Facebook Twitter

საქმე №ას-1091-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.რ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ქ.ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.რ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „პ.ქ.ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნული იყო 2025 წლის 26 ივნისს 15:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტი გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, 2025 წლის 07 აპრილს აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოს უწყება 2025 წლის 26 ივნისს 15:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ჩაბარდა ტელეფონის საშუალებით. ამდენად, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილებისა და 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უწყება აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება;

3.2. დანიშნულ დროს არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ;

3.3. ამასთან, პალატას გადაეცა 2025 წლის 25 ივნისით დათარიღებული აპელანტის წარმომადგენლის, ადვოკატ კ.ჭ–ძის განცხადება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 26 ივნისს 14:30 წუთზე ჩანიშნული იყო კ.ჭ–ძის დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის საქმე და, ვინაიდან საქმე ეხებოდა ადამიანის თავისუფლების საკითხს, პრიორიტეტს ანიჭებდა აღნიშნულ პროცესს, რის გამოც ვერ შეძლებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას;

3.4. აპელანტის წარმომადგენელს არანაირი ცნობა არ წარუდგენია რუსთავის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე მისი მონაწილეობის შესახებ;

3.5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას დაუსაბუთებლობის გამო და, თავის მხრივ, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

3.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 216.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით;

3.7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 215.3 მუხლით და აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის გარემოება, რის გამოც შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას, პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ წინამდებარე საქმის განხილვის მიზნით 2025 წლის 06 თებერვალს დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო;

3.8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე, 229.2, 372-ე მუხლებით, 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 2025 წლის 26 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელმა 2025 წლის 25 ივნისის შუამდგომლობით სასამართლოს აცნობა, რომ 2025 წლის 26 ივნისს 14:30 სთ-ზე ქ. რუსთავის სასამართლოში დანიშნული იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ნ.ა–ის სასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე (№1-476-25). ვინაიდან საქმე ეხებოდა ადამიანის თავისუფლების საკითხს, მან პრიორიტეტი მიანიჭა ამ უკანასკნელს და აღნიშნული საპატიო მიზეზის გამო ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას, რის საფუძველზეც ითხოვდა პროცესის გონივრული ვადით გადავადებას. შუამდგომლობაში შენიშვნის სახით იგი ასევე უთითებდა, რომ პროცესზე დასწრების შესახებ ცნობას წარადგენდა მისი გადმოცემისთანავე;

4.2. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზად მიუთითა ცნობის წარუდგენლობაზე, რაც არამართებულია, რადგან სისხლის სამართლის საქმეებზე არ მიმდინარეობს ელ.წარმოება, როგორც ეს ხდება სამოქალაქო საქმეებზე. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე არ იტვირთება სხდომათა განრიგი, ხოლო უწყება წარმომადგენელს არ ჩაბარებია მატერიალური სახით. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ შეძლებდა სასამართლოსთვის დოკუმენტის წინასწარ წარდგენას. რაც შეეხება პროცესზე დასწრების ცნობას, სასამართლო მას გასცემს მას შემდეგ, რაც ადვოკატი რეალურად დაესწრება მას და არა - წინასწარ;

4.3. მოსარჩელის წარმომადგენელი 2025 წლის 26 ივნისს 14:30 სთ-ზე იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, როგორც ნ.ა–ის დამცველი ადვოკატი (იხ. ცნობა საქმე №1-476-25), რაც ცალსახად ქმნიდა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს სხდომა გადაედო გონივრული ვადით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].

8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნული იყო 2025 წლის 26 ივნისს 15:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტი გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პალატას გადაეცა 2025 წლის 25 ივნისით დათარიღებული აპელანტის წარმომადგენლის, ადვოკატ კ.ჭ–ძის განცხადება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 26 ივნისს 14:30 წუთზე ჩანიშნული იყო კ.ჭ–ძის დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის საქმე და, ვინაიდან საქმე ეხებოდა ადამიანის თავისუფლების საკითხს, პრიორიტეტს ანიჭებდა აღნიშნულ პროცესს, რის გამოც ვერ შეძლებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას. აპელანტის წარმომადგენელს არანაირი ცნობა არ წარუდგენია რუსთავის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე მისი მონაწილეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის გარემოება, რის გამოც შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ხოლო, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ [სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები]. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები [სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადება]. ხოლო 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ საქმე №ას-1668-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი; საქმე №ას-1380-2019; 24 დეკემბერი, 2019 წელი).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

13. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის [სსსკ-ის 241-ე მუხლი]. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

14. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა კ.ჭ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გაცემული ცნობა (№1-476-25), რომლის თანახმად: ცნობა ეძლევა - ადვოკატ კ.ჭ–ძეს მასზედ, რომ მონაწილეობას იღებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე.პ–ის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2025 წლის 26 ივნისს, 14:30 საათზე და 2025 წლის 15 ივლისს 15:00 საათზე დანიშნულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულების: ნ.ა–ისა და ე. მ–ის მიმართ. ამდენად, აღნიშნული ცნობით დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის. ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში 2025 წლის 26 ივნისს 14:30 სთ-ზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად, 2025 წლის 26 ივნისს 15:00 სთ-ზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასაბუთებულია ისიც, თუ რატომ მიანიჭა პრიორიტეტი სისხლის სამართლის საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესების დაცვას.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 93.2 მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსსკ-ის 93.2 მუხლი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1016-2020, 10 ივნისი, 2021 წელი; საქმე №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; საქმე №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს საპატიო მიზეზი ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

19. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.რ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე