Facebook Twitter

¹ბს-1135-1086(2კ-07) 11 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ლ.-ს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 27 ივნისს გ. ლ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.2 და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის – 25290 ლარის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-3).

2006 წლის 15 ნოემბერს გ. ლ.-მ დაზუსტებული სასარჩელო გამცხადება წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით 27313 ლარის და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის ერთი თვის იძიულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 76).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან _ 2004 წლის 1 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობით (იხ. ს.ფ. 95-99).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 112-115).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. ლ.-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 129-132).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს – 113 ლარის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 165-172).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გ. ლ.-მ.

გ. ლ.-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 178-181).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 192-194).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრისა და 2008 წლის 14 იანვრის განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 187-188; 196-197).

საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს გ. ლ.-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

გ. ლ.-მ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მიღებული, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რადგან სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლი, მაგრამ აღნიშნული ნორმა განმარტა არასწორად, რამაც განაპირობა გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანა.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹1559 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი აქტის გამოცემით ფინანსთა სამინისტროს უნდა აღედგინა გ. ლ.-ე სამუშაოზე. გ. ლ.-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ¹573-კ ბრძანებით დაინიშნა საბაჟო “...-ის” საბაჟო გამშვები პუნქტ “...-ის” უფროსი ...-ის თანამდებობაზე. ამდენად, ის პერიოდი, როდესაც გ. ლ.-ე არ მუშაობდა უნდა ჩაითვალოს იძულებით არყოფნის პერიოდად და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური (იხ. ს.ფ. 206; 211).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მითითებით, საქმე მნიშვნელოვანი არ არის სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს დავებზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა და სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე, 37-ე და მე-9 მუხლები.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მითითებით, არასწორია კასატორ გ. ლ.-ის მოსაზრება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. კასატორმა გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მითითებული ნორმითა და ამავე კანონის მე-9 მუხლით არ დგინდება, რომ საჯარო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო შედგება თანამდებობრივი სარგოსა და ისეთი დანამატებისაგან, როგორიცაა პრემია. პრემია არ წარმოადგენს სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი ხელფასის ნაწილს. ამდენად, მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ დააკმაყოფილა გ. ლ.-ის მოთხოვნა.

კასატორის აზრით, ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებია და აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მოხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, ამგვარ დავებზე არ არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლი.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად ჩათვალა, რომ სამსახურში აღდგენა წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას და უშუალოდ არ დაუვალებია გ. ლ.-ის სამსახურში აღდგენა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო ვალდებული არ იყო აღედგინა გ. ლ.-ე სამსახურში, გამოიჩინა კეთილი ნება და შესთავაზა სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იმ თანამდებობაზე, რა ვაკანტური თანამდებობაც არსებობდა. შესაბამისად, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია ფინანსთა სამინისტროსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 113 ლარის ოდენობით. გ. ლ.-ის აღდგენით ფინანსთა სამინისტრო არ აღიარებს გათავისუფლების ბრძანების უკანონობას და არ არის ვალდებული გადაიხადოს იძულებითი განაცდური ხელფასი, რადგან პერიოდი, როდესაც გ. ლ.-ე არ მუშაობდა, ვერ ჩაითვლება უკანონოდ გაცდენილ ვადად (იხ. ს.ფ. 207-209; 214-216).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრისა და 2008 წლის 14 იანვრის განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 187-188; 196-197).

კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს საფუძვლიან დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.