Facebook Twitter

№ას-947-2025 6 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – მ.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ხ–ძემ, მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს დირექტორის 28.12.2019 წლის ბრძანება N TIH-19- 1228-01/ო მ.ხ–ძის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს დირექტორის 10.01.2020 წლის ბრძანება N TIH-20- 01-10-01/გ მ.ხ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მ.ხ–ძე აღდგენილ იქნეს სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი. ს. ბ. ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე. დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად 3 125 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით 2020 წლის 14 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინააღმდეგ ზეწოლა არ განუხორციელებია ორმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, არც რაიმე არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჰქონია ადგილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსახილველადაა მიღებული.

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს წარმომადგენლის შუამდგომლობა განსახილველ საქმეში სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს უფლებამონაცვლედ სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა: სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1937-24 სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ო.

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს განხორციელდა სს „მ.ი. ს. ბ. ც. ს–ოს“ რეორგანიზაცია და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა შპს მ.ი.ს.ბ.ც.ს–ო.

5.7. 2018 წლის 1 ნოემბერს შპს „მ.ი. ს. ბ. ც. ს–ოს“ სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა შპს „უ.კ–ი“. ხოლო შპს „უ.კ–ის“ სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა სს „ს.კ.ე–ი“.

5.8. 2019 წლის 8 ნოემბერს სს „ს.კ.ე–მა“ შეიცვალა სახელწოდება და რეგისტრირებულია შემდეგი სახელწოდებით - სს „ე.ჰ–ბი“.

5.9. სს მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს 2011 წლის 16 დეკემბრის N445.1 ბრძანებით მოსარჩელე იმავე წლის 19 დეკემბრიდან მიღებულია დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში ექიმ-მკვლევარის თანამდებობაზე.

5.10. 2014 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელესა და შპს მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შპს მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოში დასაქმდა იმუნოფენოტიპირების ექიმის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3 125 ლარს, გადასახადების ჩათვლით.

5.11. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობად განისაზღვრა 2015 წლის 01 ნოემბერი, ამასთან, ა) თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება იმავე ვადით და პირობებით და ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შრომითი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად.

5.12. მხარეთა ახსნა-განმარტებით, შპს მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოში იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენდა ლაბორატორიული გამოკვლევების დიაგნოსტიკა (მისი სიმძიმის, პერიოდის, ხანდაზმულობის, პროგნოზის, მკურნალობის ეფექტურობისა და სხვა პარამეტრების დადგენას).

5.13. 2009 წლის 21 იანვრის მედიცინის ფაკულტეტის სადესირტაციო საბჭოს N132 გადაწყვეტილებით მ.ხ–ძეს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

5.14. 2017 წლის 7 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მოსარჩელეზე განუსაზღვრელი ვადით გასცა სახელმწიფო სერტიფიკატი 018086 სერია I ა 105, რომლის საფუძველზეც ნებადართულია სპეციალობა - კლინიკური ონკოლოგია.

5.15. სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს 2019 წლის 28 დეკემბრის N TIH -19-1228–01/ო ბრძანებით სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოში რიგი სერვისების ოპტიმიზაციის, ახალი სერვისების დამატების, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების გაერთიანების, კლინიკის ახალი სტურქტურის ჩამოყალიბებისა და ოპტიმალური საკადრო რესურსის განსაზღვრის, ასევე, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისა და პაციენტზე მორგებული ეფექტური მაღალხარისხიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან კლინიკაში განხორციელდა შემდეგი შიდა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებები: სს „ე.ჰ–ბი - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია; რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ინდივიდუალური - ბრძანებების/შეთანხმებების საფუძველზე; რიგ დასაქმებულებისთვის ანაზღაურების შემცირება ბრძანებების/შეთანხმებების საფუძველზე.

5.16. სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს 2020 წლის 10 იანვარის NTIH-20-0110–01/გ ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. (ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი: 2020 წლის 14 იანვარი; საფუძველი: გადაწყვეტილება შიდა ორგანიზაციულ სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე). ამავე ბრძანებით, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და 2020 წლის 2 დღის გამოუყენებელი შვებულება.

5.17. მოპასუხის 2020 წლის 10 თებერვლის წერილით, მოსარჩელეს 2020 წლის 29 იანვრის მომართვის პასუხად, ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, გადაწყვეტილება ეფუძნება შესაბამის სამართლებრივ ნორმას.

5.18. შპს „ს.კ.კ.ო–თან“ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს უზრუნველყოფდა შესაბამისი დანადგარით (6 ფერიანი ციტომეტრის N4 კომპლექტი), რომელზეც კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფდა საავადმყოფო, საავადმყოფოს სახარჯი მასალების, საოფისე ავეჯის და მის მიერ შერჩეული სათანადო უნარების მქონე პირის მეშვეობით მოსარჩელე - იმუნოფენოტიპირების ექიმი.

5.19. 2019 წლის 2 სექტემბრის წერილით, ელ. ფოსტით, მოპასუხეს ეცნობა, რომ დონორის მოთხოვნებიდან გამომდინარე 2019 წლის 2 ოქტომბერს შპს „ს.კ.კ.ო–ია“ წყვეტდა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ამავე მხარეებს შორის 2019 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართს (სერვისების ჩამონათვალი) 2019 წლის 2 ოქტომბერს დაემატა 2017 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული კვლევები (მათ შორის, ციტომეტრიის მეთოდით იმუნოფენოტიპირება), რის ფარგლებშიც შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შპს „ს.კ.კ.ო–ია“ სრულად უზრუნველყოფს ამავე მომსახურების მოწოდებას, მხოლოდ საკუთარი რესურსის გამოყენებით. ამავე პერიოდიდან სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს ტერიტორიიდან გადატანილი იქნა შპს „ს.კ.კ.ო–იის“ საკუთრებაში არსებული დანადგარი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე ასრულებდა კვლევებს. მოპასუხის ინფორმაციით, მ.ხ–ძე დასაქმდა შპს „ს.კ.კ.ო–იაში“.

5.20. ამავე პერიოდში სს „ე.ჰ–ბის“ გადაწყვეტილებით განხორციელებული გახლდათ ქსელში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიული სერვისების ცენტრალიზება სს „მ-ლ–ში“, რაც გულისხმობდა, რომ გეგმიური კვლევების ძირითადი ნაწილი ტარდება ზემოაღნიშნულ ლაბორატორიაში, გარდა გადაუდებელი კვლევებისა, რაც პაციენტებისთვის უზრუნველყოფს ფართო, სრულყოფილი და გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებას. სწორედ დამსაქმებლის რეკომენდაციით, ამ ორგანიზაციის მიერ მოხდა მოსარჩელისთვის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის შეთავაზება, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. ამრიგად, 2019 წლის 2 ოქტომბრიდან საავადმყოფოში აღარ ტარდებოდა ის კონკრეტული კვლევები, რომელთა შესრულების უფლება-მოვალეობასაც მოიაზრებდა იმუნოფენოტიპირების ექიმის თანამდებობა. ასევე, დაწესებულების ლაბორატორიის დატვირთვა და შტატები იყო შემცირებული, ხოლო მოსარჩელისთვის გათავისუფლების თარიღიდან, შესაბამისი შტატი - გაუქმდა.

5.21. წერილში ასევე მითითებულია, რომ 2019 წლის 2 ოქტომბრიდან - 2020 წლის 10 იანვრამდე მოსარჩელის მიერ ობიექტურად ვერ მოხდებოდა/არ მომხდარა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება. თუმცა, მასზე სრულად გაიცა ფიქსირებული ანაზღაურება. მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად მოხდა, ადგილი არ ჰქონია უფლების ბოროტად გამოყენებას.

5.22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ხოლო, საპირისპიროდ მოპასუხე განმარტავდა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის - რეორგანიზაციის შედეგად. კვლევითი ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც ასრულებდა მოსარჩელე, დღეის მდგომარეობით აღარ წარმოებს კლინიკაში, რის გამოც შეუძლებელი იყო შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.

5.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შტატების შემცირების (რეორგანიზაცია) მოტივით. კერძოდ, სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს 2021 წლის 9 ივნისის ცნობით, მოპასუხე ადასტურებს, რომ სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოში 2019-2020 წლების განმავლობაში შიდა ორგანიზაციული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განხორციელდა სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია, რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით და არსებული პოზიციების გაუქმებით (ინდივიდუალური ბრძანებების/შეთანხმებების საფუძველზე). აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში სრულად გაუქმდა შემდეგი პოზიციები: 1) ოფთალმოლოგიის კაბინეტის მედდა - ერთი საშტატო ერთეული; 2) ლაბორატორიული მედიცინის განყოფილების უფროსი - ერთი საშტატო ერთეული; 3) ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ბაქტერიოლოგიის - 3 საშტატო ერთეული; 4) საშუალო ლაბორანტი ბაქტერიოლოგიის - 2 საშტატო ერთეული; 5) კვების ორგანიზების სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; 6) იმუნოფენოტიპირების ექიმი - 1 საშტატო ერთეული; 4.36. ქვემოთ ჩამოთვლილი პოზიციებისათვის შემცირდა საშტატო ერთეულები შემდეგი რაოდენობებით: 1) კურიერი - 2 საშტატო ერთეულით; 2) მძღოლი - ერთი საშტატო ერთეულით; 3) ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტი -1 საშტატო ერთეულით; 4) პედიატრი მიმღების - 2 საშტატო ერთეულით; 5) ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტი - 4 საშტატო ერთეულით; 4.37. სს “ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს 2021 წლის 9 ივნისის ცნობით, პროგრამულ მონაცემებზე დაყრდნობით, სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოში მ.ხ–ძის - იმუნოფენოტიპირების ექიმის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა არ ფიქსირდება, ხოლო 2019 წელს ჩატარებულია კვლევები შემდეგი რაოდენობებით: 01/2019 - 8; 02/2019 -9; 03/2019 – 6; 04/2019 -13; 05/2019 – 16; 06/2019 – 12; 07/2019 – 8; 08/2019 – 10; 09/2019 – 8; 01/10/2019 – 1; 11/2019 – 0; 12/2019. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებით რეორგანიზაციის შედეგად შტატების რაოდენობა შემცირდა, რაც თავის მხრივ კომპანიის ფინანსურ ხარჯებზე აისახება (მოგების ზრდა).

5.24. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს იმუნოფენოტიპირების ექიმის ტოლფას პოზიციაზე არ მიუთითებია. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე ვერ მიუთითა, კონკრეტულად მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა.

5.25. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემულ პირობებში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე ვერ მიუთითა, კონკრეტულად მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა.

5.26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა უზრუნველყო დაედასტურებინა ორგანიზაციული და ტექნოლოგიური გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა და შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობა, რაც გამორიცხავს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობებს.

5.27. აპელანტმა წარმოდგენილი ვრცელი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა შრომით სამართალში მოქმედ სტანდარტზე, მათ შორის დავების გადაწყვეტის სპეციფიკაზე, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ყოველი დავა განიხილება ინდივიდუალურ ჭრილში მასში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად. ამასთან, შრომით სამართალში მოქმედი სტანდარტი მეტწილად განპირობებულია მხარეთა ერთგვარი უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით და ემსახურება „ძლიერი“ მხარის (დამსაქმებლის) თვითნებური ქმედებების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში კი, არ დასტურდება უფლების ბოროტად გამოყენებისა თუ დამსაქმებლის მხრიდან კეთილსინდისიერების სტანდარტის დარღვევა, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის მიერ მოხმობილ განმარტებას, რამეთუ დამსაქმებლის თვითნებობას განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოთხოვნა, როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე მის თანმდევ შედეგებთან (სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) მიმართებით.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. აპელანტის განმარტებით, 01.11.2014 წლის ხელშეკრულება იყო ნაკლიანი, კერძოდ, არ მოიცავდა პოზიციის იმუნოფენოტიპირების ექიმის ფუნქცია-მოვალეობებს, რასაც ითვალისწინებდა ამავე ხელშეკრულების 1.4. პუნქტი (იხ. სარჩელის 32-ე გვერდი). მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ.

6.3. საქმეზე მოწმედ დაბარებული პირი ა.შ–ია ადასტურებდა, რომ მ.ხ–ძემ 2011 წლის ნოემბერში ამავე საავადმყოფოში მუშაობა დაიწყო უმცროსი ექიმის/მაძიებლის პოზიციაზე მისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია 16.11.2015 წლის N 38/15 წერილით. ა.შ–ია წერილში მიუთითებდა მ.ხ–ძის განსაკუთრებულ როლზე ბავშთა ონკოჰემატოლოგიაში. ა.შ–ია კი წარმოადგენს ბავშვთა ონკოჰემატოლოგს [იხ. შესაგებლის მე-60 გვერდი], რომელიც დასაქმებული იყო ამავე საავადმყოფოში ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილების უფროსად 1994 წლიდან [იხ. შესაგებლის 61-ე გვერდი].

6.4. . დამსაქმებლის მიერ მ.ხ–ძისთვის თავდაპირველად შეთავაზებულ იქნა 01.01.2020 წლის შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (იხ. სარჩელის 41-ე გვერდი), რომელსაც მოპასუხე არ უარყოფს (იხ. შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოება). აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარის ნება მიმართული იყო შრომითი ურთიერთობის ორმხრივად შეწყვეტისკენ, ხოლო მ.ხ–ძის უარის შემდგომ მათ ცალმხრივად შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან.

6.5. მ.ხ–ძე წარმოადგენს ექიმს კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით, რომელიც დამსაქმებელთან მუშაობდა ექიმის სპეციალობით, ხოლო სს მ-ლ–ში რეკომენდაციის გაწევა ეწინააღმდეგებოდა კანონს ორი მიმართულებით: 1. სს მეგალაბი არის სხვა დაწესებულება, შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის სხვა დამაქმებელთან მუშაობის გაგრძელება არ შეესაბამება გონივრული მისადაგების პრინციპებს; 2. სს მეგა-ლაბი არის ლაბორატორიული დაწესებულება, სადაც ექიმი-ონკოლოგს რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი (იხ. სშკ-ის სადავო საკითხის წარმოშობისას მოქმედი ძველი რედაქციის 38.8-ე მუხლი) „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

14. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის კვლევისას, უწინარესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებს დაეყრდნო დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო, როგორც დამსაქმებლის ნების მართლზომიერებაზე ზედამხედველობის ორგანო, შეზღუდულია სწორედ იმ ფაქტობრივი წინაპირობებით, რომელთა არსებობობის გამოც დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელი იქნებოდა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი მიზეზების გამოსარკვევად, კი, სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა არგუმენტები, რომლებიც ასახულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში ან მოგვიანებით, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ წერილობითი დასაბუთებაში (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.; №ას-175-2022, 28.06.2024წ.; №ას-157-2024, 22.07.2024წ.). მიზეზები, რომელთაც უშუალოდ არ განუპირობებიათ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ, დამსაქმებლის მიერ მოშველიებულია დამატებით, სამართალწარმოების პროცესში, იმისთვის, რომ გაამყაროს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მართებულობა, სასამართლოს მხრიდან უნდა დარჩეს არსებითი შეფასების გარეშე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერადაა მიჩნეული სადავო ბრძანება კანონიერად, ხოლო, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს იმავე ან ტოლფასი თანამდებობაზე აღდგენის საკითხზე.

16. შრომის კოდექსის 47-ე მუხლი (სადავო საკითხის წარმოშობის მომენტისთვის სშკ-ის ძველი რედაქციის 37-ე მუხლი) შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული, რამეთუ მითითებული ნორმის ამგვარი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა.

17. „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოშალოს ხელშეკრულება რეორგანიზაციის ან სხვა ცვლილების საფუძველზე, თუ ეს ცვლილება თავისთავად არ განაპირობებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას“. (იხ. შრომის კოდექსის კომენტარი, 2024; გვ. 536-537; 47-ე მუხლის კომენტარი). იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებულის წესთა უპირატესობის პრინციპი - „favor prestatoris“ მოქმედებს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის („Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში „სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259; სუსგ N ას-1114-2022, 23.12.2023წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი გამოყენების მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირებისა და გასაუბრების არადამაკმაყოფილებელი (უარყოფითი) შედეგის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებლის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ შრომის კოდექსის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, მე-8 მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტით, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ-ებს N ას-115-111-2016, 8.04.2016წ; N ას-1493-2022, 21.04.2023წ; N ას293-2023, 17.05.2023წ; N ას-703-2023, 30.10.2023; N ას-1256-2023, 15.11.2023წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ-ები:. №ას-665-636-2016, 9.12.2016წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.). ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ Nას-1334-2021, 02.03.2022წ; ას-982-2023, 26.01.2024წ.). იმისათვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ-ები: Nას-1444-1364-2017, 9.03.2018წ; N ას-703-2023, 30.10.2023წ; ას-982-2023, 26.01.2024წ.).

22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებისა და მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიცია საერთოდ გაუქმდა. ხოლო 2020 წელს მ.ხ–ძის - იმუნოფენოტიპირების ექიმის მიერ ჩატარებული კვლევა არ დაფიქსირებულა. სადავოდ არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, ზოგადად, ყოველი თანამშრომლის გათავისუფლება, მისი ხელფასის დანაზოგი არის საწარმოს დანახარჯის შემცირების უმარტივესი მაგალითი, თუმცა, მხოლოდ თანამშრომლის გათავისუფლებით მიღწეული ეკონომია, შესაბამისი აუცილებლობის დადასტურების გარეშე, არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საპატიო გარემოებად. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, ან/და სხვა გარემოების გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამასთან, სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირება განპირობებული იყო საწარმოს ფინანსური მდგომარეობით ან სხვა აუცილებლობით, თუ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას.

23. დასაქმებლის განმარტებით, სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ.ც.ს–ო ქსელში ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც გააჩნია 18 წლამდე ასაკის პირთა ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის გამოცდილება და რესურსი (როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალური). ხოლო ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩართულ სამედიცინო პერსონალში მითითებულნი არიან ის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ გაწევენ ამ მომსახურებას (მოსარჩელე მომსახურების მიწოდებაში ჩართული პერსონალის სიაში არ იყო).

24. დამსაქმებლის 2020 წლის 10 თებერვლის წერილში - მოსარჩელის გათავისუფლების წერილობითი დასაბუთებით მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, გადაწყვეტილება ეფუძნება შესაბამის სამართლებრივ ნორმას. ამავე წერილით ირკვევა, რომ შპს „ს.კ.კ.ო–თან“ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს უზრუნველყოფდა შესაბამისი დანადგარით (6 ფერიანი ციტომეტრის N4 კომპლექტი), რომელზეც კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფდა საავადმყოფო, საავადმყოფოს სახარჯი მასალების, საოფისე ავეჯის და მის მიერ შერჩეული სათანადო უნარების მქონე პირის მეშვეობით. ეს პირი იყო მ.ხ–ძე - იმუნოფენოტიპირების ექიმი.

25. 2019 წლის 2 სექტემბრის წერილით, ელ. ფოსტით, მოპასუხეს ეცნობა, რომ დონორის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2019 წლის 2 ოქტომბერს შპს „ს.კ.კ.ო–ია“ წყვეტდა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ამავე მხარეებს შორის 2019 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართს (სერვისების ჩამონათვალი) 2019 წლის 2 ოქტომბერს დაემატა 2017 წლის 2 ოქტომბერის ხელშეკრულებით განსაზღვრული კვლევები (მათ შორის, ციტომეტრიის მეთოდით იმუნოფენოტიპირება), რის ფარგლებშიც, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შპს „ს.კ.კ.ო–ია“ სრულად უზრუნველყოფს ამავე მომსახურების მოწოდებას, მხოლოდ საკუთარი რესურსის გამოყენებით. ამავე პერიოდიდან სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს ტერიტორიიდან გადატანილია შპს „ს.კ.კ.ო–იის“ საკუთრებაში არსებული დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ასრულებდა კვლევებს მოსარჩელე. მოპასუხის ინფორმაციით, მოსარჩელე დასაქმდა შპს „ს.კ.კ.ო–იაში“.

26. ამდენად, გასაზიარებელია პოზიცია, რომ დამსაქმებელი, როდესაც რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, რწმუნდება, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება საწარმოს ინტერესებს, არ ხელყოფს დასაქმებულთა უფლებებს და გამართლებულია მეწარმის თავისუფალი ნების შესაბამისად. დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. დამსაქმებლის თვითნებური გადაწყვეტილება, რომ პერმანენტულად გამოაცხადოს რეორგანიზაცია, ისე, რომ არ დაასაბუთოს, რატომ უნდა შემცირდეს კადრები, მოიკლო თუ არა სამუშაომ, დაინერგა თუ არა ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც გამოათავისუფლა დასაქმებული, განხორციელდა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა მენეჯერული მიდგომის შეცვლა და სხვა.

27. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები: 1) სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა რეორგანიზაცია (განხორციელდა სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია; რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ლაბორატორიული სერვისების ფაქტობრივად გაუქმება; 2) შემცირდა სამუშაო ძალა; 3) სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა განაპირობა, ერთი მხრივ, სახელფასო ბიუჯეტის ოპტიმიზაციამ, და მეორე მხრივ, ორგანიზაციულმა ცვლილებებმა, მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით;

28. მოპასუხე მოსარჩელის კომპეტენციას სადავოდ არ ხდის. უდავოა, რომ მოსარჩელე სერთიფიცირებული ექიმია კლინიკური ონკოლოგიის სპეციალობით, თუმცა, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე კლინიკური ონკოლოგიის სპეციალობით არ ყოფილა დასაქმებული. იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე მოსარჩელე 18 წლამდე ასაკის პირების ლაბორატორიული გამოკვლევების დიაგნოსტიკას ახორციელებდა, რომლის გაუქმების შემდეგაც მოპასუხემ მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე დასაქმება. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის არსებობდა კონკრეტული მიზეზები. კლინიკა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს. სწორედ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ხდება აუცილებელი მისივე სერვისების პაციენტებზე მორგება. აუცილებელია პაციენტებს, მით უფრო, ბავშვებს, შეეთავაზოს მაღალი ხარისხის სერვისები. იმ დაწესებულების მიზანი - შეინარჩუნოს მხოლოდ კადრი, აუცილებლად აისახება პაციენტებზე და მათ ინტერესებს უცილებლად მიაყენებს ზიანს.

29. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერებისას, საკასაციო სასამართლო არ შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას იმ ნაწილში, რომლითაც მხარე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და იმავე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. ამავდროულად საკასაციო სასამართლო, სწორედ შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის თვალსაზრისით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში არ არსებობს.

30. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის უდავოა, რომ იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე მოსარჩელის მოვალეობას ლაბორატორიული გამოკვლევების დიაგნოსტიკა წარმოადგენდა. ტოლფასი თანამდებობის არსებობის დადგენისას ტოლფასი ბუნება იმ პირვანდელ სამუშაო ადგილთან მიმართებით განისაზღვრება, საიდანაც დასაქმებული გათავისუფლდა. ასევე უდავოა და კასატორმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, სასამართლო სხდომაზე თავადაც დაადასტურა, რომ იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე ლაბორატორიული გამოკვლევების დიაგნოსტიკის გარდა სხვა ფუნქციებს არ ასრულებდა (სამკურნალო ღონისძიებებს არ ახორციელებდა), ანუ მოსარჩელე გათავისუფლების დროისათვის კლინიკური ონკოლოგიის სპეციალობით არ იყო დასაქმებული, რაც ასევე დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ა.შ–იამ და ი.ჩ–ძემ (მ.ი.ს.ბ.ც.ს–ოს სამედიცინო დირექტორი). მათი ჩვენებით, იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე მოსარჩელე მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების დიაგნოსტიკას ახორციელებდა, იგი დაავადებას არ მართავდა და საექიმო საქმიანობას არ აწარმოებდა. შესაბამისად, ტოლფასი თანამდებობის განსაზღვრისას მნიშველოვანია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მისი სპეციალობა (კლინიკური ონკოლოგია). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმუნოფენოტიპირების ექიმის სამუშაო აღწერილობა, სარჩელის მიხედვით, „იმუნოფენოტიპირების ექიმი“, როგორც სპეციალობა არ არსებობს ბუნებაში, არ გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი მსგავსი „ექიმობის“ დამადასტურებლად. ამდენად, მსგავს შემთხვევაში, თავად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა და დაადასტურა იმავე თანამდებობის არსებობა, აძლიერებს, სასამართლოს რწმენას, ამავე საკითხზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების შესახებ.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ხ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №27952075331, გადახდის თარიღი 2025-06-23) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე