საქმე №ას-1342-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ.პ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ქ.მ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ს.გ–ძე, ე.რ–ი, ი.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ.ქ.მ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „მ.პ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ს.გ–ძის, ე.რ–ისა და ი.თ–ძის მიმართ (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „აპელანტები“) თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი;
2.2. 2025 წლის 14 აპრილს, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგან აპელანტები ცდილობდნენ სახელმწიფო ბაჟის თანხის მობილიზებას. განმცხადებელი შუამდგომლობდა ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გაგრძელებას 10 დღით;
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან;
2.4. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - რ.ც–ძეს პირადად ჩაბარდა 2025 წლის 14 მაისს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში (ასევე განცხადებაში) მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ..........;
2.5. არც აპელანტებს და არც მათ წარმომადგენელს განჩინებით დადგენილ ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ;
2.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 373-ე, 374-ე, 59-ე, 63-ე, მე-60, 61-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2025 წლის 14 მაისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 15 მაისს და ამოიწურა 2025 წლის 27 მაისს (ვინაიდან 2025 წლის 26 მაისი იყო უქმე დღე). საქმის მასალებით დასტურდება, რომ არც აპელანტებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ;
2.7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368.5 და 374.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე შპს „მ.პ–ამ“ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
3.1. მოპასუხემ დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო დამატებითი ვადა, რომლის განმავლობაშიც მოპასუხეს სურდა ან კერძო პირებისგან თანხის სესხება ან გადახდისუუნარობის დოკუმენტების წარდგენა. სამწუხაროდ, სასამართლომ განსაზღვრა არაგონივრული ვადა აღნიშნულისთვის და საკმაოდ მკაცრი მიდგომის საფუძველზე განხორციელდა მოპასუხისთვის მართლმსაჯულების უფლების ჩამორთმევა;
3.2. განჩინებით მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟის თანხა არის ძალიან დიდი, რომლის გადახდაც მოპასუხეს არ შეეძლო/არ შეუძლია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საგადასახადო ინკასო, ასევე სრულად დაყადაღებულია უძრავ-მოძრავი ქონება, სალარო, სატრანსპორტო საშუალებები და ამავდროულად მთელ ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. პრაქტიკულად პარალიზებულია კომპანია, არ აქვს არანაირი შემოსავლები, შეჩერებულია საქმიანობა, შესაბამისად, შეუძლებელია რომ კომპანიამ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟის თანხა;
3.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ იშუამდგომლა, რომ სასამართლოს აპელანტისთვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მოთხოვნა და არ გადაუვადა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა, შესაბამისად, განუხილველი დაუტოვა სააპელაციო საჩივარი, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე კომპანიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].
7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
8. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - რ.ც–ძეს პირადად ჩაბარდა 2025 წლის 14 მაისს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში (ასევე განცხადებაში) მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ....... , ბინა N12. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 15 მაისს და დასრულდა 2025 წლის 27 მაისს (10-დღიანი ვადა იწურებოდა 2025 წლის 24 მაისს, რომელიც იყო შაბათი დღე, შესაბამისად, ვადის ამოწურვის დღედ, სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, განისაზღვრა მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 2025 წლის 27 მაისი, ვინაიდან 26 მაისი ასევე იყო უქმე დღე). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც აპელანტებს და არც მათ წარმომადგენელს განჩინებით დადგენილ ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.
10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის თანახმად, მოპასუხემ იშუამდგომლა, რომ სასამართლოს აპელანტისთვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მოთხოვნა და არ გადაუვადა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა, შესაბამისად, განუხილველი დაუტოვა სააპელაციო საჩივარი, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება.
11. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2025 წლის 27 მაისით დათარიღებული შუამდგომლობისა და საფოსტო ბილის ასლები, რომელთა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ს.გ–ძემ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 15 დღით ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის დასრულებამდე. აღნიშნულ შუამდგომლობაზე დართული საფოსტო ბილის ასლით (№00343) დასტურდება, რომ ხსენებული შუამდგომლობა მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში - 27.05.2025 წელს გაუგზავნა.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასევე წარმოდგენილია შპს „გ–ს“-ის მენეჯერის გ.ხ–ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ საფოსტო მომსახურების გაწევისთვის მიმართა 2025 წლის 27 მაისს, თუმცა, 2025 წლის 27 მაისს მიღებული გზავნილის №00343 ადრესატზე ჩაბარების დასტური ვერ მოიძებნა, ვერც ადრესატზე ჩაბარების ფაქტი/დრო გაირკვა, რაც ნიშნავს იმას, რომ გზავნილი გაბნეულია კომპანიის თანამშრომლის მიერ და შეუძლებელია მისი პოვნა/მოძებნა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა მოპასუხე კომპანიის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსების საკითხს, დასახელებული შუამდგომლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა და მხოლოდ საქმეში არსებული მასალების მიხედვით შეეძლო ემსჯელა.
14. საკასაციო სასამართლო საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას მიუთითებს სსსკ-ის 61.3 მუხლზე [საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება] და განმარტავს, რომ საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი (იხ. სუსგ საქმე №ას-1088-2023, 17 ნოემბერი, 2023 წელი).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 27 მაისი, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ მან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა ფოსტას ჩააბარა 2025 წლის 27 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დაცვით, აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.პ–ა“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „მ.პ–ა“-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და შპს „მ.პ–ა“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე