Facebook Twitter

საქმე №ას-549 -2025

5 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.დ–ძემ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის Nბ12.14222734 ბრძანების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მატერიალური ზიანის 41 184 ლარის დაკისრების და არაქონებრივი (მორალური) ზიანის 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2019 წლის 6 მაისის Nპ/346 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად, გამოსაცდელი ვადით.

6.2. 2019 წლის 25 დეკემბერს დაფუძნდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

6.3. 2019 წლის 31 დეკემბრის პ/26 ბრძანებით მოსარჩელე, გამოსაცდელი ვადით, დაინიშნა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად.

6.4. 2020 წლის 2 ივლისის Nპ/305 ბრძანებით მოსარჩელემ ამავე განყოფილებაში უვადოდ გააგრძელა იგივე საქმიანობა. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას და თ.დ–ძეს შორის 2020 წლის 1 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება Nპ/26-1.

6.5. ადმინისტრაციული წარმოების განყოფილება ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, სამართალდამრღვევს უგზავნის საქმის განხილვის (ზეპირი მოსმენის) შესახებ უწყებას (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ მოსმენას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის, დადგენილების პროექტს, ამზადებს სააღსრულებო ფურცლის პროექტს; ამზადებს საზოგადოებრივ ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების თანხმობის მინიჭებაზე პროექტს; ახდენს შემოსული/მიღებული კორესპოდენციის, საჩივრის განხილვას, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოძიებას და შესაბამისი პასუხის მომზადებას; უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ანგარიშის, სტატისტიკის მომზადებას; ახდენს სამშენებლო ზედახედველობისა და უსაფრთხოების განყოფილებების სპეციალისტების მიერ შედგენილი მითითებებისა და აქტების აღრიცხვას, თანდართული მასალების, მტკიცებულებების (ფოტომასალების) შემოწმებას, შეკრებას, რეესტრის წარმოებას და საქმეზე მიკუთნებას; კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების განყოფილებისათვის ახორციელებს დახმარების გაწევას, მიმდინარე საქმისწარმოებაზე ვადების კონტროლს; ინსპექციის მიერ შესაბამისი დადგენილებით კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, მშენებლობა შეჩერებულ ობიექტებზე რეესტრის მომზადებას და თანდართული მასალების მიწოდებას, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევებზე დადგენილებით დავალებული აღმოფხვრის ვალდებულების შესრულების კონტროლის მიზნით რეესტრის მომზადებას და თანდართული მასალების მიწოდებას, სამშენებლო სამართალდარღვევების საქმესთან დაკავშირებულ დადგენილებების თუ სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.

6.6. 2021 წლის ნოემბერში თ.დ–ძეს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევის საქმეებზე შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება უბნების მიხედვით, გამოვლენილი სამართალდარღვევის დროს გაცემული მითითებებისა და სიტუაციის (სამართალდარღვევის) ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია. ასევე, განყოფილების კომპეტენციის საკითხებზე შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხის მომზადება.

6.7. თ.დ–ძის თანმდებობა, შრომის ანაზღაურება, სამუშაოს დრო არ შეცვლილა, სამუშაოს მოცულობა არ გაზრდილა. იგი 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე ახორციელებდა დავალებულ უფლებამოსილებას.

6.8. 2022 წლის 7 სექტემბერს თ.დ–ძემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

6.9. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის Nბ12.14222734 ბრძანებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თ.დ–ძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის (პირადი განცხადების) საფუძველზე.

6.10. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ,,...ახსნა-განმარტებაში თ.დ–ძე აღნიშნავს, რომ როგორც ხვდება რეალური მიზეზი მისი სხვა გაწყოფილებაში გადაყვანის იყო ის გარემოება, რომ ხელმძღვანელ პირებს არ სურდა მისი ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში ყოფნა იმის გამო, რომ არ ჰქონოდა ინფორმაცია, რომელ სამშენებლო კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს აჯარიმებდნენ ან არ აჯარიმებდნენ და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მას რატომღაც არ უნდა სცოდნოდა“. ,,ინსპექციის ადმინსტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს თ.დ–ძეს დაკისრებული ჰქონდა იმ სამუშაოს შესრულება, რაც გათვალისწინებულია განყოფილების დებულებით და წარმოადგენს განყოფილების კომპეტენციას. ასევე სხვა თანამშრომლების მსგავსად, მასაც თანაბარ გარემოში უწევდა დაკისრებული ფუნქციების შესრულება და მისი განმარტება, მისთვის არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შესახებ არ დასტურდება. არაერთი თხოვნის მიუხედავად ის გამოცხადებულიყო სამსახურში და გაეგრძელებინა მუშაობა არ იქნა შესრულებული და 2022 წლის 07 სექტემბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე არ ცხადდება სამსახურში და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

6.11. 2022 წლის 14 სექტემბერს თ.დ–ძემ წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორს ა.კ–ძეს, სადაც მიუთითა, რომ ,,...დღესაც თანახმა ვარ დავბრუნდე, თუ ჩემს განყოფილებაში (ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში) დამაბრუნებენ, სადაც ბრძანებით დაკისრებულ ფუნქციებს განვახორციელებ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ უარს არ ვაცხადებ სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების დახმარებაზე და მზად ვარ შევითავსო ამ განყოფილების საქმე. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შინაგანაწესი ითვალისწინებს თანამშრომლისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, განვითარებას და გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც მოკლებული ვარ და სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა მაიძულა დავწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე“.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ თენგიზ ბოლქვაძის განმარტებით, 2019 წლამდე იყო თ.დ–ძის კოლეგა. 2019 წლიდან იყო ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების უფროსი, ხოლო 2020 წლიდან დაინიშნა ექსპლუატაციის განყოფილების უფროსად. ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების და მათ შორის თ.დ–ძის მოვალეობა იყო ზედამხედველობის და უსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტებზე დახმარების გაწევა, რეესტრის წარმოება/გაკეთება, სათანადო მტკიცებულებების მოგროვება და სხვა მოვალეობები, რაც დებულების მიხედვით ევალებოდა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებას. თ.დ–ძეს სხვა საქმიანობა, რომელიც არ ევალებოდა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებას, არ დავალებია. დაევალა ის მოვალეობა, რაც მისი განყოფილების მოვალეობა იყო. სადავო მოვალეობების დავალების მიზეზი გახდა ის, რომ შეჩერებულ ობიექტებზე საჭირო გახდა გადაწყვეტილებების მიღება და კონტროლი. მოიმატა საქმეებმა, ახალი საქმეებიც ემატებოდა და შესაბამისად იზრდებოდა ყოველდღიურად, ყოველწლიურად საქმეთა რაოდენობა. საჭირო გახდა მეტი კონტროლი, მეტი დახმარება, როგორც სამშენებლო, ისე ზედამხედველობის განყოფილებაზე. სწორედ ამ მიზეზების და იმის გამო, რომ მყისიერად მომხდარიყო რეაგირება საჭირო გახდა, რაღაც ფუნქციების გამოთავისუფლება, რაღაც ფუნქციების დამატება. ეს განხორციელდა არა მარტო თ.დ–ძის, არამედ განყოფილების ყველა თანამშრომლის მიმართ და სწორედ ამ მიზეზის გამო დაევალა თამთას მითითებული მოვალეობების შესრულება. მოწმის განმარტებით, კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, რატომ დაევალა კონკრეტულად თ.დ–ძეს მითითებული მოვალეობების შესრულება. ეს გადაწყვეტილება მიიღო განყოფილებამ, თანამშრომლებთან შეთანხმებით, მათი თანხმობით და მათთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. აღნიშნული განხორციელდა, როგორც თ.დ–ძის მიმართ, ისე სხვა თანამშრომლების მიმართ. თ.დ–ძეს დაევალა შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება. გამოვლენილი სამართალდარღვევების დროს გაცემული მითითებებისა და სამართალდარღვევის ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია, საჩივრების, განცხადებების განხილვა და ა.შ. მოწმე მიუთითებს, რომ როგორც თ.დ–ძისათვის, ასევე ხელმძღვანელობისათვის ცნობილი იყო რატომ გახდა აუცილებელი თ.დ–ძის სხვა სამუშაო ოთახში გადასვლა და ეს განხორციელდა თ.დ–ძესთან და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. მიზეზი იყო ის, რომ მოსარჩელის სამუშაო ოთახში შესვლა უწევდა ბევრ თანამშრომელს შეჩერებულ ობიექტებთან დაკავშირებით, ითხოვდნენ ინფორმაციას, გაჰქონდათ დოკუმენტაცია, აწოდებდნენ დოკუმენტაციას და სხვა. ამავე სამუშაო ოთახში ატარებდნენ სხდომებს, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, იყვნენ იურისტებიც, შემოდიოდნენ სპეციალისტებით, მიმდინარეობდა საჩივრების განხილვაც. შესაბამისად იყო ქაოსი, რაზედაც თ.დ–ძემ განაცხადა, რომ „აქ ფაქტობრივად შეუძლებელია კონცენტრაცია და სამუშაოზე ფიქრი“ და რადგან მას კონკრეტულად დაევალა შეჩერებული საქმეების წარმოება გადაიყვანეს უფრო უკეთეს სამუშაო გარემოში“.

მოწმე ბესიკ ცეცხლაძის განმარტებით, თ.დ–ძე იმყოფებოდა შვებულებაში, როდესაც ტელეფონის საშუალებით აცნობა გარკვეული ფუნქციების დავალების შესახებ. მან თ.დ–ძეს დაავალა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევების საქმეებთან დაკავშირებით მოეხდინა შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება უბნების მიხედვით, გამოვლენილი სამართალდარღვევების დროს გაცემული მითითებებისა და სიტუაციის (სამართალდარღვევის) ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია. ასევე, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებაში შემოსულ წერილებზე კონსულტაციის გაწევა და პასუხის მომზადება. ოთახში, სადაც თ.დ–ძე მუშაობდა, მუშაობდნენ განყოფილების უფროსი და სამი სპეციალისტი. როდესაც თ.დ–ძეს დაევალა სადავო ფუნქციები, ერთი დღის განმავლობაში მას შეიძლება 10-15 სპეციალისტთან ჰქონოდა შეხება, უნდა მოესმინა მათთვის, აეხსნა და გაეცა პასუხები, სპეციალისტები დაუსვამდნენ შეკითხვებს, მიუტანდნენ მასალებს და ა.შ. ამასთან, როდესაც მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, გარკვეული რაოდენობის თანაშრომლები და მხარეები იყრიდნენ თავს. ასევე, როდესაც შეჩერებულ ობიექტებზე ადმინისტრაციული წარმოებები დაიწო და წარმოებები განახლდა, მოიმატა საქმეთა რაოდენობამ. სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა აუცილებელი თ.დ–ძეს შეესრულებინა სადავო უფლებამოსილება და ასევე, საჭირო გახდა სამუშაო ოთახის შეცვლა. მოწმის განმარტებით, მისი მხრიდან თ.დ–ძეს ხშირად ჰქონდა ხელშეწყობა ოჯახური პირობებიდან გამომდინარე. ბოლო შვებულების დროს, შვებულების ბრძანების მომზადებამდე, 3 დღით ადრე გაუშვა შვებულებაში. ასევე, როდესაც სჭირდებოდა გათავისუფლება ყოველთვის უწყობდა ხელს, რადგან თ–ს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლოს პირველ რიგში უნდა შეემოწმებინა, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

9. პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა განმარტებებზე, სადაც მოსარჩელე უთითებდა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან განცხადების დაწერა აიძულა დამსაქმებლის მხრიდან ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, იძულებამ, არასათანადო, განსხვავებულმა მოპყრობამ, არაჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნამ. მოპასუხე მხარის შედავებით კი, თ.დ–ძის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან მასთან შრომითი ურთიერთობა მისი გამოვლენილი ნების შესაბამისად მოხდა.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, ასევე მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების ფუნქციებზე, ამავე განყოფილებაში 2021 წლის ნოემბრიდან თ.დ–ძისთვის დაკისრებულ ფუნქცია- მოვალეობებზე, ყურადღება გაამახვილა ასევე თ.დ–ძის 2022 წლის 14 სექტემბრის წერილზე და მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია და თ.დ–ძემ გამოავლინა ცალმხრივი ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გაზიარებული უნდა იყოს, რადგან საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა, თ.დ–ძის მიმართ გამოვლენილ არაჯანსაღ, არაკოლეგიალურ, დამამცირებელ ან შეუსაბამო დამოკიდებულებას. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ ნების გამოვლენისას იძულების ფაქტი.

12. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 07 სექტემბრის განცხადების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის №ბ12.12222734 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

13. აპელანტის პრეტენზიაზე, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ამ ნაწილში მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტის მითითებულ პოზიციას, მტკიცებულებათა არარსებობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მოსარჩელეს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევების საქმეებზე შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება უბნების მიხედვით, გამოვლენილი სამართალდარღვევის დროს გაცემული მითითებებისა და სიტუაციის (სამართალდარღვევის) ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია, განყოფილების კომპეტენციის საკითხებზე შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხის მომზადება, თ.დ–ძის თანამდებობა, შრომის ანაზღაურება და სამუშაო დრო არ შეცვლილა, არ გაზრდილა ასევე სამუშაოს მოცულობა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ.დ–ძეს ევალებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის ამსახველი ფოტოების სისტემატიზაცია, რაც აძლევდა პირდაპირ წვდომას ასეთი ტიპის საქმეებთან, პალატამ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ თ.დ–ძეს აეკრძალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების გაცნობა, ან/და არ მიეცა წვდომა ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

15. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა მართლზომიერი საფუძვლით, დისკრიმინაციული ნიშნის გარეშე, რაც გამორიცხავდა თ.დ–ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, 2022 წლის 30 სექტემბრის Nბ 12.14222734 ბრძანების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების 6.10 პუნქტში არსებული გარემოება იმის შესახებ, თითქოს ინსპექციის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს თ.დ–ძეს დაკისრებული ჰქონდა იმ სამუშაოს შესრულება, რაც გათვალისწინებული იყო დებულებით და წარმოადგენდა განყოფილების კომპეტენციას და საერთოდ არ შეუფასებია ის გარემოება, რატომ გახდა თ.დ–ძის სხვა ოთახში გადაყვანა საჭირო, თუკი იგივე ფუნქციას ასრულებდა, რასაც მის სამუშაო ადგილზე ყოფნის დროს. არ შეაფასა ასევე ისიც, თუ რატომ გახდა მის ადილზე სხვა სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლის მოყვანა საჭირო, რომელსაც იმ დროისათვის სწავლაც არ ჰქონდა დასრულებული.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია და შეაფასა ის გარემოება, რომ თ.დ–ძის სხვა ოთახში გადაყვანით შინაარსობრივად არ შეცვლილა მისი შესასრულებელი სამუშაოს სახე, რადგან ის აქტიურად უკვე აღარ იყო ჩართული სამუშაო პროცესში და მისი საქმიანობა 8 საათიან სამუშაო გრაფიკში მხოლოდ ნახევარ საათს შეადგენდა, დანარჩენი დრო კი იყო საქმიანობის გარეშე. მაშინ როცა, ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში ასობით დადგენილება და წერილი იყო შემოსული და ამ საქმიანობას ფაქტობრივად მოსარჩელე გამიზნულად ჩამოაცილეს.

სასამართლომ, მხოლოდ მოწმე თენგიზ ბოლქვაძის განმარტებით დაადგინა, რომ ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებამ, თ.დ–ძესთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება მისი სხვა ოთახში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც არის სიცრუე და ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს მოპასუხე მხარეს. არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებებისა, საქმეში არ არსებობს იმის შესახებ, რომ თ.დ–ძის სამუშაო ოთახიდან გადაყვანა მოხდა საქმეთა მომატებული რაოდენობის გამო.

სასამართლო სამართლებრივ შეფასებას არ აძლევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე, დამსაქმებელმა აიძულა სამსახურიდან წასვლაზე დაეწერა განცხადება. შრომით დავებში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა და ამ შემთხვევაში არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მოპასუხეს, რომ თ.დ–ძე არ იმყოფებოდა დისკრიმინაციის ქვეშ.

სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ნება სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე იყო მისი მხრიდან წამოსული და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ.დ–ძემ სამსახურის უფროსის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებით ბარათში მიუთითა, რომ დაბრუნდებოდა სამსახურში თუ ისევ ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში იმავე სამუშაო ოთახში დააბრუნებდნენ და სრულად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია მოვალეობებს, რაც არ დააკმაყოფილა სამსახურმა.

სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ თითქოს და მხოლოდ სხვა ოთახში გადაყვანის გამო ითხოვდა მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და არ გაიზიარა, სამსახურის უფროსების შეფარვითი მცდელობა თ.დ–ძე ჩამოეცილებინათ საქმისათვის, რათა ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო მისთვის სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ყოფილიყო სრულ ვაკუუმში და მონაწილეობა არ მიეღო ადმინისტრაციული სამართალწარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევების პროცესებში სრულად. აღნიშნული გარემოება სწორედაც რომ არათანაბარ გარემოებაში აყენებდა მოსარჩელეს, სხვა თანამშრომლებთან შედარებით, რადგან სწორედ გამიზნულად მოხდა მისი არაპირდაპირი დისკრიმინაცია და შევიწროება და მის ადგილზე ახალი კადრის მიყვანა.

სასამართლო არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის წარმოშობისათვის აუცილებელი ფაქტების მითითების მოვალეობას და დამაჯერებლად ვერ ახსნა განსხვავებული მოპყრობის არსებობა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუმცა კასატორი სადავოდ ხდის მის მიერ სამსახურიდან წასვლის თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობას, კერძოდ, მისი მითითებით, განცხადების დაწერა აიძულა დამსაქმებლის მხრიდან ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, იძულებამ, არასათანადო, განსხვავებულმა მოპყრობამ, არაჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნამ.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1776-2019, 10 აპრილი, 2020 წელი).

24. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმურ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

25. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25 სექტემბერი 2018 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი 2015 წელი).

26. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი 2014 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

27. დადგენილია, რომ დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადების) საფუძველზე. თუმცა მოსარჩელემ სადავოდ გახადა მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით.

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელმა აიძულა სამსახურიდან წასვლაზე დაეწერა განცხადება. ასეთ მოცემულობაში, სასამართლო აფასებს გამოვლენილი ნების ნამდვილობას დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტში, ამ უკანასკნელის მხრიდან იკვეთება თუ არა ზეწოლის ფაქტები.

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურა პრაქტიკაში ფორმალურად შესაძლებელია წამოწყებული იქნეს დასაქმებულის მიერ (ასე, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ განცხადების დაწერა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ), მაგრამ რეალურად, ინიცირებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელფასო და სამუშაო პირობებისა და შრომის გარემოვითარების გაუარესება, დამსაქმებლის მიერ შრომითი კონტრაქტის განზრახ რეგულარულად დარღვევა. ამიტომ, როდესაც სადავოა დასაქმებულის მიერ, პირადი ინიციატივის მიუხედავად, ხელშეკრულების შეწყვეტა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ მიზნით, ხომ არ მოხდა რეალურად დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლება (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 242).

29. კასატორის მტკიცებით, სადავო შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება გამოიხატებოდა ხელმძღვანელების მხრიდან შემდეგი სახის ქმედებების განხორციელებაში: 2021 წლის ნოემბერში, მისი შრომითი ვალდებულებები თანხმობის გარეშე შეიცვალა/შემცირდა. ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების ოთახიდან გადაიყვანეს ამავე ინსპექციის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახში. ადგილმონაცვლეობა განხორციელდა ბრძანების გარეშე. დაავალეს სამშენებლო სამართალდარღევის ფაქტების ამსახველი ფოტოების ელექტრონული რეესტრის წარმოება, რაც მისი მოსაზრებით, განსხვავდებოდა იმ საქმიანობისაგან, რასაც ახორციელებდა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების ოთახში. კასატორის აზრით, ამ ადგილმონაცვლეობას ჰქონდა არა დეკლარირებული მიზანი - ფოტოარქივის შექმნა, არამედ კონკრეტული მიზანი - მოსარჩელის ჩამოცილება ადმინისტრაციული წარმოების საქმეებისაგან.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. პალატა, მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება გარიგების ბათილობის ზოგადი საფუძვლები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომის, მოტყუების ან იძულების შედეგია, ის დასაქმებულის მიერ ნამდვილი შეცილების შედეგად, ბათილი იქნება. შრომით სამართალში მოქმედი სპეციალური მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარემ, რომელიც აპელირებს ნების გამოხატვის იძულების საფუძველზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები. როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ იძულების ხასიათი საკმარისია „ნების მოდრეკისათვის“, მტკიცების ტვირთი ბრუნდება მეორე მხარისკენ, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ნების გამოხატვას რაიმე სახის იძულება არ დასდებია საფუძვლად, არამედ დასაქმებულის ნების გამოვლენა თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა (იხ. სუსგ. 2022 წლის 23 თებერვლის განიჩინება საქმეზე №ას-224-2020).

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ნების თავისუფლების ხელყოფა. კასატორის მიერ ნების გამოვლენის ხელყოფის საფუძვლად მითითებული გარემოებები, დამსაქმებლის მხრიდან ფსიქიკურ იძულებას არ ადასტურებს. კასატორი ასევე არ/ვერ უთითებს სახელფასო და სამუშაო პირობების გაუარესებისა და დამსაქმებლის მიერ შრომითი პირობების რეგულარული დარღვევის ფაქტებზე. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ: 2019 წლის 31 დეკემბრის პ/26 ბრძანებით მოსარჩელე, გამოსაცდელი ვადით, დაინიშნა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას და თ.დ–ძეს შორის 2020 წლის 1 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება Nპ/26-1 და 2020 წლის 2 ივლისის Nპ/305 ბრძანებით მოსარჩელემ ამავე განყოფილებაში უვადოდ გააგრძელა იგივე საქმიანობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების ფუნქციებზე, კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოების განყოფილება ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, სამართალდამრღვევს უგზავნის საქმის განხილვის (ზეპირი მოსმენის) შესახებ უწყებას(შეტყობინებას), ატარებს ზეპირ მოსმენას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტის, დადგენილების პროექტს, ამზადებს სააღსრულებო ფურცლის პროექტს; ამზადებს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების თანხმობის მინიჭებაზე პროექტს; ახდენს შემოსული/მიღებული კორესპოდენციის, საჩივრის განხილვას, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოძიებას და შესაბამისი პასუხის მომზადებას; უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ანგარიშის, სტატისტიკის მომზადებას. ახდენს სამშენებლო ზედახედველობისა და უსაფრთხოების განყოფილებების სპეციალისტების მიერ შედგენილი მითითებებისა და აქტების აღრიცხვას, თანდართული მასალების, მტკიცებულებების (ფოტომასალების) შემოწმებას, შეკრებას და საქმეზე მიკუთნებას; კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების განყოფილებისათვის ახორციელებს დახმარების გაწევას, მიმდინარე საქმისწარმოებაზე ვადების კონტროლს; ინსპექციის მიერ შესაბამისი დადგენილებით კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მშენებლობა შეჩერებულ ობიექტებზე რეესტრის მომზადებას და თანდართული მასალების მიწოდებას, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევებზე დადგენილებით დავალებული აღმოფხვრის ვალდებულების შესრულების კონტროლის მიზნით, რეესტრის მომზადებას და თანდართული მასალების მიწოდებას, სამშენებლო სამართალდარღვევების საქმესთან დაკავშირებული დადგენილებების თუ სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას. დადგენილია, რომ 2021 წლის ნოემბერში თ.დ–ძეს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევების საქმეებზე შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება უბნების მიხედვით, გამოვლენილი სამართალდარღვევის დროს გაცემული მითითებებისა და სიტუაციის (სამართალდარღვევის) ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია; ასევე, განყოფილების კომპეტენციის საკითხებზე შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხის მომზადება. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ თ.დ–ძის თანმდებობა, შრომის ანაზღაურება და სამუშაო დრო არ შეცვლილა, არ გაზრდილა ასევე სამუშაოს მოცულობა. იგი 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე ახორციელებდა დავალებულ უფლებამოსილებას, რაზედაც უარი არ განუცხადებია. დადგენილია, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს თ.დ–ძემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რის გამოც ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის Nბ12.14222734 ბრძანებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული წარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თ.დ–ძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის (პირადი განცხადების) საფუძველზე. დადგენილია, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს თ.დ–ძემ წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორს ა.კ–ძეს, შემდეგი შინაარსის ტექსტით: ,,...დღესაც თანახმა ვარ, დავბრუნდე თუ ჩემს განყოფილებაში (ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში) დამაბრუნებენ, სადაც ბრძანებით დაკისრებულ ფუნქციებს განვახორციელებ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ უარს არ ვაცხადებ სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების დახმარებაზე და მზად ვარ შევითავსო ამ განყოფილების საქმე. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შინაგანაწესი ითვალისწინებს თანამშრომლისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, განვითარებას და გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც მოკლებული ვარ და სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა მაიძულა დავწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე“.

33. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობები ერთობლიობაში ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ კასატორის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება იყო არა რაიმე სახის იძულების შედეგი, არამედ პირადი უკმაყოფილების/წყენის შედეგი, რაც სადავო განცხადების საფუძველზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.

34. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს ვერც მოსარჩელის მსჯელობა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

35. საკასაციო პალატამ სხვა დავაში (საქმე №ას-634-2021, 04 ნოემბერი, 2021 წელი) აღნიშნა, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი ნორმა-პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ამ გარემოებათა გამორკვევისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. დასახელებულთაგან კი, სშკ-ი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. ხოლო შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

35. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

36. საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე. რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას ფართო განმარტებას საჭიროებენ, ანუ ნებისმიერი, მათ შორის, ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს.

37. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. მხედველობაშია მისაღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, მაგალითად, საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს, მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.

38. სსსკ-ის 102-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე.

39. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს. 40. სსსკ-ის 3633 მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში, წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. სუსგ-ები №ას-1189-2020, 4 თებერვალი, 2021; Nას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი).

41. სშკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დისკრიმინაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. დისკრიმინაცია მხოლოდ თვითმიზნური, სუბიექტური, გაუმართლებელი დიფერენციაციაა. შესაბამისად, დისკრიმინაციას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ დისკრიმინაციის მიზეზი აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ, გაუმართლებელ განსხვავებებს.

42. მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და დისკრიმინაციის ფაქტად უთითებს, რომ მის მიმართ სხვებთან შედარებით მოხდა არახელსაყრელი გარემოს შექმნა, რაც გამოიხატა მისი იზოლირებით და სრულ ვაკუუმში ყოფნით, მოსარჩელეს არ მიუწვდებოდა ხელი მოპასუხის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე, აღნიშნული გარემოება კი არათანაბარ გარემოში აყენებდა მოსარჩელეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით, გამიზნულად მოხდა მისი არაპირდაპირი დისკრიმინაცია და შევიწროება, ამასთან მის ადგილზე მიიყვანეს ახალი კადრი.

43. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის ნოემბერში, მოსარჩელეს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების განყოფილებაში არსებულ სამართალდარღვევების საქმეებზე შეჩერებული ობიექტების რეესტრის წარმოება უბნების მიხედვით, გამოვლენილი სამართალდარღვევის დროს გაცემული მითითებებისა და სიტუაციის (სამართალდარღვევის) ამსახველი ფოტოების ცალკე ფაილებად დახარისხება და სისტემატიზაცია, განყოფილების კომპეტენციის საკითხებზე შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხის მომზადება. აღნიშნული კი, თ.დ–ძეს აძლევდა პირდაპირ წვდომას, მის მიერ მითითებული კატეგორიის საქმეებთან. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების გაცნობის შესაძლებლობის არ ქონასთან დაკავშირებით.

44. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას. ამიტომ ეს ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სათანადოდო ვერ უზრუნველყო მისი რეალიზება. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობაში.

45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 46. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 48. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. 49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. თ.დ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% - 350 ლარი; (საგადასახადო დავალება №1593, გადახდის თარიღი 06.06.2025);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე