№ას-906-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ც.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ა“, მ.თ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც.დ–ძემ, შპს „ი–ასა“ და მ.თ–იას წინააღმდეგ სოლიდარულად, მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მატერიალური ზიანის სახით 22 500 ლარი და მორალური ზიანის სახით 20 000 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
5.2. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე კომპანიაში პლასტიკურ ქირურგს მ.თ–იას შემდეგი ჩივილებთ: ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ცხვირის ფორმის და ძუძუების ფორმასა და ზომაზე უკმაყოფილება. დადგინდა შემდეგი ობიექტური მონაცემები: ცხვირი საშუალო ზომის მნიშვნელოვნად ასიმეტრიული - გამოხატული ძვლოვანი და ძვლოვანი ხრტილოვანი კეხი. ძვლოვანი ჩონჩხი დეფორმირებული და განიერი. ნაზოლაბიალური კუთხე 90 გრადუსზე ნაკლები. წვეტი ფართე და დაშვებული. ძგიდე S-ის მაგვარადაა დეფორმირებული. ცხვირის ლორწოვანი შეშუპებული. სუნთქვა ორივე ნესტოდან გაძნელებული.
5.3. ობიექტურად ძუძუები არათანაბარი ზომის და ფორმის, პალპაციით რბილი, უმტკივნეულო, რაიმე კვანძოვანი წარმონაქმნი არ ისინჯება, კანის ელასტიურობა და ტურგორი ნორმის ფარგლებში. შესაბამისად, დაესვა დიაგნოზი: კეხიანი ცხვირი, ცხვირის ძგიდის გამრუდება და ძუძუების პოსტლაქტაციური ინვოლუცია.
5.4. მოსარჩელეს 2020 წლის 3 თებერვალს ჩაუტარდა მკერდის აუგმენტაცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5 600 ლარი.
5.5. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ში აღნიშნულია, რომ სარძევე ჯირკვლის სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდგომ, მოსარჩელეს დაუდგინდა მკერდის ასიმეტრიულობა, რომელიც გამოწვეული იყო კაფსულარული კონტრაქტურისგან, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათში 2638/20 კლინიკურ დიაგნოზში მითითებულია კაფსულარული კონტრაქტურის არსებობა.
5.6. წინასაოპერაციო ეპიკრიზის ობიექტურ მონაცემში აღნიშნულია, რომ პაციენტის ძუძუები არის ასიმეტრიული, მარცხენა სარძევე ჯირკვალი ხელების ზემოთ აწევისას დგას 2 სმ-ით მაღლა ვიდრე მარჯვენა, „...პალპაციით უმტკივნეულო და მეტად დაჭიმული ვიდრე მარჯვენა ...“ პაციენტს 2020 წლის 3 სექტემბერს ჩაუტარდა, ღირებულების გადახდის გარეშე მორიგი ქირურგიული ოპერაცია, „კაფსულექტომია“.
5.7. 2023 წლის 12 მარტს, სს „ე.ჰ–ის“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა მიხედვით მოსარჩელეს მარცხენა მკერდზე აღენიშნება კაფსულარული კონტრაქტურა, პალპაციით მკერდი ძლიერ მკვრივია, დეფორმირებულია. ხსენებული სამედიცინო დოკუმენტის შრომით რეკომენდაციებში, მითითებულია, რომ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა, მარცხენა ძუძუს იმპლანტის შეცვლა, კაპსულექტომია, საიმპლანტე ჯიბის რეკონსტრუქცია ADM გრაფტით HASD60.
5.8. განმეორებითი ოპერაციის შემდგომ მოსარჩელემ ოფიციალური წერილით მიმართა კლინიკა „ი–ას“, პაციენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მარცხენა ძუძუს ფორმაზე. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების მიუხედავად დამდგარი შედეგი არ აღმოფხვრილა, ასიმეტრია კვლავ სახეზე იყო.
5.9. სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა იყო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მისი განმარტებით, მკერდის იმპლანტის გადიდების ოპერაციის შემდეგ, არასწორი სამედიცინო მომსახურების ჩატარების შედეგად განუვითარდა. მოსარჩელის განმარტებითვე, განმეორებითი ოპერაცია არააპრობირებული მეთოდით ჩატარდა.
5.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, როდესაც დადასტურდა, რომ პაციენტს მარცხენა მკერდში განუვითარდა კაფსულარული კონტრაქტურა. განმეორებითი ოპერაცია ჩატარდა 2020 წლის 3 სექტემბერს.
5.11. მოსარჩელის მიერ წარდგენილ და სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ წინასაოპერაციო ეპიკრიზში ინფორმირებულ თანხმობაში გაკეთებულ მოსალოდნელ პოსტოპერაციულ გართულებებზე, დოკუმენტში მითითებულია: სისხლდენა, შეშუპება, კაფსულარული კონტრაქტურა, მკერდის დეფორმაცია, ასიმეტრია (რაც ნიშნავს იგივეს რაც კაფსულარული კონტრაქტურა), კალცის დაგროვება იმპლანტის მიდამოებში, ალერგია - იმპლანტზე, ოპერაციის შემდგომ ქსოვილების შეშუპება, დვრილების მგრძნობიარობის დაკარგვა და ა.შ.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა კვლევის, სპეციალისტთა ჩვენების გათვალისწინებით გასაზიარებელი იყო მოპასუხეთა პოზიცია, რომ კაფსულარული კონტრაქტურის განვითარება არ წარმოადგენს ექიმის გადაცდომის შედეგს. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ კაფსულარული კონტრაქტურა არის ამ ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება, რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოწვეული არც კლინიკის, არც ქირურგის ან რომელიმე მედ-პერსონალის ბრალეულობით. მითითებული გარემოების დამადასტურებლად მოპასუხეთა მიერ მოხმობილია სურსათის ადმინისტრაცია (FDA) ძუძუს იმპლანტების რისკები და გართულებების შესახებ ცნობები; ასევე წარმოდგენილია http://www.plasticsurgery.org სტატია/ბლოგი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა არის კაფსულარული კონტრაქტურა და რა შეიძლება იწვევდეს მის განვითარებას.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არასათანადოდ შეაფასა, მათ შორის ექსპერტების ახსნა-განმარტებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიიღებდა.
6.3. კასატორის განმარტებით ის სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული ოპერაციის შემდგომ გართულებების შესახებ.
6.4. კასატორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული, მის მიმართ განხორციელდა არასწორი სამედიცინო მანიპულაცია, რამაც შემდეგი ოპერაციების ჩატარების აუცლებლობა წარმოშვა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა მიმართა მოპასუხე კომპანიაში პლასტიკურ ქირურგს მ.თ–იას შემდეგი ჩივილებთ: ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ცხვირის ფორმის და ძუძუების ფორმასა და ზომაზე უკმაყოფილება. დადგინდა შემდეგი ობიექტური მონაცემები: ცხვირი საშუალო ზომის მნიშვნელოვნად ასიმეტრიული - გამოხატული ძვლოვანი და ძვლოვანი ხრტილოვანი კეხი. ძვლოვანი ჩონჩხი დეფორმირებული და განიერი. ნაზოლაბიალური კუთხე 90 გრადუსზე ნაკლები. წვეტი ფართე და დაშვებული. ძგიდე S-ის მაგვარადაა დეფორმირებული. ცხვირის ლორწოვანი შეშუპებული. სუნთქვა ორივე ნესტოდან გაძნელებული. ობიექტურად ძუძუები არათანაბარი ზომის და ფორმის, პალპაციით რბილი, უმტკივნეულო, რაიმე კვანძოვანი წარმონაქმნი არ ისინჯება, კანის ელასტიურობა და ტურგორი ნორმის ფარგლებში. შესაბამისად, დაესვა დიაგნოზი: კეხიანი ცხვირი, ცხვირის ძგიდის გამრუდება და ძუძუების პოსტლაქტაციური ინვოლუცია. მოსარჩელეს 2020 წლის 3 თებერვალს ჩაუტარდა მკერდის აუგმენტაცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5 600 ლარი. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ში აღნიშნულია, რომ სარძევე ჯირკვლის სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდგომ, კასატორს დაუდგინდა მკერდის ასიმეტრიულობა, რომელიც გამოწვეული იყო კაფსულარული კონტრაქტურისგან, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათში 2638/20 კლინიკურ დიაგნოზში მითითებულია კაფსულარული კონტრაქტურის არსებობა. წინასაოპერაციო ეპიკრიზის ობიექტურ მონაცემში აღნიშნულია, რომ პაციენტის ძუძუები არის ასიმეტრიული, მარცხენა სარძევე ჯირკვალი ხელების ზემოთ აწევისას დგას 2 სმ-ით მაღლა ვიდრე მარჯვენა, „...პალპაციით უმტკივნეულო და მეტად დაჭიმული ვიდრე მარჯვენა ...“ პაციენტს 2020 წლის 3 სექტემბერს ჩაუტარდა, ღირებულების გადახდის გარეშე მორიგი ქირურგიული ოპერაცია, „კაფსულექტომია“. 2023 წლის 12 მარტს, სს „ე.ჰ–ის“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა მიხედვით მოსარჩელეს მარცხენა მკერდზე აღენიშნება კაფსულარული კონტრაქტურა, პალპაციით მკერდი ძლიერ მკვრივია, დეფორმირებულია. ხსენებული სამედიცინო დოკუმენტის შრომით რეკომენდაციებში, მითითებულია, რომ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა, მარცხენა ძუძუს იმპლანტის შეცვლა, კაპსულექტომია, საიმპლანტე ჯიბის რეკონსტრუქცია ADM გრაფტით HASD60. განმეორებითი ოპერაციის შემდგომ მოსარჩელემ ოფიციალური წერილით მიმართა კლინიკა „ი–ას“, პაციენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მარცხენა ძუძუს ფორმაზე. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების მიუხედავად დამდგარი შედეგი არ აღმოფხვრილა, ასიმეტრია კვლავ სახეზე იყო.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მკერდის იმპლანტის გადიდების ოპერაციის შემდეგ, არასწორი სამედიცინო მომსახურების ჩატარების შედეგად განუვითარდა. მოსარჩელის განმარტებითვე, განმეორებითი ოპერაცია არააპრობირებული მეთოდით ჩატარდა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ამავე კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
16. „სამედიცინო შეცდომა“ და „სამედიცინო გადაცდომა“ განმარტებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და გულისხმობს, პირველ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიე შეცდომით გამოწვეულ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან სიკვდილს, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებ[1]ლის ქმედებით, უმოქმედობით ან გულგრილობით გამოწვეულ პროფესიულ შეცდომას, რომელმაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი და რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო (საქართველოს მთავრობის დადგენილება №177 სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ).
17. სამედიცინო შეცდომა, ასევე, მოიხსენიება, როგორც „მცდარი სამედიცინო ქმედება“ და განიმარტება, როგორც ექიმის მიერ უნებლიეთ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მუხლი 3).
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საექიმო შეცდომაა „ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, პაციენტისთვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა“. ტერმინი „პროფესიული შეცდომა“ მოხსენიებულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დაშვებული შეცდომა, რომლის შედეგად პაციენტს ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი მიადგა. ხუთივე ტერმინიდან ძირითადი ელემენტების ამოღების, გაანალიზებისა და შეკავშირების შედეგად, შესაძლოა ერთიანი დეფინიციის ჩამოყალიბება, კერძოდ: სამედიცინო შეცდომა არის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიედ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების დარღვევა, რაც პაციენტისათვის მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. სამედიცინო დაწესებულებაში „სტანდარტის“ ცნება ხშირად გულისხმობს ტექნიკურ რეგლამენტს, პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, გაიდლაინს, კლინიკურ ოქმს, ადმინისტრაციული პროცედურების ან სტანდარტული ოპერაციული პროცედურების აღწერას, პროდუქტების ჩამონათვალს და აღწერილობას, ასევე შესრულების თანმიმდევრობის დეტალურ აღწერას და წესებს. ამ კონტექსტში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტერმინი „მკურნალობის პროტოკოლიც.“ უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ პაციენტისთვის მიყენებული ზიანი უშუალოდ მცდარი სამედიცინო ქმედებითაა გამოწვეული. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი მკურნალობისას/სამედიცინო მანიპულაციისას დაშვებული შეცდომიდან უნდა დადგეს. სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დელიქტი. დელიქტის დროს უნდა არსებობდეს შემდეგი სამი პირობის კუმულატიური ერთობლიობა: ერთმა პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით უნდა მიაყენოს მეორეს გარკვეული სახის ზიანი; პირის მოქმედება უნდა იყოს ბრალეული (გაუფრთხილებელი ან განზრახი); უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პირის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს, ზიანს შორის. სკ-ის 1007-ე მუხლი კი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ამტკიცოს, რომ პაციენტისთვის მიყენებული ზიანი არ წარმოადგენს მისი ბრალეული მოქმედების შედეგს. „აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას.
20. მხარემ უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ. სუსგ საქმე Noას-111-111- 2018, 11 მაისი, 2018 წელი). „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება.
22. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. პაციენტის აღნიშნული უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (მე-8 მუხლი), ასევე, „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (მე-5 მუხლი). პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება მოპასუხე კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ყველა ის რესურსი და ბერკეტი, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად (შეად. სუსგ №ას- 645- 2019, 26.07.2019 6.). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ეს საკითხი სადავოდ განხდარი არ ყოფილა.
23. სსკ-ის 1007-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის დანაწესი სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს აკისრებს დაზარალებულს. ნორმის აღნიშნული დანაწესის თანახმად, დაზარალებულმა ერთდროულად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, როგორიცაა: ა) ზიანი; ბ) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; გ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი (სსკ- ის 992-ე მუხლი). აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება დაწესებულების ვალდებულების დარღვევას.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს, განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, როდესაც დადასტურდა, რომ პაციენტს მარცხენა მკერდში განუვითარდა კაფსულარული კონტრაქტურა. განმეორებითი ოპერაცია ჩატარდა 2020 წლის 3 სექტემბერს. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული წინასაოპერაციო ეპიკრიზში ინფორმირებულ თანხმობაში გაკეთებულ მოსალოდნელ პოსტოპერაციულ გართულებები, დოკუმენტში მითითებულია: სისხლდენა, შეშუპება, კაფსულარული კონტრაქტურა, მკერდის დეფორმაცია, ასიმეტრია (რაც ნიშნავს იგივეს რაც კაფსულარული კონტრაქტურა), კალცის დაგროვება იმპლანტის მიდამოებში, ალერგია - იმპლანტზე, ოპერაციის შემდგომ ქსოვილების შეშუპება, დვრილების მგრძნობიარობის დაკარგვა და ა.შ. ინფორმირებულ თანხმობაზე პაციენტს ხელმოწერა დაფიქსირებული ოპერაციამდე, რაც გულისმობს იმას, რომ ყველა შესაძლო გართულება მოსარჩელისთვის კონსულტაციის დროს იყო ცნობილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმისთვის არსებითი არის ის გარემოება, რომ ოპერაციისას ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში ისეთი გართულების ფაქტი, რომელიც ჩატარებულ ოპერაციას არ ახასიათებს არ დაფიქსირებულა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ექიმის ბრალეულობაზე მითითების მიუხედავად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოუდგინა სასამართლოს. მოსარჩელემ მხოლოდ უცხოელ ექიმებთან არსებული მიმოწერა წარმოადგინა სასამართლოში, თუმცა არ დგინდება ვის ეკუთვნის აღნიშნული წერილები, ამასთან, მითითებულ წერილში აღნიშულია, რომ „პაციენტს უფლება აქვს ჩაიტაროს მკერდის იმპლანტების გამოცვლა“ რაც არ გულისხმობს იმას, რომ იმპლანტების გამოცვლის შემდგომ კაფსულარული კონტრაქტურა არ გაჩნდება კვლავ. არც იმაზეა მითითება, რომ არსებული შედეგი ქირურგის და მედ პერსონალის გადაცდომის შედეგია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და შეფასებას, რომ დასახელებული წერილი ვერ გახდება ექიმის ბრალეულობის დამადასტურებელი, საკმარისი და რელევანტური მტკიცებულება.
26. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მითითებებზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მისი მტკიცებით მეორე ოპერაცისას ჩაუტარდა მხოლოდ „დასერვა“, თუმცა, საქმეში დაცული სამედიცინო დოკუნეტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელეს განმეორებითი ოპერაციისას ჩაუტარდა: „სუბმამარული მიდგომით 5 სმ-იანი განაკვეთიდან გამოიყო იმპლანტის ჯიბე, იმპლანტი ინტაქტური, ცვლილებების გარეშე. ქვედა პოლუსში უხეში მქაჩავი ნაწიბუროვანი, ფიბროზული ქსოვილი, კაფსულის მთლიანობის დარღვევის მიზნით გაკეთდა მისი ნაწილობრივი რეზექცია, ქვედა პოლუსში, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაისერა“. საქმეში სპეციალისტების მიერ ითქვა, რომ აღნიშნული ჩარევა არის აღიარებული მეთოდი კაფსულარული კონტრაქტურის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის შეფასება და ასევე ორი სპეციალისტის გამოკითხვის დროს მათ გააკეთეს განმარტება, ასეთი მეთოდი რამდენად იყო მისაღები. სპეციალისტებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ კაფსულარული კონტრაქტურის არსებობის შემთხვევაში და რომ ეს მიდგომა არის აპრობირებული მეთოდი. მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ითქვა, რომ ოპერაციის დროს აღმოჩდა ინფექცია და რომ კონტრაქტურა გამოწვეულია ინფექციით, სასამართლომ გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და ინფექციის არსებობის ფაქტი არ არის დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწვეულ სპეციალისტებს დაესვათ კითხვა - შესაძლოა, თუ არა იმპლანტების შეცვლის შემდეგ ისევ გაჩნდეს კაფსულარული კონტრაქტურა, ორივე სპეციალისტმა დაადასტურა, რომ შესაძლოა ისევ გაჩნდეს, ვინაიდან ეს არის იდივიდუალური გართულება, თუმცა შეიძლება სხვა მიზეზითაც. სპეციალისტთა განმარტების გარდა საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ კაფსულარული კონტრაქტურა შესაძლოა გაჩნდეს ოპერაციის ჩატარებიდან მრავალი წლის შემდეგაც. (იხ. აშშ წამლისა და სურსათის ადმინისტრაცია (FDA) ძუძუს იმპლანტების რისკები და გართულებები, აღნიშნული დოკუმენტის ბოლო გვერდზე დატანილია სურათი, რომელზეც მითითებულია, რომ ეს შედეგი სურათზე აღნიშნულ პაციენტს განუვითარდა ოპერაციიდან 7 წლის შემდეგ).
28. მოსარჩელე ინფორმირებული იყო, თუ რა გართულებები შესაძლოა მოჰყოლოდა ოპერაციას, პაციენტი სრულად და დეტალურად იყო ინფორმირებული, რაზეც ხელი მოაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ „ინფორმირებულ თანხმობას“. უფრო მეტიც, პაციენტი/მოსარჩელე სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში აქტიურად საუბრობს ამ თემებზე და კარგად არის გათვითცნობიერებული მსგავსი გართულებების შესახებ, სოციალურ ქსელში ერთერთ ჯგუფში მოსარჩელე წერს, რომ „ძალიან რთული რეაბილიტაცია აქვს და ძალიან იღბლიანი უნდა იყო, რომ კონტრაქტურა არ განგივითარდეს და კიდე არ გახდე საოპერაციო, ისიც არ იცი შემდეგ წარმატებული იქნება თუ არა“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 163).
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სასამართლო არ აფასებს მოსარჩელის ცხვირის ოპერაციის და შემდგომი გამოვლინებების საკითხს, ამ შემთხვევაში სადავოა რიგითობა, ვინაიდან ორივე ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა. მოსარჩელემ საკითხი დასვა ოპერაციის რიგითობებზე და ეჭვქვეშ დააყენა ის საკითხი, თუ რომელი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო პირველი ცხვირის ოპერაცია, თუ მკერდის, რაზეც პასუხი გაეცა პროფესიული ასოციაციის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ პაციენტს ცხვირის ოპერაციის შემდეგ სრულიად სტერილურ გარემოში ყველა სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით ჩაუტარდა მკერდის ოპერაცია. წარმოდგენილ მტკიცებულებებში ჩანს, თუ რამდენი და რა სახარჯი მასალები და ინსტრუმენტებია გამოყენებული ოპერაციის დროს, რა მედიკამენტები გაუკეთდა პაციენტს, რაც ცალსახად ადასტურებს ექიმის მხრიდან ყველა წესების დაცვას.
30. განსახილველ საქმეში, ვინაიდან სადავო იყო ოპერაციების რიგითობის საკითხი, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები მოსარჩელის მხრიდან დაესვა სხდომაზე მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც განმარტეს, რომ ასეთი წესი ზოგადად არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის განმეორებითი ოპერაცია ტარდება, სასურველია გაკეთდეს ჯერ ცხვირი და შემდგომ მკერდის ოპერაცია. თუმცა ზოგადად აღნიშნული საკითხი დამოკიდებულია ქირურგის გადაწყვეტილებაზე. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელე, მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებში წერს, თუ რამდენად რთული და სარისკო იყო ცხვირის ოპერაციის გაკეთება, (ც.დ–ძის მესიჯი სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში: „ჩემი ცხვირის გაკეთება უდიდესი რისკი იყო, იმიტომ რომ არ მქონდა ხრტილი და სქელიც მქონდა, ეს გოგო სასწაულებს აკეთებს, ამერიკის კლინიკებში მუშაობდა“). პაციენტი/მოსარჩელე თავად აღიარებს როგორ რთულ მდგომარეობაში ქონდა ცხვირი. ამდენად იყო დიდი რისკი იმისა, რომ საჭირო გამხდარიყო თავად პაციენტის ბიოლოგიური მასალის გამოყენება, რათა ქირურგს მიეღო ცხვირის პლასტიკის საუკეთესო შედეგი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ესეთი საჭიროება არ დადგა. საქმეში არსებული სამედიცინო ჩანაწერები ადასტურებს, რომ პაციენტს ყველა საჭირო მედიკამენტები გაუკეთდა, მაგალითად ზოგადი ანესთეზიის რუკაზე ჩანს თუ როდის და რამდენჯერ გაუკეთდა ანტიბიოტიკი პაციენტს. სწორედ აღნიშნულზე მიუთითეს სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტებმაც, რომ ოპერაციების რიგითობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დაცული იყოს სტერილურობა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ცხვირის და მკერდის ოპერაციის დროს გამოიყენება სრულიად სხვადასხვა ინსტრუმენტები. მოსარჩელე იმასაც მიუთითებდა, რომ მასთან შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებაში არიდებდნენ თავს, ქირურგი ემალებოდა, თუმცა მსჯელობისას იკვეთება, რომ არაერთხელ შეხვდა სამედიცინო დაწესებულების წამომადგენლებს და ექიმს, საქმეში დაცულია ქირურგთან მიმოწერის ამსახველი მტკიცებულებებიც და აუდიო ჩანაწერებიც.
31. საქმის მასალებით და სხდომაზე გაცხადებული განმარტებებით, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის განცხადებით, მისთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. კასატორს სარჩელთან ერთად წარმოდგენილი აქვს ფორმა 100/ა. მან მიმართა კლინიკა „კარაპს მედ-ლაინის“ ქირურგ ა.კ–ს და მოითხოვა ფორმა 100/ა და მომსახურების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა არსად ფიქსირდება, რომ წინა ოპერაციების შემთხვევაში არის დაშვებული რაიმე სამედიცინო შეცდომა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განმეორებითი უსასყიდლოდ ჩატარებული ოპერაცია არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ექიმმა პირველი ოპერაციის ჩატარებისას დაუშვა შეცდომა, და აღნიშნულის გამოსასწორებლად ჩატარდა მეორე.
32. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში არ დგინდება ექიმის ბრალეულობის საკითხი, თუმცა მიუხედავად ამისა მოახდენს შეფასებას რამდენად მიზნობრივი და რეალურია მოსარჩელის კალკულაცია, საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით. საქმეში წარმოდგენილი იქნა შპს „თ. ც. ს–ოს“ განფასება, რომლის მიხედვითაც იმპლანტის გამოცვლის ღირებულება შეადგენს 8 700 ლარს. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულების შპს „ს–ის“ განფასება, რომლის მიხედვითაც ორივე მკერდის ღირებულება არის 10 000-11 000 ლარის ფარგლებში, ხოლო ერთი მკერდის იმპლანტის გამოცვლის ღირებულებად მითითებულია 7 000-8 000 ლარი. ოპერაციის ღირებულებასთან მიმართებით სასამართლომ, სხდომაზე მოისმინა სპეციალისტ ა.კ–ძის განმარტება, რომელმაც იგივე მომსახურების ღირებულება მიუთითა. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებებით და საქმეზე მოწვეული ორივე სპეციალისტის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში - კაფსულარული კონტრაქტურა, არ წარმოადგენს ქირურგის გადაცდომას და არც სამედიცინო დაწესებულების რაიმე სახით ბრალეულობას; განმეორებითი ოპერაცია რაც პაციენტს ჩაუტარდა, შეესაბამება თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის მოთხოვნებს კაფსულარული კონტრაქტურის მკურნალობაში; ცხვირისა და მკერდის ოპერაციის რიგითობაზე, დადასტურდა, რომ ქირურგი მოქმედებდა სრული წესების დაცვით, როცა ჩაატარა ჯერ ცხვირის ოპერაცია და შემდეგ მკერდის გადიდების ოპერაცია.
33. ამდენად, საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მარცხენა მკერდში განუვითარდა კაფსულარული კონტრაქტურა, თუმცა სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც დამდგარი შედეგი არის ექიმის და სამედიცინო დაწესებულების არაკვალიფიციურობის და/ან გადაცდომის შედეგი. ექიმი და სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებელია მხოლოდ მცდარ სამედიცინო მოქმედებაზე და მისი საქმიანობის ბრალეულობის ვარაუდი (პრეზუმფცია) არ მოქმედებს. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ექიმი და სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი, როდესაც ზიანი, რომელიც პაციენტს მიადგა, გამომდინარეობს მკურნალობის დროს დაშვებლი ბრალეული შეცდომიდან. ანუ თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას ექიმის და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო სტანდარტებიდან გადახვევა. ფაქტი იმის შესახებ, რომ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს სტანდარტებიდან არ გადაუხვევია დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო დელიქტის შემთხვევაში, აუცილებელია გამოირკვეს ის გარემოებები, რომლებიც საჭიროებს პროფესიულ სამედიცინო შეფასებას, რადგან ამგვარი შეფასება ვერ მოხდება მხოლოდ სამართლებრივი ინტერპრეტაციის გზით. სამედიცინო დელიქტების განხილვისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზიანის წარმომშობი მიზეზების შესწავლას, რადგან ჯანმრთელობის დაზიანება და/ან არასასურველი შედეგი (თუნდაც პლასტიკური ქირურგიის შემდგომ) შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ მცდარ სამედიცინო ქმედებას, ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, არამედ ის იყოს განპირობებული ადამიანის ორგანიზმის ინდივიუალური თავისებურებებით, მისი მოვლით.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალისტებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარეაბილიტაციო პერიოდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უვლის პაციენტი ნაოპერაციებ უბანს და ა.შ. დადასტურებულია, რომ „ი–აში“ ორივე შემთხვევაში მოსარჩელეს ჩაუტარდა სრული და ხარისხიანი, სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ორგანიზმის თავისებურებებზე საუბარია მოსარჩელის მიერ 2023 წლის 13 სექტემბერს წარმოდგენილ - მტკიცებულებაში http://www.plasticsurgery.org-იდან ბლოგი. ასევე დარგობრივი ასოციაციის პასუხებში. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებაც კი ადასტურებს, რომ კაფსულარული კოტრაქტურა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება მკერდის იმპლანტაციის შემდეგ და ეს არ არის ექიმის გადაცდომით გამოწვეული.
35. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს, თუმცა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს აწევს. მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა თუ რა დარღვევებით ჩატარდა მისი სამედიცინო მომსახურება და რა გადაცდომას ჰქონდა ადგილი მკურნალი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. პირიქით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ კაფსულარული კონტრაქტურის განვითარების რისკი არის 15-20 % ასეთი ოპერაციების შემდეგ.
36. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან, წინამდებარე შემთხვევაში არ დადგინდა მოპასუხეების ბრალი, მოპასუხეების ქმედების და მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
37. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე