30 ოქტომბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-710-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 14 მაისიდან, სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოში“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან სააგენტო) ა.ს–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) ტყითსარგებლობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად 2017 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა, საიდანაც, ამავე დღიდან, სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ტყითსარგებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გადაიყვანეს. ხსენებულ თანამდებობაზე მოსარჩელე 2019 წლის 20 მარტამდე იყო დასაქმებული, ხოლო, 20 მარტს, დასაქმებული დაწინაურდა და ამავე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა.
2. დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება 3 025 ლარს შეადგენდა.
3. ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ტყითსარგებლობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, სადაც მოსარჩელე უვადოდ იყო დანიშნული, მისი სამუშაოს აღწერილობაში შედიოდა:
- სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და ანგარიშგება;
- ტყითსარგებლობის რეგულირება და დაგეგმვის ორგანიზება;
- ტყითსარგებლობის უფლების გასაცემი ობიექტების მომზადების ორგანიზება;
- ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
- ტყითსარგებლობის გეგმების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების ორგანიზება;
- უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადების ორგანიზება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის, აგრეთვე სახდელების შეფარდების, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ადგილზე განხილვისა და სამართალდამრღვევებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ტრადიციული ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
4. 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
5. დასაქმების პერიოდში მოსარჩელეს არაერთი ჯილდო და წახალისება აქვს მიღებული და რაიმე სახის პასუხისმგებლობა მას არასდროს არ დაჰკისრებია.
6. 2023 წლის 22 ოქტომბრის განცხადებით, დასაქმებულმა, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების გადაცემა მოსთხოვა, რაც სააგენტოს მისთვის არ გადაუცია.
7. განთავისუფლებისას მოსარჩელეს არ მიუღია კომპენსაცია, გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება ან სხვა რაიმე შემოსავალი.
8. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნებით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
9. 2024 წლის 30 მაისის განცხადებით, დასაქმებულმა სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და განმარტა, რომ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ იყო, ამასთან, მისი განთავისუფლების შემდეგ შრომის ანაზღაურება გაიზარდა და 3 325 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა: სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო, მისი შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსაციის სახით 79 000 ლარის, ასევე, განთავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველთვიურად 3 325 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურისა და 2022-2023 წლებში გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების - 3 300 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
10. 2024 წლის 7 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააზუსტა, კერძოდ, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში სარჩელზე უარი თქვა. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად 79 000 ლარის ოდენობით კომპენსაციისა და ყოველთვიურად 3 325 (გადასახადების ჩათვლით) ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებს მოსარჩელემ მხარი დაუჭირა, შესაბამისად, მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და დაზუსტებული მოთხოვნებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
11.1. დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
11.2. გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
11.3. სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 7 000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ოდენობით კომპენსაციის, ასევე, 2023 წლის 12 ოქტომბრიდან, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 3 325 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა;
11.4. კომპენსაციის დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაქმებულმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა, სადაც აღნიშნა, რომ მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა - 79 000 ლარი (ორი წლის ხელფასის ჯამი), დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი იყო და დამსაქმებელს სრული მოცულობით უნდა დაკისრებოდა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
13.1. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის შეუსაბამოდ მცირე ოდენობაზე მითითებით, რასაც მიკუთვნებული კომპენსაციის შესაბამისობასთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიიცია უპირისპირდებოდა. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონმდებელმა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა დაუშვა არა მხოლოდ სამსახურში აღგენასთან ერთად, არამედ, ასევე, კომპენსაციის მიკუთვნებისასაც, რაც, თავის მხრივ, შეცვლილი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით, განმსაზღვრელია კომპენსაციის ოდენობისთვის (საქართველოს შრომის კოდექსის სშკ-ს 48-ე მუხლი).
13.2. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა (განუსაზღვრელობა), მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (ყოველთვიურად 3 325 ლარი) მიკუთვნება და გამართლებულად მიიჩნია, რომ უკანონოდ განთავისუფლებულ მუშაკს კომპენსაციის სახით 7 000 ლარი მიეღო, რაც დაახლოებით მოსარჩელის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობას შეადგენდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის კომპენსირებას ჯეროვნად უზრუნველყოფდა.
14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
- კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, უწინარესია, დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა სამართლიანი ბალანსი აღდგეს. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა არასწორად დატოვა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე სააგენტოში მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული, სადავო ბრძანებით სამუშაოდან იგი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წინასწარი შეტყობინებისა და საფუძვლის გარეშე გათავისუფლდა.
- მუშაობის დაწყების დღიდან დასაქმებულს არაერთი ჯილდო და წახალისება აქვს მიღებული და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. 2023 წლის 22 ოქტომბრის განცხადებით დასაქმებულმა მოპასუხისგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის წესრილობითი დასაბუთების გადაცემა მოითხოვა, რაც დამსაქმებელს მისთვის არ გადაუცია. განთავისუფლების მომენტში მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება 3 025 ლარს შეადგენდა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ ეს თანხა 3 325 ლარით განისაზღვრა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა დამსაქმებლისთვის კომპენსაციის სრული მოცულობით დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
19. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც შემდეგია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
20. „კომპენსაციის“ ცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).
ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).
21. მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომელთა გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია - 7 000 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა), გონივრულია.
განსახილველი საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონმდებელმა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა დაუშვა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენასთან ერთად, არამედ, ასევე, კომპენსაციის მიკუთვნებისას, რაც, თავის მხრივ, შეცვლილი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით, კომპენსაციის ოდენობისთვის განმსაზღვრელია. სშკ-ს 48.9 მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2023 წლის 12 ოქტომბრიდან, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად, მოპასუხეს 3 325 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ზემოაღნიშნული, მიკუთვნებულ კომპენსაციასთან (7 000 ლარი) ერთობლიობაში, სრულად და ადექვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის უფლებრივ კომპენსირებას.
22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია