№ას-899-2025 13 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – მ.ლ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ლ–იას (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3533.99 ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს „თ–ის“ სარჩელი მ.ლ–იას მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ.ლ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 533.99 ლარის გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. სს „თ–ის“ აბონენტად N25....., მისამართზე, ქ. თბილისი, ........ N89ბ. რეგისტრირებულია მ.ლ–ია.
6.2. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აბონენტს 2019 წლის მარტიდან 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ერიცხება დავალიანება 3533.99 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.3. პალატის მითითებით, უდავოა, რომ მხარეებს სს „თ–სა” და მ.ლ–იას შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა. მოპასუხე სააბონენტო ნომერზე N2575644 მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა. უდავოა, რომ სს „თ–ი“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მ.ლ–იასთვის ელექტროენერგიის მიწოდებას მითითებულ სააბონენტო ნომერზე. შესაბამისად იგი ამ მისამართზე სს „თ–ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებლად მიიჩნევა. მოსარჩელე სს „თ–ი“ ითხოვს მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის, 3533.99 ლარის გადახდას.
6.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ „მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების/სადაო თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირები არიან - ლ.ი–ძე, თ.კ–ძე და მ.ჯ–ვა, რადგან ისინი სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშკრულების საფუძველზე ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში“ და აღნიშნულზე განმარტა შემდეგი: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტების ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, ანიჭებს ხელშეკრულების ორივე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და აკისრებს გარკვეულ მოვალეობებს. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას გააჩნია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროცესუალური მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სწორედ მისი წილი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე (მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით), ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადავოობისას, მასვე ეკისრება ამ ვალდებულების არსებობის გამომრიცხველი ან მისი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (საპროცესო-სამართლებრივი კუთხით).
6.5. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მოპასუხისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას მოითხოვდა, მას, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, სადავო პერიოდში მისი მხრიდან მიწოდებული ელექტროენერგიის ფაქტების მოთხოვნის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, ხოლო, მოპასუხეს/აპელანტს იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომელიც მისი მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხის დავალიანების არსებობის წინაპირობების დადასტურება, ხოლო, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერების გამორიცხვა. კერძოდ, ვერ შეძლო იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში გაანთავისუფლებდა არსებული დავალიანების გადახდისაგან. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებას, აღნიშნულის არსებობის თაობაზე აპელანტს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით დადგენილი წესით, უნდა ეცნობებინებინა მოსარჩელე მხარისათვის, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელ პირებად მიჩნეული იქნებოდნენ აპელანტის მიერ მითითებული პირები - ლ.ი–ძე, თ.კ–ძე და მ.ჯ–ვა. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია დავალიანების დაკისრებაზე პასუხისმგებელ პირების განსაზღვრის თაობაზე. მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა არსებული დავალიანება მ.ლ–იას და მართებულად უთხრა უარი საქმეში არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლასა და საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად - ლ.ი–ძის, თ.კ–ძის და მ.ჯ–ვას ჩაბმაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მოსაზრებით, განსახილველი საქმის დავის საგანი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრებაა და არა საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მოხმარება განხორციელდა ქონების მართლზომიერი მფლობელების და არა მესაკუთრის მიერ.
8.2. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც უძრავი ქონება გადაცემული იყო ლ.ი–ძის, თ.კ–ძისა და მედეა ჯანჯღავასათვის და არასათანადო მოპასუხე უნდა შეეცვალა სათანადო მოპასუხით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოსარჩელის მოთხოვნა, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების - 3533.99 ლარის გადახდის თაობაზე, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია ადასტურებს, რომ აბონენტს N2575644, 2019 წლის მარტიდან 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოში ერიცხება დავალიანება 3533.99 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხის მიჩნევის კანონიერება.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. იმავე ნორმის მე-12 პუნქტის თანახმად კი, აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). დასახელებული „წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. იმავე ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ამრიგად, ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილ უნდა იქნეს შესაბამისი საფასური, რომლის გადახდის მოვალეობაც ეკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს - ელექტროენერგიის მყიდველს. დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს პირის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, მოსარგებლის აბონენტად რეგისტრაციას. ასეთი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.
19. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის ქცეული, რომ მისამართზე, ქ. თბილისი, .......... სს „თ–ის“ აბონენტად N2575644, რეგისტრირებულია მ.ლ–ია. სადავოდ არ არის ასევე ქცეული ის გარემოება, რომ სს „თ–ის მიმართ მითითებულ აბონენტს ერიცხება დავალიანება. სადავოა მხოლოდ თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა იმ საფუძვლით, რომ აბონენტად რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს ელექტროენერგია არ მოუხმარებია.
20. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოცემულ საკითხზე. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს სხვა პირთა მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან, ბინით მოსარგებლე პირები სს „თ–თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ შესულან კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, საფასურის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მოპასუხეს, როგორც აბონენტად რეგისტრირებულ პირს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად და მ.ლ–იას მართებულად დაეკისრა დავალიანების ანაზღაურება.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. მ.ლ–იას (............) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N29611247369, გადახდის თარიღი 02.10.2025) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი