Facebook Twitter

№ას-903-2025 13 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქარელის მუნიციპალიტეტში გ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი), ა.გ–ისა და ლ.გ–ისა და მ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

მოპასუხეების: გ.გ–ის, ა.გ–ის, ლ.გ–ისა და მ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ვ.გ–ის კუთვნილი, საჯარო რეესტრში №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 29 მ2 ფართი, რომლის გადაფარვა დგინდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნით და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ვ.გ–ს;

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს დაევალოთ მოშალონ ვ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდით N.........) და მათ (გ.გ–ის, ა.გ–ის, ლ.გ–ისა და მ.გ–ის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით N.........) შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნით დადგენილი გადაფარვის ზონაში არსებული გამყოფი საზღვარი (ღობე);

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს დაევალოთ მოსარჩელე ვ.გ–თან ერთად თანაბარწილად მონაწილეობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე, N......... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წითელი ხაზის ფარგლებში ახალი, მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნის დანართი N1-ის შესაბამისად;

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს აეკრძალოთ მოსარჩელე ვ.გ–ისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზით სარგებლობაში ხელშეშლა.

1.1. გ., ა. და ლ.გ–ებმა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მ.გ–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ქარელის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ.გ–ის სარჩელი მოპასუხეების: გ.გ–ის, ა.გ–ის, მ.გ–ისა და ლ.გ–ის მიმართ დაკმაყოფილდა:

მოპასუხეების: გ.გ–ის, ა.გ–ის, ლ.გ–ისა და მ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ვ.გ–ის კუთვნილი, საჯარო რეესტრში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 29 კვ.მ. ფართი, იმ კონფიგურაციის ფარგლები, როგორც ეს აღნიშნულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნით და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ვ.გ–ს;

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს დაევალათ მოშალონ ვ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდით N........) და მათ (გ.გ–ის, ა.გ–ის, ლ.გ–ისა და მ.გ–ის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით N......) შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნით დადგენილი გადაფარვის ზონაში არსებული გამყოფი საზღვარი (ღობე);

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს დაევალათ მოსარჩელე ვ.გ–თან ერთად თანაბარწილად მონაწილეობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე, N.......... და N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წითელი ხაზის ფარგლებში ახალი, მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვლის N000998523 დასკვნის დანართი N1-ის შესაბამისად;

მოპასუხეებს: გ.გ–ს, ა.გ–ს, ლ.გ–სა და მ.გ–ს აეკრძალათ მოსარჩელე ვ.გ–ისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზით სარგებლობაში ხელშეშლა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრეს საოქმო განჩინებები მოწმეთა დაკითხვის, ექსპერტის დაკითხვაზე და დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

4. გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე მიწის ნაკვეთი. (დაზუსტებული ფართობით 562.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით №.......) საჯარო რეესტრის მიერ 2023 წლის 06 მარტს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, წარმოადგენს მოსარჩელე ვ.გ–ის საკუთრებას.

5.2. მოპასუხეთა თანასაკუთრებაა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე 421 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №........, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01), რომელიც მოსარჩელე ვ.გ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ არის განთავსებული. აღნიშნულ უძრავ ქონებაში გ.გ–ის საკუთრებას 2/5 წილი წარმოადგენს, ხოლო ლ. მ. და ა.გ–ისას - 1/5-1/5 წილები.

5.3. ვ.გ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ცენტრალურ საავტომობილო გზას უკავშირდება ჩიხით, რომელიც წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას.

5.4. ვ.გ–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 29 მ2 ფართობი მოპასუხეების: გ.გ–ის, ა.გ–ის, ლ.გ–ისა და მ.გ–ის უკანონო მფლობელობაშია.

5.5. მოპასუხეთა თვითნებური მოქმედებით, კერძოდ: საერთო სარგებლობის გზაზე სხვადასხვა საგნების განთავსებით, მოსარჩელეს ეზღუდება კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მისვლის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

5.7. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. რაც შეეხება სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან მეორე და მესამე ელემენტს – მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ნივთის მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში ყოფნას, ამ მიმართებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და აღნიშნა, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვალს გაცემულ N000998523 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში - ადმინისტრაციული ერთეული .....- მდებარე N......... და N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის 29 კვ.მ. ფართს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ ქონებით მართლზომიერ ფლობას დაადასტურებდა საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი.

5.8. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნეგატორული სარჩელი, რომელიც მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საერთო სარგებლობის გზაზე სხვადასხვა ნივთების განთავსებით მოსარჩელეს ეზღუდება კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მისვლის შესაძლებლობა.

5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის ნაწილში სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მიერ თვითნებურად არანაირი ღობე არც მოშლილა და არც გავლებულა, აღნიშნული ღობე და გამყოფი მყარი სასაზღვრო ბეტონის მიჯნა ოდითგანვე იყო გავლებული და აღმართული მიწის ნაკვეთებს შორის. პალატამ გაიზიარა სასამართლოს შეფასება და მითითებები, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია კი იძლევა მიწის ნაკვეთების საზღვრების ზუსტი მდებარეობისა და მათი კონფიგურაციის განსაზღვრის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ იქნა გასაზიარებელი აპელანტის პრეტენზია.

5.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა ექსპერტის - ლ.კ–სის - დაკითხვის შესახებ, პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა იყო სრული და გასაგები და არ არსებობდა ექსპერტის დამატებით დაკითხვის საჭიროება. ამასთან, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ექსპერტის მოწვევისა და მისი გამოკითხვის აუცლებლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. აპელანტის განმარტებით, მოწმეებმა ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება საპატიო მიზეზით - ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო (თბილისის სააპელაციო

სასამართლოს სხდომის ოქმი 05 მარტი 2025 წელი). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება და ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ დადასტურება შუამდგომლობის ავტორის ვალდებულებაა. აპელანტი მიუთითებდა მოწმეთა გამოუცხადებლობის ისეთ მიზეზზე (ახლო ნათესავის გარდაცვალება), რომლის წერილობითი მტკიცებულებით დადასტურება ობიექტურად შესაძლებელია, თუმცა არ წარმოადგინა ასეთი მტკიცებულება. შესაბამისად, აპელანტის მითითება მოწმის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ დაუსაბუთებელალდ იქნა მიჩნეული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 05 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ., ა. და ლ.გ–ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, არ დაუკითხავს მოპასუხეების მიერ დასახელებული მოწმე პირები, ასევე არ დააკმაყოფილა ექსპერტის დაკითხვისა და საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობები. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებულ იქნებოდა კანონიერი გადაწყვეტილება.

7.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის 29.00 კვ.მ. ფართის მოპასუხეების მიერ უკანონო მფლობელობის ფაქტი. ასევე, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ საერთო სარგებლობის გზაზე სხვადასხვა ნივთების განთავსებით მოსარჩელეს ეზღუდება კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მისვლის შესაძლებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი საფუძვლისა და თანხმობის გარეშე თავის საცხოვრებელ სახლზე მიაშენა დამხმარე ოთახები, რითაც შეამცირა საერთო სარგებლობის გზის ფართობი და პირიქით, მოპასუხეებს შეუზღუდა გზით სარგებლობა.

7.3. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ ექსპერტს, საექსპერტო სამუშაოების ჩატარების შესახებ მოპასუხეებისთვის წინსწარ უდა ეცნობებინა და მხოლოდ მოსარჩელე მხარის მითითებით არ უნდა მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინებით, გ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 01 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ა. და ლ.გ–ების ნაწილში დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების დავალდებულების საფუძვლის არსებობა.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ.

21. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (№ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).

23. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

25. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

26. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

27. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 თებერვალს გაცემულ N000998523 ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში - ადმინისტრაციული ერთეული რუისი - მდებარე N...... და N......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის 29 კვ.მ. ფართს. ექსპერტიზის დასკვნა კი ემყარება მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერებისა და რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი საზღვრების მონაცემებს.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო მიწის ნაკვეთის მის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან/და მიჯნის მართლზომიერად განთავსებას დაადასტურებდა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას ექსპეტიზის დასკვნასთან მიმართებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც საქმეში წარმოდგენილი დასკვნით დადგენილ გარემოებებს გააბათილებდა მოპასუხეს არ წარმოუდგენია. კასატორის მითითება, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო მიჯნის მის მიერ განთავსების ფაქტი, ასევე ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საჯარო გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ გამოიკვლია მოთხოვნის მართზომიერება, მიუთითა საქმის მასალებზე, რითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეთა მხრიდან გამოწვეული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით დახმარება პოლიციის თანამშრომლებს რამდენჯერმე სთხოვა და ამ მიზნით 112-ში არაერთხელ დაურეკავს. საქმეში წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომელთა მიერ, 2021 წლის 30 მარტს, 2022 წლის 19 ივლისს და 2022 წლის 06 ნოემბერს შედგენილი გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მხარეთა შორის კონფლიქტი ხანგრძლივ ხასიათს ატარებს. პოლიციელთა გამოძახების საფუძველი გ.გ–ის მიერ ჩიხში სხვადასხვა დასახელების ნივთების განთავსებაა, რის გამოც, მოსარჩელესა და მის ოჯახს ხელი ეშლება საერთო სარგებლობის გზის გამოყენებაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მართალია სადავოდ ხდის კასატორი, მაგრამ შედავების მიზნით მიუთითებს, რომ რომ მოსარჩელემ ყოველგვარი საფუძვლისა და თანხმობის გარეშე თავის საცხოვრებელ სახლზე მიაშენა დამხმარე ოთახები, რითაც შეამცირა საერთო სარგებლობის გზის ფართობი და პირიქით, მოპასუხეებს შეუზღუდა გზით სარგებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, მითითებული პრეტენზიები არ წარმოადგენს დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზას, ხოლო სასამართლო მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ გზით სარგებლობის შეზღუდვას მოცემული დავის ფაგლებში არ აფასებს. კასატორს არც სასაზღვრო მიჯნის აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში წარმოუდგენია დასაშვები საკასციო პრეტენზია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებასა და მითითებებს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში (სსკ-ის 181-ე მუხლი), დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია კი იძლევა მიწის ნაკვეთების საზღვრების ზუსტი მდებარეობისა და მათი კონფიგურაციის განსაზღვრის შესაძლებლობას.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პრეტენზიას საოქმო განჩინებებთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს საოქმო განჩინებების გაუქმების იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარში აპელირებდა. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ უკვე დეტალურად და დასაბუთებულად იმსჯელა თავის განჩინებაში, ხოლო, კასატორს, არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ მითითებული დასკვნების გამაქარწყლებელი იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმების შესაძლებლობას მისცემდა. ამდენად, საკასაციო პალატა ამ საკითხზე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ საოქმო განჩინებებთან მიმართებით, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

31. ზემოაღშნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. განასახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი