Facebook Twitter

საქმე №ა-3928-შ-98-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–კი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილებით ე.ვ–ის ე.კ–კის სასარგებლოდ დაეკისრა სესხით სარგებლობის პროცენტის 4 188,58 რუბლისა და სასამართლო ხარჯების დასაფარად სახელმწიფო მოსაკრებელის 209,43 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 5 იანვარს.

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებულია, ხოლო დარჩენილი გადასახდელი ნაშთი შეადგენს 3535,22 BYN-ს (ბელარუსულ რუბლს).

2025 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა ე.კ–კის შუამდგომლობა, რომლითაც ე.კ–კი ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ე.ვ–ისათვის 3535,22 BYN-ის (ბელარუსული რუბლის) დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ე.კ–კის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილების (3535,22 BYN-ის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინება და ე.კ–კის შუამდგომლობა თანდართული მასალით, ე.ვ–ის გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგრამ ვერ მოხერხდა ჩაბარება, მობრუნებულ კონვერტებზე მითითებულია, რომ მისამართზე არავინაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ე.ვ–ისათვის (3141269A012PB5, PD0004103) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებისა და ე.კ–კის შუამდგომლობის ჩაბარება. მასვე დაევალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

2025 წლის 17 ნოემბერს სასამართლოს მომართა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავრი სამმართველოს პოლიციის I სამმართველომ, მომართვაზე დართული ოქმით დგინდება, რომ ადრესატისათვის კორესპოდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ „კარი არავინ გააღო“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.კ–კის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინება და ე.კ–კის შუამდგომლობა მასზე დართული მასალებით განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ........., გაეგზავნა ე.ვ–ის, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ კორესპოდენციის ჩაბარება ვერ შეძლო ქ.თბილისის პოლიციის განყოფილებამაც, კერძოდ, სასამართლოში შემოსული მომართვის თანახმად, მისამართზე კარი არავინ გააღო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (მიუთითებს მოპასუხის მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება დოკუმენტაციის ჩაბარება), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ე.კ–კის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N 115გიპ223604 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე