№ას-986-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ნ–მ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის Nბ128.128230131 ბრძანების, თანმდევ შედეგებთან ერთად (შპს „ნ–ს“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნა და საბანკო გარანტიის 17011 ლარის სს „ა.დ–იდან გამოთხოვა), ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ნ–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 70126.39 ლარის ოდენობით. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 13 იანვრის Nბ128.128230131 ბრძანება თანმდევი შედეგებით, („მიმწოდებლის“ - შპს „ნ–ს“, შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის 17 011 ლარის სს „ა.დ–იდან“ გამოთხოვის შესახებ), როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 13 იანვრის Nბ128.128230131 ბრძანება თანმდევი შედეგებით („მიმწოდებლის“ შპს „ნ–ს“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის 17.011 ლარის სს „ა.დ–იდან“ გამოთხოვის შესახებ) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2022 წლის 14 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს „ნ–ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N73 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახინჯაურში, დუმბაძეებისა და ხონელიძეების დასახლებაში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ორთაბათუმის აგარაში ჩხაიძეების დასახლებაში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ორთაბათუმის აგარაში დ.ფ–ას სახლიდან ზურაბ ირემაძის სახლამდე, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისა და სოფელ თხილნარის მეურნეობაში თ. ქ–ძის სახლის მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სატენდერო ხარჯთააღრიცხვის შესაბამისად, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.
6.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 340 209.96 ლარს. სამუშაოების შესრულებისა და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრული იყო 120 კალენდარული დღით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა ორჯერ და საბოლოოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2022 წლის 14 ივნისის N73-ე ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, 2022 წლის 20 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული N4 ურთერთშეთანხმების აქტის საფუძველზე.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 14 ივნისის N73 ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ორგანიზაცია (შპს „ნ.“) კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით: I ეტაპი - 40 (ორმოცი) კალენდარული დღე, (2022 წლის 23 ივლისის ჩათვლით), არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 35%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; II ეტაპი - 40 (ორმოცი) კალენდარული დღე, (2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით), არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 35%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; III ეტაპი - 40 (ორმოცი) კალენდარული დღე, (2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით), არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა.
6.4. ხელშეკრულების 5.2. და 5.3. მუხლების მიხედვით, როგორც შესყიდვის ობიექტის ცალკეული ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება, ისე საბოლოო სამუშაოს მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული
პირის მიერ გაცემული დასკვნის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დაკვნის, გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის და შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ის წარდგენის შემდეგ.
6.5. ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, რაც უნდა ყოფილიყო მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 20 %.
6.6. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული სს „ა.დ–ის“ მიერ, 17011.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების შესრულების გარანტია NCPB/22-007284), რაც მოქმედებდა 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მოგვიანებით, ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში განხორციელებული ცვლილებებით, საგარანტიო პერიოდი გაგრძელდა და განისაზღვრა 2023 წლის 20 თებერვლის ჩათლით პერიოდით. მხარეთა შეთანხმებით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო აღნიშნულ გარანტია გამოეყენებინა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ნაკისირი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კი, შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია დაებრუნებინა მიმწოდებლისათვის მოთხოვიდან 10 დღის განმავლობაში.
6.7. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარეოება, რომ შპს „ნ–მ“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება, თუმცა მისი ცალკეული ეტაპის განხორციელება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულების ვადაში (ჯამში, 120 დღის განმავლობაში, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით) ვერ უზრუნველყო, რის გამოც შემსყიდველმა შპს „ნ–ს“ დაარიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ვადაგადაცილების მიუხედავად, შპს „ნ.“ მხარეთა შეთანხმებით აგრძელებდა სამუშაოთა წარმოებას ჯარიმების დარიცხვის ფონზე.
6.8. მხარეთა განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის მხარეთა შორის გაფორმებული, 2022 წლის 21 სექტემბრის, N1 მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე, 2022 წლის 23 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემსყიდველმა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შპს „ნ–ს“ მიერ შესრულებული 2 ეტაპის სამუშაოები, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახინჯაურში, დუმბაძეებისა და ხონელიძეების დასახლებაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ორთაბათუმის აგარაში ჩხაიძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ორთაბათუმის აგარაში დურსუნ ფაღავას სახლიდან ზურაბ ირემაძის სახლამდე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისა და სოფელ თხილნარის მეურნეობაში თენგიზ ქადაგიძის სახლის მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 231 054.92 (132 219.51+98 835.41) ლარი.
6.9. მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი საგადახდო (უნაღდო ანგარიშსწორების) დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „ნ–ს“, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, 2022 წლის 22 სექტემბერს, აუნაზღაურდა 128 914.01 ლარი, ხოლო 2022 წლის 27 დეკემბერს - 78 476.11 ლარი. (ჯამში 207390.12 ლარი). მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებულ ღირებულებას შორის სხვაობის თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში, შპს „ნ–თვის“ დარიცხული ჯარიმების/პირგასამტეხლოს ანგარიშში, რაც შპს „ნ–ს“ სადავოდ არ გაუხდია.
6.10. დადაგენილია, რომ გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა, შპს „ნ–მ“ 2022 წლის 14 ივნისს N73 ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, შეასრულა 70 126.39 ლარის
ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით, რითაც მან მთლიანად დაასრულა ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, შპს „ზ. და კ–ია“ A ტიპის ინპექტირების ორგანოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 30 იანვრის ინსპეტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით, რომლის დასკვნებიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სადავოდ არ გაუხდია.
6.11. მხარეთა განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 14.07.2022 წლის N74 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ნ–ს“ სრულად დასრულებული ქონდა 2022 წლის 19 დეკემბრამდე. ამასთან შესრულებული სამუშაოს ხარისხი სრულად შეესაბამებოდა სახელშეკრულებო პირობებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვის მიუხედავად, რაიმე ხარვეზი შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით გამოვლენილი არ ყოფილა. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მივიდა შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით: დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 14.07.2022 წლის N74 ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ახორციელებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მუნიციპალური მშენებლობის ტექნიკური კონტროლის განყოფილება. ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2022 წლის 19 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ინსპექტირების ორგანომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა შპს „ნ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ნ–ს“ მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული ქონდა სრულად და საჭირო იყო მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ანგარიშსწორების განხორციელების მიზით. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, 17.06.2022 წლის N73 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე, იმსჯელა სამუშაოთა შესყიდვის სატენდერო კომისიამ, 2022 წლის 20 დეკემბერს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ნ–ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული ქონდა სრულად, ასევე, წარმოდგენილი ქონდა ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით და ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესს/მიზანს წარმოადგენდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად განხორციელება და მოსახლეობის მოთხოვნილებების მაქსიმალურად გათვალისწინება/დაკმაყოფილება, მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2022 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ. დადგენილია, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი N4, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდით.
6.12. ამდენად, ზემოთ მითითებული წერილობითი დოკუმენტების შინაარსი ცხადყოფს, რომ შპს „ნ–ს“, 2022 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული ქონდა სრულად. შემსყიდველის მიერ სამუშაოთა მიღებისა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის აუცილებელი იყო ხელშეკრულების 4.3.(ბ) და 5.3. მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკცნის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის და შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის წარდგენა.
6.13. დადგენილია, რომ შპს „ნ–მ“ 2022 წლის 26 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაუგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის შესახებ შედგენილი ფორმა N2. ამასთან, შპს „ნ–მ“, ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 2022 წლის 29 დეკემბრამდე ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა შემყიდველისათვის. შესაბამისად, ვერ მოხდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
6.14. 2022 წლის 29 დეკემბერს, შპს „ნიამ“ წერილობით მიმართა ინსპექტირების ორგანოს - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს და აცნობა, რომ წლის ბოლოს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო საექსპერტო დაწესებულება ვერ ახერხებდა ობიექტის დათვალიერებასა და დასკვნის მიწოდებას, ასევე, ვერ ხერხდებოდა ლაბორატორიის 28 დღიანი მონაცემების მიღება, რის გამოც მიმწოდებელმა ითხოვა ხელშეკრულების
მოქმედების ვადის გაგრძელება.
6.15. დადგენილია, რომ შპს „ნ–ს“ თხოვნა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თობაზე არ დაკმაყოფილდა.
6.16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ნ–მ“ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 29.12.2022 წლამდე, ვერ უზრუნველყო, ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული, სამუშაოთა დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (საექსპერტო დასკვნის) წარდგენა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის 13 იანვარს გამოსცა N 128.128230131 ბრძანება, რომლის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 14 ივნისის N73 ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს „ნ–ს“ ჩამოერთვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 17011.00 ლარის ოდენობით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაევალა, 2022 წლის 14 ივნისის N73 ხელშეკრულების შესაბამისი ღონისძიებების გატარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
6.17. ზემოაღნიშული ბრძანების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2023 წლის 13 იანვარს, წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ითხოვა შპს „ნ–ს“ დარეგისტრირება შავ სიაში.
6.18. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N128.128230131 ბრძანება, თანამდევი შედეგებით, აღსრულებული არ არის, ვინაიდან მისი მოქმედება შეჩერდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 08 თებერვლის განჩინებით.
6.19. საქმეში წარმოდგენილი, აკრედიტებული A ტიპის ინსპექტირების ორგანოს - შპს „ზ. და კ–იის“ მიერ, 2023 წლის 30 იანვარს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ შპს „ნ–მ“ ინსპექტირების ორგანოს, სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების (ექსპერტიზის) მიზნით, მიმართა 14.06.2022 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე. შპს „ზ. და კ–იამ“ ინსპექტირების ანგარიში მოამზადა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2023 წლის 30 იანვარს. ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით შპს „ნ–ს“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, დღგ-ის ჩათვლით, შეადგინა 70 126.39 ლარი. შესრულებული სამუშაოები, მანქანა - მექანიზმების და სამშენებლო მასალების ერთეულის ფასები შესაბამისობაშია შპს „ნ–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებთან.
6.20. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შემსყიდველმა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შპს „ნ–ს“ მიერ ნაწარმოები სამუშაო ისე, რომ რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით არ გამოუხატავს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სამუშაოთა დასრულების შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოფლების ორთაბათუმის, თხილნარისა და მახინჯაურის მოსახლეობას ადგილზე მისვლით მიულოცეს გზების სრული რეაბილიტაცია. ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებით გათალისწინებული სამუშაოს მაღალხარისხიანად შესრულების ფაქქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. შესრულებული სამუშაოს რაიმე ნაკლი არ გამოვლენილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაშიც. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ნ–ს“ ბოლო ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 70 126.39 ლარის ოდენობით არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.21. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.22. პალატის მითითებით, ვინაიდან, უდავოდ დგინდებოდა, რომ მოპასუხესთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფმა შპს „ნ–მ“, შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, საიდანაც არ მიუღია მესამე ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 70 126.39 ლარის ოდენობით. ასევე, სადავო არ იყოს ის გარემოებაც, რომ შემსყიდველმა სრულად მიიღო მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო, არსებობდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოპასუხის მიერ ანაზღაურების საფუძველი.
6.23. საბანკო გარანტიის გამოთხოვასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ უპირველესად უნდა დადგენილიყო, რა ვალდებულების დარღვევისათვის იყო გათვალისწინებული საბანკო გარანტიის გადახდა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვა იყო თუ არა წინააღმდეგობაში სსკ-ის 115-ე მუხლით დადგენილ უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვასთან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო სს „ა.დ–ის“ მიერ გაცემული 17011 ლარის საბანკო გარანტიით. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნულ გარანტიას შემსყიდველი ორგანიზაცია გამოიყენებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის, ანდა არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.
6.24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ შპს „ნ–მ“ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულად და მაღალხარისხიანად, თუმცა სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებით. კერძოდ, სამუშაოთა დასრულების ბოლო ვადის - 2022 წლის 11 ოქტომბრის ნაცვლად, შპს „ნ–მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2022 წლის 19 დეკემბერს. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოუთხოვია. შესაბამისად, შპს „ნ.“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებას აგრძელებდა, თუმცა ვადაგადაცილების გამო მას ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათალისწინებული პირგასამტეხლო. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ შპს „ნ–თვის“ დარიცხული პირგასამტეხლო შემსყიდველს ანაზღაურებული აქვს. საბანკო გარანტიის გამოთხოვისა და შავ სიაში შპს „ნ–ს“ რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის მართლზომიერებას მოპასუხე ასაბუთებდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით, რაშიც ის გულისხმობდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამუშაოთა დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის - ინსპექტირების დასკვნის წარუდგენლობას. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ისეთი ღონისძიების გატარების საფუძველს, როგორიც იყო საბანკო გარანტიის გამოთხოვა, ან მეწარმე სუბიექტის შავ სიაში რეგისტრაცია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ნ–მ“ არა მხოლოდ ვერ დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, არამედ მას მიეცა დამატებითი, ფაქტობრივად ორჯერ მეტი დრო დასკვნის წარსადგენად. თუმცა მან მხოლოდ ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რაც მიუთითებს არა ობიექტურ დაბრკოლებაზე, არამედ მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლებს შიგნით არსებულ პრობლემაზე. შესაბამისად, ნებისმიერი მტკიცება, რომ ვადების დარღევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამართლებრივად უსაფუძვლოა.
8.2. მოსარჩელემ მართალია დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში, მხარეთა შორის არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც უნდა დაედასტურებინა ხელშეკრულების საბოლოოდ შესრულების ფაქტი. სახელშეკრულებო პირობის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება წარმოდგენდა ორ კუმულატიურ პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულება შესრულებულად. აღნიშული კი ვერ მოხერხდა მერიის მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც, რის გამოც შპს „ნ.“ ბრალეულად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288), თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.; სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი).
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთისთვის თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა. ასევე, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების (თანმდევ შედეგებთან ერთად) მართლზომიერება.
18. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შესრულების ფაქტი. მოპასუხის პრეტენზია შეეხებოდა იმას, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოთა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინსპექტირების ანგარიშის) წარდგენა. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ.
20. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 401-ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლში მითითებულ გარემოებად. მე-400 მუხლი მართლაც უთითებს, რომ ვალდებულების ვადის გადაცილებად ითვლება შესრულება, თუ შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ სრულდება. მაგრამ ამავე კოდექსის 401-ე მუხლი უთითებს, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდება მოვალის ბრალის გამომრიცხავი გარემოების გამო ვადა გადაცილებულად არ ითვლება. ამ ორი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფიზიკურად ვადის გადაცილებასა და სამართლებრივი თვალსაზრისით ვადაგადაცილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იგი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა ასეთი შედეგი (სუსგ. Nას-954-1260-07, 23.01.2008 წ).
22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „ნ–ას“, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, 2022 წლის 22 სექტემბერს, აუნაზღაურდა 128 914.01 ლარი, ხოლო 2022 წლის 27 დეკემბერს - 78 476.11 ლარი. (ჯამში 207390.12 ლარი). მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებულ ღირებულებას შორის სხვაობის თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში, შპს „ნ–თვის“ დარიცხული ჯარიმების/პირგასამტეხლოს ანგარიშში, რაც შპს „ნ–ს“ სადავოდ არ გაუხდია. საქმეში წარმოდგენილი, აკრედიტებული A ტიპის ინსპექტირების ორგანოს - შპს „ზ. და კ–იის“ მიერ, 2023 წლის 30 იანვარს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ შპს „ნ–მ“ ინსპექტირების ორგანოს, სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფსება/ინსპექტირების (ექსპერტიზის) მიზნით, მიმართა 2022 წლის 14 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე. შპს „ზ. და კ–იამ“ ინსპექტირების ანგარიში მოამზადა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2023 წლის 30 იანვარს. ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით შპს „ნ–ს“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, დღგ-ის ჩათვლით, შეადგინა 70 126.39 ლარი. შესრულებული სამუშაოები, მანქანა - მექანიზმების და სამშენებლო მასალების ერთეულის ფასები შესაბამისობაშია შპს „ნ–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებთან. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შემსყიდველმა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შპს „ნ–ას“ მიერ ნაწარმოები სამუშაო ისე, რომ რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით არ გამოუხატავს. ხელშეკრულებით გათალისწინებული სამუშაოს მაღალხარისხიანად შესრულების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და შესრულებული სამუშაოს რაიმე ნაკლიც არ გამოვლენილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში. დადგენილია, რომ შპს „ნ–მ“ 2022 წლის 26 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაუგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის შესახებ შედგენილი ფორმა #2. ამასთან, შპს „ნ–მ“, ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 2022 წლის 29 დეკემბრამდე ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა შემყიდველისათვის. შესაბამისად, ვერ მოხდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშოები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს საფუძველი და ოდენობა შპს „ნ–ს“ სადავოდ არ გაუხდია და მხოლოდ სამუშაოთა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინსპექტირების ანგარიშის) წარდგენა ვერ შეძლო ვადაში იმ მიზეზით, რომ წლის ბოლოს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო საექსპერტო დაწესებულებისგან ვერ მოხერხდა ობიექტის დათვალიერება და დასკვნის მიწოდება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს (სსკ-ის 115-ე მუხლი ) და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს დააკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების პირობების იმ სახის არაჯეროვან შესრულებას, რისთვისაც მოპასუხის ბრძანება მისი თანმდევი შედეგებით, შესაძლოა ჩათვლილიყო ადეკვატურ და პროპორციულ ზემოქმედების ღონისძიებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი