Facebook Twitter

საქმე №ა-5917-შ-133-2025 06 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

შუამდგომლობის ავტორი – თ.დ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.დ–ნი და გ.დ–ნი განქორწინდნენ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 27 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა თ.დ–ნმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თ.დ–ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.დ–ნი და გ.დ–ნი განქორწინდნენ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორი არის მოპასუხე მხარე, რომელიც დაეთანხმა განქორწინებას. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა (გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება თ.დ–ნისა და გ.დ–ნის განქორწინების შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.დ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის, ფინიკეს სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება თ.დ–ნისა და გ.დ–ნის განქორწინების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი