Facebook Twitter

№ას-322-2025

15 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მეიჯარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოიჯარე“)(შემდგომში ერთად - „მხარეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს 35 218.23 ლარის, ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს აღსრულებამდე პირგასამტეხლოს თანხის 39 ლარის გადახდა ყოველდღიურად.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოიჯარეს საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 10 000 ლარის ოდენობით.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2006 წლის 11 აპრილს მხარეთა შორის დაიდო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ N1-1419 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს 49 წლით იჯარით სარგებლობაში გადაეცა ქ.ბათუმში, ......... ქუჩის დასაწყისიდან -„ჟ–ს“ არხამდე 190000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ........ (ნაკვეთის წინა /კ: .........);

6.2. მიწის ნაკვეთის იჯარის ქირის მთლიანი ოდენობა განისაზღვრა წელიწადში 19 950 ლარი;

6.3. ანგარიშსწორების წესად დადგენილი იქნა, "საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 25 იანვრის N6-N18 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის ან წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის მეთოდიკა;

6.4. „საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 25 იანვრის N6-N18 ერთობლივი ბრძანების მე-4 მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის გადამხდელი ვალდებული იყო გადაეხადა, ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის ვადის დადგენილი თარიღიდან მათი გადახდის თარიღამდე;

6.5. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მხრიდან უნდა განხორციელებულიყო ყოველი წლის არაუგვიანეს 15 აპრილისა;

6.6. მოიჯარე საიჯარო ქირას იხდიდა ვადადარღვევით, რის გამოც მეიჯარის მხრიდან ხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა;

6.7. მეიჯარის 2020 წლის 19 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნულ ობიექტზე ერიცხებოდა იჯარის ქირის ძირი თანხის - 0,00 (ნული) ლარის და პირგასამტეხლოს - 18 781.43 (თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი ლარი და 43 თეთრი) ლარის დავალიანება;

6.8. მერიის 2024 წლის 3 ივნისის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მოპასუხეს დაზუსტებული სარჩელის შემოტანის პერიოდისათვის (06.06.2024წ.), აღნიშნულ ობიექტზე ერიცხებოდა იჯარის ქირის ძირი თანხის - 0,00 (ნული) ლარისა და პირგასამტეხლოს - 35 218,23 ლარის დავალიანება;

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ N1-1419 ხელშეკრულებიდან.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ვადაგადაცილებით გადახდის გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, აპელანტის (მოსარჩელე) პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო, ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 35 218,23 ლარს, იყო გონივრული და, რომ სასამართლომ იგი არასწორად შეამცირა 10 000 ლარამდე. მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) შედავება ძირითადად გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ვერ განხორციელდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენდა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 398.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეცვლილი გარემოების საფუძვლის პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, როგორც წესი, არ სრულდება პანდემიის პერიოდის დასრულებასთან ერთად და მას, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ ხანგრძლივი განვითარება აქვს. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის შედავება, რომ 2020 წლის პანდემიის დასრულების პერიოდი (2020 მაისი), არ შეიძლება იყოს საფუძველი დაუყოვნებლივ ვალდებულების შესრულების გაგრძელებისა-დასაბუთებულია.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის პანდემია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და იგი დამტკიცებას არ საჭიროებს. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარე არის რა მეწარმე სუბიექტი, იჯარის საგანი სწორედ, მისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გადაეცა. ამდენად, კეთილსინდისიერების ფარგლებში, ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, კეთილსინდისიერების ფარგლებში, ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით გაეთვალისწინებინა შეცვლილი ვითარება და პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად წარმოშობილი გაზრდილი პრობლემების გამო, შეღავათი გაეწია მოიჯარისათვის და ხელშეკრულებით შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობის პირგასამტეხლო დაერიცხა, რაც არ განახორციელა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით, ვადამოსული გადასახდელი თანხის 0.2%-ზე გაანგარიშებით რაც შეადგენდა 35 218,23 ლარს და მასზე დამატებული ყოველდღიური 39 ლარი, მათ შორის, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზუსტებული სარჩელის შემოტანის დროისათვის (06.06.2024წ.) მოპასუხეს საიჯარო ქირა სრულად დაფარული ჰქონდა, ხოლო ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი არ დგინდება, პირგასამტეხლოს დარიცხვა არამართლზომიერია.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 10 000 ლარით, გონივრული და სამართლიანია, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოიჯარეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია და გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

15.1. პირგასამტეხლოს ასე შემცირება არ შეესაბამება კანონისმიერ პირგასამტეხლოს ბუნებას, მოთხოვნილ თანხასა და დარღვეულ ვალდებულებასთან მიმართებით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო იყო კანონით განსაზღვრული, ხოლო ხელშეკრულებაში მისი ასახვა კანონის დანაწესით იყო განპირობებული. მოცემული გარემოება არ გაითვალისწინა არცერთმა ინსტანციის სასამართლომ;

15.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს გადახდის წესი და ოდენობა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ 1-1419 ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, ანგარიშსწორების წესად დადგენილია „საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 25 იანვრის 6- 18 ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში - „ბრძანება“) დამტკიცებული, საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის ან წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის მეთოდიკა;

15.3. ბრძანებით, რომელიც ამჟამად მოქმედია და არ არის ძალადაკარგულად გამოცხადებული, დამტკიცებულია მიწის ნორმატიული ფასის ან წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის მეთოდიკა, რომელიც შედგენილია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და მისი მოთხოვნების შესაბამისად ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, „მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს _ ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის ვადის დადგენილი თარიღიდან მათი გადახდის თარიღამდე“;

15.4. იქიდან გამომდინარე, რომ კანონით იყო განსაზღვრული საიჯარო თანხის გადაუხდელობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა აღნიშნული პირგასამტეხლო სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ნაწილში, სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი და მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო სრულად. ამდენად, მართალია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს, ზემოაღნიშნულ ბრძანებას, თუმცა სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მიუთითებს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე;

15.5. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობისთვის დაწესებული პირგასამტეხლო 0,2 პროცენტი წარმოადგენს კანონისმიერ პირგასამტეხლოს, კანონისმიერ სანქციას, რომლის ამოქმედების უფლებაც კრედიტორის სახით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიპოვა ბრძანებით, როგორც ნორმატიული აქტის პირდაპირი და უშუალო მოქმედების შედეგად, მოვალის ნების მიუხედავად. ამგვარად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეემცირებინა აღნიშნული პირგასამტეხლო, გაცდენოდა კანონის დანაწესს და მხარეთ შორის ურთიერთობაზე გაევრცელებინა სსკ-ის 420-ე მუხლის მოქმედება, რომელიც გამოიყენება იმ არსებულ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული პირგასამტეხლო;

15.6. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ კანონისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების შეუძლებლობის გარდა, სსკ-ის 420-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო, რომელიც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე უნდა შემცირდეს. საქმეში არ არსებობდა მოპასუხე მხარის სასარგებლოდ რაიმე მტკიცებულება ან/და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე მხარის ქონებრივი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფდა შეუსრულებლობით/ არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე წარმოშობილი პირგასამტეხლოს ვალდებულების გადახდას. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად შეამცირა, რაც გარდა კანონისმიერი პირგასამტეხლოს სადავო ბუნებისა, აგრეთვე, ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესს. ვინაიდან, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი. მოცემულ შემთხვევაში, სუბიექტურ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარეს წინასწარ გაცნობიერებული ჰქონდა ვალდებულება და ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები პირგასამტეხლოს სანქციის სახით, ობიექტურ გარემოებად ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა;

15.7. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი, სახელშეკრულებო შინაარსი კი ითვალისწინებდა გრძელვადიან საიჯარო ურთიერთობას. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტი, იურიდიული პირის სახით, ასეთი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს, ფიზიკურ პირთან შედარებით, ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო ძლიერი სუბიექტია. ამდენად, იურიდიულ პირს, რომელსაც სურს ასეთ გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა (მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება დადებულია 49 წლის ვადით), ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პირგასამტეხლოს შინაარსი და მისი თანმდევი სამართლებრივი თუ ეკონომიკური შედეგები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია მოპასუხე მხარეს გაცნობიერებული ჰქონდა ეს შედეგები და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის, ბუნება, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას;

15.8. მოპასუხემ არ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები, ვერ მიუთითა პირგასამტეხლოს შემცირებისთვის საჭირო ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც განაპირობებდა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას;

15.9. არ არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს შეფასება კოვიდ პანდემიაზე მითითებით, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით, შეღავათების გავრცელებაზე, რამდენადაც მოიჯარის მიმართ კოვიდ პანდემიიის პერიოდში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე სხვა მეწარმე სუბიექტების მსგავსად, მათ შორის, მოპასუხის მიმართ გავრცელდა სახელშეკრულებო შეღავათი და არ დარიცხვიათ სამი თვის საჯარო ქირა და პირგასამტეხლო.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).

24. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

25. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).

26. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემბერი).

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

28. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; №ას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

30. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის შინაარსის, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-349-2019, 11 ივნისი, 2019 წელი; №ას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-1716-2019, 19 თებერვალი, 2021 წელი; №ას-213-2022, 06 ივნისი, 2022 წელი; №ას-1435-2018, 08 მაისი, 2020 წელი; №ას-473-2022, 07 ივლისი, 2022 წელი; №ას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე