Facebook Twitter

საქმე №ას-226 -2025

5 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ.მ–ი, მ.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, გაწეული ხარჯების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ–მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ.მ–ის და მ.მ–ის მიმართ და ითხოვა გაუქმდეს ი.მ–ის, მ.მ–ის და მ.მ–ის საზიარო უფლება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ........, ფართი 12 735 კვ.მ და შპს ,,პ"-ის (ს/კ ........) მიერ 24/05/2022 წელს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ი.მ–ის სახელზე დარეგისტრირდეს 4 245 კვ.მ., ხოლო მ.მ–სა და მ.მ–ზე 8 490 კვ.მ. ი.მ–ის სასარგებლოდ მ.მ–ს და მ.მ–ს დაეკისროთ, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ......., მათ კუთვნილ წილზე ვაზის გაშენების ხარჯების ანაზღაურება 13866 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და საარქივო ცნობის საფუძველზე, ი.მ–მა 2017 წლის 25 დეკემბერს დაირეგისტრირა გურჯაანის რაიონის სოფელ ....... ე.წ. ,,ტ–ში" 12735 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ....... საარქივო ცნობის თანახმად, კომლის წევრები იყვნენ მ. და მ.მ–ები და ნაკვეთი დარეგისტრირდა თანასაკუთრებაში. მიწის ნაკვეთი იმ დროისთვის იყო ცარიელი, სადაც, ი.მ–მა სს ,,ლ.ბ–დან" აღებული შეღავათიანი აგროკრედიტით გააშენა საფერავის ჯიშის ვაზი, რომელიც ამჟამად მეოთხე წელშია. ყოველწლიურად, სასესხო ვალდებულებების გადახდას ი.მ–ი ახდენდა. ი.მ–ი განქორწინებულია მეუღლესთან, აგრეთვე ცუდი ურთიერთობა აქვს შვილებთან მიშიკო და მ.მ–ებთან. რამდენჯერმე მიმართა საზიარო უფლების გაყოფასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეებისგან კატეგორიულ უარს იღებდა. ამჟამად, მიშიკო და მ.მ–ები თვითნებურად დაეუფლნენ მის მიერ გაშენებულ ვენახს, თავისი შეხედულებით აირჩიეს რიგები და აღარ აძლევენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას, ასევე უარს ეუბნებიან იმ თანხის გადახდაზე, რაც მას კერდიტის სახით ჰქონდა აღებული და ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში 5207 ლარი აქვს დარჩენილი.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება საზიარო უფლების გაუქმებას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ......., ფართი 12 735 კვ.მ., შპს ,,პ "-ის (ს/კ ........) მიერ 24/05/2022 წელს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ისე, რომ ი.მ–ის სახელზე დარეგისტრირდეს 4245 კვ.მ., ხოლო მ.მ–სა და მ.მ–ზე 8 490 კვ.მ. რაც შეეხება მე-2 სასარჩელო მოთხოვნას, ვენახის გაშენებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის თანახმად, მთლიანი მეურნეობა აშენდა ერთობლივი თანხებით და არავითარი სესხი ი.მ–ს არ აუღია. ვენახი გაშენებულია 2016 წელს და არა 2019 წელს. ამასთან, სამი წელი მოსავალს იღებს მოსარჩელე, ისე რომ ახლოს არ აკარებს ცოლ-შვილს. 2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც მოპასუხეებმა თავისი წილის დამუშავება დაიწყეს, ა–ს შესთავაზეს ცალკე დარეგისტრირება, იგი დაემუქრა ვაზის გაკაფვით და სარ-მავთულის ახსნით, რაზეც პოლიციასაც მიმართეს და შემაკავებელი ორდერიც გამოიცა ი.მ–ზე.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი, მოპასუხეების მ.მ–ის და მ.მ–ი მიმართ, დაკმაყოფილდა. გაუქმდა ი.მ–ის, მ.მ–ის და მ.მ–ის საზიარო უფლება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ......., ფართი 12 735 კვ.მ., შპს ,,პ "-ის (ს/კ ......) მიერ 24/05/2022 წელს მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში მითითებული კონფიგურაციით, რომლის მიხედვითაც, ი.მ–ის სახელზე დარეგისტრირდება 4 245 კვ.მ., ხოლო მ.მ–სა და მ.მ–ზე 8 490 კვ.მ. მოპასუხეებს მ.მ–სა და მ.მ–ს, მოსარჩელის ი.მ–ის სასარგებლოდ, თანაბარწილად დაეკისრათ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ......., მათ კუთვნილ წილზე, ვაზის გაშენების ხარჯების 13866 ლარის გადახდა.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.მ–მა და მ.მ–მა დანახარჯების ანაზღაურების ნაწილში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ.მ–ის და მ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.საჯარო რესტრის 16/12/2019 წლის ამონაწერის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ......., ფართი 12735 კვ.მ, რეგისტრირებულია ი.მ–ის, მ.მ–ის და მ.მ–ის თანასაკუთრების უფლება, თითოეულზე 1/3 წილი.

6.2.შპს ,,პ "-ის (ს/კ .....) მიერ 24/05/2022 წელს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ......., სულ ფართი 12 735 კვ.მ, გაყოფილია ორ ნაწილად - 4 245 კვ.მ.-ად და 8 490 კვ.მ.-ად.

6.3.სს ,,ლ. ბ–სა" და ი.მ–ს შორის გაფორმებული 26/02/2019 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ი.მ–ზე გაიცა კრედიტის თანხა 20 000 ლარი, 1.2 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახის გაშენების მიზნით, 46 კალენდარული თვის ხანგრძლივობით, ვადა - 2022 წლის 20 დეკემბერი. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, გადახდის საწყის თარიღს წარმოადგენდა - 20/03/2019 წელი, ბოლო გადახდის თარიღს - 20/12/2022 წელი, ხოლო ჯამურ დასაფარ თანხას - 26 913 ლარი. ა(ა)იპ სოფლის მეურნებობის პროექტების მართვის სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის 27/02/2019 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ი.მ–ზე გაცემული შეთავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაფორმებული 26/02/2019 წლის საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მიზნობრიობა ,,ძირითადი საშუალებების დაფინანსება", ,,1.2 ჰა საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება", სააგენტოს თანადაფინასების მაქსიმალურ ჯამურ თანხად განისაზღვრა 5069.76 ლარი.

6.4.სს ,,ლ.ბ"-ს 18/05/2022 წლის ცნობის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ი.მ–ის გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა შეადგენდა 5 207.74 ლარს.

6.5.11/03/2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ–სა" და ი.მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა.მ–მა იყიდა 3 500 ცალი ,,ვიტი ვინიფერას" საფერავის ჯიშის 3500 ცალი ნერგი, ერთეულის ფასი 1 ლარი, საერთო ღირებულება 3 500 ლარი.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა საზიარო უფლების საგანზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხის გამორკვევა.

8. სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები/აპელანტები მ. და მ.მ–ები 2022 წლიდან შეუდგნენ თავისი წილის დამუშავებას და დაუფლებულები არიან მოსარჩელის - ი.მ–ის მიერ 2019 წელს გაშენებულ საფერავის ჯიშის ვენახიდან კუთვნილ 2/3 წილს.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: კერძოდ, პალატის მითითებით, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელის მიერ აღებული სესხის კრედიტით გათვალისწინებული თანხა სადავო მიწის ნაკვეთზე ვაზის ჯიშის გაშენებას არ მოხმარებია, რადგან ვაზი ბევრად ადრე იყო გაშენებული სადაო მიწის ნაკვეთზე. იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა კი, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას, მოპასუხეების მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

10. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ–ის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ვენახის გასაშენებლად დასაფარი ჯამური თანხა შეადგენდა 26 913 ლარს. ხოლო, იმის გათვლისწინებით, რომ 1.2 ჰა-ზე გაშენებული ვენახი წარმოადგენს სამი მესაკუთრის თანასაკუთრებას თითოეულზე 1/3 წილს, ვენახის გაშენების ხარჯებშიც თითოეულის წილი უნდა განისაზღვროს 1/3-ით, რაც წარმოადგენს 8 971 ლარს (26 913-ის 1/3), ჯამში მოპასუხეთა ხარჯებში მონაწილეობის საერთო წილს 17 942 ლარს. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ი.მ–ი მ.მ–ის და მ.მ–ის მიმართ მოპასუხეების/აპელანტების კუთვნილ წილზე ვაზის გაშენების ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა 13 866 ლარის ოდენობით.

11. პალატამ განმარტა რომ: მოსარჩელეს არ ჰქონდა სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მოითხოვდა გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და მოცემული დავის რეგულაცია საზიარო უფლებების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა სწორედ ამ საფუძვლით წარმოიშვა.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 956-ე, 960-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ფინანსური დანახარჯების გაწევა საზიარო საგანზე მიწის ნაკვეთზე, მოხდა ვაზის გაშენებისთვის, რომელსაც მოპასუხეები დაუფლებულნი არიან. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი 13 866 ლარი, უნდა დეკისროთ მოპასუხეებს.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მირანდა და მ.მ–ებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს ი.მ–ის მიერ აღებული სესხით ნამდვილად იყო გაშენებული სადავო მიწის ნაკვეთზე - 1,2 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვაზი სესხის აღების მიზნობრიობის შესაბამისად და ის ემთხვეოდა სადავო მიწის ნაკვეთზე გაშენებული ჰექტრების რაოდენობას, მაშინ როცა სადავო მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვაზი 1 275 კვ.მ შეადგენს. ამასთან მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ მიზნობრიობით აღებული სესხი გამოყენებულია ზუსტად სადავო მიწის ნაკვეთზე ვაზის გასაშენებლად, არ არსებობს. არ არსებობს ბანკის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი, რომ ი.მ–ის მიერ აღებული სესხი ნამდვილად გამოყენებულია მიზნობრივად იმ მიწის ნაკვეთზე, რაც სადავოა. მოპასუხეების მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ ვაზი გაშენებულია 2016-2017 წლებში და არა 2019 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად, რომელიც ცვლიდა ფაქტობრივ გარემოებას. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან ინფორმაციის დონეზე სასამართლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვაზის ასაკი შეადგენს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად 6-7 წელს ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის და იგი გაშენებულია 2016-2017 წლებში. აღნიშნული კი, უტყუარად ადასტურებს, რომ ი.მ–ის მიერ 2019 წელში აღებული სესხით არ არის გაშენებული ვაზი სადავო მიწის ფართობზე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საზიარო უფლების საგანზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეებისთვის დაკისრების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დადგენილი.

22. საკასაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

22.1. საჯარო რესტრის 16/12/2019 წლის ამონაწერის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ....., ფართი 12735 კვ.მ, რეგისტრირებულია ი.მ–ის, მ.მ–ის და მ.მ–ის თანასაკუთრების უფლება, თითოეულზე 1/3 წილი.

22.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, გაუქმდა ი.მ–ის, მ.მ–ის და მ.მ–ის საზიარო უფლება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ......, ფართი 12735 კვ.მ., შპს ,,პ "-ის (ს/კ .......) მიერ 24/05/2022 წელს მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში მითითებული კონფიგურაციით, რომლის მიხედვითაც, ი.მ–ის სახელზე დარეგისტრირდება 4245 კვ.მ., ხოლო მ.მ–სა და მ.მ–ზე 8 490 კვ.მ.

22.3. საზიარო უფლების საგანზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოპასუხეებისთვის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილ სარჩელში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და საარქივო ცნობის საფუძველზე, 2017 წლის 25 დეკემბერს დაირეგისტრირა გურჯაანის რაიონის სოფელ ....... ე.წ. ,,ტ–ში" 12 735 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 51.08.51.172. საარქივო ცნობის თანახმად, კომლის წევრები იყვნენ მ. და მ.მ–ები და ნაკვეთი დარეგისტრირდა თანასაკუთრებაში. მიწის ნაკვეთი იმ დროისთვის იყო ცარიელი, სადაც ი.მ–მა სს ,,ლ.ბ–დან" აღებული შეღავათიანი აგროკრედიტით გააშენა საფერავის ჯიშის ვაზი, რომელიც ამჟამად მეოთხე წელშია, ყოველწლიურად სასესხო ვალდებულებების გადახდას ახდენს ი.მ–ი. მიშიკო და მ.მ–ები თვითნებურად დაეუფლნენ მის მიერ გაშენებულ ვენახს, თავისი შეხედულებით აირჩიეს რიგები და აღარ აძლევენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას, ასევე უარს ეუბნებიან იმ თანხის გადახდაზე, რაც მას კრედიტის სახით ჰქონდა აღებული.

22.4. ზემოთ აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ა(ა)იპ სოფლის მეურნებობის პროექტების მართვის სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის 27/02/2019 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ ვენახის გაშენების მიზნით აიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიზნობრიობით: - ,,ძირითადი საშუალებების დაფინანსება" და ,,1.2 ჰა საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება". სააგენტოს თანადაფინასების მაქსიმალურ ჯამურ თანხად განისაზღვრა 5 069.76 ლარი. სს ,,ლ. ბ–სა" და ი.მ–ს შორის გაფორმებული 26/02/2019 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ი.მ–ზე გაიცა კრედიტის თანხა 20 000 ლარი, 1.2 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახის გაშენების მიზნით, 46 კალენდარული თვის ხანგრძლივობით, ვადა - 2022 წლის 20 დეკემბერი. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, გადახდის საწყის თარიღს წარმოადგენდა - 20/03/2019 წელი, ბოლო გადახდის თარიღს - 20/12/2022 წელი, ხოლო ჯამურ დასაფარ თანხას - 26 913 ლარი. სს ,,ლ.ბ"-ს 18/05/2022 წლის ცნობის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ი.მ–ის გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა შეადგენდა 5 207.74 ლარს.

22.5. 11/03/2019 წელს შპს ,,ჯ–სა" და ი.მ–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ალექსანდრე მაბაღიშვილმა იყიდა 3 500 ცალი ,,ვიტი ვინიფერას" საფერავის ჯიშის 3 500 ცალი ნერგი, ერთეულის ფასი 1 ლარი, საერთო ღირებულება 3 500 ლარი.

22.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მ. და მ.მ–ები 2022 წლიდან შეუდგნენ თავისი წილის დამუშავებას და დაუფლებულები არიან მოსარჩელის - ი.მ–ის მიერ 2019 წელს გაშენებულ საფერავის ჯიშის ვენახიდან კუთვნილ 2/3 წილს.

23. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ვენახის გაშენების მიზნით აიღო შეღავათიანი აგროკრედიტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიზნობრიობით: ,,ძირითადი საშუალებების დაფინანსება" და ,,1.2 ჰა საფერავის ჯიშის ვენახის" გაშენება. მის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ვენახის გასაშენებლად დასაფარი ჯამური თანხა შეადგენდა 26 913 ლარს.

24. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ვარგისი მტკიცებულება მოპასუხეს/კასატორს, არ წარმოუდგენია. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ აღებული სესხის კრედიტით გათვალისწინებული თანხა სადავო მიწის ნაკვეთზე ვაზის ჯიშის გაშენებას არ მოხმარებია, რადგან ვაზი ბევრად ადრე იყო გაშენებული სადავო მიწის ნაკვეთზე. ხოლო, რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ 30.10.2024 წლის სასამართლო სხდომაზე აპელანტების მიერ წარდგენილ შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის დართვისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას; თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო ხსენებული შუამდგომლობა.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე, რომლიც წარმოადგენს ე.წ დანახარჯების კონდიქციას, რომლითაც განისაზღვრება იმ პირის უფლებები ვინც სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები. ამასთან, მე-2 ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. მოცემული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მითითებულ ნორმაში ასახული დანახარჯების ანაზღაურების უფლება პირს წარმოეშობა მხოლოდ გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა თუ სხვის ქონებაზე გასწიეს ხარჯი, მათ შორის, შეგნებულადაც და არა მხოლოდ შეცდომით. დანახარჯების შედეგად ნივთის ღირებულება უნდა გაიზარდოს. ამასთან, გაზრდილი ღირებულება უნდა არსებობდეს ნივთის დაბრუნების მომენტისათვის. ე.ი. გამდიდრების ფაქტის დადგენისას, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება თავისი ნივთი, ანუ გადამწყვეტია იმის დადგენა გაზრდილი ღირებულება არსებობს თუ არა ნივთის დაბრუნების მომენტისათვის

26. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 956-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს, საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც, ხოლო 960-ე მუხლის თანახმად თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია, თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმების ანალიზით უნდა დავასკვნათ, რომ სხვა საზიარო საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებს. (იხ სუსგ საქმე ას-649- 610-2011)

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ ფინანსური დანახარჯების გაწევა საზიარო საგანზე - მიწის ნაკვეთზე მოხდა ვაზის გაშენებისთვის, რომელსაც მოპასუხეები დაუფლებულნი არიან და მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი უნდა დეკისროთ მოპასუხეებს.

28. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე საქმეზე მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნის) დართვის თაობაზე, შუამდგომლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. სსსკ-ის 407.1. მუხლი [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კასატორების შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ, ამიტომაც კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ წარმოდგენილი დოკუმენტები.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 30. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 693,30 ლარის 70% – 485,31 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის და მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.მ–ს (პ/ნ .........) და მ.მ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ მ. ქ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 693,30 ლარის 70% - 485,31 ლარი (საგადახდო დავალება №26300665914, გადახდის თარიღი 11.03.2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე