ურთიერთშედარება, სახელდობრ, შეცილების ადრესატად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გარიგების მხარეს ასახელებს, შრომის კოდექსი კი, 30 დღიან ვადაში დამსაქმებლის ნების სადავოდ ქცევის წინაპირობად სასამართლოსადმი მიმართვას ასახელებს. ამრიგად, საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლით დადგენილი ვადა უფლების იძულებით განხორცილებისა და, მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადას წარმოადგენს.

15.4. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე გამოვლენილი ნების გასაჩივრების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, პალატა მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის კვლევისას, როგორც მოთხოვნის წარმოშობის მომენტის (სკ-ის 130-ე მუხლი), ისე - მისი იძულებით განხორციელების შესაძლებლობის საკითხი (სკ-ის 144.1. მუხლი) სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ხოლო თავად ხანდაზმულობის ვადა - შრომის კოდექსით, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

15.5. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გასაჩივრების სპეციალური ვადა და დადგენილია, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

15.6. ამრიგად, საქართველოს შრომის კოდექსი (48.6 მუხლის მეორე წინადადება) საკუთრივ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მსგავს დანაწესს და თავად არეგულირებს სარჩელის მიღებაზე უარისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხელახალი სარჩელის წარდგენისას ხანდაზმულობის შეწყვეტის მომენტის განსაზღვრის წესსა და ახალი სარჩელის წარდგენის ვადებს. საგულისხმოა, რომ სშკ 48.6 მუხლი ასეთ შემთხვევაში 30 დღიან ვადას აწესებს, ხოლო სსკ 140-ე მუხლი - 6 თვიანს.

15.7. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით სპეციალური 30-დღიანი ვადის დაწესებით კანონმდებელი მიზნად ისახავს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. სუსგ. №ას-11-11-2018, 04.03.2019წ.; №ას-1418-2018, 13.12.2019წ.).

15.8. შესაბამისად, შრომის კოდექსში 29.09.2020 წლიდან ამოქმედებული ცვლილებებისა და დამატებების შემდეგად, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას, სარჩელზე ხელახალი უფლების ვადასთან (30-დღიანი თუ 6-თვიანი) მიმართებით, სახეზე აღარ არის ის შემთხვევა, როდესაც შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ არის მოწესრიგებული ამ კოდექსით [სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი]. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსკ 140-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გამოყენების საჭიროება, ვინაიდან თავად შრომის კოდექსი გვთავაზობს საკითხის სპეციალურ რეგულირებას, სპეციალური (შემჭიდროვებული) ვადების ჩათვლით.

16.1. მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სშკ 48.6 მუხლის მეორე წინადადების განმარტება, სახელდობრ, იმის გამორკვევა, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის/სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინების არსებობა მხოლოდ ერთხელ ავადებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას 30 კალენდარული დღით და ამით არის განპირობებული ტერმინ „განმეორებით“-ის გამოყენება ნორმის დანაწესში, თუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინააღმდეგ ვადის დაცვით აღძრულ სარჩელთან მიმართებით გამოტანილი ყოველი წინა განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის/სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სარჩელის აღძვრის 30-დღიანი ვადის ხელახლა ათვლის საფუძველია.

16.2. პალატა შენიშნავს, რომ დასაქმებულისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის უჩვეულოდ მცირე ვადების დაწესება კანონმდებლის მხრიდან ემსახურება სწორედ სამეწარმეო თავისუფლების უზრუნველყოფას და იცავს დამსაქმებელს მუდმივად შრომით დავაში შესვლის მოლოდინისგან, რამაც, შესაძლოა, დათრგუნოს დამსაქმებლის საკადრო გადაწყვეტილებები და უარყოფითი გავლენა იქონიოს ბიზნესის ეფექტიანობაზეც. ამ ინტერესის საპირწონედ და, უფლებათა დაბალანსების მიზნით, კანონმდებელმა გაითვალისწინა შესაძლებლობა, შემჭიდროვებულ ვადებში, დიდწილად სიჩქარით განპირობებული ხარვეზიანი სარჩელის წარდგენისას, დასაქმებულმა არ დაკარგოს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სარჩელის განუხილველად დატოვებსა/სარჩელის მიღებაზე უარის თქმას დაუკავშირა დასაქმებულისათვის ხელახალი სარჩელის ინიცირების 30-დღიანი უფლების წარმოშობა.

16.3. პალატის განსჯით, სშკ 48.6 მუხლის მეორე წინადადების შინაარსი არ უნდა განიმარტოს იმდენად ვიწროდ, რომ ტერმინი „განმეორებით“ სარჩელით მიმართვის შესაძლებლობა დასაქმებულისათვის „ერთი შანსის პრინციპად“ იქცეს. შრომითსამართლებრივი ნორმის ამგვარად ინტერპრეტირება ეწინააღმდეგება შრომის სამართლის ამოსავალ „favor prestatoris“ პრინციპს, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს და მოითხოვს დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვას სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.

16.4. ნორმის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, თუკი მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 30 კალენდარულ ვადაში დაუშვებს იმგვარ ხარვეზს, რაც მის მიღებაზე უარის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანის საფუძველი გახდება და ნორმატიული დანაწესით ხელახლა მოპოვებულ 30 დღიან ვადაში მოსარჩელე კვლავ მიმართავს სასამართლოს უხარვეზო სარჩელით, რომელსაც სასამართლო განსახილველად მიიღებს კიდეც, თუმცა, მოგვიანებით გამოვლინდება სარჩელის განუხილველად დატოვების მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზი (მაგალითად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 281.1 „ა“ ქვეპუნქტისა და 275.1 „ზ“ ქვეპუნქტების ერთობლიობით), უფლებამონაცვლე სამუდამოდ დაკარგავს უფლებას მამკვიდრებლის შრომით სარჩელზე, რადგანაც რიგით მე-2 სარჩელის უფლება სსსკ 92-ე მუხლიდან გამომდინარე, უკვე გამოყენებულად ჩაეთვლება უფლებამონაცვლესაც. ამგვარი განმარტება, პალატის მოსაზრებით, ზედმეტად მზღუდველი და არასამართლიანია.

16.5. პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158-ე კონვენციის 8.3 მუხლს, რომლის თანახმადაც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მუშაკმა უარი თქვა დასაქმების შეწყვეტის გასაჩივრების უფლებაზე, თუ მან არ გამოიყენა ეს უფლება დასაქმების შეწყვეტიდან გონივრულ ვადაში. გასაჩივრების უფლების შემოფარგვლა გონივრული ვადის მოთხოვნით, ცხადია, მოითხოვს, რომ სშკ 48.6 მუხლის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ იქცეს უფლების ბოროტად გამოყენების ინსტრუმენტად ყოფილი დასაქმებულის ხელში გასაჩივრების ვადების ხელოვნურად გახანგრძლივების თვალსაზრისით.

16.6. არის თუ არა სშკ 48.6 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული შესაძლებლობა გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენება, უნდა გადაწყდეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, პალატა შენიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, პირველი და მეორე სარჩელის კანონით დადგენილ 30 კალენდარულ დღეში წარდგენა სადავო არ არის, არამედ, სადავოა მხოლოდ მე-3 სარჩელის წარდგენისას ვადის დაცულობის საკითხი. პალატა შენიშნავს, რომ პირველი და მეორე სარჩელი აღიძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით (ტ.1, ს/ფ 36-37); რიგით მეორე, ვადის დაცვით წარდგენილი სარჩელის არსებობისა და, მაშასადამე, შრომითი ურთიერთობის შეეწყვეტაზე გამოვლენილი ნების სადავოობის შესახებ ცნობილი იყო დამსაქმებლისათვის (ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 06.09.2021 წელს წარდგენილი სარჩელისა და და ამავე სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ასლი ფოთის რაიონულ სასამართლოს წინამდებარე საქმეში სწორედ მოპასუხემ წარუდგინა დაზუსტებულ შესაგებელთან ერთად); სარჩელის განუხილველად დატოვებასა და ფოთის რაიონულ სასამართლოში სარჩელის წარდგენას შორის დროის შუალედი იმდენად მცირეა (17 დღე), არ იძლევა დამსაქმებლისაგან გონივრული ვარაუდის დაშვების საფუძველს, მასზედ, რომ დასაქმებულმა აღარ გააგრძელა შრომითი უფლების დაცვა. რაც ყველაზე მთავარია, იმისათვის, რომ გასაჩივრების უფლება დაკვალიფიცირდეს უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევად, თავად მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა სამართლებრივად უპერსპექტივო, საფუძველს მოკლებული უნდა იყოს და ემსახურებოდეს დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის საფუძვლიანობაზეც არსებობს ორი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა.

16.7. ამრიგად, სარჩელის გახმობითა და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით (ხობი) ხელახალი სარჩელის წარდგენით გასაჩივრების ვადის გონივრულობის მოთხოვნა არ დარღვეულა, რის გამოც, რიგით მესამე სარჩელის წარდგენას სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევად ვერ დააკვალიფიცირებს. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ რიგით 1-ლი სარჩელი წარდგენილია სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის წერილობით დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (02 აგვისტოს), რიგით მე-2 სარჩელი _ პირველი სარჩელის განსახლველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარებულად ჩათვლიდან (სსსკ 184-ე-185-ე მუხლების შესაბამისად) 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რიგით მე-3 სარჩელი - მეორე სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პალატა მიიჩნევს, რომ სშკ 48.6 მუხლის მეორე წინადადებით დადგენილი „განმეორებითი“ სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადა დაცულია, რის გამოც სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

16.8. ვინაიდან მოცემულ საქმეში არ ვლინდება სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის არსებობა, პალატის განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იკვლიეს სასარჩელო მოთხოვნათა არსებითი მხარე.

17. მოცემულ საქმეში სადავოა, ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ იმ ქმედების ჩადენის ფაქტი, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან შეფასდა ვალდებულებების რღვევად და საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემას, ხოლო ამავე ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, მათი დაკვალიფიცირება შრომითი ვალდებულებების იმგვარ დარღვევად, რაც გაამართლებდა უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

18.1 პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, უწინარესად, შეაფასოს კასატორის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევისა და მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებაზე წარდგენილი საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობა.

18.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი შრომითსამართლებრივ დავებში განსხვავებული და თავისებურია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ სახის დავები, მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; №ას-182-171-2017, 27.12.2019წ). მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რათა მან დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა (იხ. სუსგ. №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-122-114-2015, 23.03.2015წ.; №ას-194-185-2016, 29.07.2019წ.).

18.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასტიკი საყვედურისა და სამსახურიდან გათავისუფლების უმართებულობაზე მიუთითა როგორც თავდაპირველ, ისე დაზუსტებულ სარჩელში, რითაც საკუთარი გადაწყვეტილებების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით „დაცვის“ ვალდებულება გადაეკისრა დამსაქმებელს. კასატორის მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე, აგრეთვე გათავისუფლების შემდგომ წარმოებულ მიმოწერაში სასტიკი საყვედურისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებლის მხრიდან დასახელებულ ფაქტებზე მოსარჩელეს ინდივიდუალიზებული უარყოფის ვალდებულება ეკისრებოდა მითითების ტვირთის ფარგლებში, გაზიარებას არ იმსახურებს.

18.4. უწინარესად, პალატა შენიშნავს, რომ მტკიცების საგანსა და, შესაბამისად, უდავო-სადავო გარემოებების წრეს მოსამართლე განსაზღვრავს პროცესუალური დოკუმენტების - სარჩელისა და შესაგებლის ურთიერთშედარებისა და შეჯერების მეშვეობით. დავის წინარე პერიოდში, კერძო კომუნიკაციის ფარგლებში, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები მტკიცების საგანს ვერ განსაზღვრავს, ვინაიდან მხარეთა შორის დავის აღძვრამდე წარმოებული წერილობითი კომუნიკაცია სასამართლოში ერთ-ერთი რიგითი მტკიცებულებაა და არა საპროცესო დოკუმენტი. მხარეს, რომელსაც სურს ამგვარი კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა, ევალება ცხადად მიუთითოს, კონკრეტულად რა ფაქტი დგინდება ამ მიმოწერის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წერილობით კორესპონდენციაში მითითებული ფაქტები არა დადასტურებული, არამედ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია და მარტოოდენ იმ დასაბუთებით, რომ დავის წინარე პერიოდში წერილობით მითითებულ გარემოებებს მოსარჩელე კონკრეტიზებულად არ შედავებია (არამედ ზოგადად უარყო მათი არსებობა), მოპასუხის სასარგებლოდ მტკიცების ტვირთი ვერ მოდიფიცირდება, მით უმეტეს, რომ წერილობით წარმოებულ კომუნიკაციაში დამსაქმებლის, პრაქტიკულად, ყველა ბრალდებას დასაქმებული ეწინააღმდეგებოდა.

18.5. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, დასაქმებულის შრომით სარჩელში განხორციელებულმა მითითებამ, რომ მის მიმართ სასტიკი საყვედურისა და სამსახურიდან გათავისუფლების დისციპლინური ზომები უსაფუძვლოდ გამოიყენეს, წარმოშვა დამსაქმებლის მოვალეობა, რომ შესაგებელში თავად მიეთითებინა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედო სასტიკი საყვედურის, შემდეგ კი, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავადვე დაეძლია ამ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება.

19.1. განსახილველ შემთხვევაში, სასტიკი საყვედურის შეფარდების ფაქტობრივ საფუძვლად დამსაქმებელი ასახელებს 1. საკრედიტო განაცხადების არაჯეროვან დამუშავებას, რამაც ხელი შეუწყო სესხად მიღებული სახსრების მესამე პირების განკარგვაში გადასვლას; 2. ინტერესთა კონფლიქტს, რაც მოსარჩელის ახლობელი პირებისთვის სესხების გადაცემაში გამოიხატა; 3. მოსარჩელის მართვის ქვეშ არსებული კრედიტების რისკიანობის დასაშვები მაჩვენებლის გადაჭარბებას.

19.2. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მის ფაქტობრივ საფუძვლად მიჩნეულია მოსარჩელის მართვის ქვეშ არსებული კრედიტების რისკიანობის მაჩვენებლის განგრძობადი ზრდა, რამაც, დასაქმებულის მოსაზრებით, შექმნა დარღვევის განმეორებითობის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა.

19.3. ვინაიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებლის მიერ დასახელებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა), პალატის განსჯით, უწინარესად უნდა შეფასდეს სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, ვინაიდან მისი კანონიერება თუ უკანონობა სრულად განაპირობებს დისციპლინური გადაცდომის განმეორებითობაზე დაფუძნებული სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების სამართლებრივ ბედს.

19.4. უწინარეს ყოვლისა, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ამომწურავად ჩამოთვლის სამოქალაქო პროცესში დასაშვებ მტკიცებულებათა წრეს, ესენია: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები; მოწმეთა ჩვენებები; წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები; ექსპერტის დასკვნები და ფაქტების კონსტატაციის მასალები.

19.5. პალატა შენიშნავს, რომ სასტიკი საყვედურის საფუძვლად მიჩნეული გარემოებების - საკრედიტო განაცხადების არაჯეროვანი დამუშავებისა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მოთხოვნის რღვევის მამტკიცებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით გათვალისწინებელი, რაიმე მტკიცებულება, გარდა მოპასუხის ახსნა-განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, მოპასუხის ახსნა-განმარტებას კი, მოსარჩელე უარყოფს.

19.6. მხარის ახსნა-განმარტების მტკიცებულებით ძალასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ახსნა-განმარტებას სასამართლოსათვის თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია. იმ პირობებში, როდესაც შესაგებლის დასასაბუთებლად მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას უარყოფს მოსარჩელე, მარტოოდენ ახსნა-განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დასადასტურებლად, არამედ, მოპასუხეს, სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ესაჭიროება სხვა, არსით მეტად ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენაც. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მიმოწერა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, სადავო გარემოებების დასადგენად ვარგის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ვინაიდან ამ კორესპონდენციაშიც, ისევე როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, დასაქმებული უარყოფს მიმოწერაში დამსაქმებლის მიერ კონკრეტულად დასახელებულ მსესხებლებთან - ლ.გ–ასთან, ფ.შ–ასა და გ.კ–ასთან - მიმართებით საკრედიტო განაცხადების არაჯეროვანი დამუშავებისა და ინტერესთა კონფლიქტის დაშვების ფაქტებს. სხვა რაიმე მტკიცებულება, მაგალითად, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები კი, ამ დარღვევების დასადასტურებლად დამსაქმებელს საქმეში არ წარუდგენია, რის გამოც, ხსენებული დარღვევების არსებობა დადასტურებულ გარემოებად წინამდებარე საქმეში ვერ ჩაითვლება.

20.1. პალატის განსჯით, დამოუკიდებელ შეფასებას საჭიროებს ზ.შ–იას სამართავი პორტფელის რისკიანობის მაჩვენებლის ზრდის, როგორც დარღვევის, სამართლებრივი მნიშვნელობა, ვინაიდან აღნიშნული დარღვევა, ჯერ სასტიკი საყვედურის, ხოლო მოგვიანებით კი, განმეორებითობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად ჩათვალა დამსაქმებელმა.

20.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 31.03.2021 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის პორტფელის რისკიანობის განაკვეთი შეადგენდა 2.47%-ს, 30.04.2021 წელს - 4.37%-ს, 31.05.2021 წელს - 4.39%-ს, ხოლო 30.06.2021 წელს - 6.34%-ს. პორტფელის რისკიანობის განაკვეთი კი, გამოითვლებოდა კონკრეტული ოფიცრის მართვაში არსებული კრედიტების მიმდინარე ბალანსისა და მასში ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების წილით.

20.3. პალატა შენიშნავს, რომ კრედიტებზე მსესხებელთა ვადაგადაცილება თავისთავად არ აფუძნებს ვალდებულების რღვევაში კრედიტის გამცემი/მასზე ზედამხედველი თანამშრომლის ბრალეულობას. მსესხებელი ვალდებულებას არღვევს საკუთარი ბრალითა და პასუხისმგებლობით და მისი ქმედებისა თუ უმოქმედობის ავტომატური შერაცხვა კრედიტ-ოფიცრისათვის, ეწინააღმდეგება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებლელ ბრალეულობის პრინციპს. დასაქმებულმა შრომითი მოვალეობების შუესრულებლობის მოტივით პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალის ფარგლებში. პალატის განსჯით, თავად ვადაგადაცილების განმაპირობებელი მიზეზების კვლევისა და მათი პანდემიის შედეგებთან დაკავშირების აუცილებლობა წინამდებარე საქმეში არ ვლინდება, ვინაიდან შესაფასებელია არა მსესხებელთა ბრალეულობის, არამედ მოსარჩელე დასაქმებულის მხრიდან შრომითი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი.

20.4. მსესხებელთა მხრიდან ზრდადი ვადაგადაცილებების ფონზე, დასაქმებულის შრომითი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო: 1. პოტენციური მსესხებლის გადამდელუნარიანობის შეფასების დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესების უგულებელყოფა ან/და 2. ვადაგადაცილების გამოვლენის შემდგომ დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ საპასუხო ღონისძიებათა დასაქმებულის მხრიდან არადროულად, არაეფექტიანად გამოყენება ან მათი გამოუყენებლობა.

20.5. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვერ ადასტურებს, რომ ზ.შ–იას გაცემულ კრედიტებზე ვადაგადაცილება მსესხებლების გადამხდელუნარიანობის არაჯეროვნად შეფასების შედეგია, არამედ უთითებს, რომ დასაქმებულმა დაარღვია რისკიანობის კოეფიციენტის 1.75%-ის გადაჭარბებისას აუცილებელი ე.წ. „საგანგებო რეჟიმში“ მუშაობის მოვალეობა, რაც დადგენილი იყო დამსაქმებლის საკრედიტო პოლიტიკით, სახელდობრ, საკრედიტო რისკების მართვისა და პრობლემურ სესხებთან მუშაობის პროცედურით (ტ.1, ს.ფ. 146). აღნიშნული პროცედურით კი, დადგენილია შემდეგი: „განსაზღვრულია „პორტფელი რისკის ქვეშ" ნორმით დასაშვები ჯამური მოცულობა მიმდინარე სესხებისთვის 1-180 დღემდე ვადაგადაცილებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულად საკრედიტო ექსპერტის შესაბამისი საფეხურისთვის, ან ფილიალისთვის დადგენილ ზღვარს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი საკრედიტო დაბანდების (პორტფელის) 1.75%-ს; იმ შემთხვევაში, როცა პორტფელი რისკის ქვეშ აჭარბებს 1,75%-იან მაჩვენებელს, იგულისხმება, რომ გაზრდილია ორგანიზაციის საკრედიტო დაბანდების რისკიანობა და საკრედიტო განყოფილების თანამშრომლებს ევალებათ საგანგებო რეჟიმში მუშაობა, ამ რისკების ორგანიზაციისთვის მისაღებ, ზღვრულ მაჩვენებლამდე დასარეგულირებლად“.

20.6. პალატის განსჯით, ციტირებული დანაწესი ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათის არის, დასაქმებულისთვის არ ადგენს კონკრეტულ ქცევის წესს, თუ რას ნიშნავს ე.წ. „საგანგებო რეჟიმში“ მუშაობა და რა ღონისძიებათა ერთობლიობის გატარებას მოითხოვს დასაქმებულისაგან დამსაქმებელი პორტფელის რისკიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად. ნათლად ფორმულირებული წესების არარსებობისას კი, შეუძლებელია, შეფასდეს, რამდენად ჯეროვნად და გულისხმიერად შეასრულა დასაქმებულმა ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და წარმოშობილია თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის წინაპირობები.

20.7. პალატა კვლავ ხაზგასმით შენიშნავს, რომ რამდენადაც კლიენტთა საკრედიტო ვადაგადაცილებები უწინარესად, სწორედ მსესხებლების უმოქმედობის შედეგია და მისი აბსოლუტური სიზუსტით წინასწარ განჭვრეტა კრედიტის გამცემისათვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია, დასაქმებულ კრედიტ-ოფიცერს შეერაცხება არა ვადაგადაცილება, როგორც შედეგი, არამედ მისი წილი უმოქმედობა, რაც ერთი მხრივ, გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენისათვის არასათანადო ძალისხმევის გამოჩენაში შეიძლებოდა, გამოვლენილიყო, ან ვადაგადაცილების ფაქტის დადგომის შემდგომ გასატარებელ ღონისძიებათა არაჯეროვნად წარმართვაში. დასაქმებულის უმოქმედობაზე დასკვნა კი, პირველ რიგში, უნდა შექმნას დამსაქმებლის მიერ ცხადად, არაორაზროვნად შემუშავებულმა და დასაქმებულისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ ქცეულმა ქცევის წესებმა, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებლის მიერვე წარდგენილმა მტკიცებულებებმა, რომ დასაქმებულმა ესოდენ ნათლად ფორმულირებული ვალდებულებები უგულებელყო.

20.8. მოცემულ შემთხვევაში, არათუ ხელშეკრულებაში ან მის დანართებში, არამედ მხარეთა შორის ჯერ კიდევ სასტიკი საყვედურის გამოცხადებიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დროის პერიოდში წარმოებულ მიმოწერაშიც კი, დამსაქმებელს არ მიუთითებია დასაქმებულისათვის, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებების შესრულებას აკისრებდა სამართავი პორტფელის რისკიანობის მაჩვენებლის დასაბალანსებლად. დამსაქმებლის მტკიცების ტვირთის ფარგლებში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც, შეიძლებოდა, გამომდგარიყო დასკვნისათვის, რომ ვადაგადაცილების მიუხედავად, დასაქმებული არ კომუნიცირებდა პრობლემურ გადამხდელებთან (რაც, თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, სწორედ საკრედიტო ექსპერტის მოვალეობას წარმოადგენდა); რაც შეეხება საკასაციო საჩივარში ასახულ დამსაქმებლის განმარტებას, რომ დასაქმებულს, ე.წ. „საგანგებო რეჟიმის“ პირობებში, პორტფელის რისკიანობის მოჭარბების შესახებ მართებდა იურიდიული სამსახურის ინფორმირებაც, პალატა შენიშნავს, რომ სულ მცირე, 07.06.2021 წლის მდგომარეობით, სასტიკი საყვედურის გამოცხადების მომენტიდან, კომპანიის იურიდიული სამსახურისათვის ცნობილი იყო ზ.შ–იას პორტფელში მოჭარბებული ვადაგადაცილებების არსებობა, ამის მიუხედავად, 2021 წლის ივნისის თვის ბოლოს საკრედიტო რისკიანობის მაჩვენებელი არათუ შემცირდა, არამედ 2%-ით კვლავ გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. ამრიგად, იურიდიული სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფა პალატამ დასაქმებულის უშუალო ვალდებულებადაც რომ განიხილოს (მიუხედავად იმისა, რომ არც ხელშეკრულება და არც მისი დანართები ამგვარ დანაწესს არ შეიცავს), ამ ვალდებულების უგულებელყოფით გამოწვეული ზიანის არსებითობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასაბუთებული არ არის.

21.1. ვინაიდან დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა ვერც საკრედიტო განაცხადების დამუშავებაში ხარვეზების დაშვების, ვერც ინტერესთა კონფლიტისა და ვერც ე.წ. „საგანგებო რეჟიმში“ მუშაობის ბუნდოვანი წესის დარღვევა, პალატის განსჯით, უკანონოა ამ „დარღვევათა“ აღსაკვეთად ს.ს. „ლ.კ“-ს ფინანსური დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანებაც ზ.შ–იასთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

21.2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2021 წლის 06 ივლისის №366 ბრძანება ეფუძნება სშკ-ის 47.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის გამოსაყენებლადაც აუცილებელია, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დასაქმებული დისციპლინური წესით იყოს სახდელდადებული. მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 07 ივნისის №306 ბრძანება ზ.შ–იასთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ პალატამ ბათილად და, ესე იგი, გამოცემის მომენტიდან შედეგების მოტანის უნარს მოკლებულად ცნო, რითაც საფუძველი სრულად გამოეცალა სასტიკი საყვედურის არსებობით განპირობებულ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. სშკ 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლებისას, განსხვავებით ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისაგან, დამახასიათებელია სწორედ ის, რომ წარსულში გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის უკანონოდ მიჩნევა უცილობლად, თავისთავად განაპირობებს სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობასაც და კონკრეტულად იმ გადაცდომის რეალურობისა თუ არსებითობის კვლევა, რისთვისაც დამსაქმებელმა მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად არ მოხდება, ვინაიდან, როგორც საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით მრავალჯერ აღინიშნა, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, იმ საკითხის შესაფასებლად, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში დასახელებული გათავისუფლების საფუძველი (იხ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.). ასეთ დროს, სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძველს და ვერ იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა რაიმე წინაპირობა (იხ. სუსგ. №ას-573-2021 21.06.2022წ.; №ას-660-2020 11.03.2022წ.), თუნდაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა საფუძვლები იკვეთებოდეს.

21.3. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასკვნას მოპასუხე დაწესებულებიდან ზ.შ–იას გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე, რის თანმდევ შედეგადაც, საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლიდან გამომდინარე, მართებულად განისაზღვრა გათავისუფლებამდელ პოზიციაზე - ხობის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

21.4. უფლებრივი რესტიტუციის შედეგებთან მიმართებით კასატორს პრეტენზია წამოყენებული აქვს მხოილოდ განაცდური ხელფასის ოდენობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მისი ოდენობის ზრდა განაპირობა სასამართლოში მოცემული საქმის განხილვის ხანგრძლივობამ, რის გამოც, მოპასუხისთვის დასაკისრებელი განაცდური ხელფასის მაქსიმალური ოდენობა, შესაძლოა, ყოფილიყო მხოლოდ 6 თვის სახელფასო ანაზღაურების ჯამი.

21.5. უწინარესად, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 42.1 მუხლს, რომლის თანახმადაც, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა.

21.6. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების გამო დასაქმებული ვერ ახერხებს შრომითი უფლებამოსილების განხორციელებას და სანაცვლო ანაზღაურების მიღებას, წარმოადგენს სწორედ დამსაქმებლის ბრალით განპირობებულ იძულებით მოცდენას (ზიანს), რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება აღდგენას იმ მასშტაბით, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რომ არა დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, ზ.შ–იას ექნებოდა შესაძლებლობა, ყოველთვიურად მიეღო კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, ამრიგად, იძულებითი მოცდენისთვის გადასახდელი ანაზღაურება მოიცავს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დროის მთელ შუალედს, უწყვეტად.

21.7. სასამართლო დავის გახანგრძლივებასთან მიმართებით კი, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვის ვადებზე ზეგავლენა იქონია არამარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის მიერ შესრულებულმა საპროცესო მოქმედებებმაც (შესაგებლის ვადის აღდგენა, საქმის მორიგებებით დასასრულებლად სასამართლო სხდომის გადადებაზე მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპის ინიცირება, ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის წარდგენა და ა.შ.), ამდენად, საქმის განხილვის ხანგრძლივობა ვერ გაათავისუფლებს დამსაქმებელს მისი ბრალით დამდგარი მოცდენის სრულად ანაზღაურების მოვალეობისაგან.

22. საკასაციო სასამართლო არც იმ არგუმენტს იზიარებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი რაიმე ფორმით ხარვეზიანია და აღსრულების პრობლემას აფუძნებს. განაცდური ხელფასის ანაზღაურების პერიოდს კანონმდებელი ნორმატიულად ადგენს სშკ 48.9 მუხლში (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე), შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც სწორედ ნორმის შინაარსს იმეორებს. რაც შეეხება საკითხს, თუ რა იგულისმება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღში, პალატა მოკლედ მიუთითებს კასატორს სარჩელის სახეებზე (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი, აღიარებითი) და განუმარტავს, რომ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა აღიარებითი მოთხოვნაა, რომელიც სამართლებრივ შედეგებს აღსრულების გარეშე წარმოშობს. აღსრულების ქვემდებარეა მიკუთვნებითი და გარდაქმნითი სარჩელები, შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილში ნახსენები აღსრულების თარიღის ქვეშ ვერ მოიაზრება სადავო ბრძანებების ბათილად ცნობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი.

23.1. გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა სხვა კრედიტ-ოფიცრების მართვის ქვეშ არსებულ სესხებზე 2021 წელს არსებული ვადაგადაცილების სტატისტიკის ამსახველი ცხრილების საქმისთვის დართვაზე, პალატა მიუთითებს, რომ ქართული სამოქალაქო საპროცესო სამართალი განამტკიცებს შეზღუდული აპელაციის პრინციპს (სსსკ 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით), რაც აისახება სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენის შეზღუდულ უფლებაზეც, სახელდობრ, სსსკ 382.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო სსსკ 380.2 მუხლის შინაარსი შემდეგია - სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

23.2. მოცემულ შემთხვევაში, ცხრილები, რომლის დართვასაც ითხოვდა აპელანტი, ასახავს 2021 წლის მონაცემებს, ფოთის საქალაქო სასამართლოში კი, საქმის განხილვა 2021-2022 წლებში მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის მონაცემების წარდგენის შესაძლებლობა მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოშივე გააჩნდა. აპელანტს ხსენებული ცხრილების ფოთის საქალაქო სასამართლოში წარუდგენლობის სსსკ 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია, რაც სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების დართვის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამრიგად, საკასაციო პალატას სააპელაციო სასამართლოს 24.05.2023 წლის საოქმო განჩინება კანონიერად და დასაბუთებულად მიაჩნია.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2560 ლარის 70%, რაც შეადგენს 1792 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. „ს.ო.ლ.კ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. „ს.ო.ლ.კ–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2560 ლარის (საგადასახადო დავალება №1689245278, გადახდის თარიღი: 13.07.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1792 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი